მინანქრის გრძნეულება | ინტერვიუ სოფო გონგლიაშვილთან

სოფო გონგლიაშვილის სამკაული სხვა სამკაულში ვერასდროს აგერევა. დიდი ზომის ბეჭდები, სამაჯურები, ზედ გათამაშებული სიუჟეტებით, ფერების სახასიათო კომბინაციებით, სიმბოლოებით ‒ მეტია, ვიდრე სამკაული. მთელი ამბავია, ტიხრული მინანქრით სრულიად უჩვეულოდ გადმოცემული.

სოფოს ნამუშევრების დასახასიათებლად ბევრი სიტყვა გაგახსენდება, მაგრამ რთული სათქმელია, რომელი სიტყვა იქნება ყველაზე ზუსტი. ეს არაა უბრალოდ დიდი პროფესიონალიზმით შესრულებული, ზედმიწევნით საინტერესო და სრულიად განსხვავებული ნამუშევრები. ავტორს ყველა ეტაპზე რაღაც დიდი სათქმელი აქვს და 2000 წელს, როცა სამკაულის კოლექცია პირველად წარუდგინა შემფასებელს, მისი ეს სათქმელი თან ძალიან მკაფიო იყო, თან ‒ მოუხელთებელი.

მოგვიანებით სოფომ თვითონვე განმარტა, რომ სათქმელი სტანდარტული ზომის სამკაულში ვერ ჩაატია. და ისე გამოვიდა, რომ არასტანდარტულად დიდი ბეჭდებიც და სხვა დანარჩენიც ერთბაშად იქცა მის ხელწერად.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რა ეტაპზე დაინტერესდით ტიხრული მინანქრით?

90-იანი წლებიდან დავიწყე, როცა ქვეყანა, ფაქტობრივად, გათიშული იყო დათან იმ დროს ქალები რატომღაც ნაკლებად აკეთებდნენ მინანქარს. უფრო მამაკაცები მუშაობდნენ და, ძირითადად, საეკლესიო ნივთებზე. მერე მიხვდა ხალხი, რომ იგივე საქმე ქალმაც შეიძლება არანაკლები წარმატებით აკეთოს. მე მგონია, რომ ორივეს ზუსტად ერთნაირად შეუძლია.

2000 წელს მქონდა სამკაულების პირველი პერსონალური გამოფენა გალერეა „შარდენში“, უამრავი ადამიანი დაინტერესდა და ასეთმა გამოხმაურებამ მეც მეტი ინტერესი გამიჩინა. ჩემი პირველი ნამუშევარი იყო მინანქრის თვითმფრინავი, რომელიც დღესაც მაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ნამუშევარი სიმბოლურად ასახავს ახალ სამყაროში შესვლას, რამაც ყველაფერი შეცვალა. მანამდე სულ სხვანაირი ცხოვრება მქონდა, ძირითადად, სახლში ვიყავი. იქ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი შემეძლო გამეკეთებინა. 2000 წლიდან კი ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად გადავატრიალე: აქტიურად დავიწყე მინანქარზე მუშაობა, გავხსენი კაფე, გალერეა. გარეთ გავედი.

სამხატვრო აკადემია გაქვთ დამთავრებული?

თავიდან მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე, მაგრამ მეორე კურსზე მივხვდი, რომ იქ არ იყო ჩემი ადგილი, თუმცა მუსიკა ძალიან მიყვარდა და მიყვარს, დღემდე მეხმარება ბევრ რამეში. შემდეგ დავიწყე სამხატვრო აკადემიისთვის მომზადება და ჩავაბარე მოდელირების ფაკულტეტზე. ყოველთვის ძალიან მიყვარდა განსხვავებულად, ლამაზად ჩაცმა, ამას სხვა თვალით ვუყურებდი, თუმცა აკადემიაში ჩემი ეს იდეები იდეებად დარჩა, არანაირი განვითარების შესაძლებლობა ამ მხრივ იქ არ იყო. ვაკეთებდით რაღაც შაბლონურ ნახატებს, მთავარი იყო სტანდარტების მიხედვით აგეგო ფორმა და რას ჩააცმევდი, ეს არავისთვის იყო საინტერესო. არადა, პირიქით უნდა ყოფილიყო, ამას არ უნდა ჰქონოდა გადამწყვეტი მნიშვნელობა. მთავარი ის უნდა ყოფილიყო, რას ჩააცმევდი, როგორ დაინახავდი.

