როგორც თავად ამბობს პოლიტიკურ პარტიაში სტაბილური სამსახურებიდან გადაინაცვლა. ამბობს იმასაც, რომ სტაბილურობა ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მოჩვენებითი აღმოჩნდეს, თუ მას გამოეცალა ღირებულებითი ფუნდამენტი.
თამუნა კირვალიძე გვიყვება, როგორი იყო გზა, რომელიც სტუდენტობიდან დღემდე საქართველოსა თუ უცხოეთში გაიარა. უამრავი სხვადასხვა სფერო, განსხვავებული ამოცანები, გამოწვევები, რომლებიც არ აშინებდა; უცხოეთის ამბები, სადაც ხან სწავლის მიზნით, ხანაც სამუშაოდ მიდიოდა და, დარჩენის უამრავი შესაძლებლობის მიუხედავად, ყოველთვის უკან ბრუნდებოდა.
შეთავაზებაზე ‒ წასულიყო პოლიტიკაში ‒ წლების წინ უარი თქვა. პარტიას ‒ „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა დაფუძნების დღიდან იმ მოტივით, რომ კომფორტის ზონაში დარჩენა და დუმილი დღეს, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, ამორალურად მიაჩნია.
ვინ ან რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი? როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
სტუდენტობამ 90-იანი წლების საქართველოში ჩაიარა, სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. არჩევანი დიდი არ იყო… სანახევროდ გახსნილი ქვეყანა, ვიზები უცხოეთში მოსახვედრად, კიდევ უფრო მეტი სირთულე, თუ სასწავლო პროგრამით გინდოდა სადმე წასვლა. არც უნივერსიტეტებს ჰქონდათ დიდი შეთავაზებები… მწირი სასწავლო პროგრამები, ნახევრად გაყინულ აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში ცდილობდი, პასუხი გაგეცა კითხვებისთვის, რისი ცოდნაც ჰაერივით გესაჭიროებოდა. ინტუიციურად გრძნობდი, რომ ეროვნული მოძრაობისა და თავისუფლების მოპოვების დაუოკებელი სურვილი ასევე გადიოდა ცოდნის მოპოვებისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესზე. იმ თაობის ახალგაზრდებში საკუთარი თავის ძიება პირდაპირ იყო იდენტიფიცირებული ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან.
ეროვნული მოძრაობა, მიტინგები, ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი ნაბიჯები… ვგრძნობდი, რომ უფრო მეტი კითხვა არსებობდა, ვიდრე შესაძლებლობა პასუხის მიღების. ამიტომ მუდმივად მქონდა აკვიატებული ფიქრი, მესწავლა საზღვარგარეთ. სანამ ჩემს მიზანს სისრულეში მოვიყვანდი, ბევრი გზა გავიარე, სწავლის პარალელურად, მუშაობა დავიწყე ერთ-ერთ საკაბელო ტელევიზიაში, რაღაც პერიოდის განმავლობაში ახალი ამბების გამოშვება მიმყავდა, ხანდახან უშუქობაში ‒ „ტელებუნებარადიოსტუდიიდან“. ასევე ვიმუშავე საქართველოს პარლამენტში საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, საინტერესო გამოცდილება იყო… სხვათა შორის, მოგვიანებით, დიდ ბრიტანეთში სწავლის პერიოდში, ჩემი საკურსო თემა სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ავირჩიე. თემა იყო ‒ როგორ მოვახდინოთ საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაცია რეალურ ცხოვრებაში. როცა ვიფიქრე, რომ ეს იყო მხოლოდ ჩემი მოკრძალებული ხედვა და გამოცდილება, ისე გამოვიდა, რომ ეს საკმაოდ აკადემიური სასწავლებლისთვისაც კი ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარი აღმოჩნდა ‒ ქვეყნიდან, რომელსაც რუკაზეც არ იცნობდნენ. 1999 წელი იყო.
რა სფერო უფრო გიზიდავდათ? სად ხედავდით საკუთარ თავს, მომავალს?
