Google თანამშრომლებისთვის სახლიდან მუშაობის პროცესს მომავალ ზაფხულამდე ახანგრძლივებს

photo – Kai Wenzel

Google-ის ოფიციალური განცხადებით, კომპანია საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურად, სახლიდან მუშაობის საშუალებას მომავალი წლის ივნისის ბოლომდე მისცემს. აღნიშნულის შესახებ დასაქმებულებმა პირად ელფოსტაზე მიიღეს შეტყობინება.

კომპანიის აქამდე გავრცელებულ განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ დასაქმებულთა უმეტესობა 2020 წლის ბოლომდე მუშაობას დისტანციურად გააგრძელებდა, ნაწილი კი ოფისში დაბრუნებას სულ მალე შეძლებდა.

“იმისათვის, რომ ჩვენთან დასაქმებულებს საკუთარი მომავლის წინასწარ დაგეგმვის საშუალება ჰქონდეთ, გადავწყვიტეთ, რომ დისტანციურად მუშაობის არჩევანი მივცეთ მათ, ვისი საქმიანობაც ოფისში ყოფნის აუცილებლობას არ მოითხოვს”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ.

ეს ის პირველი შემთხვევაა, როდესაც საძიებო სისტემის გიგანტმა ასეთი დიდი დროით გაახანგრძლივა დისტანციურად მუშაობის პოლიტიკა. სხვა უმსხვილესი კომპანიებიც, მათ შორის, Twitter და Facebook აცხადებენ, რომ, შესაძლოა, Google-ის მსგავსად, მათთან დასაქმებულთა გარკვეული ნაწილი კვლავ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე დარჩეს.