გერმანიის მწვანეთა პარტიამ ქვეყნის კონსტიტუციიდან სიტყვა „რასის“ ამოღების საკითხი დააყენა. ცვლილების ინიციატივა ჯორჯ ფლოიდთან დაკავშირებულმა საყოველთაო მღელვარებამ გამოიწვია.
არსებული კანონის მიხედვით, დაუშვებელია ადამიანებისთვის უპირატესობის მინიჭება ან დისკრიმინაცია რასის მიხედვით. თუმცა მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარე, რობერტ ჰებეკი, მიიჩნევს, რომ საჭიროა ტერმინ „რასის“ შეცვლა. მისი აზრით, აღნიშნული ტერმინი, ნაცისტური რეჟიმის დასრულებიდან დიდი ხნის გასვლის მიუხედავად, მაინც ახდენს გავლენას გერმანელი ხალხის ცნობიერებაზე.
„არ არსებობს „რასები“, არსებობენ მხოლოდ ადამიანები“, – აღნიშნავს ის.
ინიციატივა დადებითად შეაფასა ფელიქს კლაინმა, ანტისემიტიზმთან ბრძოლის საკითხებში გერმანიის მთავრობის კომისარმა. ის ამბობს, რომ ტერმინი „რასა“ ადამიანების გაუფასურებისა და დისკრიმინაციისთვისაა შექმნილი. მასთან ერთად, კანცლერ ანგელა მერკელის კონსერვატიულმა ბლოკმაც დაარღვია სიჩუმე დასმულ საკითხთან დაკავშირებით და მზადაა ცვლილების განხილვისთვის.
მომხრეებს შეეწინააღმდეგა გერმანიის იუსტიციის მინისტრი და განაცხადა, რომ ტერმინის ამოღება ვერ შეცვლის განსხვავებული რასების არსებობის ფაქტს და არც მისი „ეთნიკური წარმოშობით“ ჩანაცვლება შეაჩერებს რასიზმს. ცვლილებას ასევე ეწინააღმდეგება მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ .
შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით კი, ზოგიერთი გერმანელისთვის მიუღებელია სიტყვა „რასა“, თუმცა უარს აცხადებენ საკუთარი შვილების ისეთ სკოლებში მიყვანაზე, სადაც თურქები, არაბები და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები სწავლობენ. ამიტომ, „მნიშვნელოვანია რასიზმის აღმოფხვრა და არა კონსტიტუციის ლინგვისტური მართებულობა“.