პირველი ქალი საქართველოში, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობს; თურქული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პირველი ქალი წევრი და თან, ეროვნებით არა თურქი; პირველი, ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი საქართველოს მთელი საბანკო სისტემის მასშტაბით; ამავე სისტემაში დეპარტამენტის პირველი ყველაზე ახალგაზრდა უფროსი – ეს დღეს და წარსულში ერთი ქალია, ნათია ჯანელიძე. ბუნებრივია, Forbes Woman-მა მის კვალს მიაგნო და ინტერვიუზეც დაითანხმა.

Gazelle Finance-ის ოფისში მისულს ენერგიული, თავდაჯერებული და საქმიანი რესპოდენტი დამხვდა.

Gazelle Finance-ი გაზელ ფონდის მმართველი კომპანიაა. ეს უკანასკნელი საინვესტიციო ფონდია, რომელიც ინვესტირებას ევრაზიაში მოქმედ, მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო საწარმოებში ახორციელებს. ფონდის კაპიტალი დაახლოებით 31 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

თითოეული ინვესტიციის ოდენობა 200,000 დოლარიდან 3.0 მილიონამდე მერყეობს.

ნათია ჯანელიძეს ვკითხე, თუ აცნობიერებს, რომ პირველი ქალია საქართველოში, რომელიც ამ მასშტაბის საერთაშორისო საინვესიტიციო ფონდს მართავს. აღმოჩნდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, იგივე კითხვა მისმა ამერიკელმა უფროსმაც დაუსვა: „ასე მითხრა, თუ ხვდები, რამდენად განსაკუთრებული ხარ, რომ ფინანსურ სექტორში, სადაც კაცები დომინირებენ, შენ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდს ხელმძღვანელობო“, – მიყვება ნათია და აღიარებს, რომ ამაზე მაშინ პირველად დაფიქრდა: „კარიერა როცა დავიწყე, 20 წლის წინ, თიბისი ბანკში, იქაც სულ მამაკაცებით ვიყავი გარშემორტყმული და მას შემდეგ, ამ სფეროში, ჩემ ირგვლივ, სულ მამაკაცები არიან. მეგონა, რომ ეს ორგანული იყო, რომ ამ გარემოში იზრდები, წინ მიდიხარ, წარმატებებს აღწევ. არასდროს დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ამაში რაიმე განსაკუთრებული იყო“.

არ დაფიქრებულა, მაგრამ კონკურენციის ნაწილში უკან არასდროს დაუხევია. დღესაც ასე სჯერა: ქალი თუ რამეს მოინდომებს, ბარიერების მიუხედავად, მაინც ყველაფერს მიაღწევს. ერთადერთი რაც ამისთვის, ნათიას აზრით, ქალსაც და კაცსაც სჭირდება – ეს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი წვდომის შესაძლებლობაა. ამდენად, კვოტების გზით ქალების წახალისებას, მათი საჭირო უნარებით შეიარაღება ურჩევნია.

„აუცილებლად უნდა მოვყვე ის ამბავი, როგორ მოვხვდი თიბისი ბანკში“, – ხმაში ენთუზიაზმი ემატება და ვხვდები, ეს ისეთი ისტორიაა, როგორიც Forbes-ს უყვარს, წონიანი, რესპოდენტის კარიერაში დიდი გარდატეხის შემტანი. თავს ვუქნევ და ყურადღებით ვუსმენ – გამოცდილებით ვიცი, ასეთი ისტორიების მთელი მარილი, ნიუანსებშია.

ისტორია იმით იწყება, რომ თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული ოფიცრის თანამდებობაზე. ეს საკრედიტო ნაწილში დამწყები პოზიციაა, თუმცა საბანკო საქმეში იმ დროს ნათიასთვის – ყველაზე საინტერესო.

„უნდა აერჩიათ ერთი და განცხადება 300 კაცს ჰქონდა შეტანილი“, – იხსენებს ჩემი რესპოდენტი, რომელიც მაშინ მეორე კურსის სტუდენტი, მთელ ამ ნაკადში ყველაზე უმცროსი და ყველაზე გამოუცდელი იყო.

