ISET-PI: საქართველოს აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივა აქვს

ISET-ის კვლევითმა ცენტრმა საქართველოში აგროტურიზმის პოტენციალის შესახებ ბლოგი გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სოფლად ტურიზმის სახეობების რაოდენობა საკმაოდ გაზრდილია. სპეციალისტების აზრით, ეს ტენდენცია განპირობებულია ასაკოვანი ადამიანების დაინტერესებით, დაისვენონ მშვიდ გარემოში, სადაც ნაკლებია ჰაერის დაბინძურება. გარდა ამისა, მსგავსი დასვენება ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომია და განსაკუთრებით ხელსაყრელია მოკლე შვებულების შემთხვევაში ქალაქებთან სიახლოვის გამო.

კვლევითი ცენტრის თანახმად, აგროტურიზმის განვითარება ასოცირდება ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ სარგებელთან. საოჯახო მეურნეობებისთვის მთავარი ეკონომიკური სარგებელი მიიღება ფერმის მთლიანი შემოსავლების ზრდით, ფულადი ნაკადების შემოდინებითა და ოჯახის წევრებისთვის დასაქმების შესაძლებლობების შექმნით. ხოლო ის ფაქტი, რომ აგროტურიზმს არ აქვს გარემოზე ისეთი უარყოფითი გავლენა, როგორიც, ვთქვათ, სხვა ინდუსტრიულ დარგებს, სოციალური ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა, მინიმალური ეკოლოგიური ზიანით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აგროტურიზმის განვითარება შემოქმედებითი ეკონომიკის კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ, რაც პროდუქტისა და მომსახურების დამატებული ღირებულის შექმნას არა დიდი ინვესტიციების, არამედ უფრო კრეატიული და შემოქმედებითი იდეების განვითარების ხარჯზე გულისხმობს.

დადებით მხარეებთან ერთად ISET-ის კვლევითმა ცენტრმა სტატიაში აგროტურიზმთან დაკავშირებული გამოწვევებიც განიხილა.

პირველ რიგში, არსებობს სოფლების იერსახის დაკარგვის საშიშროება. ტურისტების ნაკადის ზრდამ, შესაძლოა, ტრადიციული სახლებისა და ფერმების თანამედროვე სტრუქტურებით ჩანაცვლება გამოიწვიოს. ამასთან, მაინც არსებობს უარყოფითი ეფექტები გარემოზე და გარდა ამისა, აგროტურისტული ობიექტების ორგანიზაციული შესაძლებლობები ხშირ შემთხვევაში არ არის განვითარებული, რაც ეჭვქვეშ აყენებს ტურისტების მომსახურების ხარისხს.

2019 წლიდან საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს აგროტურიზმის კანონპროექტზე. კანონპროექტის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერება, მათი ეკონომიკური ჩართულობის გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების ზრდაა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ბაზის არარსებობის მიუხედავად, საქართველოში უკვე ფუნქციონირებს რამდენიმე აგროტურისტული ობიექტი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 16 ფერმერული მეურნეობა სთავაზობს ტურისტებს ღამის გასათევსა და აგროტურისტულ მომსახურებას, რაც გულისხმობს რთველში მონაწილეობას, ჩურჩხელების ამოვლებას, ყველის ამოყვანასა თუ ყურძნის დაწურვას. ამასთან, კიდევ 130 საწარმო არის დაინტერესებული, რომ დამსვენებელს შესთავაზოს აგროტურისტული მომსახურება. მათი 22% (29) იმერეთში მდებარეობს, 15% (19) – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, 13% (17) კი – გურიაში.

აგროტურისტული ობიექტების უმეტესობა შედარებით მცირე ზომისაა და კონცენტრირებულია საოჯახო სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების სეგმენტში.

ტურიზმის სექტორის როლი საქართველოს ეკონომიკაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.  მისი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წელს 14.5%-ს შეადგენდა. 2019 წელს საქართველოს 5 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც ორჯერ აღემატება 2012 წლის იმავე მაჩვენებელს.

COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო ცხადჰყო ადგილობრივი ტურიზმის, განსაკუთრებით აგროტურიზმის მნიშვნელობა. საზღვრების ჩაკეტვისა და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერების შედეგად, ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორი და მასში დასაქმებული ადამიანები დაზარალდა. აგროტურიზმის განვითარება სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის შეიძლება გახდეს დამატებითი შემოსავლის წყარო.