საქონლით საგარეო ვაჭრობა კვლავ მცირდება

Photo by Markus Spiske

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ–აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8%–ით ნაკლებია.

პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა გავლენა იქონია საქონლით საგარეო ვაჭრობაზე. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტის მოცულობაც. ექსპორტის მოცულობამ იანვარ–აპრილის პერიოდში ერთი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11.9%–ით ნაკლებია წინა პერიოდის მონაცემებზე. შემცირებულია იმპორტის მოცულობაც 11.8%–ით და შესაბამისად ამ პერიოდში მისი მოცულობა შეადგენს 2.5 მილიარდ აშშ დოლარს.

2019 წლის აპრილის თვესთან შედარებით 2020 წლის აპრილში საქართველოში ექსპორტის მოცულობა 27.9 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო იმპორტის მოცულობა 38.5%–ით.

რაც შეეხება ექსპორტ–იმპორტის ცვლილებას აპრილის თვეში მარტის თვესთან შედარებით ამ შემთხვევაშიც კლება ფიქსირდება. იმპორტის მოცულობა 30.6% პროცენტითაა შემცირებული, ხოლო ექსპორტის მოცულობა 11.4%–ით.

აღნიშნულ კლებას ექსპორტ–იმპორტის მოცულობაში ექსპერტები ვარაუდობდნენ, რადგან მსოფლიოში შექმნილი პანდემიური მდგომარეობა ართულებს საქონლით საგარეო ვაჭრობას.