ISET-PI: ხაჭაპურის ინდექსი 24.9%-ით გაიზარდა

ხაჭაპურის ინდექსი ინფლაციის მარტივი და გამჭვირვალე ინდიკატორია. იგი გულისხმობს სტანდარტული იმერული ხაჭაპურის ფასზე პერიოდულ დაკვირვებას. ხაჭაპურის ინდექსის იდეა დაიბადა Big Mac-ის ინდექსისაგან, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ვალუტის მსყიდველუნარიანობის შესადარებლად.

2020 წლის მაისში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 4.18 ლარი იყო, რაც აპრილის ფასთან შედარებით 6.8%-ით ნაკლებია. თუმცა, 2019 წლის მაისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 24.9%-ით გაიზარდა.

წელიწადის ამ დროს ხაჭაპურის გაიაფება გამოწვეულია ნედლი რძის ჭარბი მიწოდებით, იმპორტირებული რძის ფხვნილის მოთხოვნის შემცირებითა და შესაბამისად, ყველის გაიაფებით.

თუმცა, 2019 წელთან მიმართებაში, 2020 წლის მაისის თვეში ინგრედიენტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა, კერძოდ, ყველის ფასი +41.9%-ით, კარაქის-15.5%-ით, ფქვილის-14.1%-ით, კვერცხის-12.4%-ით, საფუვრის-10.4%-ით ხოლო რძის-4.8%-ით.

იმპორტირებული პროდუქტის ფასის ზრდა გამოწვეულია დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურებით. 2020 წლის მაისში გაცვლითი კურსი საშუალოდ 3.20 იყო, ხოლო 2019 წლის მაისში- მხოლოდ 2.75.

ფასების ზრდის მიზეზი ლოჯისტიკური პრობლემებიც არის. პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გართულდა საკვები პროდუქტების უსაფრთხოდ გადაზიდვა და შესაბამისად, პროდუქტის დეფიციტმა ფასის ზრდა გამოიწვია.

ხოლო ოფიციალური სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) მიხედვით, რომელიც ინფლაციის საზომად ფიქსირებულ სამომხმარებლო კალათას იყენებს, საკვები პროდუქტების ფასები მაისის თვეში, აპრილთან შედარებით, დიდად არ შეცვლილა. თუმცა, წლიური პერიოდის გათვალისწინებით ინფლაცია საკვებ პროდუქტებზე 14.7% გამოდის.