მუსია ქებურია პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერია. პირველად სამი წლის ასაკში დახატა და მას შემდეგ ეს საქმე არ შეუწყვეტია. ის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ქუჩის ხელოვანია, რომლის ნახატებიც არასდროს დაგავიწყდებათ. როგორ დაიწყო, როგორ განვითარდა, სად არის ახლა და რას აპირებს მომავალში – ამ ყველაფერს თვითონ მოგვიყვება. ეს მისი ისტორიაა.

© Musya.ge

პირველად…

პირველი მხატვრული მონახაზები 3 წლის ასაკში შემიქმნია. დედაჩემს დღემდე აქვს შენახული პატარა მუსიას თვალით დანახული და დახატული ყვავილი, წიწილა და ობობა. სიმართლე გითხრათ, რაც ცნობიერი ჩემი თავი მახსოვს იქიდან მოყოლებული სულ ვხატავდი და მინდოდა მხატვარი გამოვსულიყავი. შესაბამისად, არასდროს მიფიქრია სხვა პროფესიაზე და იმაზე, თუ რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში გარდა ხატვისა.

თინეიჯერობის ასაკში გამიტაცა ქუჩის ხელოვნებამ. პირველად 2007 წელს ვცადე კედელზე სპრეებით ხატვა და მივხვდი, რომ ჰობის დონეზე ხელი უნდა მიმეყო ამ საქმისთვის. აკადემიიდან დანიშნული სტიპენდიით ვყიდულობდი იმ დროს არსებულ საკმაოდ უხარისხო სპრეებს, საკუთარ თავსა და ტექნიკაზე ვმუშაობდი მეზობელ სივრცეებში. დროთა განმავლობაში იმდენად გამიტაცა და ისე გამოვიდა, რომ დღესდღეობით სრული ენერგიებით ვარ ჩართული ამ სფეროში. თუმცა, ასევე ვცილობ სხვა მედიებშიც მოვახერხო ხოლმე მუშაობა: ტილოებზე, გრაფიკულ და ციფრულ ნაშრომებსაც ვაკეთებ.

პასუხისმგებლობა…

ყოველთვის ვცდილობ ჩემი ნახატები გარკვეული შინაარსისა და იდეის მატარებელი იყოს. კედლის მხატვრობის მიმართულებით ხშირად ვმუშაობ სოციალურ თემებზე, ვცდილობ ასევე გამოვკვეთო ის გლობალური პრობლემები, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობაში არსებობს და შეიძლება გვავიწყდებოდეს, ვერ ვაქცევდეთ სათანადო ყურადღებას. იქნება ეს ეკოლოგიური პრობლემა, გენდერის თემატიკა, მომავალი თაობა თუ სხვა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე ბევრი ნაშრომი მაქვს შექმნილი ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებზე, ხატვის პროცესშიც და ასევე დასრულების შემდეგ საკმაოდ დიდ უკუკავშირს ვიღებ ხოლმე, როგორც პროცესში, ქუჩაში გამვლელებისაგან, ასევე სოციალურ ქსელებში პროექტების მნახველებისგან.

ვფიქრობ, როგორც ქუჩის ხელოვანს, გარკვეულწილად დიდი იარაღი მიჭირავს ხელში და ასევე რაღაც სახით პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ უბრალო მნახველისა და გამვლელი ადამიანების, კედლების მიმართ. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ ჩემი შრომა, დრო და ენერგია შედარებით ჩემთვის ღირებულ თემებსა და საკითხებს დავუთმო. ესთეტური სილამაზისა და ფერადოვნების გარდა მინდა ნახატები კონკრეტული მესიჯების მატარებელი იყოს.

© Musya.ge

2019 წლის გამორჩეული მომენტი…

წელს თბილისში პირველად ჩატარდა „Tbilisi Mural Festival“, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო დონის, საკმაოდ ცნობილი გერმანელი ქუჩის მხატვრები ჩამოვიდნენ. მათთან ერთად ამ პროცესში მეც ვიყავი ჩართული. პროექტის ფარგლებში მოვხატე 360 კვ.მ. ფართობის პანორამული კედელი მარჯანიშვილის სანაპიროზე. მთავარი აქცენტი პატარა ბავშვებზე გავაკეთე, მომავალ თაობაზე, რომელთა ცხოვრებაც და მომავალიც ჩვენს ხელშია და რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ბავშვები 5 სხვადასხვა კონტინენტს წარმოადგენენ და მათ ფონზე გამოვსახე ის პრობლემები, რომლებიც დედამიწის მოსახლეობას აწუხებს – იქნება ეს ეკოლოგიური დაბინძურება, შიმშილი, ომები, გლობალური დათბობა თუ ბუნების გაუფრთხილებლობა. ჩემთვის პირველი ნამუშევარია ამ მასშტაბზე, რომელიც ჯამში 8 დღეში შევასრულე და საკმაოდ დიდ სტიმულსა და მოტივაციას მიჩენს სამომავალო პროექტებისთვის.