კონკურსის შედეგად, პირველ ეტაპზე, სამი ადამიანი გამოარჩიეს – ორი ბიჭი და ერთიც – ნათია. ითქვა, რომ სამიდან საბოლოოდ დარჩებოდა ერთი ან ორი.

„საგამოცდო პერიოდი იყო ძალიან ბევრი უძილო ღამე და შრომა. ბევრი უნდა მემუშავა, რომ არ აღმოვჩენილიყავი ის ერთი, რომელსაც დაემშვიდობებოდნენ“, – ამბობს ნათია და იხსენებს რამდენს მუშაობდა თავაუღებლად იმისთვის, რომ მასზე გამოცდილ და უფროს კონკურენტებს დაწეოდა: „სახლში იმდენად გვიან მოვდიოდი, რომ მეზობლებმა ჭორაობა დაიწყეს“, – ახლა ამ ამბავზე გულიანად ეღიმება.

ბოლოს, სამივე დასაქმდა. 19 წლის ნათია ჯანელიძე კი იმ დროისთვის თიბისის ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გახდა.

ნიჭი თუ შრომა? დღეს უკვე წარმატებულ, კარიერულად შემდგარ ნათია ჯანელიძეს მაინც ასე სჯერა: ნიჭზე მთავარი მიზანმიმართული შრომისმოყვარეობაა. „მიუხედავად იმისა, რომ ნიჭიერად მთვლიან, მაინც ასე ვფიქრობ“, – მტკიცედ მეუბნება ნათია. მე კი საკუთარ თავს ვიჭერ ფიქრზე, რომ, როგორც წესი, ნიჭიერი ადამიანებისგან უფრო მომისმენია მსგავსი პასუხი ამ კითხვაზე.

„როცა საქმეს ვაკეთებ, არ ვფიქრობ იმისთვის ვაკეთო, რომ პირველი ვიყო“, – მიხსნის ნათია და იქვე დასძენს: „მაგრამ ვარ საკმაოდ ამბიციური და ვთვლი, რომ ჯანსაღი ამბიცია წარმატებული ადამიანისთვის აუცილებელი კომპონენტია“.

არცერთ გამოცდილებას მისთვის ტყუილად რომ არ ჩაუვლია, ეს ფაქტია. მის თითოეულ სიტყვაში, ყველა მონათხრობ ამბავში იგრძნობა, რომ მისი ცხოვრების, მისი საქმის ყველა ცალკეულ გამოცდილებას ინახავს, აანალიზებს და შემდეგ ერთიან „ფაზლად“ კრავს ისე, რომ შეძლოს მთავარი – სხვის შეცდომებზე ისწავლოს უფრო მეტი, ვიდრე საკუთარზე.

ნათია ჯანელიძეს საკუთარი ჩამონათვალი აქვს.

კეთილსინდისიერება: „ადრეულ ასაკშივე მომიწია ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, ფულთან კონტაქტი. 2000 წელს 20 წლის ბავშვს 5 მილიონიანი პორტფელი მებარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა თანამშრომლებთან ერთად, 5 მილიონ დოლარზე მეც ვიყავი პასუხისმგებელი. მას შემდეგ, ეს მასშტაბები იზრდება, პასუხისმგებლობაც იზრდება. არაერთხელ ყოფილა თვალთმაქცური სიტუაცია, როცა შეგიძლია, სულ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო – მაგრამ არცერთ ასეთ სიტუაციაში არასდროს დამიყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მახსოვს, მამაჩემი მაშინ ცოცხალი იყო, დამსვა და მითხრა, რომ არაფერი არ არის მშვიდი ძილის ფასი. მან ალბათ განჭვრიტა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი ასეთი მაცდური წინადადების წინაშე დავდგებოდი. და ეს მართლა ასეა: როცა წვები და მხოლოდ მომავალზე ფიქრობ ისე, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები არ გჭამს, ძალიან კარგი შეგრძნებაა. ბევრს იგებ ამით“.

