რა დახმარებას მიიღებს საქართველო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან

PHOTO: GOPIXA/ISTOCK BY GETTY IMAGES

14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან შეთანხმებას მიაღწია, რის შედეგადაც ქვეყანა წლის ბოლომდე კორონავირუსის გამო შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად 1,5 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას მიიღებს.

დონორ ორგანიზაციებს შორისაა მსოფლიო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, ევროპის ინვესტიციის ბანკი, გერმანიის განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების ფონდი. პრემიერ მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისაგან მიღებული დახმარება თავდაპირველად დამატებითი საბიუჯეტო რესურსი იქნება, რომელიც მიზნობრივად დაიხარჯება სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები დაიწყება საქართველოს კერძო სექტორის დასახმარებლადაც. საფინანსო ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს პოსტ-კრიზისული სამოქმედო გეგმის შედგენაში.

საერთაშორისო დონორების მხარდაჭერაზე ასევე განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მან 14 აპრილს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა ბოლო ერთი თვის განმავლობაში პარტნიორ ორგანიზაციებთან მომდინარე მოლაპარაკებების შესახებ და მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას, რომლებიც არა მხოლოდ კორონავირუსის პირობებში, არამედ უკვე წლებია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან. ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გარდა საბიუჯეტო დახმარებისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი 1,5 მილიარდი დოლარის მოზიდვაზე კერძო სექტორის წახალისებისათვის. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველომ პარტნიორი საფინანსო ორგანიზაციებისაგან ჯამურად 3 მილიარდიანი დახმარების პაკეტი მიიღოს.

უკვე მიღწეული $1,5 მილიარდიანი შეთანხმებიდან აღსანიშნავია მსოფლიო სავალუტო ფონდის  მიერ გამოყოფილი 450 მილიონი დოლარის დახმარება. მსოფლიო სავალუტო ფონდი და საქართველოს მთავრობა შეთანხმდა „გაფართოებული საფინანსო მხარდაჭერის“ (Extended Fund Facility)  პროგრამის გაგრძელებაზე.

 საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდს შორის მოლაპარაკებები 2020 წლის 1-13 აპრილს მიმდინარეობდა. შედეგად, IMF-ის აღმასრულებელი საბჭოს თანხმობისთანავე საქართველოს ბიუჯეტი მომენტალურად მიიღებს 200 მილიონ დოლარს COVID-19-ის შედეგებთან გასამკლავებლად. მოლაპარაკებებში ჩართული გუნდი მსოფლიო სავალუტო ფონს ასევე უწევს რეკომენდაციას გაზარდოს საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების კვოტა. შედეგად, პროგრამის ფარგლებში საქართველოსთვის აღმოჩენილი ჯამური დახმარების ოდენობა 450 მილიონ დოლარს მიაღწევს.

მსოფლიო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს დახმარების პროექტი მაისისთვის უნდა დაამტკიცოს.

„COVID-19-ის პანდემია საქართველოს ეკონომიკურ სურათს მნიშვნელოვნად გააუარესებს.  2020 წლის რეალურ მთლიან შიდა პროდუქტში 4%-იანი კლებაა მოსალოდნელი, თუმცა პროგნოზები ამ ვითარებაში ჩვეულებრივზე მეტად ბუნდოვანია. შემცირებული ვაჭრობა, შეჩერებული ტურიზმი და შესუსტებული ფულადი გზავნილები ამჟამინდელ მოსალოდნელ დეფიციტს გაზრდის მშპ-ს 11%-მდე. ასევე გაზრდილი გლობალური რისკები შეამცირებს ქვეყანაში კერძო ფინანსურ ინვესტიციებს და გადაავადებს მათ. ეკონომიკური ბალანსის შესანარჩუნებლად და COVID-19-ის გამო წარმოქმნილ შოკებთან გასამკლავებლად აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა 2020-2021 წლებში დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარი იქნება, რომელსაც IMF და სხვა საერთაშორისო დონორები დააფინანსებენ.“ – ნათქვამია მსოფლიო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ვერა მარტინის დასკვნაში საქართველოსთან მოლაპარაკებების შესახებ.