G&T: შეზღუდვების შედეგად მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%–ით  შემცირდა

საქართველოში წამყვანმა საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, Covid-19-ის გავრცელების შემაკავებელი შეზღუდვების შედეგად მარტში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%–ით  შემცირდა. აპრილში კი მარტთან შედარებით უფრო გამკაცრებული შეზღუდვების შედეგად კიდევ უფრო მკვეთრ შემცირებას ელიან. პროგნოზის თანახმად, ელექტროენარგიის უარყოფითი ზრდა სექტემბრამდე გაგრძელდება, რის შედეგადაც 2020 წლის ჯამური მოხმარება 0.8%-ით შემცირდება.

„მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი მომხმარებლების ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა არც მარტში, რადგან დიდი ინდუსტრიული მომხმარებლები პანდემიის პირობებშიც აგრძელებდნენ ყოველდღიურ საქმიანობას“ – წერია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული მოთხოვნის 78.7% ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციით დაკმაყოფილდა. აქედან, ჰიდროელექტროსადგურების გენერაცია წლიურად 1.9%-ით შემცირდა, რაც განპირობებული იყო არახელსაყრელი ჰიდროლოგიური პირობებით. თუმცა იანვარსა და თებერვალში შემცირებულ ჰიდროგენერაციას, მარტში თოვლის დნობის დაწყების შედეგად ჰიდროგენერაციის 30%-იანი ზრდა მოჰყვა, რამაც პირველი კვარტლის კლების ტემპი შედარებით შეამცირა. თბოსადგურების გენერაცია წლიურად 11.7%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიური პერიოდის საკმაოდ მაღალი 42.1%- იანი ზრდის შემდეგ. ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება კი 9.2%-ით გაიზარდა და ჯამური მიწოდების 0.7% შეადგინა.

მოთხოვნის დანარჩენი 21.3% კი რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ  2020 წლის პირველ კვარტალში გასულ წელთან შედარებით ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა 39.6%-ით, ხოლო ღირებულება 25.7%-ით გაიზარდა და 29.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  იმპორტის ღირებულების და მოცულობის ზრდის ტემპებს შორის განსხვავება წელს აფხაზეთიდან სალხინოს ხაზით შედარებით იაფიანი ელექტროენერგიის იმპორტირებამ განაპირობა.