ადრეც ხომ იყო ლამაზი ტანსაცმელი, მაგრამ თითქოს ამბავს არ ჰყვებოდა, ახლა ბევრად სხვანაირი გახდა მოდა, კონცეპტუალური, აი, ზუსტად ასე ვხედავდი მაშინაც. 80-იან წლებში, როცა აკადემიაში ჩავაბარე, ამ კონცეპტუალურობას ვეძებდი. საბოლოოდ, ბატიკის მიმართულება დავამთავრე, ნაჭერზე ხატვა ვისწავლე.

თქვენგან ყოველთვის განსაკუთრებული სიმშვიდის განცდა მოდის. მშვიდი ცხოვრება გაქვთ?

სინამდვილეში ძალიან ბევრი სირთულე იყო ჩემს ცხოვრებაში და ბევრჯერ მქონდა განცდა, რომ თითქოს ყველაფერი გადავიტანე, რისი გადატანაც შეიძლებოდა. ზოგადად, ის, რაც მაწუხებდა, რაც პირადად ჩემს თავს ან ჩემ გარშემო ხდებოდა, ყოველთვის ნამუშევრებში გადამქონდა. ყველაზე მეტად ეს მეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში. ახლა სახლში ყოფნა გირჩევნიათ თუ აქტიური ცხოვრება გაქვთ? ძალიან იშვიათად გავდივარ გარეთ და როცა გავდივარ, დიდ ცვლილებას ვგრძნობ. ცუდი ისაა, რომ ეს ცვლილება სიკეთისკენ არაა. პანდემიის დროს მეგონა, რომ დადგა ის მომენტი, როცა ადამიანები უკეთესობისკენ შეიცვლებოდნენ და დააფასებდნენ თუნდაც იმ დედამიწას, სადაც ჩვენ დავდივართ, ვარსებობთ. დააფასებდნენ სიყვარულს, რომელსაც ბუნება გვაძლევს ან გვერდით მდგომი ადამიანი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.

თქვენი განწყობა აისახება ნამუშევრებზე, იგივე ფერებზე?

აი, ზუსტად იმ პერიოდში გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში თეთრი კოლექცია. ვისაც ჩემი ნამუშევრები ნანახი აქვს და მიცნობს, ყველამ იცის ფერების მიმართ ჩემი დამოკიდებულება, იცის ჩემი ფერადი სამყარო, რომელიც ტყუილად არ გაჩენილა. ეს ძალიან ჭრელი ფერები ჩემი ბრძოლის მეთოდი იყო ყოველთვის. როცა უცებ თეთრზე გადავედი, ეს, ალბათ, იმ სიცარიელის ან იმედის გამოხატულება იყო, რომელიც მაშინ გვქონდა. მე, მაგალითად, მეგონა, რომ რაღაც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ და ყველანი ახლებურად დავიწყებდით რაღაცის კეთებას. ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ჩემს თავთან ვმუშაობდი, მინდოდა უკეთესი გავმხდარიყავი და თან მეგონა ყველა ეცდებოდა გამოესწორებინა, თუკი რაიმე შეცდომა ჰქონდა. შეცდომებზე სწავლობს ადამიანი და თუ ამ შეცდომებს დაუფიქრდები, შეძლებ გამოასწორო. ეს იყო მომენტი, როცა ადამიანებს თითქოს თავიდან, სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყოთ ყველაფერი და რაღაცებისგან გასუფთავებულიყვნენ. ხომ არის, რომ რაღაც მომენტში კომპიუტერს გადატვირთვა სჭირდება, ადამიანიც ასეა: მისთვისაც აუცილებელია ეს „გადატვირთვა“, რომელიც სხვადასხვა რამით, მაგალითად, მოგზაურობით ან მარტოობით შეიძლება მოვიდეს.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

თქვენი აზრით, ადამიანები იცვლებიან?

კი, სულ მაქვს მაგის იმედი, რადგან თუკი რაღაცის გამო ისინი ცუდისკენ შეიცვალნენ, ზუსტად ასევე შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალონ. დღეს ნამდვილად ძალიან რთულია, რომ ყველაფერს მშვიდად, გაწონასწორებულად შეხვდე, რადგან დარღვეული გვაქვს ეს წონასწორობა, ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს და გვინდა ეს ჩვენი აზრი ყველას დავუმტკიცოთ. არადა, სიკეთე თესავს სიკეთეს, ზუსტად ისე, როგორც ბოროტება ‒ ბოროტებას.

