სინოლოგი, რომლისთვისაც ფრაზა “ეს ჩემთვის ჩინურია” არ არსებობს | ინტერვიუ მარინე ჯიბლაძესთან

მარინე ჯიბლაძე ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც ჩინურ ენას პროფესიონალურად დაეუფლა. ახალგაზრდა ქალის სწავლის პროცესში უცხო კულტურის მიმართ მიუღებლობისა და სტერეოტიპების გარდა, კიდევ მრავალი ბარიერი აღიმართა, თუმცა მტკიცედ დასახულმა მიზნებმა და მუხლჩაუხრელმა შრომამ სასურველი შედეგი გამოიღო და დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სინოლოგია.

საქართველოში გავრცელებულია ფრაზეოლოგიზმი, რომ რაღაც ადამიანისთვის ისეთივე რთულია, როგორც – ჩინური („ეს ჩემთვის ჩინურია“). რა სირთულეები ახლდა თან თქვენს განვლილ გზას ენის შესწავლის პროცესში?

ფრაზას „ეს ჩემთვის ჩინურია“ მაშინ კიდევ უფრო ხშირად ამბობდნენ, როცა სწავლა დავიწყე და ქართულ საზოგადოებაში ამ ენის მიმართ შიში და სკეპტიციზმი ამ ფრაზეოლოგიზმის დამსახურებაცაა. მიუხედავად დიდი ინტერესისა, პირველი ნაკადის სტუდენტებისთვის სწავლა რთული იყო, ვინაიდან მაშინ ამ ენას თითქმის არავინ ფლობდა, არ იყო სწავლების შესაბამისი მეთოდი და საკმარისი სასწავლო მასალა. ამას ემატებოდა ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობა და კრიმინალური 90-იანები. შუქი, წყალი, გათბობა, ტრანსპორტი – არა, პურის გრძელი რიგები, ზოგჯერ სულაც უპურო დღეები. თუ დენი იყო, ასე თუ ისე, ვახერხებდით წყლის ადუღებას და ცხელი ჩაის თანხლებით ვმეცადინეობდით.

მახსოვს, პირველ ლექციაზე მიღებული შოკი – ტრადიციული და გამარტივებული იეროგლიფები ერთდროულად (ჩინეთში კი უკვე მხოლოდ გამარტივებული გამოიყენებოდა), იეროგლიფის შესატყვისი ლათინური ტრანსკრიფცია, რომლის ჟღერადობაც ყოველთვის არ შეესაბამებოდა გრაფიკულ გამოსახულებას, რთულად წარმოსათქმელი ბგერები და „ეგზოტიკური“ ტონები. პირველივე ლექციის შემდეგ ჯგუფში სტუდენტების რაოდენობამ იკლო, დღეს ასე თითქმის აღარ ხდება, მიზეზი კი სწავლების დახვეწილი მეთოდი და ამაღლებული ცნობიერებაა.

ჩინური ენა შესასწავლად განსაკუთრებით შრომატევადი და სტრესული საწყის ეტაპზეა, რასაც ანბანურიდან იეროგლიფურ დამწერლობაზე გადასვლა და ფონეტიკური თავისებურებები განაპირობებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩინური ენის საფუძველი უშუალოდ ენის გამოცდილმა სპეციალისტმა ჩაუყაროს, სასურველია, ქართველმა და არა – მხოლოდ ენის მატარებელმა, ვინაიდან სპეციალისტი იცნობს როგორც ჩინური, ისე – ქართული ენის სპეციფიკას.

რაც შეეხება სირთულეებს, ჩემს კარიერულ გზაზე ეს ოჯახის იმ დროს შექმნა იყო, როცა ჩინური ენის საფუძვლებს ვეუფლებოდი და ჩინეთში სტაჟირება, როცა ჩემი მცირეწლოვანი შვილების ხანგრძლივი პერიოდით დატოვება მომიწია.

