ჩვენი მიზანი თქვენი წარმატებაა! უკვე 18 წელია, თამარ, ლალი და ნანა გოჩელაშვილების იურიდიული კომპანია პროფესიულ გზას სწორედ ამ მიზნით მიუყვებიან. სამართლებრივი მომსახურების სფეროში მათ მიერ ნაშენები რეპუტაცია ადასტურებს, რომ დებს პროფესიული პრინციპებისთვის არც ერთხელ უღალატიათ. ასე რომ არ ყოფილიყო, მათ მიერ დაფუძნებული კომპანიის 18 წლიანი ისტორიაც ვერ დაიწერებოდა! „გოჩელაშვილები და პარტნიორები“ პროფესიონალთა გუნდია, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ნებისმიერი სახის მაღალკვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. ისეთებს, როგორიც არის კორპორაციული მომსახურება იურიდიული პირებისთვის, სარჩელისა და სხვა პროცესუალური დოკუმენტების მომზადება, საქმის წარმოება და წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში, კერძო სამართლის სუბიექტებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში, ასევე კონსულტაციები, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ხელშეკრულებებისა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება, არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება და რეგისტრაცია, არასრულწლოვანთა საქმეების წარმოება საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული ადვოკატის მიერ, ოჯახის ადვოკატი და სხვა. იურისტის წარმატება პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია კლიენტების ნდობასა და წარმატებით დასრულებული საქმეების რაოდენობაზე, რაც ბუნებრივია პროფესიონალიზმს, კეთილსინდისიერებასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს – Forbes Woman დები გოჩელაშვილების პროფესიულ გზაზე გიყვებათ.
სამართალმცოდნეობა დებში პირველმა ლალიმ აირჩია. ლალი გოჩელაშვილი სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს ფლობს და ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია. წლების განმავლობაში მის კარიერაში იყო არასამთავრობო სექტორიც, 1996-98 წლებში ლალი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს ხელმძღვანელობდა, 2007 წლიდან დღემდე კი ის გოჩელაშვილების იურიდიულ კომპანიაში, საადვოკატო საქმიანობის პარალელურად, მუდმივმოქმედ არბიტრაჟს თავმჯდომარეობს. კერძო იურიდიულ საქმიანობას 2006 წლიდან უბრუნდება, მას შემდეგ რაც, როგორც თავად გვეუბნება, უზენაესი სასამართლოს კარი საბოლოოდ გამოიხურა.
„ყველას ახსოვს საბჭოთა სასამართლო სისტემის სისასტიკე, უსამართლობას ჯერ კიდევ ბავშვობაში წავაწყდი, ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მთავარ მოტივატორად მექცა ‒ შემესწავლა სამართალი და ასე ჩემი და სხვისი უფლებები დამეცვა“, – ლალი გოჩელაშვილი.
სამართლის ძიების გზაზე, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდებს ლალი 1998 წელს აბარებს, მალევე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ხდება, 1999 წელს კი უზენაეს სასამართლოში ინაცვლებს, სადაც უმაღლესი მსაჯულის მანტიას შვიდი წელი ატარებს.
„ვიდრე მოსამართლე გავხდებოდი, 8 წელი ადვოკატად ვსაქმიანობდი. მაშინდელმა მძიმე წლებმა განაპირობა, რომ ჩემი პრაქტიკა სისხლის სამართლით დამეწყო. ეს ის დროა, როცა სასამართლოში მექრთამეობის წყალობით ადვოკატის ფუნქცია თითქმის განულებული გახლდათ. გამიმართლა და ამ წლებში USAID-ის პროგრამის მიწვევით, სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის გასაცნობად შტატებში გავემგზავრე, სადაც ამერიკულ სისტემასა და საბჭოთა მანკიერებას შორის სხვაობას პირდაპირ შევეჯახე. საქართველოში დაბრუნებულს იმედი გამიჩნდა, იქნებ ცვლილებები ჩვენთანაც შესაძლებელი ყოფილიყო. იმ წლებში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პირველ ნაბიჯებს დგამდა, დავით უსუფაშვილმა ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელობა შემომთავაზა და ასე გამიჩნდა შესაძლებლობა, ძალები არასამთავრობო სექტორშიც მომესინჯა. ეს ყველაფერი კი დროში სასამართლო სისტემის რეფორმის დაწყებას დაემთხვა, მაგრამ არსებობდა საფრთხე, რომ მანკიერ რეალობას გაემარჯვა და რეფორმა ჩავარდნილიყო, თუმცა საბოლოოდ ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არჩევანი ცვლილებებზე გააკეთა. სისტემაში ენთუზიაზმით მოსული მოსამართლეები ვცდილობდით სასამართლო ხელისუფლებას ახალი სიტყვა ეთქვა, შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია… მოვლენები ისე განვითარდა, რომ 7 წლის თავზე მანტია გავიხადე და 2005 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს კარი საბოლოოდ გამოვიხურე“, – ლალი გოჩელაშვილი.
