მსოფლიო საჰაერო გადაზიდვების სადავეებთან | ინტერვიუ იაკო ხომერიკთან

24 საათში ერთხელ მსოფლიოში 100,000 სატვირთო ავია ხომალდი ასრულებს ფრენას, რომლის შედეგადაც 140 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა ხდება.

Covid 19-ის პანდემიამ ვერ გააჩერა ავიაგადაზიდვები, ის მხოლოდ შეანელა, ისევე როგორც შეცვალა პლანეტის მთავარი მამოძრავებელი ცხოვრების რიტმი, დინამიკა, ადამიანების წარმოდგენები ტექნოლოგიურ ეპოქაში ცხოვრებაზე და კითხვის ნიშნები დასვა ისეთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის: დრო, სივრცე და მოძრაობა.

ყველა ინდუსტრია საინტერესო ისტორიულ ცვლილებებზე დგას, გამონაკლისი არც ავია ტრანსპორტია. ტრანსპორტის ისტორია ტექნოლოგიურ ინოვაციასთან პირდაპირ კავშირშია. ტექნოლოგიურმა წინსვლამ ადამიანს უფრო სწრაფი გადაადგილების, უფრო შორ მანძილზე მოგზაურობის, ახალი ადგილების აღმოჩენის საშუალება მისცა. ახალმა ტექნოლოგიურმა აღმოჩენებმა, ტრანსპორტირებაში არსებული პრობლემები მოაგვარა. დროთა განმავლობაში მოგზაურობის და ტრანსპორტირების დრო შემცირდა, თუმცა ინოვაციური გადაწყვეტილებები განაგრძობს სექტორის განვითარებას და უზრუნველყოფს ეფექტურობის ზრდას. თანამედროვე ცხოვრების სტილი, მსოფლიოს აჩქარებასთან ერთად, მოითხოვს კიდევ უფრო სწრაფ გადაადგილებას. ტრანსპორტი კაცობრიობის განვითარებასთან, მის ევოლუციასთან ერთად ვაჭრობის განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ყოველთვის ცდილობენ მონახონ უფრო სწრაფი და უკეთესი გადაზიდვის ფორმა.

არსებობს სატრანსპორტო გადაზიდვების რამდენიმე სახეობა: საზღვაო, სახმელეთო, და ავია გადაზიდვების ფორმა. ისტორიულად უძველესი გადაზიდვის ფორმა სახმელეთოა, რასაც მოსდევს საზღვაო, სარკინიგზო და შემდგომ საჰაერო ფორმა. პირველი ტრანსპორტირება საჰაერო ხომალდით 1910 წელს ამერიკაში განხორციელდა, როდესაც 90 კილოგრამი აბრეშუმი, მაღაზიის გახსნისთვის ქალაქ დეიტონსა და კოლუმბუს შორის გაიგზავნა, რომელიც ძმები რაითების მიერ შექმნილი ორკაციანი ავია ხომალდით განხორციელდა.

2020 წელი, შეცვლილ პლანეტაზე, ქართველი ავიატორის, იაკო ხომერიკის კარიერული წინსვლის ტრამპლინად იქცა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

იაკო 13 წელია ავიაციის სფეროში მოღვაწეობს და Donau Universitat Krems, ავიაციის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პარალელურად, ქართულ ბაზარზე წარმოადგენს Air France – KLM-ის ჯგუფს და ასევე ხელმძღვანელობს Qatar Airways-ის საჰაერო გადაზიდვებს ქვეყანაში. იგი საერთაშორისო ფრანგული ქსელის APG (Air Promotion Group)-ის საქართველოს ოფისის მმართველი პარტნიორია. სწორედ მისი ინიცირებით დაიწყო მრავალმილიონიანი პროექტი საერთაშორისო ქსელში, რომელიც კომპანია APG-ში საჰაერო გადაზიდვების ახალი პლატფორმის განვითარებას უკავშირდება. დღეისთვის ის 170 ქვეყანაში ავიაგადაზიდვების პროექტს მართავს და გეგმავს ისეთ პატარა ქვეყანას როგორიც საქართველოა, ბიზნეს სერვისების განხორციელებით გაუთქვას სახელი.

