ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლი – IN C თბილისი

1-3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრი ინკლუზიური ცეკვის სპექტაკლს – „IN C თბილისს“ უმასპინძლებს. პროექტი „InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმისა“ და 1993 წელს, ბერლინში დაარსებული ცეკვის კომპანიის „საშა ვალცი & სტუმრები“ თანამშრომლობის ნაყოფია. სპექტაკლზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა biletebi.ge-ზე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ „საშა ვალცი & სტუმრები“ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცეკვის ინსტიტუციაა, მისი ქორეოგრაფი საშა ვალცი კი თანამედროვე ცეკვაში გამორჩეული ფიგურაა. „საშა ვალცი & სტუმრები“ ყოველწლიურად 18 სპექტაკლსა და 100-მდე პერფორმანსს მართავს პლანეტის გარშემო.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას „InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა“, იგი ხელს უწყობს ინკლუზიური ხელოვნების განვითარებას საქართველოში და ხელოვნების საშუალებით საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამ მიზანს ემსახურა პროექტი „IN C თბილისი“. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და დირექტორი, მაკა ჩხაიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, „„IN C თბილისი“ მხოლოდ დასაწყისია იმ ბევრი დღესასწაულის, რომელიც შეიძლება მაყურებელმა მომავალში ნახოს“.

მაკა ჩხაიძე Forbes Woman-ს „IN C თბილისის“ პროექტის შესახებ დეტალებზე, მის მნიშვნელობაზე, „საშა ვალცი & სტუმრებთან“ თანამშრომლობასა და ინკლუზიური იდეების პლატფორმის სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მაკა, როგორ დაიწყო „InForm“ისა და „საშა ვალცი & სტუმრების“ თანამშრომლობა?

ჩვენი თანამშრომლობა შემთხვევით დაიწყო. როდესაც საშა ვალცს შევხვდი, „InForm“ ჯერ არ არსებობდა, თუმცა უკვე ძალიან ბევრს ვფიქრობდი მის კონცეფციასა და შინაარსზე. საშა ვალცთან შეხვედრა ერთგვარი ბიძგი გახდა ჩემთვის, ამ აზრებისთვის თავი მომეყარა და ერთი იდეის ქვეშ გამეერთიანებინა.  

მე პროფესიით მსახიობი და ფსიქოლოგი ვარ და არაერთი ინკლუზიური სპექტაკლი მაქვს მომზადებული ჩემს კოლეგებთან/ მეგობრებთან ერთად. პანდემიის შემდეგ გადავწყვიტე დავბრუნებოდი ყველაზე შინაარსიან და მნიშვნელოვან საქმიანობას, რაც კი ოდესმე მიკეთებია. შედეგად, შეიქმნა „InForm – ინკლუზიური იდეების პლატფორმა“, რომლის მთავარი კონცეფცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში ინტეგრაციაა.  

სწორედ ამ დროს, ბერლინში, დავესწარი საშა ვალცის სპექტაკლის „IN C“  სასცენო პრემიერას. ეს იყო საოცარი სანახაობა, მუსიკის, ფერების, სივრცის და ქორეოგრაფიის ძალიან შთამბეჭდავი სინთეზი. სპექტაკლის შემდეგ საშა ვალცი გავიცანი. ბევრი ვისაუბრეთ სპექტაკლზე, მის შთაბეჭდილებებზე საქართველოს შესახებ, პანდემიის შემდგომ პერიოდზე და სირთულეებზე. საუბარში ახსენა, რომ სპექტაკლი „IN C“ შექმნილია როგორც ერთგვარი ჯაჭვი, რომელიც ცეკვით აკავშირებს ერთმანეთთან მოცეკვავეებს, ცეკვის კომპანიებს, ადამიანებს, რომლებიც პანდემიამ დააფიქრა  პასუხისმგებლობაზე ერთი მხრივ საკუთარი თავის, მეორე მხრივ, საზოგადოების მიმართ. მაშინ ვიფიქრე, ეს იქნებოდა ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოც გლობალური ჯაჭვის ნაწილი ყოფილიყო და ამით, საერთაშორისო, თანამედროვე სახელოვნებო პროცესებს შეერთებოდა. მას შევთავაზე იდეა, გაგვეკეთებინა „IN C“-ს ინკლუზიური ვერსია თბილისში, სადაც პროფესიონალი, ტიპური განვითარების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოცეკვავეები მიიღებდნენ მონაწილეობას. სიამოვნებით დათანხმდა ჩემს შეთავაზებას და ასე გახდა „IN C – თბილისი“ ჩვენი პლატფორმის პირველი პროექტი. 

