ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია 2010-2019 წლებში საჯარო ინფორმაციის გაცემის ტენდენციების ანალიზი და საჯარო დაწესებულებათა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგები.
IDFI-ის 2019 წლის ანგარიშის თანახმად, საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6240 მოთხოვნიდან ინსტიტუტმა პასუხი 83%-ზე მიიღო (ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი), აქედან 56%-ის შემთხვევაში 10 დღიანი ვადის დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ 2018 წელთან შედარებით 100%-იანი მაჩვენებლის მქონე საჯარო დაწესებულების რიცხვი დაახლოებით განახევრდა. 10 დღიანი ვადით სრულყოფილად ინფორმაცია სულ 24-მა საჯარო დაწესებულებამ გასცა, მათ შორისაა სტატისტიკის ეროვნული სამსახური, სახალხო დამცველის აპარატი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ყველაზე დიდმა ნაწილმა (24%) უარი განაცხადა ან უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა შიდა აუდიტების ანგარიშის მიწოდებაზე. აქედან პროცენტულად ყველაზე მეტი მოთხოვნა (74%) უპასუხოდ სახელმწიფოს შპს-ებმა და ა(ა)იპებმა დატოვეს. სრულყოფილი პასუხების შემთხვევაში 91%-იანი მაჩვენებელი გუბერნატორის ადმინისტრაციების შემთხვევაში დაფიქსირდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2019 წლის მონაცემებით ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად მთლიანად იუსტიციის სამინისტროს სისტემა და სახელმწიფო ხაზინა (ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) დაფიქსირდა. ამას გარდა, დამატებით სასაზღვრო პოლიცია და 11 ადგილობრივი თვითმართველობის მერია ან საკრებულო აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც IDFI-ის ყველა მოთხოვნა უპასუხოდა დატოვა.
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ პირველ ადგილს 99%-ით საგარეო საქმეთა სამინისტრო იკავებს, შემდგომ 98,3%-ით მოდის საქართველოს პარლამენტის აპარატი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 4,55% იუსტიციის სამინისტრომ დაიმსახურა.
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული საჯარო დაწესებულების სრული რეიტინგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: ანგარიში