ლალის გამოცდილება ნანასთვის ინსპირაციის წყარო გახდა, თანაც იმ პირობებში, როცა თავადაც ბავშვობიდან ყველას ქომაგად ითვლებოდა. ამიტომაც ბევრი არ უფიქრია და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა. ნანა შრომით ბაზარზე პირველ ნაბიჯებს საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურის ქუთაისის რეგიონალურ სამხედრო პროკურატურაში დგამს. ამბობს, რომ იქ ყველაზე უკეთ ჩანდა ქვეყნის მაშინდელი რეალობა. შემდეგ იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და ამასთან, იურიდიულ მომსახურებას უწევდა მოქალაქეებს და სხვადასხვა წარმატებულ კომპანიებს. ნანა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრია, ვინაიდან რეფორმის დაწყებისთანავე ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით და ასევე, იგი სპეციალიზებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში.
„როცა აქტიური პრაქტიკული საქმიანობის ეტაპზე ვიყავი, თბილისიდან ქუთაისში მიმავალ გზაზე ავტოავარიაში მოვხვდი, რასაც შემდეგ 10 თვიანი რეაბილიტაცია მოჰყვა და დადგა რეალობა, როცა გამოჯანმრთელების შემდეგ კარიერა ფაქტობრივად ნულიდან უნდა დამეწყო. მკურნალობის პერიოდში , 2005 წლის დეკემბერში, ჩემს უფროს და თამართან და მეგობართან ერთად საკუთარი იურიდიული კომპანიის დაფუძნების გადაწყვეტილება მივიღეთ. ბუნებრივია, პირველ ეტაპზე იყო ქარტეხილებიც. კომპანიის შექმნა ხომ არაერთ გამოწვევასთან არის დაკავშირებული! ახლაც კარგად მახსოვს ჩვენი პირველი მოკრძალებული ოფისი და შრომა კლიენტის მოსაზიდად“, – ნანა გოჩელაშვილი.
შრომამ შედეგი მალევე გამოიღო, ამ დროისთვის დები გოჩელაშვილების იურიდიულ კომპანიაში დასაქმებული საერთო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის ადვოკატები გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმითა და მრავალმხრივი პრაქტიკული გამოცდილებით. მათთვის ამოსავალი წერტილი გუნდური მუშაობის პრინციპი, ადვოკატის მაღალი ეთიკა, თითოეულ საქმეზე ინდივიდუალური მიდგომა და კონფიდენციალურობის დაცვაა.
დებიდან ყველაზე ბოლოს იურიდიულ პროფესიაში და თანაც დიპლომირებული გერმანისტის პროფესიიდან თამარი შევიდა. იურიდიული განათლების მიღებამდე, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაამთავრა და მისი ინტერესის სფერო ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმიანობა იყო. უნივერსიტეტის წარჩინებით კურსდამთავრებულს სწორედ ამ განხრით ბონის უნივერსიტეტში სურდა სწავლის გაგრძელება. თუმცა, მიუხედავად ბონის უნივერსიტეტის მიერ ორგზის მიწვევისა, საკონსულომ მას სასწავლო ვიზის გაცემაზე უარი უთხრა იმ არგუმენტით, იგი გერმანულ ენას უკვე კარგად ფლობდა და სასწავლებლად წასვლა აღარ ესაჭიროებოდა.
„საკონსულოს ასეთმა პოზიციამ ძალიან აღმაშფოთა და გადავწყვიტე, რომ დრო იყო, ჩემი და სხვისი უფლებები კვალიფიციურად დამეცვა. ამიტომ 2000 წელს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტად დავუბრუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. უკვე მეორე კურსიდან იურიდიული მომსახურების სფეროში შევუდექი მუშაობას. მახსოვს, ჩემი პირველი წარმატებით დასრულებული დავა იყო შრომით-სამართლებრივი დავა. შემდეგ იყო საჯარო სამსახური. 2004-05 წლებში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კანონშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი ვიყავი“, – თამარ გოჩელაშვილი.
