რას ითვალისწინებს საქართველოს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა

დღეს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებით გამოჩნდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სასურსათო დამოუკიდებლობას, შესაბამისად აუცილებელია სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და განვითარება. პრემიერ მინისტრის განცხადებით ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. ანტიკრიზისული გეგმა ხელს შეუწყობს ფერმერული მეურნეობის გაძლიერებას და პროდუქტიულობის გაზრდას.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელებისათვის 300 მილიონი ლარია გამოყოფილი. მცირემიწიანი ფერმერების დახმარების მიზნით 37 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც 0.25 ჰექტრიდან 10 ჰექტრამდე დარეგისტრირებული მიწის მესაკუთრისათვის სასოფლო–სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების სუბსიდირებას გულისხმობს 1 ჰა. მიწის ნაკვეთზე 200 ლარის ოდენობით, ხოლო 10 ჰა–ზე 2000 ლარის ოდენობით. მთავრობის პროგნოზით ამ შეთავაზებით 200000–მდე ფერმერი ისარგებლებს. მცირემიწიანი ფერმერების დახმარების პროგრამა ასევე ითვალისწინებს თანადაფინანსებას სასუქებისა და მცენარეთა მოვლის საშუალებებზე, ასევე სათესლე და სანერგე მასალებსა და აგროტექნიკური სამუშაოების მომსახურებაზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი შეღავათი, რომელიც ყველა ფერმერისათვის ხელშესახები იქნება არის დიზელის საწვავი შეღავათიან ფასად. 0.25ჰა.–დან 100ჰა–მდე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მფლობელი ფერმერები ერთ ლიტრ საწვავს ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით 1 ლარით იაფად შეიძენენ. 1 ჰა. მიწის ნაკვეთზე ლიმიტი 150ლიტრი საწვავია. ამ პროგრამის ბიუჯეტი 40მლნ. ლარია და მთავრობის გათვლით ამ ინიციატივით ასევე 200000მდე ფერმერი ისარგებლებს.

42000 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სამელიორაციო მომსახურების ღირებულება გაუნულდება. 8მლნ. ლარის ღირებულების დავალიანება ჩამოეწერება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე 2020 წელს 42000 ფერმერი რომელიც ფლობს 10 ჰა.–მდე მიწის ნაკვეთს სრულად განთავისუფლდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისაგან. ჯამში ამ პროექტის განხორციელებისათვის 13მლნ. ლარია გამოყოფილი.

ანტიკრიზისული გეგმის კიდევ ერთი პუნქტია 50%–იანი გრანტები აგრომეწარმეებისათვის. გრანტი ძირითადად გაიცემა შემდეგი მიმართულებების განსავითარებლად: სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის შეძენის თანადაფინანსება; სასათბურე მეურნეობის მოწყობა ან მოდერნიზაცია და ერთწლიანი სასოფლო–სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შეძენის თანადაფინანსება. ამ გეგმის ბიუჯეტი 10მლნ. ლარით განისაზღვრა.

პირველადი წარმოების ზრდის ხელშეწყობისათვის პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში შესაძლებელი გახდა თანადაფინანსება 50%–ით არაუმეტეს 1ჰა. ფართობზე 2500 ლარით. ამ პროგრამის ბიუჯეტი 13 მლნ ლარია. ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია მრავალწლიანი კულტურებისათვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟი.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა ასევე ითვალისწინებს ახალ საბანკო შეღავათებს აგრომეწარმეებისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში ერთწლიანი კულტურებისათვის სესხის 6 თვის პროცენტს სახელმწიფო სრულად დაფარავს. ამ პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფო 81.5 მლნ. ლარს გამოყოფს.

საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის წახალისების მიზნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ფერმერებს. ამ მიზნით სახელმწიფო დააფინანსებს კოოპერატივებს 90%–ით, ხოლო ფერმერულ მეურნეობები 50%–ით. ამ მიზნით გამოყოფილია 1.5 მლნ. ლარი.

სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის კულტურის განვითარება, შესაბამისად სახელმწიფო ამ კუთხითაც გადადგამს ნაბიჯებს და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას დააზღვევს 70%–ით , გარდა ვაზისა, რომლის სადაზღვეო თანადაფინანსებად 50% განისაზღვრა. ამ პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფო 9მლნ. ლარს დახარჯავს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გრანტები კოოპერატივებისათვის. ამ პროგრამის ფარგლებში თაფლისა და რძის გადამამუშავებელი საწარმოები 70%–იან თანადაფინანსებას მიიღებენ შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გორი, ახალქალაქი, დმანისი და დუშეთი. მევენახეობა მერძევეობის დარგის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები კი მიიღებენ 90%–იან თანადაფინანსებას 150000–500000 ლარის ფარგლებში.

აღნიშნული პროექტების უმრავლესობა 20 მაისიდან დაიწყება. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით საქართველოს ყველა რეგიონში არსებობს მათი წარმომადგენლობა, სადაც ფერმერებს შეეძლებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია.

1 Comment
  1. Wow, fantastic blog layout! How lengthy have you ever been running a blog for?
    you make blogging glance easy. The full glance of your web site is excellent,
    let alone the content material! You can see similar here ecommerce

Leave a Reply

Your email address will not be published.