ცხოვრება ობიექტივიდან | ინტერვიუ ნათელა გრიგალაშვილთან

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტყისპირა სოფელს უცნაური სახელი – თაგვეთი ჰქვია. ბავშვობამაც უცნაურადვე ჩაიარა – განმარტოების სურვილით, წიგნებისა და ფილმების გარემოცვაში, მომავალზე ბუნდოვანი ოცნებებით. უნდოდა წასულიყო, ემოგზაურა, აღმოეჩინა, აღებეჭდა. 16 წლის მართლა წავიდა. იმოგზაურა, აღმოაჩინა, აღბეჭდა. თუმცა დღეს, მრავალი წლის შემდეგ, სადაც უნდა იყოს და რასაც უნდა აკეთებდეს, ისევ იქ ბრუნდება – თაგვეთში. ხან მართლა ბრუნდება, ხან სიზმრებით, ხან მოგონებებით, ხანაც წარმოსახვით გადაწვდება ხოლმე სოფლის მიდამოებს. და ამბობს, რომ ყველაფერი იქიდან იწყება – იქაური სუნით, იმ ადგილით, სადაც პირველად დნებოდა თოვლი და პირველი ყოჩივარდა ამოდიოდა; სადაც ბუნების პანორამა უცვლელი იყო, ჩუმი და უთქმელი დედა კი წლიდან წლამდე იცვლებოდა შვილის ფოტოობიექტივში.

თანამედროვე ქართველი ფოტოდოკუმენტალისტის – ნათელა გრიგალაშვილის ყველა პროექტი განსხვავებულია. თემატიკით, განწყობით, ემოციით, რომელიც ამ ფოტოებს მოაქვს. მაგრამ ყველა ამ ნამუშევრის საერთო მახასიათებელი – ექსპრესიულობაა: გგონია, რომ ხელს გაიწვდენ და შეეხები დანაღვლიანებულ პეიზაჟებს, პანკისელ ქალებს თუ საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოზარდების ერთფეროვან, გულისგამაწვრილებელ ყოფას.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სად და ვისთან ისწავლეთ ფოტოხელოვნება?

თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ვსწავლობდი მხატვარ-დეკორატორის სპეციალობაზე. ცოტა ხანს თეატრშიც ვიმუშავე, შემდეგ კი სასწავლებელში ფოტოატელიის ფოტოგრაფიის სწავლა დავიწყე. იქ ფოტოგრაფიასთან ერთად თმის სტილისტობას, კერვას ასწავლიდნენ. ერთ რანგში განიხილებოდა ეს პროფესიები. თუმცა იქ მოხვედრა იოლი არ აღმოჩნდა. მოთხოვნაც კი მივიტანე ჩემი რეგიონიდან იმის თაობაზე, რომ მათ ფოტოატელიეში ფოტოგრაფი სჭირდებოდათ, – სხვანაირად არ მიღებდნენ. საინტერესოა ისიც, რომ ჯგუფში 23 ბიჭს შორის ერთადერთი გოგო გახლდით. ჩემს ოჯახს სამარცხვინოდ მიაჩნდა ფოტოგრაფიის მიმართ ჩემი ინტერესი, იმ დროს ქალი ფოტოგრაფები საერთოდ არ იყვნენ. მახსოვს, ერთადერთხელ ვნახე ქალი, რომელიც ქმართან ერთად მუშაობდა ფოტოატელიეში.

ოდნავ მოგვიანებით გაზეთ „დვრიტას“ რედაქციაში დავიწყე მუშაობა. რესპონდენტებს უკვირდათ და მეუბნებოდნენ, მამაკაცს ველოდითო, ან ფოტოგრაფი სად არისო, მეკითხებოდნენ. მე კიდევ, ჩემი მხრივ, ის მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ეს საქმე ვინმეს არ მოსწონებოდა. ყოველთვის ძალიან ვამაყობდი, როცა ვამბობდი, რომ ფოტოგრაფი ვარ; მიმაჩნდა, რომ ეს იყო დიდებული საქმე. ისე გამოვიდა, რომ ჯერ ფოტოგრაფია შემიყვარდა და მერე გახდა ის ჩემი საქმე.

