მომხიბვლელი უფლისწული, განსაცდელში ჩავარდნილი გოგონა და კოცნა, რომელიც გოგონას ყველა პრობლემას აგვარებს, – ძალიან ხშირად სწორედ ესაა „ბედნიერი დასასრული“ ანიმაციურ ფილმებში. მართალია, ანიმაციები ქალ პერსონაჟთა სიმცირეს არ უჩივის, თუმცა მათი დიდი ნაწილი მეორეხარისხოვანი, მთავარი გმირის მომხიბვლელი სასიყვარულო ობიექტები, ან უბრალოდ შეშინებული გოგოები არიან, რომელთაც გამუდმებით სხვისი დახმარება სჭირდებათ.
გზა „ბედნიერ დასასრულამდე“ გამოწვევებითაა სავსე, თუმცა სირთულეების გადასალახად ისინი ხან მეჯლისზე წასვლაზე ოცნებობენ, ხან უფლისწულის კოცნას ელოდებიან და ხანაც საკუთარ ხმაზე ამბობენ უარს, – პირდაპირი თუ ირიბი მნიშვნელობით; მოკლედ, ქალი პერსონაჟები ყველა გზას მიმართავენ, საკუთარი ცხოვრების სადავეების ხელებში აღების გარდა.
მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არსებობდნენ და არსებობენ ადამიანები, რომლებიც დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევას ძლიერი ქალი პერსონაჟებით ცდილობენ. მათ კარგად ესმოდათ და ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გოგონებმა პატარა ასაკიდანვე ირწმუნონ საკუთარი ძალების და არ იცხოვრონ იმ აზრით, რომ საკუთარი უფლებებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლის უნარი არ შესწევთ. დღეს ანიმაციურ ფილმებში არაერთ საინტერესო, მამაც და გამჭრიახ ქალ პერსონაჟს ვხვდებით, რომელთა ერთადერთი ძალა – გარეგნობა, ხოლო მიზანი – სიყვარულის პოვნა, სულაც აღარ არის.
გთავაზობთ 10 ანიმაციურ ფილმს, რომელიც ძლიერი, მიზანდასახული, მამაცი და გამჭრიახი გოგონებითა და მათი საოცარი თავგადასავლებით თავს აუცილებლად დაგამახსოვრებენ:
„პერსეპოლისი“
„პერსეპოლისი“ ირანელი მწერლისა და ილუსტრატორის, მარჯან სატრაპის, გრაფიკული რომანის მიხედვითაა შექმნილი. ანიმაციური ფილმი ირანელი გოგონას ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელსაც ფონად ირანის რევოლუცია და ირან-ერაყის ომი გასდევს.
მარჯი მეამბოხე, გამბედავი და მამაცი გოგონაა, რომელიც ვერ ეგუება თავსმოხვეულ შეზღუდვებს და, მიუხედავად უმკაცრესი რეჟიმისა, არც პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვას ერიდება. მალე ევროპაში მიემგზავრება, სადაც მისდამი, როგორც ირანელისადმი, სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან გამკლავებასა და საკუთარი თავის პოვნას ცდილობს. მიუხედავად უამრავი სირთულისა, მარჯის მუდამ ახსოვს პირობა, რომელიც ოდესღაც დადო – იცხოვროს ისე, რომ საკუთარ თავთან მუდამ მართალი იყოს.
„მოჩვენებების მიერ გატაცებულნი“
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ანიმაციური ფილმებისათვის გამორჩეული გოგონების შექმნაში დიდ იაპონელ ანიმატორ ჰაიაო მიაძაკის ბადალი არ ჰყავს.
„მოჩვენებების მიერ გატაცებულნი“ თვალწარმტაცი სამყაროს გარდა, პატარა ჩიჰიროს ისტორიასაც გვიყვება, რომლის მშობლებსაც შელოცვა ღორებად აქცევს. უცხო სამყაროში აღმოჩენილ გოგონას საფრთხე ემუქრება: შესაძლოა, საკუთარი ვინაობა სამუდამოდ დაავიწყდეს და ვეღარც მშობლები დაიხსნას წყევლისგან. შიშისგან თითქმის გაუჩინარებულს მეგობარი ამხნევებს; მისი სიტყვები საკმარისია იმისათვის, რომ ჩიჰირო ერთგულ, მშრომელ და გამბედავ ადამიანად იქცეს, დაეხმაროს სხვებს საკუთარი თავის პოვნაში და თავადაც დაინახოს ის გზა, რომელიც ეგონა, სამუდამოდ დაკარგა.