ვხვდებოდი, რომ მომწონდა და საუკეთესოდ გამომდიოდა კომუნიკაციები, მენეჯმენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობა… პიარი და მარკეტინგი სრულიად ახალი ცნებები იყო და არც საშუალება არსებობდა, ამ კუთხით რაიმე გესწავლა… ამ საკითხებზე ბევრს ვფიქრობდი, არადა იმ დროს უკვე ორი შვილი მყავდა, თან საკმაოდ პატარები. დილემის წინაშე ვიდექი ‒ ან უნდა მიმეღო მოცემულობად ის გარემო, ვადაპტირებულიყავი მასთან, როგორც ეს ჩემი თაობის ბევრ ნიჭიერ ადამიანს მოუწია, ან გადამელახა ეს ბარიერები და წავსულიყავი უცხოეთში სასწავლებლად. არჩევანი გავაკეთე განვითარების სასარგებლოდ. ყველაზე მეტად შვილების დატოვება მიჭირდა და მათ გამო უფრო ვყოყმანობდი წასვლას. საბოლოოდ მივხვდი, რომ სინამდვილეში შვილებს ყველაზე მეტს სწორედ მაშინ აძლევ, როცა საკუთარ თავს პოულობ, ვითარდები, იზრდები პიროვნულად. დღეს, როცა ჩემი შვილი გერმანიაში შემდგარი ექიმია, შინაგანად მჯერა, რომ მეც გარკვეულწილად შევძელი, მაგალითი ვყოფილიყავი მისთვის.
დიდ ბრიტანეთში სწავლის პერიოდიც არ იყო იოლი. პიარსა და მარკეტინგს ვსწავლობდი პირველად უცხო ენაზე. ეს ის პერიოდია, როცა ბრიტანეთშიც კი, ჩემს ინსტიტუტს თვლით ჰქონდა კომპიუტერები. პიარისა და მარკეტინგის მიმართულება იქაც ჯერ კიდევ იხვეწებოდა და ვითარდებოდა. ჩვენი ლექტორები უშუალოდ იმ სახელმძღვანელოების ავტორები იყვნენ, რითაც ჩვენ ვსწავლობდით. საქართველოში ჯერ დიდი ბრიტანეთის საელჩოც კი არ იყო. ვიზის მისაღებად, მახსოვს, საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა ჯერ ბაქოში, მერე სტამბულში. საქართველოზე ხომ თითქმის არაფერი იცოდნენ. მახსოვს, პრეზენტაცია გავაკეთე ჩვენს ქვეყანაზე, მის პირველ დამწერლობაზე, ისტორიაზე. რუკაზე თვალსაჩინოებისთვის მონიშნული მქონდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონი მათი კლიმატური პირობებით, ლანდშაფტით, ალპური ზონით, იქ სვანეთი, იქ კახეთი, და ა. შ. ვადარებდი ბასკეთს, იტალიას, როცა ღვინოზე ვსაუბრობდი. ვყვებოდი ჩვენს უნიკალურ ანბანზე; იმაზე, რომ ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში გვყავდა ქალი მეფე, ვეფხისტყაოსანზე, ღვინის კულტურაზე… მათ ისიც კი არ იცოდნენ, რომ მსოფლიო ოთხგზის ჩემპიონი ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილი ქართველია, სამაგიეროდ იცოდნენ ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე, რომელიც იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო დიდ ბრიტანეთში. მახსოვს, ერთხელ მისი ხათრით ტაქსის მძღოლმა ფული არ გამომართვა… ყველამ თავის წილი როლი იტვირთა იმ პერიოდში საქართველოს გასაცნობად. თითოეული ქართველი თავისებური ელჩი იყო თავის ქვეყნის. მომდევნო პრეზენტაციაზე ქართული ღვინოც კი შემატანინა რექტორმა, იმდენად დიდი აღმოჩნდა ინტერესი, უკეთ გაეცნოთ ჩვენი ქვეყანა.
ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ სად და რით გააგრძელეთ?
დიდ ბრიტანეთში სწავლის შემდეგ იყო ESM ‒ აქ ვიყავი მაგისტრატურის პირველი გამოშვების კურსდამთავრებული 2001 წელს, ძალიან საინტერესო ჯგუფით. ისინი დღესაც ჩემი მეგობრები და წარმატებული ადამიანები არიან. უკვე შემდეგ საქართველოში პირველი საკონსულტაციო კომპანია GCG, შემდეგ სერიოზული საერთაშორისო კომპანიები, 2003 წელს ‒ EY ‒ დიდი ოთხეულის პირველი საკონსულტაციო კომპანია საქართველოში, ხოლო 2005 წელს უკვე ‒ საქართველოში პირველი საერთაშორისო იურიდიული კომპანია DLA Piper. ორივე კომპანია, ფაქტობრივად, სარკმელი იყო დასავლეთში ‒ იმ დროს ჩვენი ქვეყნის ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამადასტურებელი საბუთი.