ავიაკომუნიკატორის ფოკუსში სწორედ იაკო ხომერიკი მოხვდა.

რა იყო თქვენი ინიციატივა APG-ში, საიდან მოვიდა ამ პროექტის იდეა?

APG Cargo-ს იდეა გლობალურ კომპანიაში. ფართო რუკამ, მრავალფეროვანმა კულტურებმა და თავაუწეველმა მუშაობამ მოიტანა. მე საქართველოში პატარა და მრავალფუნქციურ გუნდს ვხელმძღვანელობ. ცოტა ადამიანი იცნობს საქართველოში ჩვენს საქმიანობას, მაგრამ საავიაციო გლობალურ სფეროში ფართოდ ცნობილია ჩვენი კომპანიაც და საქმეც. ათ წელზე მეტია ავიაგადაზიდვების ბიზნესში ვოპერირებ. ერთ დღეს თავი მოვუყარე ჩემს ყველა დაკვირვებას, მარცხს, წარმატებას და ამ პროექტის იდეა ბორდზე გავიტანე. დავასაბუთე, რომ მგზავრებისათვის სერვისების შექმნის პარალელურად, ამ ინდუსტრიაში შეგვეძლო ძალები მოგვესინჯა, ვინაიდან საქართველოში მქონდა მაგალითი, როგორ იზრდება ავიაკომპანიების ინტერესი წარმომადგენლობითი პროფესიონალური მომსახურების სფეროში. ახლა 170 ქვეყანაში ვნერგავ ქსელური საჰაერო გადაზიდვების ჩემ მიერ ინიცირებულ პროექტს. ამიტომ ჩემთვის ვებინარებით მუშაობა ახალი რეალობა არ არის.

რა ადგილი უკავია მსოფლიო გადაზიდვებში საჰაერო გადაზიდვებს?

ავიაგადაზიდვა ყველაზე სწრაფი და მნიშვნელოვანი გადაზიდვის ფორმაა. იგი არის ვაჭრობის ხელშემწყობი, რომელიც გლობალურ ეკონომიკას ავითარებს და ქმნის მილიონობით სამუშაო ადგილს. გლობალური ეკონომიკა დამოკიდებულია მსოფლიოში მაღალი ხარისხის პროდუქციის კონკურენტულ ფასებში მიწოდების შესაძლებლობაზე. საჰაერო გადაზიდვის მეშვეობით მსოფლიოში 6 ტრილიონის ღირებულების ტვირთი ბრუნავს, რომელიც მსოფლიო ვაჭრობის 35%-ს შეადგენს.

თქვენი აზრით, რა არის საჰაერო გადაზიდვების განვითარების პრიორიტეტები?

პირველი: პროცესების მოდერნიზება. საჰაერო გადაზიდვის პროცესის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელია მისი საოპერაციო ნაწილი. ვფიქრობ, სექტორი სრულად უნდა განთავისუფლდეს ქაღალდის გამოყენებისგან და მის ნაცვლად უნდა მოხდეს ელექტრონული პროცესების ავტომატიზაცია. საინტერესოა, რომ ერთი ავიაგადაზიდვის დროს შესაძლოა ტვირთს თან ახლდეს დაახლოებით 50 გვერდი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია საბაჟო, სატრანზიტო და ავია რეგულაციებისთვის.

მეორე: სახელმწიფოებს შორის მომარაგების ჯაჭვის უსაფრთხო განვითარება. უსაფრთხო განვითარება გულისხმობს, სახელმწიფოების მიერ საერთო რეგულაციების შექმნას, რაც საშუალებას მისცემს ამ სფეროს მოთამაშეებს, გამარტივებულად და დამატებითი უსაფრთხოების რეგულაციების გარეშე გადაკვეთონ ტვირთი ამა თუ იმ საზღვრებს შორის.

მესამე: სახიფათო ტვირთების რეგულაციის დაცვა. უსაფრთხო გადაზიდვა, ავიაციის უმთავრესი პრიორიტეტია. ელექტრონული კომერციის ზრდასთან ერთად, სახიფათო ტვირთების (მაგ. ლითიუმის ელემენტები, რასაც თითქმის ყველა ტიპის ტექნიკა შეიცავს) უსაფრთხოდ გადაზიდვა გამოწვევაა, არსებული რეგულაციების სწორად დაცვა კი- აუცილებელი.