რადგან ძირითადად სახლში ხართ, საიდან იღებთ შთაბეჭდილებას, შთაგონებას?

ხუთნი ვცხოვრობთ სახლში ‒ მე, ჩემი ქმარი და სამი ქალიშვილი. 18 წელია ტელევიზორს მხოლოდ ფილმების სანახავად ვრთავთ. ჩემი შვილების თაობა ძალიან მიყვარს, უდიდეს პატივს ვცემ მათ და მგონია, რომ მათ ბევრად მეტი იციან. ერთადერთი ‒ გამოცდილება მაქვს მეტი, თორემ ისინი აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ. ეს ისე მომწონს და იმდენ ენერგიას მაძლევს ჩემს შვილებთან კონტაქტი, მართლა ბედნიერი ვარ ხოლმე მათთან საუბრის შემდეგ. უფროსი შვილი მალე 30 წლის გახდება, უმცროსები ‒ ტყუპები ‒ 17 წლისები არიან, ჯერ სკოლაში სწავლობენ, თუმცა იციან ყველა რეჟისორი, მირჩევენ რა ვნახო, რა წავიკითხო. ჩემი ქმარი გიჟდება მუსიკაზე. ოჯახში იმდენად ბევრ ემოციას ვიღებ, რომ სავსე ვარ ამით. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მიყვარს მეგობრებთან ყოფნა, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ხშირად არ გამომდის ‒ გარდა იმისა, რომ ვმუშაობ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს სახლში.

კოლექციაზე მუშაობის პროცესი როგორია?

ზოგადად, ჩემს კოლექციებში როგორაა, იცით? ერთი ისტორია მეორეში გადადის, გრძელდება. თეთრი კოლექციის შემდეგ ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და დამებადა იდეა, შემექმნა კოლექცია ადამისა და ევას თემაზე. თუმცა ესაა ადამისა და ევას აბსოლუტურად ჩემი, გამოგონილი ვერსია და არა ის, რაც ვიცით. ესაა ამბავი პირველ ქალსა და მამაკაცზე. ისინი ანგელოზების სახით მყავს გამოსახული. ამასაც თავისი დატვირთვა აქვს: თუ ადამიანი ნამდვილად შეყვარებულია, ის ხდება უკეთესი. ხდება უფრო ლამაზი, უფრო კეთილი. თითქოს მიწაზეც არ დადის, დაფრინავს ან დაცურავს. შეხედავ თუ არა, მაშინვე ეტყობა, რომ შეყვარებულია. როცა ადამსა და ევაზე ვფიქრობდი, გამიჩნდა აზრი, რომ მათ იქნებ არც ისე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და ამ დროს იქ სხვაც არავინ იყო. ჩემი ადამი და ევა ნამდვილად ძალიან შეყვარებულები არიან. მათი ვაშლი ყურძნით შევცვალე, გველი საერთოდ არ არის, ხის ნაცვლად კი ნიანგია ჩემთან. ძველ კოლექციებშიც ბევრგან მაქვს ნიანგი. ის დაუნდობლობასთან ასოცირდება, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მასშიცაა სიკეთის პატარა ნაპერწკალი. რასაც აღვივებ, ის ბევრდება. ამიტომ ჩემს ნამუშევრებში ნიანგის პირიდან აყვავებული ხე ამოდის. სულ ასეთი ზღაპრები მაქვს. ზღაპარში ბოროტი პერსონაჟები კეთილშობილები რომ გახდებიან ხოლმე, ზუსტად მაგ ცვლილების მხარეს დგომაა ჩემი მიზანი.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

გავაკეთე ასევე ქალღმერთების კოლექცია. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ძალიან მომინდა ქალღმერთის დანახვა, რომელმაც არ იცის ომი, არ იცის ბევრი ისეთი რამ, რაც გაუმართლებელია არსებობდეს. არადა, სამწუხაროდ, ადამიანის ტვინში სადღაც ის რაღაც პატარა ნაპერწკალი ნამდვილად დევს, რადგან ომი იწყება და ამხელა აგრესია შესაძლებელია. ჩემი შექმნილი ქალღმერთები არიან კეთილები, ყვავილების, სიცოცხლის მოყვარულები. ფაქტობრივად, სამოთხე დავხატე. ჩვენ, ყველანი, ძალიან დავიღალეთ გაუთავებელი რაღაცის ვერდაგეგმვით, სულ რაღაცის შიშით ცხოვრებით. ეს ძალიან რთულია პირადად ჩემთვისაც.

ოცნება გიყვართ?