ეს პროექტი ვერ შედგებოდა, რომ არა მოცეკვავეების არაჩვეულებრივი გუნდი,  რომლებმაც შექმნეს „IN C – თბილისი“ ქორეოგრაფის, ნათია ჩიკვაიძის ხელმძღვანელობით. ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი და რთულად განსახორციელებელი იდეა უსაზღვროდ ნიჭიერი და შრომისმოყვარე პროფესიონალების საშუალებით გახდეს შესაძლებელი, რისთვისაც მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.

საიდან გაჩნდა „IN C თბილისის“, სპექტაკლის ინკლუზიური ვერსიის დადგმის იდეა?

„IN C“ არის სპექტაკლი, სადაც ქორეოგრაფია მთლიანად მოცეკვავეებს შორის დამყარებული კავშირებით იქმნება. არსებობს ზოგადი წესები, თუმცა სპექტაკლის მთლიანობას მოცეკვავეთა ინდივიდუალური გადაწყვეტილებები განსაზღვრავს. ვფიქრობ, ის, რაც სცენაზე ხდება, ერთგვარი მოდელია, როგორ შეიძლება მრავალფეროვანი, ინკლუზიური საზოგადოება ფუნქციონირებდეს.

„საშა ვალცი & სტუმრები“ ერთ-ერთი ყველაზე ინტერნაციონალური ცეკვის კომპანიაა მსოფლიოში. პანდემიის დროს დასის წევრები სხვადასხვა ქალაქებში გაიფანტნენ და არ ჰქონდათ სპექტაკლის რეპეტიციებზე ფიზიკურად დასწრების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ჩაიწერა სასწავლო ვიდეოები, რომლითაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ მოცეკვავეს შეეძლო შეესწავლა ქორეოგრაფია და მომზადებულიყო დადგმისთვის. მოგვიანებით სწორედ ეს სასწავლო ვიდეოები გახდა ერთ-ერთი საშუალება, თავისუფლად გავრცელებულიყო „IN С“ სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში.

სასწავლო მასალის არსებობა, მასზე წვდომა გადამწყვეტი ფაქტორია, რამაც შესაძლებელი გახადა ეს ქორეოგრაფია თბილისში გადმოგვეტანა. კომპანიისგან თანხმობა მივიღეთ, საჭიროების შემთხვევაში სპექტაკლის ადაპტირება მოგვეხდინა. თავიდან ჩვენც ვფიქრობდით უფრო მოკლე ვერსიის მომზადებაზე, თუმცა, ეს აღარ გახდა საჭირო. „IN C – თბილისის“ ქორეოგრაფმა, ნათია ჩიკვაიძემ წარმოუდგენელი შრომა გასწია და სპექტაკლის მონაწილეებს მთლიანი მასალა შეასწავლა, დათვლის სისტემის, მიმართულებების, ქორეოგრაფიული მონახაზების ჩათვლით. შედეგად, ჩვენი პროფესიონალი და დამწყები მოცეკვავეები 45 წუთის განმავლობაში სრულ სპექტაკლს იცეკვებენ მაყურებლის წინაშე.

როგორ ნაწილდება პროექტში „InForm“ისა და „საშა ვალცი & სტუმრების“ როლები?