ორივე კომპანიას მსოფლიო ბაზარზე თავისი მასშტაბი ჰქონდა და გამორჩეული ნიშა ეკავა. მე მებარა კომუნიკაციები, ვმოგზაურობდი და თითქმის ყოველ თვეში მიწევდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული კომპანიის ოფისებში ვიზიტები. ეს იყო ყველაზე დიდი გამოცდილება, სხვადასხვა ქვეყნის, განსხვავებული ადამიანების გაცნობის, მულტიკულტურული და გუნდური მუშაობის ნამდვილი მაგალითი.
პოლიტიკაში როგორ აღმოჩნდით?
საკმაოდ დიდი კარიერული წინსვლა მქონდა, იმდროინდელ საქართველოში მაღალი ფინანსური ანაზღაურებით, განვითარების მზარდი პერსპექტივით. იმ პერიოდში ბევრი შემოთავაზება იყო პოლიტიკური ფლანგიდან, მიუხედავად საკმაოდ ახალგაზრდა ასაკისა, მაინც სტაბილური სამსახური ავირჩიე 20 წლის წინ. პარადოქსია, რომ ოცი წლის შემდეგ, როცა სტაბილურობა ადამიანის კიდევ უფრო ბუნებრივი მოთხოვნილებაა, სტაბილური სამსახურებიდან აღმოვჩნდი პოლიტიკურ პარტიაში. მივხვდი, რომ ერთ დღეს შეიძლება უბრალოდ მოჩვენებითი იყოს სტაბილურობა, თუ მას გამოეცალა ღირებულებითი ფუნდამენტი. კომფორტის ზონაში დარჩენა და დუმილი ამორალობაა დღეს.
ეს დრო დგას ახლა ქვეყანაში.. მით უფრო, ჩვენი თაობის ხალხისთვის, ვინც მოვესწარით საბჭოთა კავშირის ბოლოსაც და ჩვენმა სტუდენტობამ თავისუფლებისთვის გამოსვლებში ჩაიარა; ვინც ბევრი ვიწვალეთ და ვიშრომეთ, რომ საკუთარი თავი შეგვექმნა და დაგვემკვიდრებინა… კატასტროფაა, ეს სიმწრით მოპოვებული უვიზო რეჟიმი, გზა დასავლეთისკენ, საკუთარი და ქვეყნის თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა ვიღაც ერთ მუჭა საბჭოური მენტალიტეტის ხალხს ჩავახერგინოთ… ოცი წლის წინ უამრავი სავიზო პროცედურითა და ბევრი კითხვით სავსე ვიდექი საპასპორტო კონტროლთან და ზუსტად ვიცოდი ‒ კითხვებზე პასუხების ძებნისთვის ყველაზე სწორი გზა მქონდა შერჩეული. იმისიც მწამდა და მჯეროდა, რომ ჩემს შვილებს კიდევ უფრო ცოტა კითხვაზე პასუხის გაცემა დასჭირდებოდათ მომავალში საპასპორტო კონტროლისას… ამიტომაა დასაცავი ჩვენი ქვეყნის მიღწევები, რადგან ამაში ჩვენი დაკარგული თაობების ბევრი ტკივილი და შრომა დევს, დღეს უცხოეთშია მიმოფანტული ემიგრანტი ქართველების იმედები და ჩვენი შვილების მომავალი. ევროპა ჩვენი ისტორიული სახლია. ის კულტურა და ფასეულობებია, რომლისკენაც მივისწრაფოდით მუდამ…
თქვენს კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, ვფიქრობ, TBC ჯგუფთან თანამშრომლობა იყო. როგორ აფასებთ იმ პერიოდს?
TBC ჯგუფი ახალი გამოწვევა იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდი. ძალიან მძიმე ფონი და რთული პერიოდი ყველასთვის, მათ შორის ბიზნესისთვის. საერთოდ, ყველა კომპანია ღირებულებებით ნაწილში თავის დამფუძნებლებს ჰგავს. ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ იმდროინდელ საქართველოში ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესჯგუფი, რომელიც არა მარტო ქმნიდა ყველაზე ძლიერ და სტაბილურ საფინანსო ინსტიტუციას, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასაც წერდნენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ხელოვნება, კულტურა, განათლება თუ სხვა. „ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს“ ‒ ეს ეხებოდა ყველას და ყველაფერს, ახალგაზრდებს, კლიენტებს, საზოგადოებას თუ TBC ბანკის თანამშრომლებს. საპასუხისმგებლო და საამაყოც იყო, ყოფილიყავი ამ გუნდის წევრი და ამ პროცესების მონაწილე.
