თვითიზოლაცია – დღევანდელობის გამოწვევა

ჩემი დღის გრაფიკი, ზოგადად, ძალიან დატვირთულია. სახლიდან დილას ადრე გავდივარ სავარჯიშოდ, დასრულებისას გზად ყავას ვყიდულობ და შემდეგ ოფისში მივდივარ. ხშირად მიწევს გასვლა შეხვედრებზე. ყველა შეხვედრას რომ დავასრულებ,  როგორც წესი, უმრავლესობა სახლისკენ ბრუნდება,  მე კი, კვლავ ოფისში. მეორე დილას, ისევ იგივე.

წარმოიდგინეთ, ამ რეჟიმში რომ ცხოვრობ და უცებ, ერთ დღეში, გიწევს სრული ადაპტაცია ახალი და ყველასთვის უჩვეულო ცხოვრების სტილის.

ფაქტია, ეს ის უიშვიათესი პერიოდია, როდესაც ყველას გვაქვს პანდემიით გამოწვეული საერთო პრობლემა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა –  თვითიზოლაცია.

ჩვენ არ ვიცით, როგორ მოვერიოთ მუდმივად სახლში ყოფნას, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარეშე საღამოების გატარებას, როგორ გავუმკლავდეთ ბავშვებს და თან ვიმუშაოთ, როგორ ვაიძულოთ თავი, რომ გადავიტანოთ არსებული კრიზისი, არ დავკარგოთ პოზიტიური განწყობა და შევინარჩუნოთ პროდუქტიულობა.

არსებობს ადამიანების ორი კატეგორია:

  1. ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია მიმდინარე მოვლენებზე (რეაქტიული ადამიანი). მისი განწყობა და მოქმედება მართვადია ემოციით. უფრო კონკრეტულად – ამ ჯგუფში მყოფი ადამიანი დღევანდელი გარემოების გავლენის ქვეშ არის, რაც მოქმედებს მის ხასიათზე, ქმედებაზე და შესაბამისად, ცხოვრების შედეგზე;
  2. მეორე ჯგუფში მყოფ ადამიანს (პროაქტიული ადამიანი) კი შეუძლია თავად აკონტროლოს მისი ცხოვრება. ის არ ფიქრობს, რომ არსებული რეალობის მსხვერპლია. ეს ადამიანი ეძებს პოზიტივს, ერგება მოცემულობას და ამ მოცემულობაში პოულობს იმ გზებს, რომელიც მას გაუმჯობესებულ შედეგამდე მიიყვანს.

მარტივად რომ ვთქვათ, უბრალოდ არ ფიქრობ, როგორ გააკეთო სხვადასხვა საქმე და მიჰყვები დინებას. შედეგად კი იღებ სტრესით სავსე და გაღიზიანებულ ვითარებას;

ან იღებ პანდემიით გამოწვეულ მოცემულობას და იწყებ ფიქრს, ითავისებ პასუხისმგებლობას და სწორად საზღვრავ, რომელი მოქმედებებით უპასუხო არსებულ ვითარებას.

მნიშვნელოვანია იმოქმედო და იმისათვის რომ სწორად იმოქმედო, საჭიროა დაიცვა დღის რეჟიმი და გქონდეს მიზანი. ჩამოწერე გეგმა, შეიტანე ჩამონათვალში ყველა ის საქმე, რის გაკეთებასაც აქამდე ვერ ახერხებდი და გამოიყენე დრო პროდუქტიულად.

პროდუქტიული მუშაობისათვის აუცილებელია კონცენტრაცია და დროის ეფექტური გადანაწილება. ეს ორი კი, ამ პერიოდში, ყველას გვიჭირს, რადგან ჩვენი გონება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზეა გადართული.