პასუხისმგებლობა: „თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 20 წლის განმავლობაში არც ერთხელ დედლაინზე არ გადამიჭარბებია. ხანდახან ეს დედლაინები აბსურდულია, ხანდახან იღებ არაადეკვატურ დავალებებს, მაგრამ ვინმე რაღაცას რომ ელოდება ჩემგან, მე ვადა უნდა დავიცვა. ეს არის მოჭარბებული პასუხისმგებლობა, რომელიც ხანდახან, სიმართლე გითხრათ, შემაწუხებელია“.

უარი სინანულს: „ამერიკაში რომ დავამთავრე მაგისტრატურა, იქვე მქონდა ანაზღაურებადი სტაჟირების შემოთავაზება, რომელიც, რა თქმა უნდა, წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დასაქმებით დასრულდებოდა. ზაფხულში ჩემს ქვეყანაში ჩამოვედი, ხელმოწერილი საბუთებიც ჩამოვიტანე, უკან დაბრუნებას და სტაჟირების გავლას ვაპირებდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ ისევ თიბისიმ შემომთავაზა, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტს ჩავდგომოდი სათავეში, დავრჩი და აღარ წავედი ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პირველი წელი იყო ჩემთვის მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი ურთულესი – ახალი დეპარტამენტი იქმნებოდა, უცებ ამერიკის რეალობიდან საქართველოს რეალობაში მოვხვდი, თან ბანკს დიდი ამბიციები ჰქონდა და მოკლედ, ძალიან სტრესულ მდგომარეობაში ვიყავი – არასდროს არ დამისვამს კითხვა, არც მაშინ, არც მას შემდეგ, რა იქნებოდა, ამერიკაში რომ დავრჩენილიყავი, ვინ ვიქნებოდი დღეს – არა, ცხოვრება იმდენად სწრაფია, იმდენად ჩქარი ტემპი აქვს, რომ უნდა ისიამოვნო იმით, რაც გაქვს და არ ინანო არაფერი“.

კომპეტენცია: „შენი სფერო თუ არ იცი, მარტო ეს უნარები ფონს ვერ გაგიყვანს. მნიშვნელოვანია ის ხალხიც, რომელიც შენთან ერთად მუშაობს – ხალხი, რომელსაც შენ ირჩევ ან სხვა ირჩევს, რომ შენთან ერთად იმუშაოს. Gazelle Finance-ში ჩვენ გვყავს პატარა, მაგრამ მაღალი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. ჩვენ გვაქვს ურთიერთნდობა, ურთიერთპატივისცემა და ეს ძალიან კარგ გარემოს ქმნის მუშაობისთვის“.

დღეს კონკრეტულად რა მიმართულებით მუშაობს თავად ნათია ჯანელიძე?

„დღეს წარმოვადგენ Gazelle Finance-ს, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ფონდია და მე ამ ფონდის საინვესტიციო დირექტორი ვარ. ფონდი არ არის დიდი მასშტაბის, თუმცა გეგმები გვაქვს, რომ ძალიან გაიზარდოს“, – მეუბნება ნათია ჯანელიძე და ოდნავ ნელა, ხაზგასმით ამატებს: „ხშირად მცირე მასშტაბებითაც შეგიძლია დიდ შედეგებს მიაღწიო“.

„Gazelle Finance-მა სრულად დააფინანსა სკოლის მოდერნიზება. დღეს ქართულ-ავსტრიული სკოლა თავისი ინფრასტრუქტურით და ვროპასთან კონტაქტებით ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა თბილისში“. – მანანა გვირჯიშვილი ქართულ-ავსტრიული სკოლა „ფესვების“, დამფუძნებელი დირექტორი.

ყველაზე დიდი შედეგი მისთვის და მთელი Gazelle Finance-ისთვის ამ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ეფექტური მხარდაჭერაა. ეს ერთადერთი ფონდია საქართველოში, რომელიც რისკ კაპიტალს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს აწვდის. „შესაბამისად, საქმე, რასაც ვაკეთებ, არა მხოლოდ ფინანსურად არის გამართლებული კომპანიისთვის და ინვესტორებისთვის, არამედ ძალიან სასიამოვნოცაა, ვინაიდან, აქვს სხვა – არაკომერციული დატვირთვაც, როგორიც არის, მაგალითად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ექპორტის ხელშეწყობა, კომპანიების ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა“, – ამბობს ფონდის საინვესტიციო დირექტორი.