რამდენადაც ვიცი, ქოუჩინგითაც იყავით დაინტერესებული
2015 წელს „ერიქსონის“ სერტიფიცირებული ქოუჩინგის აკადემია შემოვიდა საქართველოში. ეს არის შედარებით ახალი მიმართულება, რომლისთვისაც არ არსებობს წარსულის გამოცდილება და მხოლოდ პოზიტიურ მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ ვიყავით პირველი ჯგუფი საქართველოში და ძალიან საინტერესო გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა მივიღეთ სწავლის პერიოდში. ქოუჩინგი ბევრი ადამიანის ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. გული მწყდება, რომ უფრო მეტი დრო არ დავუთმე ამ საქმეს, არ არის გამორიცხული მომავალში ისევ მივუბრუნდე მას. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პროცესი, ვიდრე ის, რომ დაეხმარო ადამიანს, იპოვოს საკუთარი თავი, აღმოაჩენინო მას ბევრი მიმალული შინაგანი რესურსი და ამით გააბედნიერო.
რამდენად მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი, კარგად დაგეგმვა?
ზოგადად, მოწესრიგებული ადამიანი ვარ, მიყვარს პუნქტუალურობა, პატივს ვცემ საკუთარ და სხვის დროს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ სწორად დავგეგმო და გავანაწილო დრო.
რა თვისებები გაქვთ, რაც ფიქრობთ, რომ საქმეში ხელს გიწყობთ?
ვფიქრობ, საქმიანობაში ხელს მიწყობს, პირველ რიგში, კარგი კომუნიკაციის უნარი და ის, რომ მიყვარს ადამიანები და ყოველთვის კეთილგანწყობაზე ვაგებ ურთიერთობებს. ალბათ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ კრიზისულ მომენტში არასდროს ვიბნევი და არ ვკარგავ მოთმინებას, ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყოდი, რომ კარგი კრიზისმენეჯერი ვარ ‒ გამოსავალი ყოველთვის არსებობს!
ოდესმე საქმეში რაიმე პრობლემას ან წინააღმდეგობას ხომ არ შეხვედრიხართ იმის გამო, რომ ქალი ხართ?
კომპანიებში, სადაც მომიწია მუშაობა, არასოდეს ყოფილა ადამიანების გენდერული ნიშნით გამორჩევა. ალბათ, იმიტომ, რომ პროგრესული, რეალიზებული, განათლებული ქალებისა და კაცებისგან შემდგარი გუნდით იყო დაკომპლექტებული მუდამ ეს კომპანიები, რაც იყო კიდეც მათი წარმატების წინაპირობა.
ცხადია, ვიცი უამრავი შემთხვევა, როცა ქალები ვერ ახერხებენ თავიანთი თავის რეალიზებას მხოლოდ იმიტომ, რომ ქალები არიან. თუმცა მგონია, ეს პრობლემა თანდათან განათლების მეშვეობით დაიძლევა, რადგან მხოლოდ სქესის მიხედვით არც უმცირესობაში შეიძლება იყოს ადამიანი და არც პრივილეგირებული. უპირატესობა თუ რამე შეიძლება იყოს, ესაა ცოდნა, ინფორმირებულობა და კვალიფიკაცია.
რაც შეეხება ქალების გაძლიერებას, რაზეც ხშირადაა საუბარი, ქალები ისედაც ძლიერები არიან, უბრალოდ მეტად სჭირდებათ სხვადასხვა პლატფორმაზე წარმოჩენა. ვისურვებდი ასევე მეტ ქალს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ორგანოებში, ზოგადად, პოლიტიკაში, ბიზნესში.
ქალი არის რისკიანი და ამავე დროს ფრთხილი, ერთგული, თავდადებული, დიპლომატი, არაჩვეულებრივი მომლაპარაკებელი ომისა თუ მშვიდობის დროს. მათ აქვთ უნარი საქმესთან დამოკიდებულებაში ისეთივე მზრუნველები იყვნენ, როგორებიც არიან ოჯახის მიმართ. მე რაც მაწუხებს და რაც მინდა ვისურვო, არის ის, რომ არცერთი ქალი არ თხოვდებოდეს მხოლოდ იმ მოლოდინით, რომ მამაკაცი უზრუნველყოფს მის ცხოვრებას, ასევე არცერთი გათხოვილი ქალი არ რჩებოდეს მოძალადე ქმრის ხელში, მხოლოდ იმიტომ, რომ წასასვლელი და თავშესაფარი შვილებთან ერთად არსად აქვს და მომავალი ბუნდოვანი ეჩვენება.
