როცა მიზანი კოსმოსია | ინტერვიუ სოფო ჯღარკავასთან

სოფო ჯღარკავა შეიძლება ითქვას, რომ სხვებზე ადრე და დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ სტუმარმასპინძლობა საქართველოსთვის მომავლის პროფესია იქნებოდა. ის პრაქტიკულად პირველია, რომელმაც ამ ინდუსტრიისთვის პროფესიული განათლება მიიღო, ეს ის დროა, როცა დარგის დიპლომირებული სპეციალისტები ჩვენს ქვეყანაში თითქმის არ არსებობდნენ. რადგან საქმის ხარისხიანად კეთება და დეტალებზე ორიენტირება მისი ხელწერაა, გადაწყვიტა, რომ არჩეული პროფესია საფუძვლიანად შეესწავლა. ამიტომაც 2006 წელს განათლების მისაღებად დიდ ბრიტანეთში მიდის. შთამბეჭდავი იყო პასუხი, როცა პირველ სამსახურზე ვკითხეთ. სოფო ჯღარკავას პირველი პროფესიული გამოცდილება Tower Bridge-თან არსებულ 801-ნომრიან სასტუმრო Guoman Tower Hotel-ს უკავშირდება. ამ სასტუმროში სოფომ ბევრ პოზიციაზე იმუშავა, ბრენდი კი 2011 წელს დატოვა.

ფოტო: თამარ გონჯილაშვილი

სოფო ჯღარკავა წარმოშობით აფხაზეთიდან არის, ომისა და დევნილობის მოგონებებმა თავისი გავლენა იქონია მის ცხოვრებაზე. ამიტომაც ბავშვობიდან მოყოლებული მუდმივად ეძებდა შინ ყოფნის განცდას, რომელიც სიმშვიდესა და სიმყუდროვესთან ასოცირდება.

„მოგვიანებით, შედარებით დიდ ასაკში გავაცნობიერე, რომ ბავშვობის კითხვებსა და ფიქრებზე პასუხი გაცემული მქონდა ‒ სასტუმროები, სადაც ვმუშაობდი და რომელთა შექმნაშიც ვმონაწილეობდი, იყო მყუდრო, კომფორტული და უსაფრთხო“.

დიდი ბრიტანეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც სოფომ საერთაშორისო პროფესიული გამოცდილება მიიღო. ის ორი წლის განმავლობაში „შერატონის“ გუნდის წევრი გახლდათ, თანაც დოჰაში. Sheraton Doha Resort & Convention Hotel-ში ყოფნის პერიოდში სოფო ჯღარკავას პირადად ებარა სასტუმროს VIP კლიენტების პორტფოლიო. სოფო პროფესიულ მხარდაჭერას უწევდა საოპერაციო განყოფილების დირექტორს, მჭიდროდ თანამშრომლობდა ბრენდის გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებასთან. ეს კიდევ არ არის ყველაფერი.

„ეს არის საქმე, რომელიც მიყვარს და მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას“.

ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში სოფოს პირველი ნაბიჯები თბილისში მდებარე სასტუმრო „ვერე პალასს“ უკავშირდება. გასაუბრებიდან გამოსულს დამსაქმებლისგან გზად დაეწია შეთავაზება მომხიბვლელი პირობებით. ვრცელია იმ სასტუმროების ჩამონათვალი, სადაც სოფო ჯღარკავა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ახლა ის გენერალური მენეჯერია. ზოგადად, ის, ვინც ამ თანამდებობას იკავებს, პასუხისმგებელია სასტუმროს სრულ ოპერირებაზე. მისი პროფესიული ბიოგრაფია გვეუბნება, რომ სოფო იყო Boutique Museum Hotel Orbeliani-ს გენერალური მენეჯერი, გენერალური მენეჯერი წალკაში მდებარე KASS DIAMOND RESORT-ში. სოფო მუშაობდა სასტუმროებში: Marco Polo Gudauri, Alpina, სულ ბოლოს კი, როგორც გენერალურმა მენეჯერმა, 150-ნომრიანი Сourtyard by Marriot Batumi გახსნა.

„შრომით ბაზარზე გზის გაკვლევა საკმაოდ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა. როცა პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, მაშინ არსებობდა მხოლოდ რამდენიმე ქსელური სასტუმრო, რომლებიც კადრებით უკვე დაკომპლექტებული იყო და ისინი იქ სტაბილურად მუშაობდნენ. 15 წლის წინ კადრების ასეთი ნაკადით გადინება ობიექტებიდან, რაც ახლა ხდება, იშვიათი შემთხვევა გახლდათ. ქვეყანაში სურათი კერძო სასტუმროების გახსნამ შეცვალა, რამაც შრომითი ბაზარი დააბალანსა ‒ საჭირო გახდა უფრო მეტი კადრი. 15 წლის წინ სასტუმროში ყველაზე დაბალ პოზიციაზე რომ დაგეწყო მუშაობა, მთელი რიგი ბარიერები და მოთხოვნები იყო გადასალახი, ახლანდელ რეალობაში კი ეს გაცილებით გამარტივდა და შეიძლება ითქვას, სრულიად საპირისპირო ვითარება გვაქვს. ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის ფაქტორი, რომ ითხოვდნენ სამუშაო გამოცდილებას მაშინ, როცა ქვეყანაში არ არსებობდა პროფესიული სკოლები, სადაც შესაბამის გამოცდილებას მიიღებდი“.

