ალბინა ქაჯაიას ხელწერა ესთეტიკის ინდუსტრიაში

ალბინა ქაჯაია ამბობს, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, მისი წარმატებები სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ყველა ჯილდო, აღიარება და რეგალია ‒ გზავნილია საქართველოდან. რომ ის, პირველ რიგში, თავის ქვეყანას წარადგენს მსოფლიოში.

ის კლინიკების „ტოტალ შარმის ვაკის“ და „ტოტალ შარმ სტომატოლოგიისა და ესთეტიკის კლინიკა“-ს დამფუძნებელი და დირექტორია. ალბინა, პარალელურად, მუშაობს სამეცნიერო მიმართულებით, ახლახან მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. არის ესთეტიკური მედიცინის ჯილდოს „სილამაზის ხელოვნების“ გამარჯვებული, იტალიის სილამაზის საზოგადოების საპატიო წევრი და სილამაზისა და ესთეტიკის საერთაშორისო საბჭოს წევრი. ის საქართველოდან ერთადერთი საერთაშორისო ტრენერია, რომელიც ცნობილ ამერიკულ კომპანიებთან „ალერგანსა“ და „იფსენთან“ თანამშრომლობს.

ყველა ამ სტატუსზე მეტს კი მისი წარმატებული პრაქტიკა ჰყვება და იმ ერთგული პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ალბინა ქაჯაიას ესთეტიკური პროცედურებისთვის მთელი მსოფლიოდან აკითხავენ.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

როგორი იყო თქვენი პირველი პროფესიული ნაბიჯები?

პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ეს გზა იყო ძალიან რთული. სხვა გეგმები მქონდა, მთელი ცხოვრება მინდოდა კანონთან, იურისპრუდენციასთან, გამოძიებასთან, პროკურატურასთან ვყოფილიყავი დაკავშირებული. უკვე მეათე კლასში ზედმიწევნით ვიცოდი ჩემი უფლებები, ვოცნებობდი საკუთარი სანოტარო ბიურო მქონოდა. თუმცა, ჩემი პროფესიული ცხოვრება სხვა მიმართულებით განვითარდა. მე ვარ ძალიან ტრადიციული მეგრული ოჯახიდან. დედაჩემი ცნობილი ექიმი-მამოლოგია, მოსკოვში ცხოვრობს. ფაქტობრივად, მისი გადაწყვეტილება იყო, რომ მეც მედიცინაში წავედი.

უნივერსიტეტის მეექვსე კურსზე, ბაკალავრიატის დამთავრებამდე წელიწად-ნახევრით ადრე გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, გიორგი სულამანიძე. იმ დროს ის უკვე ცნობილი პლასტიკური ქირურგი იყო. მე ორდინატურა დედის განხრით, რადიოლოგია-მამოლოგიის მიმართულებით დავამთავრე. დაოჯახების შემდეგ გადავწყვიტე კვალიფიკაცია დერმატოლოგიის მიმართულებით შემეცვალა.

პირველი შვილი მოსკოვში შემეძინა. მალევე მივიღეთ მე და გიორგიმ გადაწყვეტილება, დავბრუნებულიყავით საქართველოში. გავხსენით კლინიკა ორბელიანზე, ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. ეს არ იყო იოლი პროცესი. მე არ ვარ თბილისელი, აფხაზეთიდან ვარ. შესაბამისად, არ ვიცნობდი ამ ქალაქს, არ მყავდა აქ ნაცნობები, მაგრამ ამას არ შევუშინებივარ, თბილისში დავრჩი და გავაგრძელე მუშაობა, აქ გავაჩინე მეორე და მესამე შვილი.

2014 წელს, როცა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი დაიწყო, საშინელი პროტესტი მქონდა. უამრავი უკრაინელი კოლეგა და მეგობარი მყავს, ვხედავდი რა უსამართლობა ხდებოდა, ამას ემატებოდა აფხაზეთის ფაქტორი ‒ ჩემი მოგონებები და ტკივილი, რომელიც მასთანაა დაკავშირებული. იმის გამო, რომ უკრაინას დავუჭირე მხარი, რუსეთისგან საშინელი აგრესია მივიღე.

