ფრანგულ-ქართული ხელწერა – ინტერვიუ სოფიო კამლაძესთან

ფრანგულ-ქართული გამოცდილებით, მედიცინის აკადემიური დოქტორი სოფიო კამლაძე წლებია მედიცინაში საკუთარ, საკმაოდ თვალსაჩინო კვალს ტოვებს. გინეკოლოგია მისი გააზრებული არჩევანია, ზოგადად ექიმობა ჯერ კიდევ ბავშვობაში გადაწყვიტა. სტუდენტობიდან დღემდე პროფესიული გზა გრძელი და არც თუ მარტივი იყო, მუშაობდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, თუმცა პატრიოტიზმმა ბევრი რამ გადაწონა, სოფიომ ჩათვალა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება საკუთარ სამშობლოს უნდა მოახმაროს. ახლა სოფიო კამლაძე თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის გინეკოლოგია.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

სოფო ექიმების ოჯახში გაიზარდა, უფრო ზუსტად მედიცინის სფეროს ბაბუა წარმოადგენდა, ამიტომაც მას ამ დარგთან მჭიდრო კავშირი ღრმა ბავშვობიდან ჰქონდა. ამ ურთიერთობამ თავისი ქნა და ექიმობა სოფიო კამლაძემ ჯერ კიდევ პატარა ასაკში გადაწყვიტა. უნდოდა ადამიანებს დახმარებოდა, მათ ჯანმრთელობაზე ეზრუნა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გარკვეული წვლილი შეეტანა.

„ექიმობა ჩემი გააზრებული არჩევანი იყო. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს იყო საქმე რომლის კეთებაც მინდოდა“.

2002 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სოფო მეანობა გინეკოლოგიის განხრით ასპირანტურაში აბარებს და 2008 წლის ჩათვლით პრაქტიკულ საქმიანობას ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ეწევა. ამ წლებში პარალელურად სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობს და 2008 წელს დისერტაციას იცავს, ამავე წელს სოფოს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომლებიც სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში იბეჭდებოდა.

2008 წელს სოფო საფრანგეთში, პიერ და მარი კიურების სახელობის პიტიე-სალპეტრიერის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მიემგზავრება, სადაც მეან-გინეკოლოგად აგრძელებს მუშაობას. 2015 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში ლექციებს კითხულობს.

„ასპირანტურაში სწავლის პერიოდში გავიარე კონკურსი, გავიმარჯვე და სამუშაოდ პარიზის ერთ-ერთ კლინიკაში გავემგზავრე. მიმაჩნია, რომ ეს ჩემს პროფესიაში ძალიან ნაყოფიერი წლები იყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოში დაბრუნებაზე გავაკეთე“.

სოფიო კამლაძე 2022 წლიდან თოდუას კლინიკის ახლად გახსნილ ვერის ფილიალში ინაცვლებს.

„ისევე როგორც სამედიცინო სფერო, მედიცინის ეს მიმართულებაც ჩემი გააზრებული არჩევანია. ჩემი უფროსი დაც გინეკოლოგია და ჩემს საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა ალბათ ამანაც იქონია“.

იყო ექიმი, ნიშნავს იყო მზად ემოციურად რთული პროფესიისთვის. სოფო ამბობს, რომ აუცილებელია მედიკოსს გაწონასწორებული ხასიათი და ძლიერი ფსიქიკა ჰქონდეს, სხვა შემთხვევაში ჩვენს რესპონდენტს მიაჩნია, რომ ექიმს პაციენტის დახმარება გაუჭირდება. სოფიო კამლაძე მიიჩნევს, რომ ყველა პაციენტი იმსახურებს მიიღოს მაღალი ხარისხის დახმარება, ამისთვის კი აუცილებელია ექიმი სრულად პაციენტზე ორიენტირებული იყოს. ზუსტი დიაგნოსტირების და სწორი მკურნალობისთვის სოფო ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობის საჭიროებაზე საუბრობს.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

პაციენტის უფლება მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება პირდაპირპროპორციულად დამოკიდებულია ექიმის პროფესიონალიზმზე, ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სოფიო კამლაძე კვალიფიკაციის ამაღლებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. 2002 წლიდან დღემდე სოფო აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტრენინგებში და ასევე არის საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე.

როგორც სოფო გვიყვება, მედპერსონალის პროფესიულ ზრდით თოდუას კლინიკაც აქტიურად არის დაინტერესებული, კლინიკა მოტივირებულია რომ მისი თითოეული ექიმი მაღალი პროფესიული დონით გამოირჩეოდეს და სამედიცინო სიახლეების სადარაჯოზე იდგეს.