ისტორია, რომელიც სულ ემახსოვრება…

საქართველოში სანამ დეკრიმინალიზაცია მოხდებოდა თითქმის ყოველ წელს 2 მაისისთვის ვაკეთებდი პატარ-პატარა ნამუშევრებს ქუჩაში. 2014 წელს გადავწყვიტე მარჯანიშვილის სანაპიროს კედელზე გამეკეთებინა დიდი Wheatpaste, ფილმებისა და მულტფილმების ცნობილი პერსონაჟებისა და ასევე ჩემი ნაცნობი სამეგობრო წრიდან აღებული ნამდვილი ადამიანების პერსონაჟებით, რომლებიც დგანან მოშარდვის რიგში და სათავეში ორი პოლიციელი პლასტმასის ჭიქით ხელში ელოდება მათ. მომზადების პროცესმა იმდენი დრო წაიღო ვერ მოვასწარი 2 ივნისისთვის კედელზე გადატანა. მოგვიანებით, ერთი კვირის თავზე პოლიციის ჯგუფმა 11 ჩემი მეგობარი აიყვანა პირდაპირ სახლიდან. იმ ღამეს გავედით მე და ჩემი მეგობრები და დავიწყეთ ამ ვითფეისთის გაკვრა, ზუსტად იმ დროს, როდესაც მთავარი ბოლო 3 პერსონაჟი ( ორი პოლიციელი და ბრიუსელის პატარა ბიჭუნა) მქონდა დარჩენილი პატრული მოვიდა და გამოგვკითხა, თუ რას და რატომ ვაკეთებდით. ჩვენც კითხვით ვუპასუხეთ, ეს სახალისო პერსონაჟები, მინიონი, მარიო, ჯოკერი, Gorillaz, და სხვები ხომ ჯობდა გაგვეკრა, ვიდრე საარჩევნო პლაკატებით აჭრელებული კედლებისთვის ეყურებინა ხალხს. ეს მხიარული და ფერადი იდეა ისე მოეწონათ, რომ დაგვტოვეს და გზა გააგრძელეს… მიუხედავად იმისა, რომ ეს თემატიკა ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი იყო, გამომდინარე მისი პოზიტიური გადმოცემისა, საკმაოდ ბევრმა მოიწონა და ძალიან დიდი გამოხმაურებაც მოყვა. წლების მერე, როდესაც იგივე კედელთან მომიწია ხატვა ზუსტად ის ერთერთი პატრული შემხვდა, რომელმაც იმ საღამოს ხელი არ შეგვიშალა და საბოლოოდ ბევრი ვიცინეთ, როდესაც აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს ამ შემთხვევიდან ვიცნობდით.

© Musya.ge

ხალხის დამოკიდებულება…

დაახლოებით 12 წელია უკვე ამ სფეროში ვარ, თავიდან თბილისში ალაგ-ალაგ თუ იპოვიდით გრაფიტებს და ისიც კედლებზე მიჯღაპნილი, უშინაარსო სიტყვები და წარწერები იყო, შესაბამისად ქუჩის მხატვრობის არსი ბევრს არ ესმოდა… დასაწყისში, როდესაც კედლებზე ხატვა დავიწყე, ბევრი გამვლელი ჯღაპნასა და კედლის გაფუჭებას ეძახდა პროცესს. დროთა განმავლობაში, როდესაც უკვე დიდი პროექტებისა და კომერციული ნამუშევრების შესრულება დავიწყე, ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ასევე იყვნენ ჩართულნი ამ სფეროში და მოხატული კედლებიც შესაბამისად მრავლდებოდა. ნელ-ნელა ხალხი შეეჩვია და მსგავსი „ვანდალობა“ მათთვის ხელოვნების ერთ-ერთ საინტერესო მიმართულებად იქცა. რაც უფრო მეტ შედეგს ხედავდნენ, მით უფრო მეტ მოწონებას იმსახურებდა ნამუშევრები და საბოლოოდ, ბევრს უჩნდებოდა სურვილი საკუთარი სახლის, ეზოს, ოფისისა თუ კომპანიის კედელზეც ყოფილიყო მსგავსი ნახატები. ამ ყველაფერმა კედლის მხატვრობა წინ წამოწია და სფეროს პოპულარობაც გაზარდა. ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი ნამუშევარი შეგხვდებათ არა მარტო თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით. იზრდება როგორც მხატვრების რაოდენობა, ასევე მოთხოვნა კედლის მხატვრობაზე, მრავლდება ქუჩის ხელოვნების ფესტივალებიც.

ყველგან, სადაც შეუძლია…

თბილისის გარდა ჩემს ნახატებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა თუ კუთხეში შეხვდებით: ახალქალაქი, ბათუმი, ჩოხატაურში დუმბაძის სახლ-მუზეუმის კედელი, გუდაური, ქუთაისი… საქართველოს გარდა ჩემი კვალი უკრაინაში, ნორვეგიასა და ლისაბონშიც შეგხვდებათ. ყოველთვის ვცდილობ მოგზაურობისას სადაც მოვხვდები და მოვახერხებ თუნდაც მცირე კვალი დავტოვო ჩემი ნამუშევრების სახით.

© Musya.ge

სამომავლო გეგმები…

ჩემი მიზანი კიდევ უფრო დიდ და მასშტაბურ კედლებთან შეჭიდებაა. მინდა ჩემი მცირე წვლილით საქართველომ მსოფლიო STREET ART-ის რუკაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს. წელს ვგეგმავ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში საერთაშორისო ფესტივალებშიც ვცადო მონაწილეობა. შორეულ მომავალში კი საკუთარი სახელოსნო და დიდი სივრცე მინდა მქონდეს, სადაც შევძლებ, როგორც საკუთარ, ასევე სხვა ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად კოლაბორაციის ფარგლებში კიდევ უფრო საინტერესო ნამუშევრების შექნას.

No Comments Yet

Comments are closed