2014 წლის შემდეგ არც ერთხელ აღარ ჩავსულვარ რუსეთში, არ დავთანხმებულვარ არცერთი კონგრესში, სემინარში მონაწილეობას.

რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევები საქართველოში იმ ეტაპზე?

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ის იყო, რომ ქართულად „გამარჯობასა“ და „ნახვამდის“ გარდა არაფერი ვიცოდი. ახლა კი, აქ გატარებული 13 წლის შემდეგ, მადლობელი ვარ ამ ქვეყნის. ბედნიერი ვარ, რომ რაღაცას ვაკეთებ საქართველოსთვის.

2015 წელს ბაქოში გადმომცეს ჯილდო პლასტიკურ ქირურგიაში. 2017 წელს მონაკოში ოსკარი მივიღე ევროპის საუკეთესო კლინიკური შემთხვევისთვის. 2019 წელს ბოსტონის სამედიცინო ინსტიტუტმა მიმიწვია, იქ ვკითხულობდი ლექციებს ესთეტიკურ მედიცინაში. 2022 წელს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტისგან მივიღე საპატიო სიგელი დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისთვის. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც კი ოდესმე მიმიღია და, ზოგადად, მიმაჩნია, რომ ამაზე მეტი მიღწევა არ არსებობს მეცნიერისთვის. სამეცნიერო სამუშაო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩემთვის: ვწერ სტატიებს, ვატარებ კვლევებს, გავდივარ საერთაშორისო არენაზე და წარვადგენ საქართველოს. ოთხი წელი ვიმუშავე სადოქტორო დისერტაციაზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ფარმაკოლოგიის კათედრაზე. ეს იყო წარმოუდგენელი შრომა. ჩემთვის გამოწვევა იყო ისიც, რომ ფარმაკოლოგიისთვის თავი უნდა გამერთმია ქართულ ენაზე, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ არ შევუშინდი.

ზუსტად 2 წლის წინ თავი სხვა კუთხითაც გამოვცადე: გავხსენი საკუთარი კლინიკა, „ტოტალ შარმის“ „ფრენჩაიზი“, რომელიც ფინანსური და ყველა სხვა მაჩვენებლით წარმატებული აღმოჩნდა. წელს გავხსენი მეორე კლინიკა ‒ უკვე სტომატოლოგიის მიმართულებით. ამ პროექტის კურატორი გახლავართ. დიდხანს მქონდა ეს იდეა, ვინახავდი, ვავითარებდი, ვცდილობდი გადამერწმუნებინა მეუღლე, რომელიც არაფრით არ მეთანხმებოდა, ამიტომ ბოლოს გადავწყვიტე თვითონ გამეხსნა. ცხადია, ძალიან სარისკო ნაბიჯი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ესა არაა ჩემი ინდუსტრია. თან ყველაზე რთული გზით წავედი: დავიწყე ყველაფრის შესწავლა, მათ შორის, უმცირესი წვრილმანების. პირველ რიგში, გავეცანი ბაზარს, გავარკვიე დეტალები. გავიგე რისი დეფიციტი იყო ჩვენს ქვეყანაში: ესაა ულტრათანამედროვე ციფრული სტომატოლოგია, რაც გვეხმარება მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ როგორც მკურნალობის, ისე მომსახურების ხარისხი. წავედი ამ გზით, შევიძინე უახლესი აპარატურა, კატე, სკანერი, გამათეთრებელი აპარატი ZOOM 4, რომელიც საქართველოში სულ ორ კლინიკაშია. ყველაზე დიდი გამოწვევა კი მაინც გუნდის შექმნა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა შესანიშნავი თანამშრომლები შევკრიბე. ყველას აქვს საუკეთესო განათლება, ყველანი მუშაობდნენ საუკეთესო კლინიკებში. მათ უბრალოდ არ მოუნდებოდათ ჩემთან მუშაობა, თუ რეალურად კარგ სამუშაო გარემოს არ შევთავაზებდი. ზოგადად, მიყვარს როცა გარემო კომფორტულიცაა, ლამაზიც და ხარისხიანიც. როცა სტომატოლოგიურ სავარძელში ჯდები და გემსახურებიან საუკეთესო აპარატურით, საუკეთესო მასალებით, ასეთი მკურნალობა სიამოვნებაა. მადლობელი ვარ ყველა იმ ექიმის, ვინც ჩემს კლინიკაში გადმოვიდა, მენდო და დაიწყო ნულიდან. მე არასდროს მეშინია რისკის ‒ თუ არ სცადე, ვერასდროს გაიგებ იმუშავებს თუ არა კონკრეტული რაღაც.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რა გეხმარებათ საქმეში ყველაზე მეტად?