„მედიცინაში კრიტიკულად აუცილებელია ფეხდაფეხ მიჰყვე თანამედროვე სიახლეებს. იმისთვის, რომ ჩვენ როგორც ექიმები კიდევ უფრო განვითარდეთ და ჩვენს პაციენტებს მივაწოდოთ მაღალკვალიფიციური სერვისი აუცილებელია ვიცნობეთ და ვიზიარებდეთ თანამედროვე მიდგომებს. ამის საუკეთესო გზა კი ცოდნის გაზიარებაა, რისი საუკეთესო პლატფორმაც ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგები და კონფერენციებია“.

როცა საქმე ცოდნის გაზიარებას ეხება, სოფო მის წილ პასუხისმგებლობად მიიჩნევს, წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის აღზრდაში. ჩვენი რესპოდენტი 2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, გინეკოლოგიის განყოფილების კათედრაზე მიწვეული ლექტორია, მიმდინარე წელს კი სოფო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტშიც მიიწვიეს ლექტორად.

კონსერვატიული გინეკოლოგია, რომელსაც პაციენტებს თოდუას კლინიკა სთავაზობს, მედიცინის მრავლისმომცველი სფეროა. ის მჭიდრო კავშირშია ისეთ დარგებთან, როგორიცაა ენდოკრინოლოგია, ონკოლოგია, უროლოგია, იმუნოლოგია, გენეტიკა, დერმატოლოგია, ინფექციური სნეულებები. შესაბამისად პაციენტის კომპლექსურ გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს დაავადებების დროული დიაგნოსტიკა მოახდინონ და თავიდან აიცილონ მძიმე შეუქცევადი გართულებები. თოდუას კლინიკაში არსებული ულტრათანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ექიმებს საშუალებას აძლევს დროულად და კომპლექსურად ერთ სივრცეში გამოიკვლიონ პაციენტი და დაუნიშნონ შესაბამისი მკურნალობა.

სოფიო კამლაძის მთავარი პროფესიული რჩევა პრევენციულ ღონისძიებებს ეხება. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ აუცილებელია დროული დიაგნოსტირების მნიშვნელობა ყველა პაციენტს სრულად გააზრებული ჰქონდეს.

„ბოლო წლებში ქართველი პაციენტების ცნობიერების დონე საკმაოდ ამაღლდა. უკვე ბევრია ისეთი პაციენტი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პრევენციას და ექიმთან მისასვლელად კონკრეტულ ჩივილებს არ ელოდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ექიმისათვის რთულდება სასურველი დადებითი შედეგის მიღწევა. ამიტომ რეკომენდებულია, რომ ქალებმა წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ გეგმური პროფილაქტიკური კვლევები, რათა მოხდეს დაავადების დროული აღმოჩენა და შესაბამისი მკურნალობა. ამ მხრივ ცნობიერება განსაკუთრებით მაღალია რეპროდუქციული ასაკის პაციენტებშია“.

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის კონსერვატიული გინეკოლოგიის განყოფილება პაციენტებს სხვადასხვა სერვისთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგიასაც სთავაზობს. სოფიო კამლაძე გვეუბნება, რომ ბოლო წლებში მიმართვიანობა ამ მიმართულებითაც მკვეთრად გაიზარდა, აქ ექიმი მშობლების მაღალ ინტერესს გამოყოფს.

„ყოველდღე სულ უფრო მეტი მშობელია დაინტერესებული რომ საკუთარი შვილები პროფილაქტიკურ გამოკვლევაზე მოიყვანონ. პირველი პროფილაქტიკური კვლევა მენსტრუაციული ციკლის ჩამოყალიბების შემდეგ უნდა ჩატარდეს, შემდგომი ვიზიტები როგორც წესი სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან გამომდინარეობს, ეს ბუნებრივია იმ შემთხვევაში თუ პაციენტს რაიმე სახის პათოლოგია და ჩივილები არ აქვს. ქალებს უნდა ესმოდეთ, რომ ხშირი პროფილაქტიკა მათ საშუალებას მისცემს თავი დაიზღვიონ დაავადებებისგან, დროული დიაგნოსტირება კი ეფექტური მკურნალობის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. მინდა ქალებს ვურჩიო, რომ არ დაზოგონ დრო და ენერგია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის“.