ოცნება ბევრია და, ძირითადად, გლობალური, რომლებიც ხშირად თბილისს უკავშირდება. მაგალითად, მინდა, რომ ვაჟა-ფშაველაზე დარგონ კარალიოკის ხეები, რომლებიც იქნება ძალიან ლამაზი და მათი შემყურე ადამიანები უკეთესები გახდებიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შეგრძნება მაქვს. რომელიმე გამზირზე შეიძლება დარგო ფორთოხლის ხეები, სადღაც ‒ ვაშლის… ასეთ რამეებზე ვოცნებობ. ჩემი ოცნებები, როგორც წესი, არასდროსაა რთული და არც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. იგივე კარალიოკის ხეების დარგვა შეიძლება ბევრად უფრო იაფი დაგიჯდეს, ვიდრე ხვეული ხეები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს და მე პირადად არ მომწონს და ვფიქრობ, რომ თბილისს საერთოდ არ უხდება.

ისინი, ვინც თქვენს სამკაულებს ატარებენ, გიზიარებენ აზრს თქვენს ნამუშევრებთან დაკავშირებით?

ხშირად მომდის წერილები. მაგალითად, შეიძლება ვინმე მწერალმა მომწეროს ინგლისიდან. ახლა, ომის პერიოდში, ბევრი უკრაინელი მწერს. მაგალითად, ერთმა ქალმა მომწერა, საელჩოში ვმუშაობ, იმდენად ხშირად მაცვია თქვენი ნიანგებიანი ჯემპრი, უკვე დამცინიან, მე კი ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ჯემპრი მიცავსო. ასეთი წერილები ბედნიერებაა.

ორგანიზებული ადამიანი ხართ?

მე მგონი, ზედმეტადაც კი. სახლში ახლაც ვპოულობ ძველ ბლოკნოტებს, სადაც დეტალურად მაქვს გაწერილი რომელ დღეს რა უნდა გავაკეთო. საქმის გადადებას ვერ ვიტან. იმდენად მომთხოვნი ვარ საკუთარი თავის მიმართ, რაღაც მომენტებში ვფიქრობ ხოლმე: კარგი, რა! ჩემმა მშობლებმა ძალიან დიდი თავისუფლება მომცეს. იმდენად დიდი, რომ რაღაც მომენტებში თავი შევიზღუდე, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათთვის ნდობა და იმედები არ გამეცრუებინა.

ისინი როგორ აფასებენ თქვენს შემოქმედებსა?

მოსწონთ. დედაჩემი ერთადერთი იმას მთხოვს, იქნებ შეძლო და ცოტა ხნით დაისვენოო. მე კიდევ ისეთი ხასიათი მაქვს, რომ დასვენება, მგონი, არ შემიძლია. სამი დღით რომ სადღაც მივდივარ, მეოთხე დღეს უკვე ვეღარ ვძლებ საქმის გარეშე.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

შთაგონება უცებ ჩნდება?

კი, თუმცა შეიძლება ერთ წელიწადს ვიფიქრო იდეაზე და ამ იდეის განხორციელების გზაზე. ამ პროცესში შეიძლება საჭირო გახდეს კიდევ რაღაცის ნახვა, წაკითხვა, რაც ძალიან მოგხვდება გულზე.

საკუთარ სამკაულს ხშირად ატარებთ?

როცა სადმე მივდივარ, როგორც წესი, მიკეთია. იმას ვიკეთებ ხოლმე, რაც მჭირდება კონკრეტულ დღეს. თავიდან, როცა კეთება დავიწყე, დიდი ზომის სამკაულები არ იშოვებოდა და მაშინ უფრო ხშირად ვატარებდი. ახლა, როცა ბევრს უკეთია, მირჩევნია ის ვატარო, რაც უფრო პატარა ზომისაა. საერთოდ, ბავშვობიდან მიყვარდა, როცა განსხვავებულად გამოვიყურებოდი. მაგალითად, ჩემს სკოლაში მგონი მარტო მე მქონდა მოკლედ შეჭრილი თმა. სულ მინდოდა, რომ რაღაც განსხვავებულად მქონოდა. ყოველთვის მქონდა ჩემი აზრი, მაგრამ ჩუმად ვიყავი, არ ვლაპარაკობდი.

ძალიან ლამაზი სახლი გაქვთ. როგორ ფიქრობთ, სახლები ჰგვანან მეპატრონეებს?

