გერმანია კრიზისთან გასამკლავებლად 246 მილიარდ დოლარს ისესხებს

გერმანია აპირებს კორონავირუსის საპასუხო სტიმულირების პროგრამისთვის იმაზე 62 მილიარდი ევროთი (69.8 მლრდ დოლარი) მეტი ისესხოს, ვიდრე ამას თვის დასაწყისში გეგმავდა. კონფიდენციალური წყაროების მიხედვით, ეს დამატებითი სესხი გერმანიის წლევანდელ ვალს საერთო ჯამში 218 მილიარდ ევრომდე ანუ 245.4 მლრდ დოლარამდე გაზრდის.

გერმანიის მთავრობის ამდროინდელი საერთო ვალი 2.05 ტრილიონ ევროს შეადგენს, რაც ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 60%-ია. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი ევროზონის სხვა დიდ ეკონომიკებთან შედარებით ყველაზე დაბალია. საფრანგეთისა და იტალიის ვალები მშპ-ს 97% და 131%-ს წარმოადგენენ. საქართველოს შემთხვევაში კი სახელმწიფოებრივი ვალი მშპ-სთან მიმართებით 41.5%-ია.

დამატებითი ბიუჯეტის დადასტურებას კანცლერ, ანგელა მერკელის აპარატიდან ოთხშაბათისთვის ელოდებიან. ამის შემდგომ კი პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად.
გერმანიის მთავრობამ ამ თვის დასაწყისში 130 მილიარდი ევროს ღირებულების საშინაო სტიმულირების პროგრამა დაამტკიცა, რაც იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამ განცხადების გაკეთებამდე ელოდნენ. მარტში კი პარლამენტმა სტიმულირების გეგმისთვის, რომლის საჭიროებაც იცოდნენ რომ აუცილებლად დადგებოდა, ეროვნული ვალი 156 მილიარდი ევროთი გაზარდა.

სტიმულირებისთვის საჭირო თანხის გამოთვლები ითვალისწინებს 1 ივლისიდან შემდგომი 6 თვის განმავლობაში დღგ-ს 19%-დან 16%-მდე შემცირებასაც, რაც მთავრობას საშუალებას მისცემს ოჯახებს თითო ბავშვზე 300 ევრო გადაუხადოს და შექმნას ბონუსების სქემა ავტომობილის შემსყიდველთა ზარალის ასანაზღაურებლად.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილებები გერმანიის მთავრობას მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირმა ევროპის ქვეყნების ეკონომიკების ვირუსის შედეგთან გამკლავებაში დასახმარებლად უზარმაზარი თანხის – 750 მილიარდი ევროს ჩადება გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით გერმანიის ეკონომიკა წელს 6.3%-ით შემცირდება.