„IN C – თბილისის“ შემოქმედებითი მხარე მთლიანად „InForm“-ის და მოცეკვავეთა ქართული გუნდის შექმნილია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია საქართველოში თანამედროვე ცეკვის სცენისათვის. „საშა ვალცი & სტუმრების“ ცეკვის კომპანიამ საჩუქრად გადმოგვცა წვდომა სრულ სასწავლო მასალაზე, მუსიკალურ პარტიტურაზე, ქორეოგრაფიული მონახაზების ინსტრუქციებზე. ჩვენი ქორეოგრაფი, ნათია ჩიკვაიძე გაემგზავრა ბერლინში „საშა ვალცი & სტუმრების“ ცეკვის კომპანიაში და მონაწილეობა მიიღო „IN C“-ს ორკვირიან ვორქშოფში, სადაც შეისწავლა ქორეოგრაფია და მისი სწავლების უფლება მიიღო. პარალელურად, ჩვენ გვყავს კონსულტანტი – „საშა ვალცი & სტუმრების“ წევრი, „IN C“-ს პროფესიონალი ტუტორი, რომელიც ინკლუზიური ცეკვის სპეციალისტიცაა. მასთან პროექტის განმავლობაში გავდიოდით კონსულტაციებს მასალაზე მუშაობასთან დაკავშირებით. სპექტაკლის პრემიერაზეც ქართულ დასთან ერთად კომპანიის ორი მოცეკვავე გვიერთდება.

„IN C“ ქორეოგრაფიის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელი მისი ადაპტირებადი და მოქნილი სტრუქტურაა. თითოეული დასი, რომელიც მასზე მუშაობს, დამოუკიდებელ პროდუქციას ქმნის. მარათლია, სპექტაკლი საერთო წესებზე არის აგებული, თუმცა თითოეული მონაწილის ინდივიდუალიზმი ამ წესების შესრულებას უნიკალურს ხდის. სწორედ ასეთ უნიკალურ სპექტაკლს ნახავს ქართველი მაყურებელიც.

სხვა ორგანიზაციები/კომპანიები თუ არიან ჩართულნი პროექტში? რა სახით?

პროექტს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მიხარია, რომ ინკლუზიურობის  იდეისადმი ბევრმა ორგანიზაციამ გამოხატა თანადგომა. ეს პროექტი ადამიანების ღირებულებების გაზიარების სივრცედაც იქცა.

კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გვენდო და ინტერესი გამოხატა სპექტაკლის მიმართ. მათთან ერთად ჩვენი მხარდამჭერები არიან გოეთეს ინსტიტუტი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, აჭარა ჯგუფი, არქი ჯგუფი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი. მინდა ყველას გადავუხადო მადლობა და პატივისცემა გამოვხატო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისათვის.

მზადების თითქმის ყველა ეტაპზე ჩნდებოდნენ ჩვენი გულშემატკივრები და დახმარებას გვთავაზობდნენ. სპექტაკლის არაჩვეულებრივი კოსტიუმები უსასყიდლოდ მოგვიმზადა ატელიემ „მაკრატელლი“. ჩვენი მონაწილეების ვიდეო პროფილების გადასაღებად ფოტო სტუდიამ „თვე“ დაგვითმო სივრცე და მოგვცა თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობა, ვიდეო განათებისთვის დაგვეხმარა POSTRED.

მონაწილეების შერჩევის პერიოდში არაერთ ორგანიზაციას დავუკავშირდი, რომელიც ინკლუზიაზე და შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობს. მათი მხრიდანაც ძალიან დიდი დახმარება ვიგრძენით და შედეგად გვყავს ექვსი არაჩვეულებრივი მოცეკვავე.

რა არის ამ პროექტის დანიშნულება და მიზანი?

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები ჩვენს საზოგადოებაში უჩინარები არიან. ყველამ ვიცით მათ შესახებ, მაგრამ ვერ ვხედავთ. ან თუ ვხედავთ, გვესმის, ძირითადად იმ პრობლემების, ბარიერების კონტექსტში, რასაც რეალურად საზოგადოება და გარემო აღმართავს მათ წინაშე. 