ახლა სამივე ერთ საქმეს ემსახურებიან. თამარიც, ლალიც და ნანაც გოჩელაშვილების იურიდიული კომპანიის მმართველი პარტნიორები არიან. სამივე თანხმდება მთავარ პრინციპზე: როცა მათთან ადამიანი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიდის, საჭირო სერვისის მისაღებად კლიენტს სხვაგან წასვლა არ უნდა დასჭირდეს. ამიტომაც მათი საკონსულტაციო ჯგუფი კლიენტის ინტერესებს სამართლის შემდეგ დარგებში წარმოადგენს: სამოქალაქო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, შრომის სამართალი, სამშენებლო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, საგადასახადო სამართალი, კონსტიტუციური სამართალი, ინტელექტუალური სამართალი, სადაზღვევო სამართალი, გაკოტრების სამართალი, საბანკო სამართალი, საერთაშორისო კერძო სამართალი.
„ჩვენ, გვჯერა, რომ თუ დაიხარჯები, საქმეს სწორი სტრატეგიით წარმართავ და კლიენტიც სათანადოდ იმოქმედებს, პოზიტიურ შედეგზე აუცილებლად გახვალ. მაგალითად, საოჯახო დავების შემთხვევაში, მუდმივად ვცდილობთ, რომ თუ სასამართლოს ან/და სახელმწიფო ორგანოების ჩარევა გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, დავა სანოტარო მედიაციით დასრულდეს“, – თამარ გოჩელაშვილი.
იურიდიული კომპანიის განვითარებაზე თანაბრად ზრუნავენ და გადაწყვეტილებებსაც დები ერთად იღებენ. ლალი ამ ეტაპზე მხოლოდ სამოქალაქო სამართლებრივ დავებშია ჩართული, თამარი და ნანა სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი მიმართულებით საქმიანობენ, მაგრამ თუ საქმეს სჭირდება ზოგჯერ სამივე და კლიენტს ერთად წარადგენს, ასე შრომაც ნაწილდება და საქმიანობაც უფრო ეფექტურია.
როცა ლალის მათი იურიდიული კომპანიის უპირატესობაზე ვკითხეთ, პასუხად რამდენიმე არგუმენტი მივიღეთ.
„მუდმივად ვზრუნავთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ყოველთვის ვცდილობთ სიახლეების თაობაზე საქმის კურსში ვიყოთ. კერძო საადვოკატო საქმიანობასთან ერთად სამივე მენტორი ადვოკატები ვართ, რაც სხვებისთვის ცოდნის გაზიარების პარალელურად, გვეხმარება სულ ფორმაში ვიყოთ, სასამართლოში მიმდინარე პროცესების პულსზე გვედოს ხელი. კვალიფიკაციის გარდა, საადვოკატო საქმიანობაში არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება კეთილსინდისიერებას. აუცილებელია ადვოკატი კლიენტთან მიმართებაში იყოს არა მხოლოდ კვალიფიციური, არამედ კეთილსინდისიერი. მიმაჩნია, რომ იურისტი კლიენტის მესაიდუმლეც უნდა იყო, რადგან თუ კლიენტს ადვოკატის ნდობა არ აქვს, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. აუცილებელია კლიენტი ადვოკატთან კომფორტულად და დაცულად გრძნობდეს თავს.
ჩვენი პრიორიტეტია ვიყოთ ადვოკატები, რომლებიც კლიენტებს ღირსეულად წარმოვადგენთ“, – ლალი გოჩელაშვილი.
„გოჩელაშვილები და პარტნიორები“ სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, ასეა 18 წელია და დამფუძნებლები სამართლებრივი ფორმის შეცვლას არ განიხილავენ, რადგან როგორც გვიხსნიან სპს კლიენტებში დამატებითი ნდობის საფუძველია.
„როცა კლიენტს საქმე სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან აქვს ეს განსაკუთრებული ნდობის საფუძველი ხდება. რადგან თითოეული საქმე ჩვენს პირად პასუხისმგებლობაზე გადის, გუნდიც მკაცრად შერჩეული გვყავს. 2005 წელს საქმე ხუთმა ადამიანმა წამოვიწყეთ, დღეს ათნი ვართ“, – ნანა გოჩელაშვილი.