რა გაძლევთ მოტივაციას?
მთავარი ძალა ცხოვრებაში სიყვარულია ‒ ოჯახის, მეგობრების, ადამიანებისა და სიცოცხლის სიყვარული. ცხოვრების მთავარი ადამიანები არსად მიდიან ბოლოს… გული და გონება განსაკუთრებული ადგილებია ხსოვნის და მოგონებების შესანახად. ცხოვრების ჯამი- ესაა ემოციების ერთობლიობა და სიმრავლე. მამა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ადამიანი იყო და არის ახლაც… ბავშვობიდან განსაკუთრებული მიჯაჭვულობა და სიახლოვე მაკავშირებდა მასთან. მამა იყო ჩემი მთავარი კავალერი, მეგობარი, მრჩეველი, მაგალითის მომცემი როგორც ჩემთვის, ასევე ჩვენი წრის მეგობრებისთვის. მის არყოფნას ვერ შევეჩვიე, მაგრამ იმ ემოციური კავშირით, რომელზეც ვსაუბრობდი, ვგრძნობ მუდმივ სიახლოვეს მასთან… ეს კავშირი ხან რახმანინოვშია (მას ძალიან უყვარდა მუსიკა და არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე), ხან პოეზიაში, ხან სულ უბრალო მის ნაქონ ტანსაცმელში, რომელსაც, როცა ვიცვამ, თავს განსაკუთრებულად დაცულად და საიმედოდ ვგრძნობ…
რა გხიბლავთ საქართველოში?
ქვეყნიდან წასვლის სურვილი მქონია… იქით თუ არ დავრჩი სწავლის შემდეგ, 2019 წლის მოვლენების შემდეგ ეს თითქმის რეალობაში მოვიყვანე. ნიუ-იორკში ნახევრად გადავბარგდი კიდეც, საკმაოდ საინტერესო პერსპექტივით. თუმცა ზუსტად იმიტომ, რომ ამას ჩემთვის „გაქცევა“ ერქვა, უკან დავბრუნდი. სახლიდან არ უნდა მირბოდე. ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანაა ჩვენი სახლი. ეს ქვეცნობიერში ტრავმასავით ილექება და მუდმივად გაწუხებს, როგორც არ უნდა რეალიზდე. ჩემი ხასიათიც ასეთია ‒ არ მიყვარს პრობლემებიდან გაქცევა, სირაქლემას პოზა ჩემთვის უცხოა. მივხვდი, თუ ასე წავალთ ყველა, ვერასოდეს შევცვლით იმას, რასაც გავექეცით, რაც არ მოგვწონს… გაქცევა დანებებაა, ეს კი არ მჩვევია.
იდეა, რომელიც უცვლელი დარჩა წლებთან ერთად
გვეცხოვრა ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა მცირე დოზით იქნებოდა შემოჭრილი ჩვენს ყოველდღიურობაში. რომ რეალურად მშვიდი, დამოუკიდებელი, რუსეთის ორბიტას მოწყვეტილი ევროპული ქვეყანა ვყოფილიყავით. მუსიკალური ფესტივალების, სტარტაპების, ინოვაციების ქვეყანა. ეს ყველაფერი ისაა, რისი შესაძლებლობა და რესურსიც გვაქვს, მთავარი ნებელობა და სწორი პოლიტიკური ვერტიკალია ქვეყნის.
როგორი გინდათ იყოს ეს ქვეყანა, ვთქვათ, 10 წლის შემდეგ? როგორ ხედავთ მის მომავალს?
10 წლის მერე ასე წარმომიდგენია საქართველო ‒ მინდა იყოს ქვეყანა, რომლიდანაც კი არ გარბიან, არამედ ბრუნდებიან ემიგრანტები. ქვეყანა, რომელშიც შესაძლებელი იქნება საუკეთესო განათლების მიღება და ჩვენი შვილები აქ ისწავლიან. ქვეყანა, რომელსაც ექნება ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ფუნქცია მსოფლიო რუკაზე; რომელშიც არ იქნებიან მშიერი და მიუსაფარი ბავშვები; სადაც მოხუცებს პატივისცემით მოეპყრობიან და სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს შეეძლება იპოვოს თავის გზა.