მახსოვს, ხელზე ნიშნობის ბეჭდის დანახვისას ჩემი პირველი ლექტორი, შესანიშნავი ქალბატონი, მალი ლიუ-ყანდარელი, დაჟინებით მთხოვდა, დამებრუნებინა ბეჭედი და დაოჯახებაზე უარი მეთქვა, ფიქრობდა, რომ ეს კარიერული წინსვლისკენ დამაბრკოლებდა, თუმცა უკვე მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, შევრკინებოდი ორ ჩემთვის თანაბრად მნიშვნელოვან გამოწვევას. გამოგიტყდებით, არ იყო მარტივი, მაგრამ არც შეუძლებელი აღმოჩნდა.

სწავლისას ერთხელ მეტად ემოციური ამბავი გადამხდა, რამაც, ვფიქრობ, გარკვეულ წილად გადაწყვიტა კიდეც ჩემი ბედი და მინდა, გაგიზიაროთ. ჩინეთში სტაჟირებისას შვილების ძლიერმა მონატრებამ და მათზე დარდმა უცებ უკან დაბრუნება გადამაწყვეტინა, რის შესახებაც უკრაინელ ნაცნობ ქალბატონს მივწერე, რომელიც ჩინეთის სხვა პროვინციის უნივერსიტეტში ასწავლიდა. მისი პასუხი კი ასეთი იყო:

„რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება, დარჩეთ თუ დაბრუნდეთ, თქვენი მისაღებია და ვერავინ დაგადანაშაულებთ ვერც აქ (ჩინეთში) და ვერც იქ (საქართველოში). მაგრამ, ჩემო ძვირფასო გოგონა, არ მინდა ინანოთ, რომ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვენ ხართ ღრმა და მიზანდასახული ადამიანი, ამას ვგრძნობ. ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩინურს ბევრი არ შეეჭიდებოდა. მესმის თქვენი, როგორც დედას და ქალს, მაგრამ, ასევე, ღრმად მწამს, რომ ქალი მყარად უნდა იდგეს ფეხზე – ეს არ ეწინააღმდეგება ქალის, როგორც მეუღლის, ისე დედობრივ ვალს. ქალს უნდა გააჩნდეს სპეციალობა, პროფესია, რომელიც უზრუნველყოფს და დაიცავს მას გაუთვალისწინებელ სიტუაციებში (რაც ცხოვრების მანძილზე, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია).“

ეს სიტყვები ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. მინდა ყველა ქალს ვუთხრა, რომ მათ ვერავინ დააბრკოლებთ, ისინი აუცილებლად დამოუკიდებლები უნდა იყვნენ.

მაშინ, როცა დროს ჩინური ენის შესწავლას უთმობდით, ჩვენთან მოსახლეობის უმრავლესობა რუსული ან, უფრო იშვიათად, ინგლისური და სხვა ევროპული ენის შესწავლით იყო დაკავებული. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება შორეული ქვეყნით?

ჩემი არჩევანი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, ერთ-ერთი სრულიად განსხვავებული და მისტიკური კულტურისა და ენის მიმართ ინტერესი იყო, ხოლო მეორე – ჩინეთის უკვე იმ დროისთვის სწრაფი და მკვეთრი ეკონომიკური წინსვლა. მაშინ უკვე წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჩინეთი „21-ე საუკუნის ქვეყანა“ გახდებოდა, სპეციალობაც საინტერესო მქონდა: აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი ჩინეთის მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო ენის დეპარტამეტში

ჩემი სტუდენტობის პერიოდში აღმოსავლურ ენებში არაბული და ირანული ენები სარგებლობდა პოპულარობით. ჩვენთან ყველაფერი ახალი და განსხვავებული, დიდი ინტერესის მიუხედავად, ვფიქრობ, ცოტა რთულად მისაღებია. მაგალითად, სკოლებში ბევრს უკვირს, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებთან ერთად, ჩინური ენა რატომ უნდა იყოს მეორე არჩევითი უცხო ენა. ზოგს უკვირდა, ზოგადად, რატომ უნდა ესწავლა ქართველს ჩინური.