ახლა სოფოს ცხოვრებაში ახალი პროექტის დროა. მასზე ცოტა ქვემოთ მოგიყვებით. მანამდე Сourtyard by Marriot Batumi-ზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც სრულად სოფო ჯღარკავამ გამართა.

„2022 წლის მარტში Сourtyard by Marriot Batumi-ში გადავედი. სასტუმრო გასამართი, გასახსნელი და ბრენდისთვის ჩასაბარებელი იყო. ეს პროექტი უდიდეს გამოწვევად მივიღე, რადგან ვიყავი პირველი ქართველი და თანაც ქალი მენეჯერი. ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მენეჯერები, ძირითადად, უცხოელები არიან. შესაბამისად, ჩემს გადაწყვეტილებას მოჰყვა კრიტიკაც, იყო კითხვები იმის თაობაზე, თუ რას შევძლებდი მე, ქალი და თანაც ქართველი. ამ პროექტით ჩემი ოცნება ავიხდინე, მინდოდა, ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ჩვენ, ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ და მიზნისკენაც გაბედულად მივდივართ. ასეც მოხდა, სასტუმრო სრულად ქართველების შესანიშნავი გუნდის დახმარებით გავმართე. სასტუმროს გახსნიდან 1 წელი გენერალური მენეჯერი ვიყავი და სწორედ ამ პერიოდში Courtyard by Marriott Batumi EUROPE, MIDDLE EAST & AFRICA რეგიონში სტუმრების მიერ ყველაზე რეკომენდებულ სასტუმროდ დასახელდა. ამ ჯილდოს მოპოვება სტუმრების განწყობების შესაბამისად ხდება. კერძოდ, გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით, სასტუმროდან გასულ სტუმარს ბრენდის მიერ შემუშავებული ალგორითმის მიხედვით მისდის გამოკითხვის ფორმა, რომლის საშუალებითაც ისინი აფასებენ სასტუმროს რამდენიმე მიმართულებით: მომსახურება, სისუფთავე, სპა სივრცეში მიღებული გამოცდილება, კვებისა და სასმელების ხარისხი, საუზმეზე მომსახურება და ა.შ. ეს მაჩვენებელი ყველა ერთად ჯამდება ITR-ში ანუ INTEND TO RECOMMEND კრიტერიუმში“.

ფოტო: თამარ გონჯილაშვილი

კომპლექსური ცოდნა, დაუღალავი შრომა, დისციპლინა ‒ ეს სოფოს წარმატების ფორმულის შემადგენელი კომპონენტების არასრული ჩამონათვალია. ბუნებით პერფექციონისტ სოფო ჯღარკავას, ნებისმიერი პროექტის მიმართ ერთი მიდგომა აქვს: საქმე, რომელსაც ხელს ჰკიდებს, მაქსიმალური შედეგით უნდა დასრულდეს.

„სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია ბევრი სფეროს კომპლექსურ ცოდნას მოითხოვს. 18 წლის განმავლობაში ნამუშევარი მაქვს სასტუმროს ყველა განყოფილებაში. წარმატებას, პირველ რიგში, საქმის გულწრფელი სიყვარული სჭირდება. აუცილებელია, ადამიანი იყოს პასუხისმგებლიანი, ხარისხზე ორიენტირებული, ქმნიდეს კომფორტულ გარემოს საკუთარი გუნდისთვის და იყოს ფოკუსირებული გრძელვადიან შედეგზე“.

სოფო გვიყვება, რომ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში ჯერ ისევ ბევრი გამოწვევაა და ეს, უპირველეს ყოვლისა, ბაზარზე კადრების დეფიციტს უკავშირდება. მისივე განმარტებით, მაგალითად, მხოლოდ მიღება-განთავსების განყოფილების გამართულად ამუშავებას, სულ მცირე, 6 თვე სჭირდება, ქვედა რგოლის პოზიციაზე მუშაობით კი სტუდენტები ინტერესდებიან, რომლებიც ამ პოზიციებს, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მომავლის პროფესიად არ განიხილავენ.

„ამ პოზიციებზე სამუშაოდ საშუალოდ 12 თვე რჩებიან და ამის შემდეგ ისევ ახალი კადრის აყვანა გვიწევს. მსგავსი თანამშრომლის დაკარგვა ნიშნავს, რომ გამოცდილი ზედამხედველის საფეხურზეც ადგილი ვაკანტური რჩება, ვინაიდან პოტენციური კადრი, რომელიც ქვედა რგოლში მუშაობდა, მიდის. ჩვენს სფეროში, ასევე, უდიდესი გამოწვევაა სახელფასო განაკვეთი. თანამედროვე ცხოვრებაში დისტანციურმა სამსახურებმა და ტექნოლოგიების სფეროში სამუშაო ადგილების მატებამ, სტუმარმასპინძლობის შედარებით დაბალანაზღაურებადი და ფიზიკურად დატვირთული სამუშაო გარემო ნაკლებად მიმზიდველი გახადა. ამიტომაც დარგის სპეციალისტები ბევრს შრომობენ, რომ მომავალ თაობას ინტერესი გაუღვივონ“.