ხელოვნება, განსაკუთრებით კი საშემსრულებლო ხელოვნება, ყველაზე გახსნილი გზაა გამოვხატოთ, ვაჩვენოთ რამდენ შესაძლებლობას, ნიჭს, როგორ ძლიერ შემოქმედებით ენერგიას გვთავაზობენ ადამიანები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება საზოგადოების დამოუკიდებელ, სრულფასოვან მონაწილეებად იგრძნონ თავი. ამ პროექტის დანიშნულება მრავალფეროვანი, თანასწორი გარემოს შექმნაა, სადაც ყველა მონაწილე ერთნაირად მნიშვნელოვანია, ყველას როლი უნიკალური და საჭიროა.

მოგვიყევით მცირე რამ უშუალოდ სპექტაკლის შესახებ. რას ეფუძნება იგი? რა არის სპექტაკლის იდეა და როგორ ეხმიანება ის პროექტის მიზანს?

„IN C“ ამერიკული მინიმალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი კომპოზიტორის, ტერი რაილის ამავე სახელწოდების ნაწარმოებზე არის შექმნილი და იმეორებს მის ცვალებად სტრუქტურას. მუსიკის მსგავსად, ქორეოგრაფიაშიც 53 საცეკვაო ფრაზაა, რომლის შესრულებისას მოცეკვავეს დიდი თავისუფლება აქვს – მას შეუძლია გადაწყვიტოს რამდენჯერ გაიმეორებს თითოეულ ფრაზას, როდის შეჩერდება, სად გადაადგილდება სცენაზე, თუმცა ამასთანავე, არსებობს საერთო წესები, რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი სპექტაკლის მთლიანობის შესაქმნელად. ყოველ ჯერზე მაყურებლის თვალწინ ახალი სპექტაკლი იბადება. მისი მთავარი შემოქმედი თითოეული მოცეკვავეა, რომელიც საკუთარ ქმედებაზეც იღებს პასუხისმგებლობას, და ჯგუფის ერთიანობაზეც. ეს არის სპექტაკლი ინდივიდუალურ თავისუფლებაზე, რომელიც არათუ ხელს უშლის სხვა ინდივიდის თავისუფლებას, პირიქით, ეხმარება მთლიანობის შექმნაში.

სპექტაკლის ეს დემოკრატიული სტრუქტურა ზუსტად ჰპასუხობს ჩვენი პროექტის მიზანს. სცენაზე თითოეული მონაწილე დამოუკიდებელი ინდივიდია და თითოეულ მათგანს იდენტური როლი, მნიშვნელობა აქვს ქორეოგრაფიის შექმნაში. ამისთვის კი, ისინი ცეკვის უნივერსალურ ენას იყენებენ, რომელზე საუბარიც ბარიერების გარეშე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ზემოთაც აღვნიშნე, რომ ეს სპექტაკლი ერთგვარი მოდელია, როგორ შეიძლება შევქმნათ მრავალფეროვანი, ინკლუზიური საზოგადოება, სადაც თითოეული წევრი არის ამ საზოგადოების თანასწორი შემოქმედი.

თქვენი შეფასებით, რამდენად მაღალია შშმ პირთა ჩართულობა საქართველოში პროფესიულ სახელოვნებო პროცესებში?

თუკი პროფესიულ სახელოვნებო პროცესებზე ვსაუბრობთ, ამ პროცესებში შშმ ადამიანები არ არიან ჩართული და მათი ხმაც არ ისმის. ძალიან ძნელად გავიხსენებთ ხელოვანს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონედ ახდენს იდენტიფიცირებას და რომლის ნამუშევრების გამოფენაზე ან პრემიერაზე ვყოფილვართ.