ჩინური ენის შესწავლისას, გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, ჩინეთის მდიდარი კულტურა უდიდეს როლს თამაშობს. ჩინეთს საოცარი ენერგეტიკა და ამოუცნობი მიზიდულობის ძალა აქვს. თითქმის არ ვიცნობ ჩინური ენის მცოდნე ადამიანს, რომელსაც არ შეყვარებოდა ეს ქვეყანა ჩასვლისთანავე.

როგორც ჩინური ენის სპეციალისტი, რა ტენდენციებს გამოყოფდით საქართველოში ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესების შესახებ? ვინ და რა მიზნით სწავლობს დღეს ჩვენს ქვეყანაში ჩინურს?

სანამ ჩინეთი პოპულარული გახდებოდა, ჩინური ენის შესწავლის მიზეზი ბუნდოვანი იყო, სტუდენტები ამ ენას, ძირითადად, ეგზოტიკურობისა და ჩინური კულტურისადმი ინტერესის გამო ირჩევდნენ. შემდეგ კონფუცის ინსტიტუტი გავხსენით, რომელმაც ყველა მსურველს შესთავაზა ჩინური ენის კურსები. ჩინეთის ეკონომიკის მკვეთრმა ზრდამ ჩინური ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობა გაზარდა. დღეს ჩინური ენა მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ენაა. ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობიდან გამომდინარე, „სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში“ საქართველოში მოიმატა და გაჩნდა უამრავი სამუშაო ადგილი. ასევე, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ ქართული პროდუქციის ჩინურ ბაზარზე ხელსაყრელ პირობებში გატანის საშუალება მოგვცა. ჩვენი სტუდენტები წარმატებით აბარებენ საერთაშორისო გამოცდებს ჩინურ ენაში, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, გადიან საპრიზო ადგილებზე ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში. დასაქმების მხრივ, კურსდამთავრებულებსა და მეოთხე კურსის სტუდენტებშიც კი ასპროცენტიანი დასაქმებაა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში.

გაეროში ჩინური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

უკვე წლებია, „კონფუცის ინსტიტუტის“ დირექტორი ბრძანდებით, როგორ შეაფასებდით მის როლსა და მნიშვნელობას ჩინეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით?

ჩინეთში ჩინურ ენის სპეციალობით სადოქტორო ხარისხის მოპოვების შემდეგ, 2005 წელს, საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩავუდექი სათავეში აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის ჩინურ მიმართულებას. ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამომგზავრებამდე გავიგე კონფუცის ინსტიტუტის შესახებ და სწორედ მაშინ დაიწყო გახსნაზე საუბარი, თუმცა მალევე ჩინეთში მომიწია დაბრუნება. 2009 წელს კი საქართველოში ჩამოსვლისთანავე ბატონმა კახა ბენდუქიძემ მიმიწვია „თავისუფალ უნივერსიტეტში“ და მთხოვა, ჩინურ მიმართულებას ისევ სათავეში ჩავდგომოდი. 2010 წლის ნოემბერში ერთობლივი ძალისხმევით „თავისუფალ უნივერსიტეტში“ „კონფუცის ინსტიტუტი“ ოფიციალურად გაიხსნა. ჩვენი ამჟამინდელი პარტნიორი „ჭენგჭოუს უნივერსიტეტია“, სადაც სტაჟირებას გადიან სტუდენტები და „კონფუცის ინსტიტუტის“ მსმენელები. ჩვენი კონფუცის ინსტიტუტის ბაზაზე ვატარებთ უამრავ ღონისძიებას (ჩინურ დღეებს, კონფერენციებს, ფორუმებს და ა.შ.) და კონკურსებს, როგორც დამოუკიდებლად, ისე ჩინეთის საელჩოსთან ერთად, გამოვცემთ ქართულენოვან სასწავლო მასალებს, ვატარებთ ქართველი სინოლოგებისა და ჩინელი ენისა და კულტურის სპეციალისტების საჯარო ლექციებს და სხვა. ჩვენთან ქართველ მსმენელებს, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ეძლევათ საშუალება, სხვადასხვა კუთხით აიმაღლონ ცნობიერება ჩინეთზე, დახვეწონ ზეპირი მეტყველება და ჩვენთანვე ჩააბარონ ჩინური ენის საერთაშორისო გამოცდები.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ჩინეთთან პირდაპირი კონტაქტი არ სურდათ, ჩინური ენის სწავლება აკრძალულიც კი იყო, ამის უფლება მხოლოდ რუსეთს ჰქონდა. დღეს კი ჩინეთი ჩვენი მნიშნველოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებშიც აფიქსირებს და, მიუხედავად ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მცდელობისა, ჩინეთი არასოდეს ცვლის თავის პოზიციას. ამას აზიისა და აფრიკის სხვა ქვეყნებიც ითვალისწინებენ, რაც ძალზედ მნიშნველოვანია.