ამ გამოწვევების ფონზე, სოფოს პროფესიული ღირებულებები, პირველ რიგში, თანამშრომლებისთვის კომფორტული, ხარისხიანი, განვითარებაზე ორიენტირებული, თანასწორუფლებიანი სამუშაო გარემოს შექმნას ეფუძნება. ჩვენი რესპონდენტი მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა წარმატებული საქმიანობის პირდაპირპროპორციულია.

„საქმე, რომელსაც ვემსახურები, ყოველთვის მეტყველებს ხარისხზე და უძლებს დროს; შექმნილი გარემო სწორად ეხმიანება ბრენდის სეგმენტს, რათა დაიდოს შესაბამისი შედეგი და გამართლდეს მოლოდინები; მიღწეული შედეგი ყოველთვის არის დროში გათვლილი. იმისთვის, რომ თანამშრომლებს დისციპლინა მოვთხოვო, აუცილებელია, მე ვიყო მათთვის მაგალითი. სადაც მიმუშავია, ყოველთვის მყავდა ხელმძღვანელი, რომელიც მაძლევდა პროფესიულ თავისუფლებას. ამან კი ადამიანებზე ორიენტირებული მართვის სტილი ჩამომიყალიბა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მე ჩემი გუნდის წვერებს ჯერ ვაძლევ ყველა ინსტრუმენტს, რაც მათ საქმის ხარისხიანი შესრულებისთვის სჭირდებათ და შემდეგ ვითხოვ შედეგს. ჩემმა თანამშრომლებმა ზუსტად იციან, რომ არასოდეს მოვითხოვ მათგან იმაზე მეტს, ვიდრე ეს მათ კომპეტენციაში შედის. ჩემთვის პრიორიტეტულია, რომ ჩემი გუნდის წევრებს ჰქონდეთ ისეთი გარემო, სადაც მოსვლა უხარიათ, ვინაიდან სტუმარმასპინძლობის ბიზნესი დიდწილად დამოკიდებულია თანამშრომელთა განწყობაზე“.

ფოტო: თამარ გონჯილაშვილი

Courtyard by Marriott Batumi-ის გახსნის და გახსნიდან ერთწლიანი ოპერირების შემდეგ, სოფომ მორიგ უცხოურ პროექტში წასვლა გადაწყვიტა. ახლა სოფო უცხოეთში ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობისა და პროექტის გეგმაზე მუშაობს. ჯერ ფიზიკურად საქართველოშია, ვიდრე სასტუმრო აშენდება, საკუთარ თავს დისტანციურად მუშაობის უფლება მისცა, პირველად 18 წლიანი კარიერული გზის განმავლობაში.

სოფო ჯღარკავა, ქალებს, რომელთაც კარიერული წინსვლა სურთ, ურჩევს არ შეუშინდნენ წინააღმდეგობებს, ნუ შეეცდებიან თავი ყველას მოაწონონ, ჰქონდეთ ჩამოყალიბებული მიზანი და იზრუნონ განვითარებაზე.

„საზოგადოების წინაშე წამოდგომა და შენი სიტყვის თქმა მაშინ, როცა იცი, რომ მხარს არავინ დაგიჭერს, დიდ გამბედაობას მოითხოვს. ამ გამბედაობას საქმის ხარისხიანი და ძირფესვიანი ცოდნა გაძლევს. ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა შენს სფეროში შექმნილი ყველა დაბრკოლების დაძლევა შენივე ცოდნითა და გამოცდილებით შეგიძლია. ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის და განსჯის, ვინაიდან ის, ვინც გაკრიტიკებთ, ამ გზას არ გადის. დაიწყეთ მიზნისკენ სვლა და როცა სურვილი და მზაობა დიდია, ყველაფერი კალაპოტში დგება და ყველა კარი იღება. მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, როგორც ქალმა, შევძელი ბრენდის სტანდარტის შესაბამისად, საქართველოში გამეხსნა მარიოტის ქსელში შემავალი სასტუმრო Courtyard by Marriott Batumi-ის სახელით. 18 წლის წინ ალბათ დაუჯერებელი იქნებოდა, რომ საქართველოში ქართველი და არა უცხოელი, ისიც ქალი, ბრენდულ სასტუმროს გახსნიდა“.

ინტერვიუს დასასრულს, სოფოს მის პირად პროგრამა მაქსიმუმზე ვეკითხებით, გვაინტერესებს რა შემთხვევაში ჩათვლის, რომ პროფესიაში ყველა საფეხური დაიპყრო?

„ჩვენი სფერო არაპროგნოზირებადია, შესაძლებლობები ‒ შეუზღუდავი. როგორც იცით, უკვე იგეგმება კოსმოსში სასტუმროს გახსნა. ჩემი ოცნება სწორედ ამ სასტუმროში მუშაობაა“.