თავდაჯერებულობა, სითამამე და უშიშარი ნაბიჯები | ინტერვიუ ნინო ხარაიშვილთან

თავდაჯერებულობა ნინოს მთავარი იარაღია, რომელმაც ბევრი გაბედული ნაბიჯი გადაადგმევინა. მიზნები ყოველთვის ერთი მეორეს ენაცვლებიან და ეს მისთვის დიდი აზარტია. არასდროს ჩერდება და აინტერესო გამოწვევებს გამუდმებით ელის.

Photo courtesy of Nino Kharaishvili

ნინო ხარაიშვილი ამერიკაში მოღვაწე გლობალური ჯანდაცვის ექსპერტია. ამჟამად ის საერთაშორისო ტექნიკური და სამეცნიერო საკონსულტაციო კომპანია Jacobs-ის დირექტორია ჯანდაცვის საკითხებში. მანამდე კი, ამერიკული საინფორმაციო-ტექნოლოგიური კომპანია Booz Allen Hamilton-ის უფროსი კონსულტანტი იყო და ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობდა. 

„Nino the Foreigner“ – ეს ზედმეტსახელი ამერიკელმა კოლეგებმა მას თავდაცვის კონტრაქტზე მუშაობისას ხუმრობით შეარქვეს. პროტოკოლის გათვალისწინებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საიდუმლო მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონოდა. ამიტომ, „უცხოელი“ ნინოს კაბინეტსა და  მთავარ ოფისს შორის დიდი რკინის კარი დაეშვა – მეტაფორული და პირდაპირი მნიშვნელობით. არსებული საზღვრის მიუხედავად, მან ამ უწყებას დიდი სარგებელი მოუტანა. მის შემუშავებულ კვლევის მეთოდებს კი ნინოს სახელი დაერქვა. 

ამ შედეგამდე დიდი გზა გაიარა. ბავშვობაში რთული დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. მედპერსონალის დაუდევრობით, მის ანამნეზს კიდევ ერთი პათოლოგია – ნოზოკომიალური B ჰეპატიტი – შეემატა. ავადმყოფობის ორწლიანი ტყვეობიდან თავის დაღწევა სანუკვარ ოცნებად ექცა. ამიტომაც უკვირს, რამ უბიძგა ისევ სამედიცინო გარემოში დაბრუნებულიყო – მართალია, ამჯერად უკვე პროფესიონალად. 

მალე ოჯახი შექმნა და შვილი, ელენე, შეეძინა. თუმცა ახლადშექმნილი ოჯახი ვერ შედგა და იძულებული გახდა, დედობა და პროფესიული წინსვლა ერთმანეთთან შეეთავსებინა. ამის გამო არაერთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და ბევრჯერ შეცვალა კარიერული განვითარების ტრაექტორია. საბოლოოდ, ჯანდაცვის ექსპერტობა აირჩია. მას შემდეგ, გამოწვევები ცხოვრებას უვსებენ და უხალისებენ. სჯერა, რომ არასდროს არ უნდა დანებდეს.

ოგორ მოხვდით სამედიცინო უნივერსიტეტში?

ჩემს ოჯახში განათლება ყოველთვის განსაკუთრებულად ფასობდა. აქცენტი მატერიალურ კეთილდღეობაზე არასდროს გაკეთებულა და მთელი ყურადღება ჩემი და ჩემი ძმის ხარისხიან განათლებას ეთმობოდა. 

მერვე კლასში ვიყავი, ახალი სამედიცინო კოლეჯის შესახებ რომ შევიტყვე. სწავლა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ყველა ღონე იხმარეს და სწავლის საფასური დამიფარეს. 

ინგლისურად სწავლა გამიჭირდა. ჩემს თანაკლასელებს პირველად რომ შევხვდი, ძალიან დავიძაბე – საოცრად ჭკვიანი ბავშვები იყვნენ და ჩემგან განსხვავებით, გამართულ ინგლისურსაც ფლობდნენ. კარგად დამამახსოვრდა პირველი საშინაო დავალება – უჯრედის მოკლე აღწერილობა. ეს სამუშაო მამასთან ერთად ლექსიკონის გამოყენებით შევასრულე. 

