2020 წლის მარტში მილიონობით ადამიანი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. გარდა უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ყოველდღიური შრომითი რუტინების ვირტუალურ სივრცეში გადატანა და ახალი სამუშაო ჩვევების გამომუშავება. როგორ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება, სხვადასხვა საქმიანობის ურთიერთშეთავსება და თვით-იზოლაციის სტრესთან გამკლავება? – ამ კითხვებზე პასუხის პოვნა განსაკუთრებით აქტუალურია თითოეული „ვირტუალურად დასაქმებულისთვის“ და არა მხოლოდ მათთვის.
გაეროს მონაცემებით 20 მარტისთვის მსოფლიოს 124 ქვეყანაში შეჩერდა საგანმანათლებლო პროცესი და დაახლოებით 1 მილიარდზე მეტ მოსწავლეს სახლში უწევს დარჩენა. ცხადია, ის სირთულეები, რომელთაც უფროსები უმკლავდებიან დისტანციური მუშაობისას, კიდევ უფრო პრობლემურია სკოლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან მათი უმეტესობა სამუშაო ჩვევებს ისევე, როგორც სოციალურ უნარებს, სწორედ სკოლაში იძენს. ახალი რეალობა გამოწვევაა მშობლებისთვისაც, რომლებიც უეცრად მასწავლებლების როლში აღმოჩნდნენ და გარდა მათი ყოველდღიური საქმიანობისა, შვილების განათლებისთვის უნდა გამონახონ დრო და მოთმინება.
მკითხველს ვთავაზობთ სპეციალისტების რამდენიმე რეკომენდაციას, რომელიც მშობლებს სახლის პირობებში შვილებისთვის განათლების მიცემაში დაეხმარება.
შეადგინეთ ცხრილი ბავშვებთან ერთად
მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ორგანიზებულობის განცდა, რომელსაც მათ სასკოლო რუტინა უქმნით, სახლში ყოფნისასაც შეინარჩუნონ. ამის მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება კვირის დღეების და სამუშაო საათების განრიგის შექმნაა, რომელშიც გამოყოფილი იქნება დრო სხვადასხვა საგნის ან შემეცნებითი აქტივობისთვის, როგორებიცაა კითხვა, წერა, მათემატიკური სავარჯიშოების კეთება და დასვენება. სასურველია, თუ ცხრილი არ იქნება გადატვირთული და დღიურად შესასრულებელი „გეგმის“ მოცულობა ბავშვის ასაკის გათვალისწინებით დაძლევადი იქნება. ამისათვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება მეცადინეობისათვის განკუთვნილი დროის გადანაწილებაა დღის სხვადასხვა მონაკვეთზე, ხოლო მეცადინეობებს შორის მკაფიოდ გამოყოფილი დრო უნდა არსებობდეს განტვირთვისათვის. ცხრილი მით უფრო ეფექტიანად იმუშავებს, რაც უფრო გათვალისწინებული იქნება მასში ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები, შრომისუნარიანობა და მონდომება, ამიტომ შედარებით მაღალი კლასის მოსწავლეების შემთხვევაში სასურველია ცხრილის შექმნაში მშობელთან ერთად მოზარდებიც იყვნენ ჩართულნი.