არსებობს სხვადასხვა ინკლუზიური თეატრალური თუ სხვა სახელოვნებო ჯგუფები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა შშმ პირების ჩართულობა, თუმცა, სამწუხაროდ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ თუ გვსურს პროფესიული ინტეგრაცია მოხდეს მაშინ შშმ ადამიანებს შესაბამისი, თანმიმდევრული პროფესიული განათლების, გამოცდილების მიღების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეთ, რაც ჯერჯერობით საქართველოში მიუღწეველია. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ სფეროში მომუშავე ადამიანების დახმარებით სურათი ნელ-ნელა შეიცვლება.

სპექტაკლზე მუშაობის დროს, ამ თემაზე ბევრ ხელოვანს ვესაუბრე, რომლებიც ძალიან გახსნილები არიან თანამშრომლობისთვის, თუმცა არ იციან საიდან დაიწყონ. ხშირად გამიგია მათგან რომ ეშინიათ, ვინმეს რამე არ დაუშავონ. ესეც უხილავი ბარიერია, რაც ყველაზე მხარდამჭერ ადამიანებშიც კი არსებობს. სინამდვილეში, ვერაფერი დააზიანებს ადამიანს საზოგადოებისგან გარიყვაზე, იზოლაციაზე უფრო მეტად.

„InForm“ ამ შემთხვევაში მედიატორის როლს იღებს, რომ უმტკივნეულოდ დააკავშიროს ადამიანები ერთმანეთს და ხელი შეუწყოს მათ შემოქმედებით თანამშრომლობას.

რას გვეტყვით მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე?

ამ პროექტთან დაკავშირებით მე ძალიან ბევრი ვისაუბრე ინკლუზიაზე, თუმცა არ გვისაუბრია თავად სპექტაკლის მხატვრულ ღირებულებაზე. საშა ვალცი თანამედროვე ცეკვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვანია. მისი ქორეოგრაფიის საქართველოში ჩამოტანა და ადგილობრივ მოცეკვავეებთან მასზე მუშაობა, მნიშვნელოვანი ფაქტია ქართული თანამედროვე ცეკვის განვითარებისთვისაც.

ჩვენს სპექტაკლში შესანიშნავი პროფესიონალი მოცეკვავეები იღებენ მონაწილეობას – ნათია ჩიკვაიძე, იაკობ გოგოტიშვილი, მაშა შალაგინა, თანო ჩხეიძე, ანნა გიუმენიუკი. თუმცა, თანამედროვე ცეკვის სცენა საქართველოში ჯერჯერობით არ არის აქტიური, ამიტომ, მათ არ აქვთ დიდ პროდუქციებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა.

„IN C – თბილისი“ ამ მხრივაც ძალიან კარგი გამოცდილებაა და ეხმარება ამ სფეროს განვითარებას. სხვათა შორის, თანამედროვე ცეკვა ერთ-ერთი ის სფეროა, რომელმაც ინკლუზიურობის იდეა ყველაზე კარგად მოირგო. მიხარია, რომ ჩვენი სპექტაკლი თანამედროვე ცეკვის და ინკლუზიური ცეკვის განვითარებაზე თანაბრად მუშაობს. 

დაბოლოს, დავუბრუნდეთ „InForm“ისა და „საშა ვალცი & სტუმრების“ პარტნიორობას. ეს თანამშრომლობა ერთჯერად ხასიათს ატარებს, თუ კიდევ იგეგმება ერთობლივად პროექტების განხორციელება?

სხვათა შორის, „IN C – თბილისი“ პირველი ინკლუზიური პროექტია „საშა ვალცი & სტუმრებისთვის“. ვფიქრობ, ჩვენ კარგი დასაწყისი გვაქვს და აუცილებლად განვაგრძობთ თანამშრომლობას. გარდა ამისა, „InForm“-ის ერთ-ერთი ამოცანაა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო დასებთან, უკვე დავიწყეთ რამდენიმე ასეთ დასთან მოლაპარაკება. ამიტომ, „IN C – თბილისი“, მხოლოდ დასაწყისია იმ ბევრი დღესასწაულის, რომელიც შეიძლება მაყურებელმა მომავალში ნახოს.