კი, ჰგვანან. ხშირად გამიგია, არ მაქვს საშუალება და ვერ ვაკეთებო. მე, მაგალითად, დიდი ხნის წინ მცირე პერიოდი ვცხოვრობდი არასტანდარტული ტიპის პატარა სახელოსნოში, სადაც ჭერი ძალიან დაბალი იყო, ორი მეტრის სიმაღლის. იქაურობა ისე მოვაწყვე, რომ ყველას ფანტასტიკური სახლი ეგონა. ყოველთვის შეიძლება შენი სამყარო შექმნა კონკრეტულ სივრცეში. ახლა რაღაც ლექციებს ვესწრები და დავალებად ზუსტად ის გვაქვს, რომ რაღაცები შეცვალოთ სახლში ჩვენივე განწყობის გაუმჯობესების მიზნით. მე მგონია, რომ სადაც ცხოვრობ და თუნდაც მხოლოდ დასაძინებლად შედიხარ, იქ უნდა ეცადო, თუნდაც მცირე დეტალებით ისეთი გარემო შექმნა, სადაც კარგად იგრძნობ თავს, უკეთესი იდეები მოგივა და კარგზე იფიქრებ. იგივეა მაგიდის ლამაზად გაშლის შემთხვევაშიც. კერძს როგორ დადებ, ამასაც დიდ მნიშვნელობა აქვს და თან სულ არ სჭირდება ამას დიდი ფინანსები. მონდომებაა მთავარი. ჩემში იმდენად გამჯდარია ეს ესთეტიკური ფაქტორი, რომ სხვანაირად, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია. საერთოდ არ არის რთული, როცა ამას აკეთებ სიყვარულით და თუ სიყვარულით არ გაუკეთე შენს თავს, შენს შვილებს, შენი ოჯახის წევრებს, აბა, მაშინ რაღა გამოდის?!

ოჯახის წევრებს ყველანაირ ემოციას უზიარებთ?

როცა ცუდი განწყობა მაქვს, ჩემი ოჯახი მშველის. მაშინვე ხვდებიან და გვერდით ყოფნით, ჩახუტებით მაგრძნობინებენ, რომ მარტო არ ვარ. თუმცა არც ის მინდა, რომ ჩემი ოჯახი დავამძიმო. თვითონვე ვცდილობ ხოლმე რაღაცები გადავლახო, მაგრამ ჩვენთან თითქოს საერთოა ეს ყველაფერი. აი, რომ იტყვიან ხოლმე, ცოლი და ქმარი ერთიაო, ჩვენს შემთხვევაში ნამდვილად ასეა. ორივე ერთმანს ვეჭიდებით, ვუზიარებთ ყველაფერს და ერთად გვინდა რაღაცები გადავლახოთ, ერთად გვიხაროდეს, ერთად შევქმნათ სილამაზე ჩვენ გარშემო. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ბევრი სირთულე გვხვდება.

კრიზისები ყოფილა თქვენს ურთიერთობაში?

უფრო თავიდან, როცა ერთად ყოფნა დავიწყეთ. პირველ ეტაპზე, ერთად ცხოვრებას რომ იწყებთ, რაღაცებს ვერ ხედავ, რაღაცები გეჩვენება, შეიძლება არ იყო მართალი მის მიმართ, შეიძლება ისეთ რამეს სთხოვდე, რაც მას არ შეუძლია, ან შეიძლება ის გთხოვდეს რაღაც ისეთს, რაც შენ არ შეგიძლია. როცა კარგად გაიცნობთ ერთმანეთს, მერე უფრო ერთიანდებით და ერთად იბრძვით. არ მომწონს სიტყვა ბრძოლა, მაგრამ რეალურად ასეა ამ დიდ სამყაროში. ყოველი ახალი დღე რაღაც ისეთს გიმზადებს, რომ ვერც გეგმავ ვერაფერს. ეს ძალიან რთულია. გეგმების გარეშე არ შეიძლება, ჩემი აზრით. რაღაცები უნდა დაგეგმო და იმისკენ იარო.

დრო რომ გადის, გაშფოთებთ?

50 წლის რომ გავხდი, ეს ჩემთვის რაღაც გარდატეხასავით იყო. მეორე ნაწილში გადავედი, რომელიც რეალურად უფრო მოკლეა. თან კოვიდის პერიოდს დაემთხვა და ორი წელი, ფაქტობრივად, გაქრა. ახლა 53 წლის ვხდები და მგონია, რომ უფრო სამართლიანი იქნებოდა, 51-ის ვხდებოდე.