რატომ გაგიჩნდათ ფოტოგრაფის მიმართ ინტერესი?

იცით, როგორ იყო? ბავშვობიდან ვხატავდი. მერე, რაღაც ეტაპზე ძალიან შემიყვარდა კინო, თუმცა რა ფილმებს ვნახავდი?! – ტელევიზორში რაც გადიოდა და ზაფხულში სოფელში თუ მოჰქონდათ რამე. თავიდანვე დოკუმენტურ კინოზე ვგიჟდებოდი. ერთი ფილმი ვნახე, რეჟისორი ვინ იყო, არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს იყო ციმბირში გადაღებული მატარებლის ბაქანი, სადაც მორიგე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მატარებელი ამ  ბაქანზე ძალიან იშვიათად ჩერდებოდა ხოლმე. ათასში ერთხელ, ის რომ ჩაივლიდა, მთელი ოჯახი იჯდა და უყურებდა ამ მატარებელს როგორც ცხოვრების სიმბოლოს, მათ მიღმა რომ მიდიოდა. ეს ფილმი რომ ვნახე, ალბათ, მეათე კლასში ვიქნებოდი, სკოლას ვამთავრებდი. მაშინ გამიჩნდა სურვილი, თავადაც გადამეღო კინო. ოღონდ მინდოდა გავმხდარიყავი ოპერატორი, მხოლოდ დოკუმენტურ სურათებზე მემუშავა და თან მარტო ვყოფილიყავი ამ პროცესში. თავიდანვე მივხვდი, რომ თუ ოპერატორობა მინდოდა, ფოტოგრაფია კარგად უნდა მცოდნოდა. ასე დავიწყე სწავლა, შემდეგ – ფოტოგრაფად მუშაობა და დავრჩი კიდეც ფოტოგრაფიაში. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება კინოს, გარკვეული სოციალური პირობების გამო ვეღარ შევძელი ამ მიმართულებით სწავლა. 16 წლისამ სკოლა რომ დავამთავრე, იმის მერე დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, რაც იოლი არ იყო.

დღეს მტკივნეულად გახსენდებათ ის პერიოდი?

ხშირად ვფიქრობ ხოლმე იმ გზაზე, რომელიც გავიარე. ნამდვილად ძალიან რთული გზა იყო, მაგრამ მას ყოველთვის შორიდან ვუყურებ და წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრება საინტერესო ფილმი ან წიგნია. საკუთარ თავს ყოველთვის ვეუბნებოდი: შენ უნდა იბრძოლო, შენ მარტო ხარ, არავის იმედი არ გქონდეს. ასე ვამხნევებდი. სამწუხაროდ, არ მქონდა ის თვისებები, რაც თავის გატანაში ეხმარება ადამიანს, გულუბრყვილო ვიყავი, მაგრამ მქონდა პრინციპები, რომლებსაც არასდროს ვღალატობდი. იდეალისტი ვარ და ესეც მეხმარება გაძლებაში.

 ბავშვობაში რაზე ოცნებობდით?

განსხვავებული ბავშვი ვიყავი, ამას დღეს უფრო ვხვდები. დიდად არ მიყვარდა ბავშვებთან თამაში, რაღაცნაირად ჩემს სამყაროში ვიყავი შეკეტილი. სოფელში ტყის პირას ვცხოვრობდი. ბუნებაში გავიზარდე და ის შთაბეჭდილებები დღემდე მომყვება. საერთოდ, მგონია, რომ ყველაფერი ჩემი ბავშვობიდან მოდის, ეს მმართავს. მგონი, ყველანი ასე ვართ. 14-15 წლის რომ ვიყავი და ჩემი ტოლი გოგონები ბიჭებს ეპრანჭებოდნენ, მე ვოცნებობდი მეზღვაური გავმხდარიყავი და მემოგზაურა. ამ მხრივ დიდად არაფერი შეცვლილა. დღესაც იმაზე ვოცნებობ, ბევრი ვიმოგზაურო. საერთოდ, მინდა, რომ ბუნებაში ვცხოვრობდე.

