ირაკლი ფარჯიანის იოანესა და მარკოზის სახარებების პირველი ლიმიტირებული ფაქსიმილე გამოცემა

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის მიერ უნიკალური და ინდივიდუალური სტილით ილუსტრირებული და გადაწერილი იოანესა და მარკოზის სახარებების პირველი ლიმიტირებული ფაქსიმილე გამოცემა დაიბეჭდა. ამ სახარებების გამოცემის იდეა მათი შექმნის დღიდან არსებობდა, თუმცა საბჭოთა ეპოქაში, მაშინ, როდესაც რელიგია დევნის საგანს წარმოადგენდა, ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, 1989-1990 წლებში, მხატვრის სიცოცხლეშივე იყო მცდელობები მათ გამოსაცემად, თუმცა ფარჯიანის მიერ დამზადებული პასტელის საღებავებისა და ოქრო-ვერცხლის პიგმენტით შესრულებული ნამუშევრების ხარისხიანი ბეჭდვის საშუალება იმ პერიოდში ნაკლებად არსებობდა, გარდა ამისა, ფინანსურადაც დიდ დანახარჯებსაც მოითხოვდა.

საბოლოოდ ამ საქმეს ხელი მხატვრის ქალიშვილმა, სოფია ფარჯიანმა მოჰკიდა და მამის ოცნება განახორციელა. გამოცემებზე ქართულმა კომპანია Smart Innovations-მა და გერმანულმა კომპანია Müller und Schindler-მა იმუშავეს.

„ჩვენი მიზანი იყო ავტორისეული ხელნაწერებისადმი მაქსიმალური ერთგულებით მოგვეხდინა მათი [სახარებების] რეპროდუცირება, რაც ხელს შეუწყობს ამ უნიკალური შემოქმედების გავრცელებას. ეს არის სახვითი ხელოვნების ნიმუშთა ექსკლუზიური სახით აკინძული ფაქსიმილური გამოცემა“, – აცხადებენ Müller und Schindler-ის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ სახარებას აქვს ტყავის გარეკანი და მათთვის შექმნილია სპეციალური ყუთები. გამოცემების ყოველ ეგზემპლარში ვხვდებით ოქროსა და ვერცხლის ჩანართებს. წიგნებს შენარჩუნებული აქვთ ორიგინალის შიდა და გარე მახასიათებლები. გამომცემელთა განცხადებით, ბეჭდვა უახლესი ტექნიკური საშუალებით განხორციელდა, რამაც ფაქსიმილეს ორიგინალთან მაქსიმალურად დაახლოება გახადა შესაძლებელი.

„ამ სახარებების გამოცემის მიზანია, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო საზოგადოების ფართო წრისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მხატვრის სულიერი და შემოქმედებითი მემკვიდრეობის ეს ორი ნიმუში. ისინი, მსოფლიო ხელოვნების სივრცეში, ხელით გადაწერილი და დასურათებული ბოლო სახარებებია, რომლებიც საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ შეიქმნა. მათი გამოცემა არამხოლოდ მხატვრის სახელის გაცნობა იქნება საერთაშორისო საზოგადოებისთვის, არამედ ხელოვნების უნიკალური ნიმუშები, რომლებსაც ანალოგი არ გააჩნიათ, მსოფლიოს წინაშე საქართველოს წარადგენენ“, – განაცხადა ირაკლი ფარჯიანის შვილმა, სოფია ფარჯიანმა.

ცნობისთვის, დაიბეჭდა 100 წყვილი საკოლექციო პასპორტირებული და ხელით დანომრილი გამოცემა და 900 წყვილი პირველი ლიმიტირებული გამოცემა.