თანდათან ინგლისურიც დავხვეწე და კოლეჯის პროგრამასაც ალღო ავუღე. მარტივად ნამდვილად არაფერი გამომსვლია – წლების განმავლობაში ბევრს ვშრომობდი. 15-16 წლის ასაკში გავიაზრე, რომ სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, იმ საქმეს დაეუფლო, რომელიც გიყვარს. 

ამ კურსის დამამთავრებელ გამოცდებში იმდენად მაღალი ქულები ავიღე, რომ სამედიცინოზე მისაღები გამოცდების ჩაბარება საერთოდ არ მომიწია და  სამედიცინო უნივერსიტეტ „აიეტში“(დავით ტვილდიანის სახელობის უნივერსიტეტი) ჩავირიცხე. ეს უნივერსიტეტი სტუდენტებს ამერიკული რეზიდენტურისთვის ამზადებდა.

მესამე კურსზე ვიყავი, ელენე რომ მეყოლა. მაშინ შემოსავლის არანაირი წყარო არ მქონდა. ჩემი ოჯახის დიდი მხარდაჭერით, სწავლის დასრულება შევძელი და მიზნად ელენეს ცხოვრებისთვის უფრო მყარი ფუნდამენტის შექმნა დავისახე. ეს ის მიზანი იყო, რომლისთვისაც არასოდეს არ უნდა მეღალატა. 

Courtesy of Nino Kharaishvili
Photo courtesy of Nino Kharaishvili

ოგორ და რატომ შეიცვალა თქვენი კარიერული ტრაექტორია?

2004 წელს დავამთავრე უნივერსიტეტი. მაშინ ძალიან გართულდა ამერიკაში გამგზავრება, რადგან სტუდენტებს ვიზას აღარ აძლევდნენ. ამიტომ, ამერიკაში წასვლა დროებით გადავდე და იაშვილის კლინიკის ადმინისტრაციაში დავიწყე მუშაობა. 

პრაქტიკოსობაზე გული ამიცრუვდა – საქართველოში ექიმად განვითარების პერსპექტივას საერთოდ ვერ ვხედავდი. თანაც, შვილის აღსაზრდელად, ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება ძალიან მჭირდებოდა. ჩემი კარიერული მიზნები ჩემდა უნებურად შეიცვალა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებისკენ ავიღე გეზი. 

ამ დროს ევროპის საბჭოს ჯანდაცვის დეპარტამენტში სტაჟირება იყო გამოცხადებული – მე და ჩემმა მეგობარმა კონკურსში გავიმარჯვეთ და სამი თვით სტრასბურგში გავემგზავრეთ. პარალელურად, ედმუნდ მასკის საგრანტო პროგრამაზეც მქონდა შეტანილი განაცხადი. შემთხვევით გავიგე, რომ ამ პროგრამის კონკურსის მეორე ტურში გადავედი. მასკის გრანტის მოსაპოვებლად, TOEFL-ისა და  GMAT-ის გამოცდები უნდა ჩამებარებინა და გამოცდის საფასური ჩემი სახსრებით უნდა დამეფარა. თანხა ძლივს შევაკოწიწე, სტრასბურგიდან ჰოლანდიაში სადღეღამისო ავტობუსით გავემგზავრე და იქ ჩავაბარე გამოცდები. 

ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო – მაისში მაცნობეს, რომ მასკის გრანტი მოვიპოვე და Huether School of Business-ში ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ელენე ჩემს მშობლებთან დავტოვე, რომლებიც ყოველთვის გვერდში მედგნენ, თუმცა ჩვენს დროებით განშორებას დღემდე განვიცდი.