ჩემი თავიც ასე წარმომიდგენია 10 წლის შემდეგ: რომელიმე კარგი, გემოვნებიანი მუსიკალური ფესტივალის სამზადისში, ნიჭიერი ახალგაზრდების ეპიცენტრში, მეგობრებისა და ჩემი ყველაზე პატარა და მნიშვნელოვანი ადამიანის ‒ უკვე როგორც თანამოაზრის ‒ ჩემი კირას გარემოცვაში.
რას აფასებთ ადამიანში, რა გიჩენთ მისი მხარდაჭერის სურვილს?
ყველაზე მეტად ადამიანის მხარდაჭერა მინდება, როცა ნიჭს ვხედავ. ნიჭიერი ახალგაზრდები ჩემი ყველაზე დიდი მოტივაციაა. ვგიჟდები, როცა ამას თან ახლავს შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. მათი ხელშეწყობა მგონია ყველაზე ღვთიური და მადლიანი საქმე, რაც კი არსებობს დედამიწაზე.
არის თუ არა რამე, რაც ფიქრობთ, რომ დააკლდა თქვენს ცხოვრებას?
კი, არის… იყო ძლიერი და საქმიანი ქალი, არაა იოლი. ხანდახან მგონია, რომ რაღაც დრო გავაცდინე ცხოვრებაში, მეტად დავუთმე სამსახურს და პროფესიულ განვითარებას. ამაზე ხშირად ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი, მაინც რა ჯობდა. ალბათ, მაინც ასე მოვიქცეოდი. არ ვიცი…
რომანტიკოსი ვარ, თუმცა ეს ასე არ ჩანს. ნაკლებად ვსაუბრობ ჩემს ემოციებზე. არ მიყვარს პირად საკითხებზე საუბარი. პირად საკითხებად მიმაჩნია რწმენა, სიყვარული და მგონია, რომ როცა სწორ საქმეს აკეთებ ღმერთი სულ შენთანაა. რწმენის აფიშირება არ მიმაჩნია სწორად. მგონია, რომ ადამიანი გულის სიღრმეში მაინც მარტოა და მუდმივად საკუთარი თავის ძიების პროცესში. ვფიქრობ, ესაა მთელი ცხოვრების მისიაც და ფილოსოფიაც. ამ ძიებაში უამრავი თავგადასავალი, ტკივილი, სიხარული, წუხილი თუ აღმაფრენაა…
რამდენად რთულია სამსახურისა და შვილებთან ურთიერთობის ბალანსი?
მიუხედავად იმისა, რომ სწავლის თუ სამსახურებრივი მიზეზების გამო ხშირად არ ვიყავი შვილების გვერდით, ჩვენი ურთიერთობა არასოდეს იყო მხოლოდ სტანდარტული დედა-შვილების ურთიერთობა. ეს იყო დიდი მეგობრობის, ურთიერთპატივისცემის, აღიარებისა და უპირობოდ დიდი ნდობის კავშირი. ძალიან ადრეული ასაკიდან გვქონდა შეთანხმება- არასოდეს, არასოდეს არ გვეთქვა ტყუილი არცერთი მხრიდან. ჩვენ, სამივე, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ და დღესაც მგონია, რომ ჩემი ყველაზე საუკეთესო მეგობრები და მრჩევლები ჩემი შვილები არიან. მე მათ ვასწავლე ყველაზე მთავარი რამ ‒ პატივი სცენ ადამიანის არჩევანის თავისუფლებას. სხვათა შორის, იგივე მასწავლა მამამ, ის ხშირად ამბობდა: გადაწყვეტილება, რომელსაც თამუნი იღებს, ჩემთვის ისაა სწორიო. მოგვიანებით გავაანალიზე, რომ ამ სიტყვებით ის მე პასუხისმგებლობას მაკისრებდა, რადგან ნდობა პასუხისმგებლობაა. ამ პრინციპით ვხელმძღვანელობ ყველგან, იქნება ეს პირადი, ადამიანური ურთიერთობები თუ სამსახური.
თუ გახსენდებათ რჩევა, რომელიც ვინმესგან მიიღეთ და პროფესიული გზაზე განსაკუთრებით გამოგადგათ?
ჩემმა ბრიტანელმა მენტორმა მითხრა ცხოვრების მთავარი ფრაზა, როცა მას შევჩივლე, რომ პრობლემა მქონდა. There are no problems, there are only Challenges, go & do it! პრობლემა არის გამოწვევა და შესაძლებლობა, რომელიც ყოველთვის უკეთესი ცვლილებისთვის უნდა გამოიყენო.