„პრინცესა მონონოკე“
ყველა, ვისაც მიაძაკის ეს შეუდარებელი ანიმაცია უნახავს, უყოყმანოდ აღიარებს, რომ მგლების მიერ აღზრდილი გოგონა ანიმაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟია. ის მამაცი, მოხერხებული და ცოტათი ფეთქებადია. შესანიშნავ მეომარს მტკიცედ სწამს საკუთარი იდეალების: ტყეს, მის სახლს, ადამიანები საფრთხეს უქმნიან და საკუთარი სამყაროს გადასარჩენად ყველაფერი უნდა იღონოს.
ანიმაციური ფილმი ძლიერი და მშრომელი ქალი პერსონაჟებითაა სავსე. მათი მეთაური ქალბატონი ებოშის გმირი კი ფილმის ერთ-ერთი მთავარი ხიბლია. მასაც აქვს საკუთარი მიზნები, რომელთა მისაღწევად უამრავ რამეზეა წამსვლელი. შესაშური სიმშვიდით შეიარაღებულს ტყის ძლევამოსილი სულების რისხვისაც კი არ ეშინია.
„ნავსიკაია ქარების ველიდან“
„ნავსიკაია ქარების ველიდან“ მოგვითხრობს გოგონაზე, რომელსაც სწამს, რომ ყველა არსების სიცოცხლე თანაბრად ფასეულია და ადამიანებსა და სხვა არსებებს შორის არსებული დაპირისპირების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობს. ფილმის განმავლობაში ნავსიკაია შიშსა და სიძულვილს ებრძვის და სამყაროში მშვიდობის დასამყარებლად საკუთარი სიცოცხლეც კი არ ენანება.
„ჩემი უამრავი ფილმის მთავარი გმირი ქალია – მამაცი, დამოუკიდებელი გოგონები, რომლებიც ზედმეტი ფიქრის გარეშე არიან მზად, იბრძოლონ იმისთვის, რისიც მთელი გულით სწამთ. მათ სჭირდებათ მეგობარი ან დამხმარე, მაგრამ არასდროს – მხსნელი.“ – ამბობს მიაძაკი, რომელიც გამორჩეული ქალი პერსონაჟებით გულშემატკივრებს დღემდე ანებივრებს.
„გაყინული“
„გაყინული“ დების – ელსასა და ანას თავგადასავლებით სავსე ისტორიაა. დები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან: ანა მხიარული და გულუბრყვილოა, ელსა – სერიოზული და ჩაკეტილი. მიუხედავად განსხვავებებისა, ორივე პერსონაჟი თავისებურად ძლიერია: ანას სწამს ადამიანებისა და საკუთარი დის, რომლის გადასარჩენადაც უკან არაფერზე დაიხევს, ხოლო ელსა, როგორც იქნა, საკუთარი თავის მიღებას სწავლობს. მათ კიდევ ერთი რამ აერთიანებთ და ეს სიყვარულია, რომელსაც მომხიბვლელი უფლისწულის კოცნაზე დიდი ძალა აქვს.
„მულანი“
„მულანი“ არის ისტორია საოცარ გოგონაზე, რომელიც ომში მამის მაგივრად მიდის. მულანი თავს მამაკაცად ასაღებს, უწევს ვარჯიში, ბრძოლა და რთულ პირობებში უცხო მამაკაცებთან ერთად ცხოვრება, რომელთაც გოგონას ნამდვილი ვინაობის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. მულანი სირთულეებს არ უშინდება: სწავლობს, ყოველი დაცემის შემდეგ დგება და საკუთარ თავსა და ირგვლივმყოფებს უმტკიცებს, რომ ბრძოლა, საკუთარი ქვეყნისა და მეგობრებისათვის თავგანწირვა ზუსტად ისევეა ქალის საქმე, როგორც – კაცის.