ყველა ეტაპზე მოგწონდათ საკუთარი პროფესიული არჩევანი?

დიახ, სიძნელეების მიუხედავად, ყოველთვის ბედნიერი ვიყავი იმით, რასაც ვაკეთებდი. კიდევ, იცით, რაშია საქმე? კარგა ხანს, წლების განმავლობაში არ მქონდა საშუალება, საკუთარ თავზე მემუშავა. კი, ფოტოგრაფიც ვიყავი, რედაქციებშიც ვმუშაობდი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ესაა შავი სამუშაო. უბრალოდ, სხვა გზა არ მქონდა – ჩემს უკან იყო ჩემი შვილი, რომელიც მარტოს უნდა გამეზარდა, მერჩინა. დამხმარე არავინ მყავდა. ახლა რომ ვადარებ, რამდენად დიდი შესაძლებლობებია ფოტოგრაფიაში დღეს და რა იყო მაშინ, როცა მე ვიწყებდი, განსხვავება ძალიან დიდია. უსაზღვროდ დიდი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო ცხოვრება იყო.

სჭირდება თუ არა ფოტოგადაღებას შესაბამისი განწყობა, თუ რუტინულად მუშაობთ?

არა, არ ვმუშაობ რუტინულად. საკუთარი ფოტოპროექტისთვის თვითონ ვირჩევ თემას მაშინ, როცა გარკვეული ინტერესი მაქვს იმ გარემოს, იმ ადამიანების, იმ ცხოვრების მიმართ, რომელსაც ვიღებ. იოლი არაა ასე მუშაობა. ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, ხშირად გიჭირს გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე; ცხოვრობ არცთუ ისე კარგ პირობებში; როცა სოფლებში მიდიხარ, ცდილობ, ეძებო მასპინძელი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სადღაც იცხოვრო. საქმეს თან ახლავს თავისი სირთულეები, მაგრამ როცა უკან მოვიხედავ ხოლმე, ეს სირთულეები ყოველთვის ტკბილად მაგონდება.

რა არის ამ პროფესიის მთავარი სირთულე და თავისებურება?

იმისთვის, რომ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში რამეს მიაღწიო, საჭიროა ძალიან ბევრი იმოგზაურო. შეიძლება თბილისში იღებდე, მაგრამ დიდი დრო უნდა დაჰყო იმ გარემოში, რომელსაც იღებ, კარგად შეისწავლო ის და მისი ნაწილი გახდე. მე, მაგალითად, ძალიან ხშირად მივდივარ რაიონებში. შეიძლება დილით ავდგე, სამარშრუტო ტაქსიში ჩავჯდე და სადმე სოფელში წავიდე. ზოგჯერ ვერც ვერაფერს ვიღებ, ან გადავიღებ და დიდი არაფერია, მაგრამ გარემოს შესასწავლად მჭირდება ის, რომ გავიდე. ეს ვიზუალური ინფორმაცია შეიძლება იმ წუთში ვერც გამოიყენო, მაგრამ მოგვიანებით ყოველთვის გადგება. პროექტს „აზერბაიჯანელები საქართველოში“ რომ ვიღებდი, ძალიან ხშირად დავდიოდი მარნეულში. იქ ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი. ახლაც ხშირად ჩავდივარ ხოლმე. ზოგჯერ არის, რომ მინდა გადაღება დავიწყო, მაგრამ ვერ ვიწყებ, რადგან ადამიანები, როცა მათ სივრცეში მივდივარ, მელაპარაკებიან, თავიანთ ტკივილს, სიხარულს მიზიარებენ, ან მე მისვამენ კითხვებს. ასეთ დროს არაფრით შემიძლია ვთქვა, დაიცადეთ, კარგი კადრია, უნდა გადავიღო-მეთქი. მეორეც – იმისთვის, რომ მართლა რამე ღირებული გადაიღო, შენ მათი ნაწილი უნდა გახდე. სანამ უცხო ხარ, ადამიანებს უჭირთ გაიხსნან. მე მართლა მაინტერესებს მათი ცხოვრება, მათი ამბები – რა უხარიათ, რა სტკივათ, ხვალინდელი დღის ძალას რა აძლევთ. მიყვარს მოსმენა. საერთოდ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში ძალიან მნიშვნელოვანია ამჩნევდე და ვერ გამჩნევდნენ. ადამიანები შენი კამერის ჩხაკუნით არ შეაწუხო. უხეშად ჟღერს, მაგრამ ასეა.

