კიკბოქსინგიდან პილოტობამდე | ინტერვიუ მაგდა ქააძესთან

საავიაციო სფერო, კონკრეტულად კი პილოტობა- ეს ის არის, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მაგდასთვის უალტერნატივო და უპირობო პროფესიულ არჩევანს წარმოადგენდა. ქალი პილოტი ბევრს უჩვეულო კომბინაციად ეჩვენებოდა, თუმცა მაგდასთვის მსგავსი გადაწყვეტილებები ცხოვრების ნაწილია. როგორც თვითონ ამბობს, ყველაზე დიდი საყრდენი კი ასეთ დროს მისი ოჯახია.

ქართულ საავიაციო სფეროში ქალების რაოდენობა მცირეა. თუმცა, მაგდა თვლის, რომ განსხვავებას ქალებსა და კაცებს შორის გენდერულ ჭრილში მხოლოდ ეს ფაქტი გვაძლევს, სხვა ყველაფერი – შესაძლებლობები, კონკურენცია და პირობები კი თანაბარია. ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ამ ნიშნულამდე მოსულიყო და გასავლელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. უკვე სამი წელია, რაც პილოტი გახდა, თუმცა, თვითონვე ამატებს, რომ სწავლის გაგრძელებს კლავ აპირებს, ამჯერად უფრო მაღალი კვალიფიკაციით.

Forbes Woman Georgia წარმოგიდგენთ მაგდა ქააძეს, რომელიც მკითხველს მოუყვება საკუთარი პროფესიული არჩევანისა და მისი სირთულეების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა უყვარს ამ სფეროში ყველაზე მეტად და რა რჩევას მისცემდა ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც ახლა დგანან კარიერული გადაწყვეტილების წინაშე.

თავდაპირველად კიკბოქსინგით იყავით გატაცებული. როგორი იყო ოჯახის წევრების ან გარშემომყოფების დამოკიდებულება?

ჩემს ოჯახში არასდროს ყოფილა სტერეოტიპული დამოკიდებულება და დაყოფა, რომ რაღაც საქმე მხოლოდ ქალს უხდება და მას შეუძლია გააკეთოს, რაღაც საქმე კი მხოლოდ კაცს შეეფერება და სწორედ ის უნდა მიჰყვეს ამ სფეროს. იგივე შეიძლება ითქვას გარშემომყოფებზეც. თუმცა, ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ ამ ჩემს გატაცებას სხვები თავდაპირველად სერიოზულად არ აღიქვამდნენ. გარკვეული პერიოდი, მანამ სანამ მამაჩემი ღიად გამომიცხადებდა მხარდაჭერას და სანამ იტყოდა, რომ დიახაც უნდა მევარჯიშა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ შესაძლებლობები მქონდა, ყველას არც თუ ისე სერიოზული დამოკიდებულება ჰქონდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ესეც შეიცვალა. როდესაც ამ მიმართულებით რამდენიმე პრიზი და ჯილდო მივიღე, უკვე ყველა ჩემთან ერთად აღნიშნავდა წარმატებას.

დაახლოებით რა ასაკის იყავით, როდესაც მიხვდით, რომ საავიაციო სფერო გიტაცებდათ?

ჩემი ძმა ჩემზე ორი წლით უფროსია. მან ჩააბარა საფრენოსნოზე და ,ალბათ, ამან იქონია ზეგავლენა. უშუალოდ დამამთავრებელ კლასში ვიყავი, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღე და ამ პერიოდიდანვე დავიწყე მომზადება. სასწავლებლის არჩევანიც მხოლოდ საავიაციო უნივერსიტეტზე შევაჯერე. სხვას არც განვიხილავდი. ისიც კი ვიცოდი, რომ მხოლოდ პილოტობა მინდოდა და არა ტექნიკოსობა ან საავიაციო სამართლის მიმართულებით მუშაობა.

პროფესიული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ თუ ოჯახის წევრების რჩევით ან გავლენით?

ზოგადად ოჯახში ერთმანეთის მიმართ თბილი და განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. როდესაც ამ სფეროთი დავინტერესდი და გადავწყვიტე საფრენოსნო მიმართულებით ჩამებარებინა, ერთადერთი, რაც მამაჩემმა მითხრა იყო ის, რომ რთული იქნებოდა და, რომ ჩემთვის მაინც სხვა პროფესიას ისურვებდა, მაგალითად, ექიმობას. ეს იყო უბრალოდ მისი რჩევა და გამაფრთხილა, რომ სირთულეები შემხვდებოდა და მკითხა, რამდენად ვიყავი ამისთვის მზად. სიმართლე რომ გითხრათ, დიდად ჩემი ეს განაცხადი არც გაჰკვირვებიათ მგონი. მიჩვეულები იყვნენ ჩემგან არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. რაიონში გავიზარდე და ერთადერთი გოგო ვიყავი, რომელიც დარბაზში დადიოდა სავარჯიშოდ და ფორმის შესანარჩუნებლად.