მე მიმაჩნია, რომ თუ იცი კანონი და არ არღვევ მას, პრობლემა არ გექმნება. ასეა საქმეშიც: თუკი იცი საქმე და კარგად აკეთებ მას, შედეგი აუცილებლად დადგება. შედით ნებისმიერ კოსმეტოლოგთან და ნახავთ ჩვენს სერტიფიკატს. კოსმეტოლოგების არაერთი თაობა აღვზარდე. როცა ჩვენთან პიარისა და მარკეტინგის თანამშრომლები მოდიან, მათ უკვე თავად ვუზიარებ დაგროვილ გამოცდილებას, რადგან ეს ყველაფერი პირადად გამოვცადე, ვიცი რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს. რთული გზა იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ღირსეულად გავიარეთ. მე მგონია, რომ ყველაზე მთავარი საიდუმლო, თუ როგორ მოვედით დღემდე, არის ის, რომ ყოველთვის ვმუშაობდით ხარისხზე და არა რაოდენობაზე. როგორც კი გადადიხარ რაოდენობაზე, კარგავ ხარისხს. და თუ კარგავ ხარისხს, კარგავ რეპუტაციასაც. თუ ერთხელ მაინც შენს რეპუტაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი გაჩნდა, მეორე შანსს აღარ მოგცემენ. განსაკუთრებით, ისეთ პატარა ქალაქში, როგორიც ჩვენია.

პირველი ეტაპი რეალურად ძალიან რთული იყო. პაციენტი მოდიოდა და ხედავდა ახალგაზრდა გოგოს. მეუბნებოდნენ, ქალბატონ ალბინას ვეძებო. არავინ მიცნობდა, კონკურენცია მაღალი იყო. ახლა ღიმილით მახსენდება, მაგრამ მაშინ საშინლად რთული დრო იყო. ქართულად ვერ ვლაპარაკობდი, რუსული ენით არ შემეძლო მივსულიყავი ტელეეთერებში, არცერთი ჟურნალი არ იღებდა ჩემგან ინტერვიუს. არ გვერჩოდნენ, მაგრამ არც არავის უნდოდა ჩვენი მხარდაჭერა.

არის ხოლმე მომენტები, როცა შენი საქმისგან იღებ დასტურს, რომ რაღაცას სწორად აკეთებ ცხოვრებაში. ჩემთან ძალიან ბევრი მოდის უცხოეთიდან. არ ვიცი ვის ვინ აგზავნის. უბრალოდ, მოდიან და მეუბნებიან, თქვენზე გვითხრეს, რომ თვითონ გვეტყვით რა არის საჭიროო. მე არ მიყვარს ზედმეტის დანიშვნა, არ მიყვარს ადამიანებთან ისე მოქცევა, როგორც არ მენდომებოდა მომექცნენ. პაციენტთან არასდროს გამოვიყენებ პროდუქტს, რომელსაც არ გამოვიყენებდი საკუთარი თავისთვის ან დედაჩემისთვის. ახალ სტომატოლოგიურ კლინიკაშიც პირველი პაციენტი თვითონ ვიყავი.