კომუნიკაბელური ადამიანი ხართ?

გააჩნია გარემოს. ქალაქში ნაკლებად, რეგიონებში – კი. მაგალითად, მთიან აჭარაში იმდენ ხალხს ვიცნობ, ადგილობრივებსაც კი უკვირთ ხოლმე.

რა გიზიდავთ, რა გიყვართ ადამიანებში?

ჯერ იმას გეტყვით, რა არ მიყვარს – ესაა აგრესია. ასეთ ადამიანებს ვერიდები. სიკეთე მიყვარს. მე მგონი, ძალიან მიმართლებს იმ მხრივ, რომ თითქმის სულ კარგი ადამიანები მხვდებიან. იშვიათია, რამე მეწყინოს მათგან. როდესაც გადაღებიდან უკან ვბრუნდები და ბედნიერების შეგრძნება მაქვს, ამ ბედნიერების 50 პროცენტს ის განსაზღვრავს, რომ მუშაობა მოვახერხე, 50 პროცენტს კი – ადამიანები, რომლებიც გზაზე შემხვდნენ. ხშირად ყოფილა, რომ, მაგალითად, მიკითხავს ამა და ამ ადგილზე როგორ მოვხვდე-მეთქი, პასუხად კი მიმიღია: შემოდი, ჯერ ყავა დალიე, დაისვენე. ეს ყველაფერი ფარავს დაღლილობას და სხვა დანარჩენსაც და ძალიან ბედნიერს გხდის.

რამდენად ფოტოგენურია საქართველო?

საქართველო საოცრად ფოტოგრაფიული ქვეყანაა. როცა გავაცნობიერე, რა მინდოდა ფოტოგრაფიაში, მას მერე ვოცნებობ, გადავიღო ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე. თითქმის მოვლილი მაქვს საქართველო, მაგრამ ბევრი რამ სანახავი დამრჩა. ერთი დღით ჩასვლას ნახვად არ მივიჩნევ. ალბათ, მაშინ ვიტყვი ავისრულე ოცნებამეთქი, როცა ერთ დღეს ავიკიდებ ფოტოაპარატს და მთელ წელიწადს არ ჩამოვალ თბილისში.

პანდემიას როგორ უმკლავდებით?

გაზაფხულზე, როცა პანდემია დაიწყო და ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ, ხაშურში, ჩემს სოფელში წავედი და სამი თვე იქ გავატარე. ბოლო პერიოდში მებაღეობა გახდა ჩემი ჰობი. ნაკვეთი შემოვაღობინე, წყალი შევიყვანე, დავთესე და საუკეთესო ბაღი გავაკეთე. ვერ წარმოიდგენთ, როგორ არ მინდოდა წამოსვლა. სოფელში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. სიმშვიდე იქ მაქვს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

როგორ გაჩნდა თქვენი ერთ-ერთი პროექტის იდეა, რომელიც დედას მიუძღვენით? „დედაჩემის წიგნს“ ვგულისხმობ.

დედაჩემის გადაღება დავიწყე მაშინვე, როგორც კი ფოტოაპარატი ავიღე ხელში. წლების განმავლობაში ვიღებდი. დედა ორი წლის წინ გარდაიცვალა. მანამდე ამ სერიით გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება დედაჩემის მიმართ – ის, რაც ვერ შევძელი მისთვის მეთქვა, რადგან არასდროს მეხერხებოდა მის მიმართ ჩემი გრძნობების გამოხატვა. ეს ფორმა გამოვძებნე როგორც საკომუნიკაციო ენა და მას ძალიან გაუხარდა, როცა ამ წიგნის შესახებ გაიგო.

როგორი ურთიერთობა გქონდათ?