მობილური არ ჩერდება, დღეში ათასობით სმს მოდის და მოთმინება არ გვყოფნის, რომ გადავდოთ სმს-ების წაკითხვა, იმაზე ფიქრით რა ინფორმაციაა ახალი. თუმცა, იმისათვის რომ ვიყოთ სრულად მობილიზებული საქმეზე, უნდა ვაიძულოთ თავი, დღეში მხოლოდ რამდენჯერმე გავეცნოთ ყველა შეტყობინებას, ასევე საინფორმაციო გვერდებს და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებს. ჩვენი ფოკუსი, მუდმივი ინფორმაციის გაცნობიდან უნდა გადავიტანოთ საქმეზე.

კონცენტრაციასა და დროის ეფექტურ გადანაწილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ერთმანეთის თანადგომა. განსაკუთრებით, თუ მენეჯერი ხარ, შენზე მოდის უფრო დიდი დატვირთვა, რომ გაუადვილო შენს თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის პროცესი:

  • ყოველდღიური კომუნიკაცია: ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან/და ჯგუფური ვიდეო ზარი. აუცილებელია, რომ მსგავსი კომუნიკაცია იყოს რეგულარული და ყველა თანამშრომელმა იცოდეს, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ შენი იმედი. აგრძნობინე, რომ შეუძლიათ რჩევა გკითხონ და, რაც მთავარია, უნდა დაინახონ, რომ მათ საუბარს და მოსაზრებებს ყურადღებით უსმენ;
  • კომუნიკაციის გზები: მხოლოდ ელ. ფოსტა და შეტყობინებები არ არის საკმარისი. კარგია, რომ ეხლა გვაქვს ძალიან ბევრი საშუალება და მათ შორის ვიდეო ზარი – რაც მთავარ უპირატესობას გვაძლევს. ვიდეო ზარი ამცირებს იზოლაციის განცდას. ამასთანავე, გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ადამიანის ემოცია, პირისპირ საუბრისას, ეს კი საუკეთესო გამოსავალია, როცა  სენსიტიურ ან კომპლექსურ თემას ვეხებით;
  • სოციალური ინტერაქცია: გარდა საქმიანი კომუნიკაციისა, დააწესეთ თანამშრომლებთან არაფორმალური კომუნიკაციის დრო. ეს, მაგალითად, შეიძლება იყოს ვიდეო კონფერენციის დაწყებამდე, რომ უბრალოდ გაარკვიოთ ვინ როგორ არის, მოჰყვეთ ისტორიები და სხვა;

გაითვალისწინეთ:  სამუშაო გარემოს უეცარმა ცვლილებამ დაგვიმატა სტრესი. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ ჩვენს თანამშრომლებს, დავეხმაროთ მათ გადალახონ მღელვარება. არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრი ვადებთან დაკავშირებით, მეტი მოქნილობაა საჭირო იმ საქმეებთან, რომლებიც არ არის ძალიან საჩქარო. ამით ხელს შევუწყობთ ერთმანეთს და დამატებითი სტრესის საფუძველს ავირიდებთ თავიდან.

ემოციურ ინტელექტზე ჩატარებული კვლევები გვაჩვენებს, რომ თანამშრომლები ეძებენ მენეჯერებში სხვადასხვა სტიმულს რომ შესაბამისად იმოქმედონ. თუ მენეჯერი სტრესის და უძლურობის დემონსტრირებას აკეთებს, ან მარტივად რომ ვთქვათ, წუწუნებს „რა გვეშველება და არ ვიცი რა ვქნა“ – ეს გადამდები დაავადებასავით არის და შედეგად ურთულეს მდგომარეობაში აგდებს ყველა თანამშრომელს. ეფექტური ლიდერი აღიარებს, რომ არის სირთულეები, მაგრამ ასევე აღნიშნავს, რომ დარწმუნებულია მისი გუნდის უნარებში, სჯერა რომ გამოწვევებს გაუმკლავდებიან და გაძლიერებულნი დაბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რითმს. მსგავსი მხარდაჭერით, გუნდის ყველა წევრის ფოკუსი გადადის გამოწვევის გადალახვისკენ და ნეგატიური განწყობა პოზიტიურით ნაცვლდება.

 

ავტორი: ნინო ღოღობერიძე | ავლაბარი ჰოთელსის დამფუძნებელი

No Comments Yet

Comments are closed