მეოთხე: ფოკუსი გარემოს დაცვაზე / Sustainability. ნახშირბადის გამონაბოლქვის მართვა ინდუსტრიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ დიდი ფოკუსი როგორც საწვავის ეფექტურ გაუმჯობესებას, ასევე ტექნოლოგიურ, საოპერაციო და ინფრასტრუქტურის მართვას ეთმობა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რა ტიპის ბიზნესის განვითარებისთვისაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჰაერო გადაზიდვები?

საჰაერო გადაზიდვა და, ზოგადად, ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტი პირდაპირ კავშირშია ვაჭრობასთან და ეკონომიკის განვითარებასთან, რა თქმა უნდა, საჭიროა ნებისმიერი პროდუქტის წარმოება, რომლის ვაჭრობასაც სახელმწიფო შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე. გასათვალისწინებელია, რომ ერთია პროდუქტის წარმოება, ხოლო მეორე მოთხოვნა პროდუქტზე. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც უცხოური ინვესტიციის მოზიდვა წარმოების განსავითარებლად, არამედ ადგილობრივი პროდუქტის და მათზე მოთხოვნის შექმნა და განვითარება.

ზოგადად, საჰაერო გადაზიდვა მნიშვნელოვანია ყველა ბიზნესისთვის. თუმცა, შემიძლია გამოვყო განსაკუთრებით ისეთი ბიზნესები, რომელთათვისაც ტვირთების მიწოდების დრო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. 21-ე საუკუნეში, ტექნოლოგიების განვითარებამ, მნიშვნელოვნად განავითარა ელექტრონული კომერცია, სწორედ E-commerce არის დღეს ყველაზე მზარდი ბიზნესის ტიპი და შესაბამისად, ამ ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საჰაერო გადაზიდვები. მაგალითად, ჩინეთში, Single’s Day დღესასწაულზე, ონლაინ სავაჭრო პლატფორმების მეშვეობით 24 საათში, 657 მილიონი ამანათის შეკვეთა და მიწოდება განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 17,8 მილიარდია.

როგორია ქვეყნების რიგითობა ავია ტვირთბრუნვის მასშტაბის მიხედვით?

ამ კითხვაზე პასუხს უფრო კონტინენტების მიხედვით დავყოფდი: აზია არის კონტინენტი, საიდანაც ყველაზე დიდი ავია ტვირთბრუნვა წარმოიქმნება და ის მსოფლიო ბაზრის 34.6% შეადგენს, მას მოსდევს ჩრდილო ამერიკა 24,3%-ით, ევროპა 23,6%-ით, აფრიკა 14,8% და სამხრეთ ამერიკა 2,8%-ით.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს საჰაერო გადაზიდვების ჰაბი?

ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვა „ჰაბი“ და ქართველებს უცნაური ამბიციაც კი გაგვიჩნდა, რომ სამყაროს ჰაბი შეგვიძლია ვიყოთ, ყოველ შემთხვევაში რეგიონში. რაც ნამდვილად ჯერჯერობით ამბიციის ნაწილია. რაც შეეხება ჰაბს და მის განვითარებას, ის არ შეიძლება განვიხილოთ ცალკე მდგომ ლოგისტიკურ განვითარების ცენტრად, ის უნდა იყოს დიდი ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომლის მნიშვნელოვან ელემენტებს შეადგენს: საგზაო, საზღვაო და სარკინიგზო ქსელი.

მაგალითად, როტერდამის პორტი და ამსტერდამის აეროპორტი Schiphol წარმოადგენს ევროპულ სატვირთო და სამგზავრო ჰაბის, რომლითაც სარგებლობენ მსოფლიო დონის ლოგისტიკური მომსახურების მიმწოდებლები. ნიდერლანდები გამოირჩევა ფართო ავია, საგზაო და სარკინიგზო ქსელებით ევროპაში, ასევე ტექნოლოგიური ინოვაციის დანერგვით ლოგისტიკურ სფეროში. სწორედ ეს კომბინაცია უწყობს ხელს ნიდერლანდების ჩამოყალიბებას იდეალურ ლოგისტიკურ კარიბჭედ ევროპაში.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ გავლენიან მოთამაშედ იქცეს რეგიონალურ ჭრილში?

