GITA-მა 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უკვე მეხუთედ გამოაცხადა კონკურსი „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია ტექნოპარკში გაიმართა, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე, GITA-ის სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ბენეფიციარ სტარტაპებს შეხვდნენ.

„COVID-19 არის, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ ჩვემთვის, ჩვენი სტარტაპერებისთვის, ინოვატორებისთვის, კრეატიული ადამიანებისთვის, ეს გახდა ახალი შესაძლებლობა, რომ ახალი, საინტერესო იდეებით შემოსულიყვნენ და ჩვენ ამ იდეებს ყოველთვის ვუჭერთ მხარს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნული საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შეტანა, ასევე, შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია, მაქსიმუმ, ერთწლიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 90 პროცენტს და 100 000 ლარს. საბუთების მიღება განხორციელდება 5 აგვისტომდე, ხოლო გამარჯვებულ 20 იდეას სააგენტო 22 სექტემბერს გამოავლენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განცხადების შესავსებად ეწვიეთ ამ ბმულს