აკადემიური „უნარების“ დღიური ნორმა
მიუხედავად იმისა, რომ სახლის პირობებში სწავლა მშობლებსა და მოსწავლეებს მეტ თავისუფლებას აძლევს აირჩიონ თუ რომელ სასწავლო კურსს ან აქტივობას მიანიჭებენ პრიორიტეტს, სასკოლო ასაკის მოსწავლეების შემთხვევაში აუცილებელია სამი მთავარი აკადემიური უნარის რეგულარული ვარჯიში – კითხვა, წერა, კრიტიკული აზროვნება. სამივე კომპონენტი სხვადასხვა დოზით და მოდიფიკაციით, მოსწავლის ინტერესების გათვალისწინებით, უნდა მოხვდნენ ბავშვის ყოველდღიურ მეცადინეობებში. მაგალითად, კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარების სათანადოდ გასავარჯიშებლად სასკოლო ასაკის ბავშვმა კითხვას დღეში 20 წუთი მაინც უნდა დაუთმონ. სპეციალისტები კითხვის კომპონენტში ყურადღებას ამახვილებენ უფრო მეტად ანალიზზე და კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებაზე, ვიდრე წაკითხული ტექსტის სირთულეზე ან მოცულობაზე. აუცილებელი არაა მოსწავლემ რთული და მოცულობითი ლიტერატურული ნაწარმოები ან სამეცნიერო ტექსტი წაიკითხოს, ყოველდღიური საკითხავი შეიძლება მარტივი და მცირე ზომის პროზა ან პოპულარული სტატიები გახდეს. მთავარია, მასალა საინტერესო იყოს ბავშვისთვის და იძლეოდეს რეფლექსიისა შესაძლებლობას. ამ მხრივ კითხვების დასმა და პასუხების ერთობლივი ძიება განსაკუთრებით ეფექტიანია. რეკომენდაციები მსგავსია წერასთან დაკავშირებითაც – მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ნაწერი საშუალებას აძლევდეს გამოხატოს თავისი ინტერესები და მისთვის აქტუალური საკითხები. საწყის ეტაპზე, დღიური ფორმის ჩანაწერების გაკეთებაც კი მნიშვნელოვნად დაეხმარებათ სასკოლო ასაკის ბავშვებს წერის უნარის გაუმჯობესებაში. ამასთანავე, საკუთარი განცდების და რეფლექსიის ტექსტად ქცევამ შესაძლოა, ბავშვებს იზოლაციასთან დაკავშირებული სტრესიც შეუმსუბუქოს.
მიანიჭეთ უპირატესობა შემოქმედებითობას
მასწავლებლის საერთაშორისო პრემიის მფლობელი ბრიტანელი მასწავლებელი ანდრეა ზაფირაკუ მშობლებს ურჩევს სახლში განათლების მიცემისას აქცენტი გააკეთონ ისეთ აქტივობებზე, რომელიც ბავშვის შემოქმედებითობას განავითარებს. ანდრეა შვილებთან მუშაობის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით საუბრობს ხელოვნების როლზე – კარგი იქნება თუ დღის განმავლობაში გარკვეული დრო გარდა სხვადასხვა აკადემიური დისციპლინისა ხატვას ან რაიმე მსგავს აქტივობას დაეთმობა. ხატვა მათ საშუალებას აძლევს მოწყდნენ გაჯეტებს და ვირტუალურ სივრცეს და საკუთარი თავის გამოხატვა შემოქმედებითი საშუალებებით სცადონ, რაც აკადემიურ უნარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის.
ცხოვრებისეული გაკვეთილებიც მნიშვნელოვანია
ანდრეა ზეფირაკუს კიდევ ერთი რჩევაა, რომ ყველა გაკვეთილი, რომელიც ბავშვების განრიგში მოხვდება მაინცდამაინც აკადემიური სახის არ იყოს. ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმისას მშობლებს ხშირად არ სცალიათ, რომ შვილებთან ერთად აკეთონ ყოველდღიური საოჯახო საქმეები, როგორიცაა სახლის დალაგება, მცენარეების მოვლა ან სადილის მომზადება, თუმცა ეს უნარები აკადემიურ უნარებთან შედარებით არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისათვის. ამიტომ ახლა, როცა ოჯახის წევრები ერთად იმაზე უფრო დიდ დროს ატარებენ, ვიდრე ჩვეულებრივ, შესაძლებელია მშობლებმა და შვილებმა „ცხოვრებისეულ გაკვეთილებშიც“ იმეცადინონ.
დრო სოციალური აქტივობებისთვის
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სკოლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდების სოციალური მოთხოვნილებები განსაკუთრებით მძაფრია და აუცილებელია იზოლაციის პირობებში ფიზიკური დისტანცირების მიუხედავად მეგობრებთან და ძვირფას ადამიანებთან კავშირის შენარჩუნება. მშობლები ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა დაეხმარონ მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც სოციალური ქსელების მომხმარებლები არ არიან და შესაბამისად კარანტინისას ნაკლებად შეუძლიათ მეგობრებთან დაკავშირება. კარგი იქნება, თუ მშობლები ონლაინ შეხვედრებისთვის განკუთვნილი პლატფორმებით ბავშვებს მეგობრებთან კომუნიკაციის აღდგენაში დაეხმარებიან. ბავშვები ასე არა მარტო თავიანთი სოციალური უნარების განვითარებას გააგრძელებენ, არამედ ის ფსიქოლოგიური სტრესიც შეუმსუბუქდებათ, რომელსაც ნორმალური ცხოვრებისგან მოწყვეტის გამო განიცდიან.