ამერიკაში სტუდენტობა მარტივი არ აღმოჩნდა. ბევრი რთული ეტაპი გავიარე მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მაგალითად, სწავლის დასრულების შემდეგ, სტაჟირების გავლა იყო აუცილებელი. სამსახურის ძებნისას, ერთ-ერთი კომპანიიდან გამომეხმაურნენ და ვიცე-პრეზიდენტთან გასაუბრებაზე დამიბარეს სხვა ქალაქში. თვითმფრინავის ბილეთის თანხა საერთოდ არ მქონდა, ამიტომ სადღეღამისო ავტობუსით ათი საათი ვიმგზავრე, ავტობუსის გაჩერებაზე გამოვიძინე და იქვე მოვწესრიგდი შეხვედრისთვის. შემდეგ კი, ვიცე-პრეზიდენტთან გასაუბრება გავიარე და ამ კომპანიის საერთაშორისო კონსულტანტიც გავხდი. 

მაგისტრატურის შემდეგ საქართველოში დავბრუნდი. აქ ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში დავიწყე მუშაობა. კარგ პირობებთან და მაღალ ანაზღაურებასთან ერთად გარკვეულ პირად ურთიერთობებზე დათანხმებაც შემომთავაზეს. შევიწროება და პროფესიული ზეწოლა მას მერე დაიწყო, რაც ამ ურთიერთობაზე უარი ვთქვი. 

ოგორ გაუმკლავდით ამ მოცემულობას

ხმის ამოღება არასდროს მიჭირს, თუმცა მაშინ ამ ინციდენტის შესახებ ვერაფერი ვთქვი, უბრალოდ სამსახური დავტოვე. საქართველოში პროფესიული თუ სხვა სახის შევიწროების დასჯის არანაირი ბერკეტი არ არსებობდა. მსგავსი საკითხების გადასაჭრელად და ქალის უფლებების დასაცავად მის მამას, ძმას, ან ქმარს მუშტი-კრივი უნდა გაემართა. 

სამწუხაროდ, საქართველოში სექსუალური შევიწროების შესახებ სათანადო განათლება არ გვაქვს. ჩემს ბავშვობაში ეს ტერმინოლოგია დამკვიდრებული არც ყოფილა. არავინ საუბრობდა, რომ შევიწროება საკმაოდ ხშირი იყო არა მხოლოდ პროფესიულ გარემოში, არამედ ყოველდღიურ ოჯახურ ცხოვრებაშიც. 

ბევრს ძალადობა მხოლოდ ხელით შეხება ჰგონია, მაგრამ არაერთი ქალია ფსიქოლოგიური თუ მორალური წნეხის ქვეშ – ეს თუნდაც იმით გამოიხატება, რომ მეუღლეები ქალებს თვითგანვითარების საშუალებას არ აძლევენ. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ძალადობასა და შევიწროების შესახებ და ამაზე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უნდა იზრუნონ.

ჩემს ბავშვობაში ისეთი ზოგადი გარემო იყო, რომ აქცენტი ყოველთვის გარეგნობასა და გათხოვებაზე კეთდებოდა. სიტყვა „გათხოვება“ საშინლად არ მომწონს, „მეუღლეს“ ვანიჭებ უპირატესობას – მეუღლეებმა თანაბრად უნდა გადაინაწილონ მოვალეობები. 

სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ახალგაზრდები ოჯახდებიან. 20-21 წლის ასაკში ასეთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება და ამ ტვირთის ზიდვა დიდი სტრესია. გოგოები ხშირად შეყვარებულებს მალავენ – რატომღაც, გათხოვებამდე სასიყვარულო ურთიერთობა ქართულ სინამდვილეში შავ ლაქად ითვლება. ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება ქალებს ძალიან უკან ხევს. ვფიქრობ, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება და ქალების მიმართ სტიგმა არ აღმოიფხვრება, ჯანსაღი ოჯახი ვერ შეიქმნება. 

ოგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება შეუშალოს ქალს ხელი წარმატების მიღწევაში?