რაც შეეხება ტრენინგებს, კონფერენციებს, კვალიფიკაციის ამაღლებას‒ ამ მხრივ რამდენად დატვირთულია თქვენიცხოვრება?

მიწვეული სპიკერი ვარ ბევრ საერთაშორისო კონგრესზე, ვატარებ ტრენინგებს. დღემდე ვსწავლობ, სოლიდურ თანხებს ვხარჯავ იმისთვის, რომ გავაუმჯობესო ჩემი პროფესიონალიზმი. სამი წლის წინ კომპანია (Allergan) გამოაცხადა კონკურსი „მომავლის ლიდერები“. განაცხადები მთელი მსოფლიოდან შეგროვდა. მეც ამიყვანეს ამ პროგრამაში, 30 ადამიანი ვართ. გვასწავლიან, ჩვენში დიდ თანხას დებენ. მაგალითად, სინგაპურში გვქონდა ოთხდღიანი, ძალიან დატვირთული ტრენინგი. მადლობელი ვარ, რომ მაქვს საშუალება კიდევ უფრო გავიუმჯობესო პროფესიული უნარები. ზოგადად, ვგიჟდები სწავლაზე, მიყვარს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ცოცხალი კომუნიკაცია. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 1000 ადამიანის წინაშე გამოვალ თუ ხუთის. ექვსსაათიან კონფერენციებს მარტო ვატარებ ხოლმე. ახლა, მაგალითად, პრაღაში მივდივარ, სადაც ტრენინგი მთელ დღეს გაგრძელდება. ამას ნამდვილი სიამოვნება მოაქვს ჩემთვის.

საქართველოში ყოველ წელს ვატარებთ ძალიან სერიოზულ საერთაშორისო კავკასიურ კონგრესს პლასტიკურ ქირურგიასა და დერმატო კოსმეტოლოგიაში, სახელწოდებით „კოლხიდას“. სპიკერები მთელი მსოფლიოდან ჩამოგვყავს, მე ვარ ამ კონფერენციის სამეცნიერო დირექტორი, ვწერ სამდღიან, დატვირთულ პროგრამას.

მუდმივად ვზრუნავთ ჩემი ექიმების განვითარებაზეც. მათ სისტემატურად ვუშვებთ საზღვარგარეთ დახურულ მასტერკლასებზე, ტრენინგებზე. ამჟამად 30-მდე ექიმია დასაქმებული ჩვენთან.

24 საათი გყოფნით?

არა, არასდროს მყოფნის დრო. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ხშირად მიწევს უცხოეთში გამგზავრება. მაგალითად, ახლა არგენტინაში მივფრინავ, მერე ათი დღით ჩამოვდივარ თბილისში, შემდეგ პოლონეთია დაგეგმილი, იმის შემდეგ ‒ პრაღა და ინგლისი.

ყველაზე ძვირფასი, რაც ცხოვრებაში მაქვს ‒ ესაა ჩემი დრო. ჩემთვის უბრალოდ არ არსებობს ფრაზები: დავიღალე, მეზარება, დღეს სამსახურში არ წავალ… საშინელი პერფექციონისტი ვარ და ეს, ერთი მხრივ, ხელს მიშლის, მაგრამ, მეორე მხრივ, ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს: ვიქნებოდი თუ არა მე დღეს ის ალბინა, ვინც ვარ, რომ არა ეს პერფექციონიზმი.

ახერხებთ, რომ შვილებს საკმარისი დრო დაუთმოთ?

