IMF: აუცილებელია სესხების დოლარის ნაცვლად ლარში აღების ხელშესაწყობი სტრატეგია

Photo Credits to GOPIXA

2017 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა(IMF) „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ (Extended Fund Facility) მხარდაჭერილი საქართველოს ეკონომიკური დახმარების სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა. რამდენიმე დღის წინ IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მეექვსე მიმოხილვა დაასრულა, სადაც  COVID-19 პანდემიის გამო შექმნილი მყისიერი საჭიროებების დასაფინანსებლად საქართველოსთვის 200 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილება დამტკიცდა. აღნიშნული თანხა მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების გაზრდილი ხარჯების დაფინანსებასაც მოხმარდება.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვაში დადებითადაა შეფასებული ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა: „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად შეინარჩუნა ზომიერად მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, გაცვლითი კურსის მოქნილობის უზრუნველყოფასთან ერთად“.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია დოლარიზაციაზე, როგორც ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან სტრუქტურულ რისკზე და საშუალოვადიან პერიოდში სესხების ლარიზაციის ხელშეწყობის საჭიროებაზე. შეგახსენებთ, რომ დოლარიზაცია გვიჩვენებს ქვეყანაში დოლარის გამოყენების წილს ყველა სხვა ვალუტასთან, მათ შორის ლართან, შედარებით. საქართველო დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანაა, რაც სხვადასხვა ისტორიული ფაქტორების გამო ქვეყანაში ლარისადმი უნდობლობითაა განპირობებული. დოლარიზაციის პრობლემა ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნას უშლის ხელს. ამიტომ  IMF-ის რეკომენდაციით კრიზისის შემდგომ აუცილებელია შემუშავდეს ყოვლისმომცველი სტრატეგია, რომელიც გაზრდის ნდობას ლარის მიმართ და იმ მსესხებლებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, უბიძგებს სესხები დოლარში აღარ აიღონ.

აღსანიშნავია, რომ თავის განცხადებებში დოლარიზაციის პრობლემაზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც. კობა გვენეტაძემ ბანკებისთვის დოლარში სარეზერვო მოთხოვნის შემცირებას სწორედ დოლარიზაციის გაზრდის თავიდან ასაცილებლად არ დაუჭირა მხარი. თუმცა ბევრმა ისეთმა ორგანიზაციამ, როგორებიცაა საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი და საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიკსი“, აღნიშნა რომ დოლარზე სარეზერვო მოთხოვნების შემცირება ლარის მხარდასაჭერად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.