სოფო გვიხსნის რომ, ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგია განსაკუთრებულ სპეციფიკას მოითხოვს. ამ ასაკის პაციენტებისთვის, სოფო როგორც ექიმი, უპირატესობას კომფორტული გარემოს შექმნას ანიჭებს, ამბობს რომ აუცილებელია პაციენტი იყოს გახსნილი და აქ როგორც ირკვევა მშობლის ჩართულობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

„რაც შეეხება მოზარდთა და ბავშვთა გინეკოლოგიას, ამ სფეროში მნიშვნელოვანია ექიმის სწორი მიდგომა და მშობლის მაქსიმალური ჩართულობა. მათთან კომუნიკაციას განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგები, ვითვალისწინებ პაციენტების მდგომარეობას და ფსიქოლოგიურ მზაობას კვლევის ჩატარების პროცესში. ყოველთვის ვცდილობ გავარკვიო, ხომ არა აქვთ მცირე ასაკის პაციენტებს რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, თუ ასეა ჩემი მიზანია დისკომფორტის მოხსნა და მაქსიმალური ნდობის მოპოვება, რადგან ექიმებს პაციენტებისგან სწორი მკურნალობისთვის გულწრფელი პასუხები გვჭირდება“.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ პაციენტები უპირატესობას ქალ გინეკოლოგებს ანიჭებენ. მიზეზი ის არის, რომ ქალებს მამაკაცთან გინეკოლოგიურ პრობლემებზე გულწრფელი საუბარი უჭირთ, ეს კი აჩენს რისკს, რომ პრობლემა პრობლემად დარჩეს. სწორ მკურნალობას, როგორც სოფიო კამლაძე გვიხსნის, პაციენტის მხრიდან სრული ღიაობა და ჩივილებზე თამამად საუბარი სჭირდება.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

არ გაგიკვირდებათ, თუ დავწერ რომ სოფიო კამლაძის სამუშაო დღე საკმაოდ დამღლელი და დატვირთულია, ეს კი, მისი როგორც ექიმის, რეპუტაციაზე ბევრ რამეს ამბობს. სოფო არ მალავს, რომ რთულია პროფესიულ და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა, განსაკუთრებით მაშინ როცა ორი მცირეწლოვანი შვილის დედა ხარ.

„ზოგადად პროფესიული განვითარებისა და პირადი ცხოვრების შეთავსება რთული პროცესია. ზოგჯერ საჭიროა დათმობები, თუმცა ამას ვერც ოჯახი და ვერც პროფესია იტანს, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ მათ შორის ბალანსის შენარჩუნებას“.

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე სოფიო კამლაძეს მომავალი კოლეგებისთვის რჩევები არ ენანება. სოფო მომავალ თაობას ურჩევს რომ კარგად გაიაზრონ პროფესიის პასუხისმგებლობის მასშტაბები, მზად იყვნენ უზარმაზარი შრომის აუცილებლობისა და დაბრკოლებებით სავსე გზისთვის.

„ექიმის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია. ექიმობა ნიშნავს გქონდეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და მუდამ ზრუნავდე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. ის მოითხოვს მზაობას, მუდმივ განვითარებასა და ულევ ენერგიას, რომელსაც სჭირდება შინაგანი მოწოდება და ძალიან დიდი შრომა. ექიმი მუდმივად უნდა იძენდეს ცოდნასა და გამოცდილებასა და აუცილებელია გამოხატავდეს ასევე სიყვარულს და პატივისცემას პაციენტის მიმართ. მედიცინა ის დარგია , სადაც ბევრი გამოწვევაა და ის სავსეა ბარიერებით,მაგრამ მიუხედავად დიდი სირთულეებისა და სტრესისა, არასოდეს ვიხევ უკან, ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, რომ შრომა არის ის, რაც აუცილებლად მიგვიყვანს დასახულ მიზნებამდე. ჩემი აზრით ექიმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ‒ კეთილსინდისიერება, პასუხისმგებლობა და შრომისუნარიანობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის წარმატებას“.

ინტერვიუს დასასრულს სოფოს სამომავლო გეგმებზე ვეკითხებით, მოსწონს კლინიკა სადაც 2022 წლიდან საქმიანობს, ამიტომაც ჯერ არსად წასვლას არ აპირებს, ისევე როგორც არ აპირებს პროფესიული კარიერის უცხოეთში გაგრძელებას, მიუხედავად იმისა რომ ასეთი შეთავაზებები ყოველთვის აქვს.

„ყოველთვის მინდოდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება საქართველოში გამომეყენებინა“.