ნათია ჯანელიძის თქმით, სექტორული თვალსაზრისით, ფონდი ცდილობს, ფეხი აუწყოს ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებებს. „პორტფელში წარმოდგენილი გვყავს კომპანიები, როგორც ტურიზმის, ისე წარმოების, განათლების, მედიცინის და სხვა სექტორებიდან“, – განაგრძობს ნათია ჯანელიძე.

ვატყობ, შეუძლია დაუსრულებლად ისაუბროს წარმატების მაგალითებზე და იმ ეფექტზეც, რაც ფონდის დაფინანსებამ ამ კომპანიებს და ქვეყანას მოუტანა.

„Gazelle Finance-ის დაფინანსებით, საქართველოში შესაძლებელი გახდა ქართული ხორბლითა და ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული პურის ხელმისაწვდომობა ქართველი მომხმარებლისთვის“. – ოთარ ნაჭყებია „გემოვანის“ დირექტორი .

რას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა დაფინანსების გაცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას? ნათია ჯანელიძე, ყოყმანის გარეშე მეუბნება, რომ პირველ რიგში, ეს მეწარმეა: „პირველი შეხვედრიდან მეწარმესთან უკვე ხვდები, არის თუ არა ეს პროექტი გამოსვლადი“, – მარწმუნებს Gazelle Finance-ის საინვესტიციო დირექტორი და მცირე პაუზის შემდეგ იმასაც მიმხელს, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აწუხებს: „სინანულით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს პრაქტიკაშიც და, ზოგადად, საქართველოშიც, ძალიან ცოტა ქალი მეწარმეა. სტატისტიკა ამ მიმართულებით სახარბიელო ნამდვილად არ არის. ტრენდი დადებითია, მაგრამ არასაკმარისი“.

ერთადერთი, რაც ამ სურათში პერსპექტივის დანახვაში ეხმარება ეს ბიზნესლიდერთა ასოციაციის – ქალები მომავლისთვის – წევრობაა. „აქ დადებითად ვიმუხტები ხოლმე, რადგან ამ სივრცეში ერთადაა კონსოლიდირებული ქალი მეწარმეები და დროებით მაინც მიქარწყლებს ხოლმე სტატისტიკურ მოცემულობას“, – მეუბნება ნათია ჯანელიძე.

როგორც ვარკვევ, ამ ეტაპზე ნათია საკუთარ კარიერას ისევ Gazell Finance-ის წიაღში ხედავს.

„ფონდს ძალიან დიდი გეგმები აქვს“, – მიმხელს ჩემი რესპოდენტი: „ჩვენ ალბათ, უფრო მასშტაბურ ფონდს გავაკეთებთ. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ საქართველო არის ჰაბი და აქედან ვმართავთ. ეს რეგიონალური ფონდია და ჩვენ გვყავს წარმომადგენლობა სომხეთშიც, თუმცა სათაო ოფისი არის აქ – თბილისში“.

ვხვდები, მეტ დეტალს უნდა დაველოდოთ, ამიტომ ვსვამ შემდეგ კითხვას: რატომ გახდა ბაზარზე საჭირო Gazelle Finance-ი მაშინ, როცა საბანკო სექტორი საქართველოში ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე გამართულია და, პრინციპში, ლიკვიდობის პრობლემაც არ აქვს?

„ჩვენ ვაფინანსებთ იმ მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო, ვერ იღებენ სათანადო რესურსს არსებული ფინანსური ინსტიტუტებიდან. ყველაზე მეტად ამ მიზეზში გამოვყოფდი იმას, რომ ამ ბიზნესებს, როგორც წესი, არ ყოფნით უზრუნველყოფა უძრავი ქონების სახით. უამრავი კომპანიაა, რომელსაც, ვთქვათ, იჯარით აქვს აღებული ქონება, მაგრამ არ ფლობს აქტივებს და ზრდისთვის თანხა სჭირდება, ან თუნდაც, არ აქვს საკმარისი ოდენობის აქტივები. ამ კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვის შანსი არის ძალიან მწირი“.