მე და ჩემი ქმარი ვცდილობთ, რომ ერთსა და იმავე დროს არ წავიდეთ უცხოეთში. ან მე ვარ სახლში, ან ის. დროის დეფიციტი, რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუმცა, მეორე მხრივ, ბავშვები კარგ მაგალითს ხედავენ მშობლების სახით. ჩემი უმცროსი შვილი 6 წლისაა, ცოტა ხნის წინ მკითხა, როგორ იშოვე ფული ამ კლინიკისთვისო. ავუხსენი, რომ ჩემთვის არაფერი უჩუქებიათ და არც მარტივად მოსულა ეს ყველაფერი ‒ უდიდესი შრომის შედეგია ის, რაც დღეს მაქვს. პირადი მაგალითი ყველაზე კარგად მუშაობს.

ჩემმა შვილებმა იციან რამდენი ძალა და ენერგია ჩავდე ამ ყველაფერში.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

რთულია მეუღლესთან ერთად საერთო საქმის კეთება?

არის გარკვეული ღონისძიებები, სადაც ვარსკვლავი გიორგია და არის ისეთი გამოსვლებიც, სადაც მე ვარ ყურადღების ცენტრში. ამაში საწყენი არაფერია. წლებთან ერთად, ორივემ ვისწავლეთ ბალანსის დაცვა, ჩვენს ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ ‒ ერთმანეთს ვეხმარებით, ვამაყობთ ერთმანეთის წარმატებებით. გიორგიმ დამაძლევინა საჯარო გამოსვლის შიში, პრაქტიკულად მაიძულა 5000-კაციანი აუდიტორიისთვის ჩამეტარებინა „ვორქშოპი“ და ამით წერტილი დამესვა იმ სტრესისთვის, რაც სულ მქონდა საჯარო გამოსვლებისას.

როგორი მენეჯერი ხართ?

ძალიან მკაცრი, პერფექციონისტი. დროის უმკაცრესი მენეჯმენტი მაქვს, ყველაფერი წინასწარ უნდა ვიცოდე, არ მიყვარს სიურპრიზები, არ მიყვარს ფორსმაჟორი.

მუშაობის ასეთ სტილს ყველა ვერ უძლებს, მაგრამ ვინც უძლებს, გარწმუნებთ, შესანიშნავი კადრი ხდება. მე მძულს უსამართლობა და ვერ ვიტან, როცა მატყუებენ.

პაციენტების მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

ძალიან მიყვარს. ხშირად მოდიან არა მარტო პროცედურაზე, არამედ, უბრალოდ, დასალაპარაკებლადაც, ან რჩევისთვის. ისეთი შემთხვევებიცაა, რომ დედა დადიოდა, მერე შვილი მოიყვანა და ახლა უკვე ‒ შვილიშვილიც. ეს დიდი სიხარულია. მართლა მთელი გულით მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. თუ ვფიქრობ, რომ რაღაც არ გამოვა, უბრალოდ არ გავრისკავ, თვითონ არ ვიგრძნობ თავს კომფორტულად. პაციენტები ხუმრობენ ხოლმე, ალბინას თუ არ უნდა, არ გაგიკეთებსო. მნიშვნელოვანია როგორ დაელაპარაკები მათ, თითოეულ ადამიანს თავისებური მიდგომა სჭირდება, უნდა სწორად აუხსნა რა აჯობებს, რა იქნება მისთვის უკეთესი.

კმაყოფილების შეგრძნება როდის გაქვთ?

მიყვარს, როცა ჩემი შრომის შედეგს ვხედავ. ადამიანი რომ გაახალგაზრდავდება, გალამაზდება, ეს უდიდეს სიხარულს მანიჭებს. არის წუთები, როცა წვეთი ენერგია აღარ მაქვს, მაგრამ ბედნიერი ვარ, რადგან ვიცი, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზე გავაკეთე.

თქვენი სამუშაო რეჟიმი როგორია?

დილას ვიწყებ 7-ის ნახევარზე, ვსაუზმობ და მივდივარ სამსახურში, ან ჯერ სპორტდარბაზში. ვარჯიშისთვის 40 წუთი მყოფნის, შემდეგ კი სამუშაო დღე იწყება. კვირაში ექვს დღეს ვმუშაობ 7 საათამდე, კვირას მაქვს დასვენების ერთადერთი დღე.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

სახლში რომ მიდიხართ, საქმე მიგყვებათ, თუ მთლიანად ისვენებთ მისგან?