საჰაერო გადაზიდვების განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და მის სავაჭრო ურთიერთობებთან, როგორც რეგიონში, ასევე ევროპასა და მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს სატვირთო ბაზარი დაახლოებით ასე გამოიყურება: 85% იმპორტი, ხოლო 15% ექსპორტი.

იმისათვის, რომ რეგიონში გავლენიანი მოთამაშე გახდე, ქვეყანაში უნდა განვავითაროთ ავია-საექსპორტო ბაზარი, უნდა ვაწარმოოთ პროდუქცია, რომელსაც ექსპორტზე გავიტანთ, უნდა გავაძლიეროთ/შევქმნათ ადგილობრივი ავიაგადამზიდი, რომელიც კონკურენციას გაუწევს საქართველოში და რეგიონში ოპერირებად დიდ სატვირთო ავიაკომპანიებს. ასევე იმისათვის, რომ საქართველო შედგეს სატრანზიტო ქვეყნად, ვფიქრობ, როგორც ზევით აღვნიშნე, აუცილებელია ადგილობრივი სატვირთო გადამზიდი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას ერთმანეთთან დააკავშირებს.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

COVID-19 და მსოფლიო პანდემია. როგორ ადაპტირდნენ კომპანიები ახალ COVID-19-ით გამოწვეულ რეალობასთან და როგორია APG-ს სამომავლო გეგმები?

როგორც ბევრი ინდუსტრია, ავიაციის სფეროც მნიშვნელოვნად დაზიანდა კოვიდ პანდემიის დროს. ბევრმა ავიაკომპანიამ შეწყვიტა არსებობა, ბაზარზე ის მოთამაშეები დარჩნენ, ვინც შეძლეს ფინანსური რესურსის მოძიება, რათა გაეგრძელებინათ ოპერირება ძალიან შემცირებული ფრენების ფონზე.

საინტერესოა, რომ გამოჩდნენ ავია ხომალდები, რომლებიც მგზავრების გადასაყვანად იყო შექმნილი, ხოლო პანდემიის გამო მთლიან ბორტს იყენებდნენ ტვირთის გადასაზიდად. გაზრდილი მოთხოვნის და ფასის შესაბამისად, მსგავსმა ტექნიკურმა კონვერტაციამ სრულიად გაამართლა.

ავიაციის სამგზავრო და სატვირთო რგოლიდან, აღსანიშნავია, რომ სამგზავრო გადაზიდვები თითქმის სრულიად შეწყდა/შემცირდა, რამაც ბუნებრივია რეისების მნიშვნელოვნად შემცირება გამოიწვია, ხოლო სატვირთო გადაზიდვები არც ერთი დღით არ გაჩერებულა, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რგოლია, როგორც ქვეყნებს შორის სავაჭრო, ასევე ეკონომიკური კუთხით.

რაც შეეხება APG-ს, მისთვის, როგორც გლობალური ქსელისთვის პანდემია დიდი გამოცდა იყო. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ ჩვენს ოფისს 110 ქვეყანაში არ ჰქონია მძიმე კრიზისი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქსელის სიძლიერეს და განვითარების სწორ სტრატეგიას. მეტიც, ჩვენი პოზიციები მსოფლიო საავიაციო ბაზარზე დღითიდღე უფრო ძლიერდება. კრიზისის დროს ავიაკომპანიებმა საკუთარი ხარჯები შეამცირეს, შესაბამისად, ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ჩვენ მიერ შექმნილ პროდუქტებსა და სერვისებზე. APG კი, პანდემიის მიუხედავად, განაგრძობს ინოვაციური პლატფორმების შექმნას მსოფლიოს მასშტაბით.

იაკოს აზრით, როგორც კი მსოფლიოში ვირუსის გავრცელება შეჩერდება, ახალ სერვისებსა და პროდუქტებზე გაჩნდება მოთხოვნა, ვინაიდან „პროგრესის გაჩერება რთულია, ის შეიძლება მხოლოდ დაამუხრუჭო“.