რა სირთულეები შეგხვედრიათ სწავლის ან თუნდაც შემდგომ უკვე პილოტად მუშაობის პერიოდში?

დავიწყებ სწავლის პერიოდით. სწავლა ამ მიმართულებით მარტივი ნამდვილად არ აღმოჩნდა. თოთხმეტ სავალდებულო საგანს სწავლობ და აბარებ ინგლისურად. აეროდინამიკა, მეტეოროლოგია, ნავიგაცია – რთულია ამ თეორიული საგნების შესწავლა. რაც შეეხება პრაქტიკულ სწავლებას, იოლი არც ეს იყო, თუმცა უფრო შეჩვევის მომენტია. უნივერსიტეტში ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი გადანაწილებული. ორწელიწად-ნახევარი სწავლობ თეორიას და ემზადები იმისთვის, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში განახორციელო. დროთა განმავლობაში უკვე მხოლოდ პასუხისმგებლობის სიდიდე იზრდება. მეტ ადამიანზე ხარ პასუხისმგებელი და ფსიქოლოგიურად შეიძლება ეს აღმოჩნდეს თავდაპირველად რთული. თუმცა, იმდენად კარგად გამზადებენ, რომ ესეც მინიმუმამდე დადის. დიდ ავიაციაში არ მიგიღებენ მანამ, სანამ ბოლომდე მზად არ იქნები ყველაფრისთვის.

პირველი ფრენა დამოუკიდებლად – როგორი იყო შეგრძნებები?

უნივერსიტეტში ვსწავლობდი ჯერ კიდევ, როდესაც პირველად მომიწია, რომ დამოუკიდებლად მეფრინა. პრაქტიკა თელავის აეროპორტში გავიარე და დავალება იყო ერთგვარი. ერთი რაც მახსოვს ის იყო, რომ , როდესაც მოვიხედე და სიცარიელე დამხვდა გვერდით, შიში არ მიგრძვნია, მაგრამ ძალიან მეუცხოვა ყველაფერი. თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ კი აღტაცებული ვიყავი. გიხარია, რომ შენით შეძელი ყველაფერი და ამ დროს შენი თვითშეფასებაც უფრო იზრდება. თუმცა, სამოქალაქო ავიაციაში სულ მარტო არასდროს ხარ. მეორე პილოტი ყოველთვის არის შენს გვერდით.

როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე საავიაციო სფეროში მომუშავე ადამიანისთვის?

დილა ადრე იწყება ჩვენთვის. პირველი, რასაც ვაკეთებთ დოკუმენტების მომარაგება და მომზადებაა. შემდეგ მივდივართ ძირითად ოფისში, საიდანაც გვჭირდება საფრენოსნო დოკუმენტაცია და უკვე მივდივართ თვითმფრინავზე. აუცილებელია, რომ ყველა აფრენამდე თვითმფრინავი შემოწმდეს. ამ პროცედურის გარეშე რაიმეს დაწყება შეუძლებელია. თუკი ყველაფერი რიგზეა, ავიყვანთ მგზავრებს და ველოდებით ძრავის გაშვებისა და ასაფრენ-დასაფრენ ნებართვას. გზაში შესაძლოა უცხო სიტუაციები შეგხვდეს ხოლმე. თუმცა ჩვენ ყველა თვითმფრინავისა და პილოტის ხმა გვესმის და შესაბამისად ამასაც ვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ.

ხასიათის რა თვისებები ან უნარ-ჩვევებია საჭირო იმისთვის, რომ პილოტი გავხდეთ?

პირველ რიგში, ვთვლი, რომ უნდა იყო მონდომებული, რომ ისწავლო. ასევე, აუცილებლად უნდა იყო დაკვირვებული, უნდა გქონდეს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. რაც მთავარია, არ უნდა იბნეოდე და არ უნდა გეშინოდეს. თუკი დაფრთხები, მობილიზება რთულია, ეს კი არახელსაყრელია, როდესაც ბევრი მგზავრი გყავს და ადამიანებზე ხარ პასუხისმგებელი.

რა არის ის, რაც ამ პროფესიაში ყველაზე მეტად გიყვართ?