„სულ ახლახან ხელი მოეწერა PACE ტერმინალის მშენებლობას ფოთში, რომელიც OPIC-ის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს  შეასრულებს კომპანია Prime Concrete, რომელიც Gazelle Finance-ის დაფინანსებულია და ფონდი ამ კომპანიაში გარკვეულ წილობრივ შენატანსაც ფლობს“. – ალექსანდრე სოკოლოვსკი „პრაიმ ბეტონის“ დამფუძნებელი დირექტორი .

აქედან უკვე ნათლად ჩანს, რა საჭიროება დაინახა თავის დროზე Gazelle Finance-მა ამ ბაზარზე – საკმარისზე მეტი რაოდენობის მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელთაც აქვთ პოტენციალი, მაგრამ არ აქვთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; ან აქვთ ხელმისაწვდომობა, მაგრამ მხოლოდ არასაკმარის ფინანსებზე.

„თუ ჩვენ შევდივართ კაპიტალში, იმიტომ რომ დაფინანსების სტრუქტურა ასე მოითხოვს, კომპანიასთან წინასწარ ვთანხმდებით, რომ 5 წელიწადში გავალთ, გავალთ წინასწარ გაწერილი პირობებით და სიურპრიზები არ იქნება. ესეც ძალიან დიდი კომფორტია მეწარმისთვის“, – მიხსნის ნათია ჯანელიძე.

კიდევ ერთ ასეთ კომფორტად ალბათ საშეღავათო პერიოდიც შეგვიძლია ჩავთვალოთ. „სანამ ბიზნესი ფეხზე დადგება და იმ ნიშნულებს დაეწევა, რაც ერთობლივად გავთვალეთ, მანამდე შეუძლია არ დაფაროს თანხის ძირი, ან პროცენტი, ან ორივე ერთად“, – განმარტავს ნათია ჯანელიძე.

ნათიასთვის, როგორც საინვესტიციო დირექტორისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იდენტიფიცირებული საჭიროება ამ სეგმენტისთვის ექსპერტული რჩევაა. ამიტომ Gazelle Finance-მა შექმნა დამატებითი პროდუქტი – ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომელიც მეწარმეს სთავაზობს უპროცენტო სესხს ან გრანტს იმისთვის, რომ თან ფინანსური ტვირთი
არ დაუმძიმდეს და თან ამ თანხის გამოყენება საკუთარი გუნდის კვალიფიკაციის ამაღლებას ან, თუნდაც, კონკრეტული – ვთქვათ, მარკეტინგული ან ბუღალტრული აღრიცხვის საკითხის გადაწყვეტას მოახმაროს. „სხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს ფუფუნება, რომ ბიზნესთან უფრო ახლოს ვიმუშაოთ. ჩვენ არ ვართ პასიურად სესხის გამცემები. ჩვენ ვსხდებით კომპანიასთან ერთად, მიმართულებას, რეკომენდაციას ვაძლევთ და მერეც, დაფინანსების შემდეგაც, ერთად ვმუშაობთ, რომ წინასწარ გათვლილ შედეგებს მივაღწიოთ“, – მიხსნის ნათია ჯანელიძე და იქვე დასძენს: „მომავალში მინდა, ბევრი ასეთი ფონდი იყოს“.

რა გეგმები აქვს? „ბოლო სიახლეა იშბანკი“, – ღიმილით მეუბნება: „ბანკში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არასდროს ვყოფილვარ. ძალიან მესიამოვნა ეს შემოთავაზება. იშ ბანკი თურქეთში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკია და, შესაბამისად, ძალიან ველოდები ამ ჯგუფთან მუშაობას იმ ამპლუაში, რა ამპლუაშიც ვარ – ერთადერთი ქალი წევრი და არა თურქი. სიამოვნებით ველოდები ამ თანამშრომლობის განვითარებას“.