კვლევების მიხედვით, ხშირად ქალები თავის მოსაზრებებს არ გამოთქვამენ, სანამ 100%-ით არ დარწმუნდებიან ამა თუ იმ დებულების სისწორეში. კაცები კი პირიქით, ზედმეტად თავდაჯერებულები არიან და თავის შეხედულებებს გაცილებით თამამად გამოხატავენ. ვფიქრობ, რომ ქალების ნაწილს არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს – აზრის გამოთქმისას, საკუთარ კომპეტენციას სათანადოდ ვერ აფასებს და დუმილს ამჯობინებს. ქალებს ხმის ამოღების არ უნდა შეგვეშინდეს და ჩვენი შეხედულებების არ უნდა გვრცხვენოდეს. 

ასე აღვზარდე ჩემი შვილიც – მას ყოველთვის თავისი აზრის გამოთქმის უფლება ჰქონდა. ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, რომ ელენე ენას მიბრუნებს. სინამდვილეში, ის უბრალოდ საკუთარ აზრს გამოხატავს. ბავშვს თუ სახლში განსხვავებული აზრის გამოთქმა არ შეუძლია, მაშინ ის ვერსად ვერ იქნება სათანადოდ გაბედული. ეს აღზრდის მეთოდი მშობლისთვის საკმაოდ რთულია და ვერ ვიტყვი, რომ არ გამიჭირდა. დღეს ძალიან მიხარია, რომ ჩემს შვილს პროტესტის გამოხატვის უნარი და საკმაოდ მდგრადი ხასიათი აქვს. 

Photo courtesy of Nino Kharaishvili

ოგორ დაიმკვიდრეთ თავი ამერიკაში?

იმ უსიამოვნო ინციდენტის შემდეგ ქართულ კომპანიაში, Booz Allen Hamilton-ის თბილისის ოფისში დავიწყე მუშაობა. 2011 წელს დამაწინაურეს და ამერიკაში გამაგზავნეს. საკმაოდ დაბალი საფეხურიდან დავიწყე – არავის ვიცნობდი და არავინ მექვემდებარებოდა.

ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ვმოგზაურობდი. საწყის ეტაპზე მატერიალურად მიჭირდა – მივლინებებში რომ მივდიოდი, პატარა ელენეს სადღეღამისო ძიძასთან ვტოვებდი, რაც საკმაოდ ძვირი მიჯდებოდა. უმნიშვნელო კლინიკური კონსულტანტის პოზიციიდან დავიწყე. თუმცა მალე 75 ადამიანის ხელმძღვანელობა შევძელი.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების პროექტზე, ბიოლოგიური საფრთხის შემცირების მიმართულებით ვმუშაობდი. 40 ქვეყნის მონაცემებს ვაანალიზებდი და ისეთ პროგრამას ვაგებდი, რის საფუძველზეც ქვეყნებს ჯანდაცვის სისტემა უნდა გაეუმჯობესებინათ.

ერთი ასეთი ქვეყანა საქართველო იყო, სადაც არაერთი პროექტის საპილოტე ვერსია ჩამოვიტანე. ქართველები ყოველთვის კარგი პარტნიორები იყვნენ. პაატა იმნაძე, ამირან გამყრელიძე და ზაზა ბოხუა ნაყოფიერად თანამშრომლობდნენ ამერიკულ მხარესთან. სულ ვცდილობ ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით საქართველოს დავეხმარო და ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

Booz Allen Hamilton-ში მნიშვნელოვანი პროგრამა – ჯანდაცვის სისტემების შეფასების და სტანდარტიზაციის მოდელი – შევქმენი, რითაც დღემდე ხელმძღვანელობს თავდაცვის სამინისტრო. ამ პროგრამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ Health Security-ში ჩემი ორი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევების გამოსაქვეყნებლად ბევრი ინსტანციის გავლა მომიწია, რადგან თავდაცვის სამინისტრო თავის პრაქტიკას არ ასაჯაროებს. ბუნებრივია, ეს ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო.