ჩინეთში ჩინური ენის საერთაშორისო კონკურსზე ჟიურიში

თქვენ ფლობთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს პეკინში, „ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის და მიღწევებისთვის“, – გვიამბეთ მეტი ამ და სხვა წარმატებების შესახებ.

2016 წლის გაზაფხულზე შემატყობინეს ჯილდოს შესახებ. ეს ჯილდო გადაეცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სონოლოგებს, მათ შორის იყვნენ უკვე ძალიან ასაკოვანი სინოლოგებიც. ეს იყო ჯილდო სინოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის.

გარდა ჯილდოსა, იმავე წელს მომენიჭა პეკინის ენების უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორის წოდება, ლექციებს ვუკითხავ ჩინელ სტუდენტებს ბაკალავრიატზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, როგორც ამ უმაღლეს სასწავლებელში, ისე პეკინის მედიისა და კომუნიკაციების უნივერსიტეტში ჩინურ ენასა და ჩინური ენის როგორც უცხო ენის სწავლებას და ვარ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

არაერთხელ მომიწია ჩინეთში ჩინური ენის საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსებზე ჟიურის წევრობა.

მიხარია, რომ როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩინური ენის ექსპერტმა შევიტანე წვლილი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ჩინური ენის, როგორც მეორე უცხო ენის, წლიური პროგრამების შედგენაში სამინისტროსთან ერთად.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური ლიტერატურის კუთხე და ჩემი სახელობის ფონდი გაიხსნა. ანალოგიურად, ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში იგეგმება ქართული ლიტერატურის კუთხის გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.

მნიშნველოვანი საქმე გაკეთდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან ერთად, შემუშავდა და გამოიცა ჩინური ენის ბგერათა სისტემის ქართულ ენაზე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის წესები. მანამდე წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ საკითხზე როგორც პრაქტიკულ, ისე სამეცნიერო დონეზე, არაერთხელ გავიტანე კონფერენციაზე მოხსენება და გამოვაქვეყნე სტატია ჩინეთში ფონეტიკური შედარების და ჩინური ენის ბგერათა სწავლების საკითხებზე. ეს არის საფუძველი, რაზეც უკვე ეტაპობრივად დაშენდება სხვა დამატებითი ნორმები. წესრიგი საჭიროა ყველგან, სხვაგვარად, ენის აღქმასა და წარმოთქმაში ქაოსი და გაუგებრობა გაჩნდება. ჩვენ ამით პატივს ვცემთ, პირველ რიგში, საკუთარ ენას, რაც ჩვენი ყველას ვალია – „სახელმწიფო ენა დამოუკიდებელი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია!“

 

No Comments Yet

Comments are closed