არა, საქმეს სამსახურში ვტოვებ. სახლში ბავშვებთან ვარ, ფილმს ვუყურებ… არასდროს ვნერვიულობ იმაზე, რომ უკმაყოფილო პაციენტები დამირეკავენ. ვმუშაობ სერტიფიცირებული მასალებით, წინასწარ განსაზღვრული მკურნალობის გეგმის მიხედვით, ამიტომ არ მაქვს შიში, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნება. სემინარებზე სულ ვამბობ ხოლმე, თუკი პაციენტები არ გაწუხებენ, ესე იგი, ყველაფერს სწორად აკეთებ. მირჩევნია სანდო, ძვირადღირებული პრეპარატები გამოვიყენო და მშვიდად ვიძინო, ვიდრე ექსპერიმენტები ვატარო მასალებით და დავისტრესო.

წელიწადში რამდენ ხანს ისვენებთ?

ორჯერ. ზამთარში ორი კვირით საახალწლოდ, და ივლისიდან სექტემბრამდე ორი თვით. ეს დრო მჭირდება რესტარტისთვის, ამ დროს ბავშვებთან ვარ.

ქალებს რას ურჩევდით პროფესიული თვალსაზრისით?

ჩემი რჩევაა ზუსტად განსაზღვრონ რა უნდათ. თუკი თავად არ შეგიძლია იმის ფორმულირება, რა გინდა, სხვა ვერ დაგეხმარება. მე მგონია, რომ ნებისმიერი წარმატება ნებისმიერ საქმეში დამოკიდებულია იმის გაგებაზე, რა გინდა. შენზე უკეთ არავინ იცის რა ჯობია შენთვის ‒ არც დედამ, არც ქმარმა, არც მეზობელმა და არც უახლოესმა მეგობარმა. როცა ჩემთან მოდიან და მეკითხებიან რა მომწონს, ვაძლევ სარკეს და ვეუბნები, არა, თქვენ მითხარით რა გინდათ და მე ვიზრუნებ, რომ ის მიიღოთ. ჩემი აზრი მეორეხარისხოვანია. შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ შავი თმა უფრო მიხდება, მე კი მომწონს ზუსტად ასე.

წარმატებული ბიზნესის რეცეპტი, ჩემი აზრით, ასეთია: უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ, ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა და თავდაუზოგავად იმუშაო ამისთვის.

ყველას უნდა ფული, მაგრამ ზოგი დივანზე წევს და ზოგი სამუშაოდ მიდის. 13 წლის წინ ჩემი ხელფასი 245 ლარი იყო. დღემდე მახსოვს ყველა ის პაციენტი, რომლებიც პირველ წლებში მოდიოდნენ ჩემთან. მათ მუდმივი ფასდაკლება აქვთ, რადგან ძალიან ვაფასებ და მადლობელი ვარ, რომ მე ამირჩიეს.

სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ?

სულ მოძრაობაში ვარ, თვითონაც არ ვიცი რა მომივა თავში. ვფიქრობ, რომ რაც მომავალში იქნება, ისიც იქნება აუცილებლად საინტერესო. მიყვარს ცვლილებები, რაღაცის შენება, თუმცა სხვებისგან არ ვითხოვ ამ ტემპს გაუძლონ. მხოლოდ საკუთარ თავს ვთხოვ და საკუთარ წარსულს და აწმყოს ვადარებ, არავის არ ვეჯიბრები.

ათი წლის შემდეგ სად ხედავთ საკუთარ თავს?

აუცილებლად საქართველოში. არსად არ მინდა წასვლა.

ყველაფერი შეუძლია ადამიანს?

თუ რამე არ შეუძლია, ესე იგი, ძალიან არ უნდა. ძალისხმევაა მთავარი.