იგრძენით თუ არა გაუცხოება ამერიკულ გარემოში, ოგორ მოახერხეთ ადაპტაცია?

სიმართლე გითხრათ, ჩემს პროფესიულ გარემოში გაუცხოება არასდროს მიგრძვნია. ამერიკა ის ქვეყანაა, რომელიც ემიგრანტებისგანაა შექმნილი – ადამიანები უცხოელების მიმართ საკმაოდ კეთილგანწყობილი არიან და მათ შრომას აფასებენ. 

მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკას ძალიან ბევრი შეზღუდვა აქვს. როცა საქმე ოჯახურ თუ რელიგიურ საკითხს ეხება, ეს, ერთი შეხედვით, თავისუფალი ქვეყანა ძალიან პურიტანული და დოგმატური ხდება. სოციალური დისკრიმინაცია და გაუცხოება ჩემი შვილის მეგობრების გარემოში ვიგრძენი. ელენეს მეგობრების დედები, ძირითადად, შეძლებული დიასახლისები იყვნენ. მათ შეფასების კრიტერიუმს მარტოხელა მომუშავე დედა ვერ აკმაყოფილებდა. ამერიკაში განქორწინებულ ქალებს შეუძლიათ საერთოდ არ იმუშაონ და ყოფილი ქმრის ალიმენტებით იცხოვრონ. მე კი ამის ფუფუნება არ მქონდა და ჩემი შვილის სარჩენად მუშაობა მიწევდა. ამერიკელი ქალები ხშირად იმის გამო მკიცხავდნენ, მივლინებაში რომ მივდიოდი და შვილს ძიძას ვუტოვებდი. სამწუხაროდ, ამ ადამიანებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე და დღეს ინტერნაციონალურ ოჯახებთან ვმეგობრობ. 

ატომ გადაწყვიტეთ Booz Allen Hamilton-იდან Jacobs-ში გადასვლა?

ამ სამსახურში საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთე და შესაბამისად, დიდი ცოდნა და გამოცდილებაც დავაგროვე. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი თავი ამით ამოვწურე. არ გავჩერდი – ახალი გამოწვევების ძიება დავიწყე და ასე აღმოვჩნდი Jacobs-ში. სამსახური მარტში დავიწყე, აპრილში კი, კოვიდმა იფეთქა. ისე დაემთხვა, რომ კომპანიაში ერთადერთი თანამშრომელი ვიყავი, ვისაც ინფექციებთან და ჯანდაცვის სისტემებთან საერთაშორისო მუშაობის გამოცდილება ჰქონდა. თანაც, ჩემი პროექტი და ხედვები ჯანდაცვის მიმართულებით ტოპ მენეჯმენტს ძალიან მოეწონა, ამიტომ Jacobs-ში ჯანდაცვის ახალი დეპარტამენტი შეიქმნა, რომელსაც უკვე მე ვხელმძღვანელობ. მე და ჩემი თანამშრომლები ჯანდაცვის სისტემის მედეგობაზე (resilience) ვმუშაობთ. ჩვენი შემუშავებული პროექტები ასახავენ იმ მნიშვნელოვან მიდგომებს, რომლებიც ჯანდაცვის სისტემებმა უნდა გამოიყენონ რათა კრიზისს (მათ შორის პანდემიას) გაუძლონ.

ნინოს წარმატების ერთი საიდუმლო მისი თავდაჯერებულობაა – ყოველთვის სჯეროდა, რომ თუ საკმარისად მოინდომებდა, ყველაფერს მიაღწევდა. მეორე საიდუმლო ახლობლების გულშემატკივრობაა – წარმატება მხოლოდ ერთი ადამიანის მიღწევა კი არა, ოჯახის თანადგომის შედეგიცაა. ამბობს, რომ ამ გარემოებამ საქმისადმი სიყვარული განუმტკიცა და გლობალური ჯანდაცვის სფეროში თავის დამკვიდრება შეაძლებინა.