„მოანა“
მოანა „დისნეის“ გამორჩეული პერსონაჟი რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გამოა. მოანა კუნძულის ლიდერის შვილია და მას ხალხზე ზრუნვისთვის საოცნებო უფლისწულზე დაქორწინება არ სჭირდება. ის, რაც მოანას ძალას აძლევს არა მამაკაცის, არამედ ოჯახისა და საკუთარი ხალხის სიყვარულია. „დისნეი“ ანიმაციების პერსონაჟ ქალებს, უმეტესად, გოგონასა და დედინაცვალს, ერთმანეთს ხშირად უპირისპირებს, „მოანაში“ კი ქალები ერთმანეთს მხარს უჭერენ და აძლიერებენ. გარდა ამისა, მოანა განსაკუთრებული კულტურის წარმომადგენელია – თეთრი კანისა და ოქროსფერი თმის გარეშე, რაც მის პერსონაჟს უფრო რეალურსა და ახლობელს ხდის.
„კორალაინი“
კორალაინი მოუსვენარი და ცნობისმოყვარე გოგოა, რომელსაც ახალ გარემოსა და სახლთან შეგუება მარტოს უწევს, რადგან დაკავებულ მშობლებს მისთვის ცოტა დრო რჩებათ. ნილ გეიმანის წიგნის მიხედვით შექმნილ „კორალაინს“ ბავშვურს ვერავინ უწოდებს. საფრთხე, რომლის წინაშეც კორალაინი აღმოჩნდება, საერთოდ არ ჰგავს ჩვეულებრივ ანიმაციებში მთავარი გმირებისთვის მოვლენილ განსაცდელს;
კორალაინი საკუთარ თავს, სულსა და ცხოვრებას „სხვა დედის“ ტკბილი სიტყვებით, ნამცხვრებით, თამაშებითა და სანუკვარი ყურადღებით შეუმჩნევლად კარგავს. თუმცა, როცა გამჭრიახი კორალაინი სიმართლეს იგებს, საკუთარი თავის, მშობლებისა და „სხვა დედის“ მიერ დატყვევებული ბავშვების დასახმარებლად წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს. კორალაინი არც მეფის შვილია, არც წარმოუდგენელი ფიზიკური უნარებით გამოირჩევა და არც ზებუნებრივი შესაძლებლობები აქვს; მისი მთავარი ძალა სიმამაცეა.
„მამაცი“
მერიდა ჩვეულებრივი პრინცესა არაა: ენერგიული, მოხერხებული და გაბედული თავის ხუჭუჭა წითურ თმასავით დაუმორჩილებელია. მშვილდ-ისარსა და ჯირითზე შეყვარებულ მერიდას სძულს ვიწრო კაბები და დედის დარიგებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი პრინცესა. დაქორწინების მაგივრად, სამყაროს ნახვა და საკუთარი გზის პოვნა იმდენად უნდა, რომ მეფისასულის ხელის მოსაპოვებლად მოწყობილ შეჯიბრში საკუთარი თავისთვის მშვილდ-ისრით ბრძოლასაც არ უშინდება.
„ანასტასია“
ანასტასიას გამორჩეულ და საყვარელ პერსონაჟად უამრავი ნაკლი და ბუნებრივობა აქცევს. მოხერხებულს, ენამახვილს, გონიერსა და ცოტათი უხეშს საკუთარი წარსულისა და მომავლის ამოხსნა სურს. ანა დამოუკიდებელი ადამიანია და საკუთარი აზრის გამოხატვას არ უფრთხის. აღსანიშნავია, რომ ფილმში ანა სიყვარულს პოულობს, მაგრამ სხვა ანიმაციებსგან განსხვავებით, მომაჯადოებელი უცნობი უფლისწულის მაგივრად, ჩვეულებრივი ადამიანი უყვარდება. ადამიანი, რომლის ყველა ნაკლსა და ღირსებას ანა კარგად იცნობს.