გილაური: შეგვიძლია ეს კრიზისი დიდ გამარჯვებად გარდავქმნათ

ონლაინ-კონფერენციაზე ,,COVID-19–ის ეკონომიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები“ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საკონსულტაციო კომპანიის ,,Reformatics“ დამფუძნებელმა, ნიკა გილაურმა ახალი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისსა და კრიზისიდან გამოსვლის პოტენციურ გზებზე ისაუბრა.

კონფერენციაზე გილაურმა ყურადღება გაამახვილა საკითხებზე: რა ეკონომიკური გამოწვევის წინაშე დადგა საქართველო და მსოფლიო; როგორია მოლოდინები მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში; როგორ შეიძლება შეიცვალოს გლობალური ეკონომიკა და რა შანსი აქვს საქართველოს ახალი ეკონომიკური გადანაწილების დროს.

COVID-19–ის გავლენა განვითარებულ და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე განსხვავებული იქნება. განვითარებული ქვეყნებისათვის ეკონომიკის დამუხრუჭება დროებითი პროცესია და ისინი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას უფრო მარტივად შეძლებენ. განვითარებადი ქვეყნები კი სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. განვითარებად ქვეყნებში კრიზისი სავარაუდოდ 1.5–2 წელი გაგრძელდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკის გატარება.

საქართველოში დოლარის შემოდინების ძირითადი წყაროები ტურიზმი, ინვესტიციები და ფულადი გზავნილები მინიმუმამდე შემცირდება. სავარაუდოდ, კარანტინის დამთავრების შემდეგ მცირედით გაიზრდება იმპორტი, თუმცა ეს ზრდა ვერ დააბალანსებს დოლარის შემოდინებას.

მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია უმუშევრობის ზრდა. პირველი პრობლემა, რომელსაც კარანტინის დამთავრების შემდეგ წავაწყდებით უმუშევრობის არნახული ზრდა იქნება. დაახლოებით 150–300 ათასი ადამიანი დაკარგავს შემოსავალს. ამასთან, ეს ადამიანები არიან ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომლებსაც არათუ დანაზოგი არ გააჩნიათ, არამედ მათ დიდ უმრავლესობას საბანკო ვალდებულებები აქვს.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაეხმაროს ამ ადამიანებს. ამ მიზნით, მიზანშეწონილია ე.წ. helicopter money–ის გამოყენება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ადამიანებზე ფულის პირდაპირი დარიგების გზით, არამედ მცირე და საშუალო მეწარმეების საშუალებით. მოქალაქეებზე ფულის პირდაპირ დარიგება არ იქნება გამართლებული ნაბიჯი. თუ ამ საკითხს პოლიტიკური კუთხით შევხედავთ, საკმაოდ რთული იქნება მთავრობის მხრიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსახლეობისათვის იმის თქმა, რომ ფულს აღარ მოგცემ, მითუმეტეს იმ რეალობაში, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ასე ახლოსაა. შესაბამისად გაცილებით ეფექტური და ნაკლებ პოლიტიკურ რისკებთან დაკავშირებულია თანხის შუამავალი რგოლით მიწოდება საზოგადოებისათვის. ამ პოლიტიკის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ორ კურდღელი დავიჭიროთ. პირველი, ადამიანები არ დაკარგავენ სამსახურს და მეორე, მცირე და საშუალო ბიზნესი გააგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ჩვენ ექსტრაორდინალურ სიტუაციაში ვიმყოფებით და შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ნაბიჯებიც ასეთი უნდა იყოს. იმისათვის, რომ ბიზნესმა კვლავ გააგრძელოს საქმიანობა მოკლევადიან პერიოდში მიზანშეწონილია გადასახადებისგან მათი განთავისუფლება. ეს თავის მხრივ ბიზნესის ხელში თანხების აკუმულირებას შეუწყობს ხელს და უმუშევრობის დონეც არ გაიზრდება.

სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მცირე ბიზნესისათვის სესხის აღებისას გარანტორად დადგომა. საგარანტიო ვალდებულება შესაძლოა იყოს 70–80%, რაც ლარში აღებული სესხის პროცენტს სავარაუდოდ 4–5% –მდე შეამცირებს. ამ შემთხვევაში ბანკები უფრო თამამად გასცემენ სესხებს, რადგან მათ გარანტორად სახელმწიფო დაუდგება. ბიზნესს კი მიეცემა შესაძლებლობა არ გაჩერდეს და გააგრძელოს საქმიანობა.

საინტერესოა რა უნდა მოიმოქმედოს ამ რთულ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა? ამ მძიმე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა დროებით მაინც უნდა შეაჩეროს დედოლარიზაციის პოლიტიკა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდეს, რათა ბანკებს მეტი თანხა ჰქონდეთ ეკონომიკაში ჩასაშვებად. ამ მიზნის მისაღწევად ასევე საჭიროა მინიმუმამდე შემცირდეს სარეზერვო მოთხოვნები.

ეს ყველაფერი მოკლევადიანი პოლიტიკის ნაწილია, რომლებიც დაეხმარება ჩვენს ეკონომიკას ფეხზე დადგომაში, თუმცა უნდა გავიხედოთ წინ და მოვემზადოთ ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილებისათვის. სავარაუდოდ ბევრი კომპანია დატოვებს ჩინეთს ან აღარ განახორციელებს ახალ ინვესტიციებს, შესაბამისად ეს კომპანიები დაიწყებენ ახალი ბაზრების ძიებას. ამ პროცესში საქართველოს აქვს შანსი თავისი უპირატესობები გამოიყენოს და მოიზიდოს ისეთი ინვესტიციები, რომლებზეც აქადე ფიქრიც კი წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ამ შემთხვევაში ჩვენ მნიშვნელოვანი უპირატესობა გაგვაჩნია – საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, როგორც ჩინეთთან ასევე ევროკავშირთან. მსგავსი უპირატესობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს.

რა თქმა უნდა, საქართველოს ამ პროცესში ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწევს. მოგვიწევს კონკურენცია გავუწიოთ აღმოსავლეთ ევროპისა თუ ახლო-აღმოსავლეთის ქვეყნებს, მაგრამ სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში შეგვიძლია ეს კრიზისი დიდ ,,გამარჯვებაში“ გადავზარდოთ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.