აფრენის და დაფრენის მომენტია ამაღელვებელი, მითუმეტეს, როდესაც წარმატებით განახორციელებ ამ ყველაფერს. ულამაზესია, როდესაც დილით გვიწევს აფრენა, მზე ამოდის და თენდება. ამ დროს საოცარი ხედები იშლება ხოლმე შენ თვალწინ. ალბათ, ყველაზე მეტად ეს მიყვარს. ყველა აფრენა და დაფრენა განსხვავებულია. არცერთი სამუშაო დღე ერთმანეთს არ ჰგავს. სამი წელია დავფრინავ და ეს ხედები ყოველ ჯერზე სიამოვნებას და აღელვებას იწვევს.

როგორ ახერხებთ სტრესული ან კრიზისული სიტუაციებიდან თავის დაღწევას – გაქვთ თუ არა თქვენეული მიდგომა და გზები?

სამსახურში როდესაც ვარ, ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა პრობლემა უკან მოვიტოვო. და სიმართლე რომ ვთქვათ, როდესაც საქმეს აკეთებ მერე უკვე ეს უსიამოვნო სიტუაციები გავიწყდება თავისთავად, იმდენად ხარ ჩაფლული. გაქვს სპეციალური ჩეკლისტები და დრო აღარ გრჩება, რომ სხვა რამეზე იფიქრო. თუმცა, თუკი რაიმე სტრესული სიტუაცია მაქვს, ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ რა გადამიტანია. ვადარებ წარსულ გამოცდილებას მიმდინარე გამოწვევას და ჩემს თავს ვეუბნები, რომ ბევრად უარესები გამომივლია და, რომ ეს ყველაფერი ამდენ ნერვიულობად არ ღირს.

რამდენად არიან ქალები ჩართული ქართულ საავიაციო სფეროში?

ჩვენს კომპანიაში ქალი მხოლოდ ორნი ვართ და თან პირველები ვიყავით, ვინც აქ დაიწყო მუშაობა. რეალურად რომ შევაფასოთ, არ გვაქვს ჩართულობა. უცხოა ამ სფეროში ქალი. როდესაც მუშაობა დავიწყეთ, სიახლე იყო ყველასთვის და ყველას ეუცნაურებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მიეჩვივნენ. ხედავენ, რომ შენც მათსავით შეგიძლია მუშაობა და ყველაფრის გაკეთება და ასეთ დროს ჩვეულებრივ ურთიერთობასაც მარტივად ამყარებ.

ამ მიმართულებით რაიმე ბარიერს თუ აწყდებიან ქალები – თანაბარია თუ არა პირობები და კონკურენცია?

რაოდენობრივად ცოტანი ვართ, თუმცა არანაირი ბარიერი არ მიგრძვნია მხოლოდ იმის გამო , რომ ქალი ვარ. შესაბამისად ვიტყოდი , რომ პირობები და კონკურენცია თანაბარია.

დაოჯახებული ხართ. როგორ ახერხებთ სამსახურსა და პირად ცხოვრებაში ბალანსის შენარჩუნებას?

ამ მონაკვეთში ვიტყოდი, რომ ძალიან გამიმართლა. ჩემი მეუღლეც საფრენოსნოზე სწავლობს და აბსოლუტურად ესმის ჩემი მდგომარეობა. იცის როგორი განრიგი მაქვს. მუდმივად ვუწყობთ ერთმანეთს ხელს.

რას ურჩევდით ახალგაზრდა გოგონებს, რომლებიც სწორედ ახლა დგანან პროფესიული არჩევანის წინაშე?

ვურჩევდი, რომ გაყვნენ თავიანთ ოცნებებს. არ დაუჯერონ სხვებს, რადგან დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ეტყვის ვიღაც, რომ ამას ვერ შეძლებს, რომ ეს საქმე გოგოს არ შეეფერება ან ძალიან გაუჭირდება. ადამიანი სადამდეც ფიქრობს რომ შეძლებს, მისი შესაძლებლობების ზღვარიც სწორედ იქ გადის. ამიტომ, მაქსიმალურად გაშალონ ფრთები. ჩემი დაკვირვებით, სცადონ, რომ ახლო ურთიერთობა დაიჭირონ მშობლებთან და დაფიქრდნენ, თუ რატომ უნდათ ესა თუ ის პროფესია. როდესაც გაქვს არგუმენტები და შეგიძლია დასაბუთება შენი არჩევანის, ყველაფერი უფრო დამაჯერებელი ხდება.

You have successfully subscribed to the newsletter

რეგისტრაციისას დაფიქსირდა ხარვეზი.

თანახმა ვარ, Forbes Woman Georgia-სგან მივიღო ყოველკვირეული განახლებები.