დედაჩემი ძალიან უთქმელი, ძალიან გულჩათხრობილი ადამიანი იყო. მისგან ხმამაღალი სიტყვა არ მახსოვს, მაგრამ მაინცდამაინც ალერსიანი დედაც არ იყო. ძალიან მერიდებოდა მისი. მერე, დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ მე და დედა ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს. მასაც არ შეეძლო რაღაცების გამოხატვა, ზუსტად ისე, როგორც მე არ შემეძლო გრძნობებზე საუბარი მასთან. რთულია ეს ძალიან. ამიტომ გამიჩნდა ამ წიგნის გაკეთების სურვილიც – მინდოდა რაც ვერ ვუთხარი, ამ ფორმით მეთქვა.

თქვენ როგორი დედა ხართ?

ძალიან მეგობრული, მგონი ზომაზე მეტადაც კი. თავიდანვე ასე იყო. ჩემი ქალიშვილი 28 წლისაა, ჩემი მენეჯერია და ყველა ჩემს საქმეს ის მართავს.

კიდევ ერთი სერიის შესახებ მინდა გკითხოთ – „პანკისელი ქალები“ მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროექტია თქვენს შემოქმედებაში. საიდან გაჩნდა ეს იდეა?

პანკისში ფოტოკლუბის ფარგლებში მოვხვდი – ესაა პროექტი, რომელიც სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის სწავლებას გულისხმობს. სულ ვფიქრობდი, ჩემს ბავშვობაში რომ ვინმე სოფელში ჩამოსულიყო და ფოტოგრაფია ესწავლებინა, რა კარგი იქნებოდა-მეთქი. ასე გაჩნდა ეს იდეა. პირველად ექვსი თვით ჩავედი. მაშინ გავიცანი ქისტები, ადგილობრივი მცხოვრებლები. მე-11 კლასის მოსწავლეებს ვამეცადინებდი. მახსოვს, როგორ გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე რა ღიად და თავისუფლად საუბრობდნენ ისინი, მაგალითად, სიყვარულზე. მეგონა ჩაკეტილები იქნებოდნენ. იმისაც მეშინოდა, რომ მშობლები შვილებს არ გამოუშვებდნენ ფოტოგრაფიის სასწავლად, მაგრამ არა – ყველგან მატანდნენ ბავშვებს, სადაც მივდიოდი. შემოვიარეთ ახლომახლო სოფლები, სადაც ისინი  ნამყოფები არ იყვნენ. ეს მათთვის ძალიან საინტერესო იყო და მეც უსაზღვროდ მადლობელი ვარ ამ ხალხის, საკუთარი შვილები მანდო.

როგორები არიან პანკისელი ქალები?

ზოგადად, ძალიან ლამაზი ხალხია, განსაკუთრებით, ქალები არიან ულამაზესები. მე ძალიან მომწონს ჰიჯაბიანი ქალები, შეიძლება ფოტოგრაფის თვალით ვაფასებ და იმიტომ. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი და და საინტერესო ქალები არიან. მართალია, ცოტა ძნელია იმის მიღწევა, რომ გენდონ, გამოგყვნენ, გაიხსნან შენთან, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს იდუმალება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ქალებს.

რა გასწავლათ წლებმა?

ის, რომ ცხოვრება ძალიან საინტერესოა – არ აქვს მნიშვნელობა როგორ გზას გაივლი. ბოლო დროს, როგორც გითხარით, მებაღეობის მიმართ გამიჩნდა ინტერესი. კიდევ არის რაღაცები, რაც ძალიან მიზიდავს და სულ ვფიქრობ ხოლმე, რომ ერთი ცხოვრება საკმარისი არაა. როგორ შეიძლება მოიწყინო, როცა ამდენი რამ არსებობს, რაც შეიძლება აკეთო და იყო ბედნიერი; რაც შეიძლება შემოსავლის წყაროც იყოს და მთელი გულითაც გიყვარდეს.

ნაფიქრი გაქვთ რას გააკეთებთ პანდემიის დასრულების შემდეგ?

ჩანთას ავიღებ და გადასაღებად წავალ.