„მე, რომ საქმეს მოვკიდებ ხელს და თუ ვინმეს დავაზარალებ, ჩემი საკუთარი ქონებით ვარ პასუხისმგებელი. ჩვენი გუნდი ერთი განუყოფელი ნაწილია და ისე ვენდობით მათ როგორც საკუთარ თავებს, ეს არის გუნდი როგორც ერთი დიდი ოჯახი“, – ლალი გოჩელაშვილი.
იურისტი დების კომპანიაში საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ფუნქციონირებს. აქ საქმეებს მაღალკვალიფიციური იურიდიული განათლებისა და პროფესიული გამოცდილების მქონდე არბიტრები განიხილავენ. ლალი, რომელიც მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარეა, კლიენტებს ურჩევს, რომ თუ მართლმსაჯულების სწრაფად აღსრულება უნდათ, მაშინ სწორედ ამ შესაძლებლობით უნდა ისარგებლონ.
„საქართველოში არბიტრაჟი, რატომღაც სათანადოდ პოპულარული არ არის. არადა მაშინ როცა სასამართლოები ძალიან გადატვირთულია, თუ კლიენტს მართლმსაჯულების სწრაფად აღსრულება სურს, ამის ყველაზე მოკლე გზა არბიტრაჟია. ეს საკმაოდ მოქნილი სისტემაა, მხარეებს შორის დავა მაქსიმუმ 3 თვეში სრულდება, მაშინ როცა სასამართლოში შესაძლოა 5-7 წელიც კი გაგრძელდეს“, – ლალი გოჩელაშვილი.
დები გოჩელაშვილები წლებია ცდილობენ ბაზრის მოთხოვნებს ფეხი აუწყონ. ამიტომაც მათი უახლოესი გეგმები ახლა HR აუთსორსინგ სერვისების მიმართულების განვითარებაა, შრომითი ურთიერთობებიც, ხომ სამართალთან არის კავშირში?
„ჩვენს უახლოეს გეგმაში HR აუთსორსინგ სერვისის მიმართულების განვითარებაა. გვინდა კლიენტებს, ვგულისხმობ იურიდიულ პირებს, ერთდროულად იურიდიული და HR აუთსორსინგ სერვისი შევთავაზოთ. ვფიქრობთ ახალი ფილიალების გახსნაზეც, კერძოდ ბათუმსა და ქუთაისში. უკვე ჩავატარეთ ბაზრის კვლევაც, რადგან წარუმატებელი საქმის წამოწყება ჩვენს ინტერესში არ შედის. ყველაზე საინტერესო ამ ეტაპზე ბათუმია, ამ ქალაქში კარგი ბიზნესგარემოა და შესაბამისად საინტერესო ბიზნესურთიერთობებიც“, – ნანა გოჩელაშვილი.
„გოჩელაშვილები და პარტნიორები“ ბაზარზე სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩევა. დები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევენ პრაქტიკა მათ იურიდიულ კომპანიაში გაიარონ.
„მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი სოციუმსა და პროფესიაში საკუთარ ადგილს ინდივიდუალური თვისებების, უნარების, კვალიფიკაციის, მონდომების და შრომის ფასად პოულობს. სწორედ ამიტომ ვცდილობთ ჩვენს კომპანიაში როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადაპტაციის პროგრამის ფარგლებში პრაქტიკაზე მოსულ მომავალ ადვოკატებს, ასევე, დაინტერესებულ სტუდენტებს დავეხმაროთ ცოდნის გაღრმავებაში და გზა გავუკვალოთ დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიაში. ჩვენ მათ კონკურენტებად არ ვთვლით“, – თამარ გოჩელაშვილი.
ჩვენი რესპონდენტები გვეუბნებიან, რომ ადვოკატი გარკვეულწილად შემოქმედია, სტრატეგი. ადვოკატმა ზუსტად უნდა იცოდეს როგორ „შეიყვანოს გემი პორტში“ უსაფრთხოდ, „ღუზის ჩაშვება“, ანუ საქმის წარმატებით დასრულება დიდი ბედნიერებააო, ამბობს ყოფილი მოსამართლე და მოქმედი ადვოკატი ლალი გოჩელაშვილი.