ზოგ შემოთავაზებაზე უარის თქმაც უწევს – მაგალითად, დღეს უკვე ვეღარ ახერხებს აკადემიურ საქმიანობას ისე, როგორც ამას ძირითად საქმეს ადრე უთავსებდა. „მაგრამ, იმდენად მომწონს სტუდენტებთან ურთიერთობა, რომ ალბათ გრძელ ვადაში, როცა ცოტა დავბერდები და აღარ ვიქნები ამ ორომტრიალში, აკადემიურ სამსახურს აუცილებლად დავუბრუნდები“, – ამბობს ნათია ჯანელიძე.

ამასობაში ერთი საათი გადის, რაც შეუჩერებლად ვსაუბრობთ. ბოლო კითხვების დრო მოდის. ამ ჯერზე – ნახევარ-კითხვებს ვსვამ.

იღბალი თუ…? „მე ვერ ვიტყვი, რომ არ გამიმართლა: ყოველთვის გარშემორტყმული ვიყავი ხალხით, რომელიც ხედავს რას აკეთებ, შედეგებს, გაფასებს – ალბათ ამ ხალხში, ამ გარემოში, ამ ყველაფერში მართლაც გამიმართლა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი შრომა და მუშაობაა – ყველა დანარჩენი არის დამატებითი საკმაზი. როდის სად იყო, ეგეც შენი ინტუიციის და გამოცდილების ნაწილია და როდის საიდან წახვიდე და სად წახვიდე – ესეც ალბათ კარგ ინტუიციას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოაქვს“.

დასავლეთი თუ…? „როცა ამერიკელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობა მიწევს, ის, რომ მე იქ მაქვს განათლება მიღებული ძალიან მეხმარება. დღეს არავის უკვირს და ძალიან მიხარია, რომ განათლების საზღვარგარეთ მიღების საშუალება ბევრს აქვს. ერთი იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს განათლების დონე მაგისტრატურის საფეხურზე მკვეთრად ჩამორჩება განვითარებულ მსოფლიოს. და მეორე – ეს არის სხვა რამ, რაც არ არის ფურცელზე დაწერილი კომპეტენცია. ეს არის კავშირები, მსოფლმხედველობა. ცხოვრებას სწავლობ სხვანაირად: როგორ დაგეგმო პრიორიტეტები, როგორ დაზოგო თანხა მათ მისაღწევად, უფრო ხმამაღლა როგორ ისმოდეს შენი ხმა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, ვისაც საზღვარგარეთ არ უსწავლია, მაგრამ ძალიან კომპეტენტური და უნარიანია – სწავლა თუ გინდა, ყველგან ისწავლი, მაგრამ თუ შესაძლებლობა გაქვს, დასავლეთშიც მიიღო გამოცდილება, ეს ნამდვილად დამატებული ღირებულებაა კონკურენტულობის თვალსაზრისით“.

ნათია ჯანელიძისთვის Forbes-იც ქართულ ბაზარზე, ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო ვითარდება და მიდის დასავლეთისკენ. „ეს ძალიან მახარებს, როგორც თქვენს ერთგულ მკითხველს“, – მის ხმაში გულწრფელობას ვკითხულობ: „მე მინდა, რომ ეს ქვეყანა უფრო სწრაფად წავიდეს სწორი მიმართულებით და, ჩემი აზრით, ერთადერთი სწორი მიმართულება დასავლეთთან მჭიდრო კავშირების გზით სიარულია“.

ამ გზაზე ნათია ჯანელიძეს ერთი სურვილი აქვს – მთელი გულით უნდა, საზოგადოებამ კარგის და ცუდის დიფერენცირება შევძლოთ და სანამ ახალგაზრდული შემართება არ გაცვეთილა, არ მოვდუნდეთ, საკუთარ თავზე სულ ვიმუშაოთ, პატარა სურათებით შევქმნათ მიმზიდველი დიდი სურათი.

„დღევანდელი ტემპი არ მაკმაყოფილებს, ამ ქვეყანას განვითარების უფრო დიდი პოტენციალი აქვს“, – მიზიარებს გულისტკივილს ნათია ჯანელიძე და ჩვენი ინტერვიუს საფინალო ფრაზაც ნაპოვნი მაქვს: „მთავარია, არ დავიღალოთ!“

 

ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი

ფოტო: ანა ბოკო

No Comments Yet

Comments are closed