საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა | ინტერვიუ ირინა ქიტიაშვილთან

გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო და გამარტივებული საერთაშორისო ვაჭრობა მნიშვნელოვან რესურსს ქმნის ქვეყანაში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და დოვლათის შექმნისთვის. საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღნიშნული მისიის შესრულებაში აქტიურად ჩაერთვება ჩვენი რესპონდენტი, ირინა ქიტიაშვილი, რომელიც აგვისტოდან ICC-ის ვაჭრობისა და საბაჟო რეგულაციის გამარტივების გლობალური კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ირინამ თავდაპირველად განათლება უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში გადაინაცვლა. მისი მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მრავალ საერთაშორისო პროექტს, უმსხვილესი ქართული ბიზნესის წარმოებისა და საოპერაციო მართვას მოიცავს.

რა პასუხისმგებლობა ელოდება მას ახალ პოზიციაზე, როგორია მისი ხედვა საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და რა გამოწვევებს ხედავს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში – სწორედ ამ საკითხებზე უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს ირინა ქიტიაშვილი Forbes Woman-ის მკითხველს.

ფოტო: ანა ბოკო / ლოკაცია: კომპლექსი „King David“

ირინა, დავიწყოთ უახლესი კარიერული ცვლილებით – თქვენ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ვაჭრობისა და საბაჟო რეგულაციის გამარტივების გლობალური კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარედ აგირჩიეს. რა პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს ეს პოზიცია და რა მოლოდინები გაქვთ?

ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. მოგეხსენებათ, გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო ვაჭრობის თანმხლები ბიუროკრატიული სირთულეებია ‒ როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო ვაჭრობაზე განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის, ვაჭრობის ხარჯების ტარიფის ღირებულება მნიშვნელოვნად ვარირებს. შესაბამისად, საბაჟო და ვაჭრობასთან ასოცირებული საპროცედურო სირთულეების ნიველირებისა და გამარტივების გზით, შესაძლებელია საერთაშორისო ვაჭრობა გახდეს უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და შესაბამისად ‒ გლობალურად მეტი დოვლათის მომტანი.

სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად იქნა ინიცირებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება, რომელიც 2017 წელს შევიდა ძალაში. შეთანხმებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრთა 2/3-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი, მათ შორის არის საქართველოც. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, გავატაროთ რიგი ცვლილებები სავაჭრო და საბაჟო სისტემების მოდერნიზაციისათვის, ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობისათვის. ამ პროცესის სტიმულირებისთვის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივნის, ჯონ დენტონის ინიციატივით შეიქმნა გლობალური კომიტეტი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე იმუშავებს სამი წლის განმავლობაში.

კომიტეტის თავმჯდომარე არის ჯონ ბესჩეკი, მაიკროსოფტის დირექტორი საბაჟო და სავაჭრო მიმართულებით აშშ-სა და კანადაში. კომიტეტის ხუთი თანა-თავმჯდომარიდან ერთ-ერთი მეც ვარ ‒ წარმოვადგენ აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს. მაქვს მოლოდინი, რომ კომიტეტში მუშაობისას, ეფექტურად და დროულად წარვადგენ რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებს და ეს ყველაფერი შემდგომში აისახება რეკომენდაციებშიც. ვფიქრობ, უაღრესად საპასუხისმგებლო საქმესთან ერთად, ძალიან საინტერესო გამოცდილებაა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის გლობალური მისიაა საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების წახალისება, ვინაიდან, ორგანიზაცია ამ მიმართულებებს ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისა და დოვლათის შექმნის ინსტრუმენტებად მოიაზრებს. ამ მიდგომის გათვალისწინებით, რა სტრატეგიული ცვლილებების საფუძველი შეიძლება იყოს კომიტეტი, რომლის თანა-თავმჯდომარედაც ახლახან აგირჩიეს?

საერთაშორისო ვაჭრობის წახალისება და გამარტივება საერთაშორისო სავაჭრო პალატის ერთ-ერთი პირველადი მიმართულებაა. ამის დასტურად ისეთი კონკრეტული მაგალითები შემიძლია მოვიყვანო, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დანერგილი წესები საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ ‒ ყველასათვის კარგად ცნობილი „ინკოტერმსი“, საბანკო გარანტიებისა და აკრედიტივების წესები და სტანდარტები, ვაჭრობის საარბიტრაჟო წესები და სხვა.

ვაჭრობის გამარტივების შეთანხმების წახალისების მიზნით საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), საერთაშორისო კერძო თანამშრომლობის ცენტრის (CIPE) და მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიერ შეიქმნა გლობალური ალიანსი, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის გამარტივებისა და წახალისების პროცესების ეფექტურობის ზრდისა და დაჩქარებისაკენ მიმართულ საჯარო-კერძო პარტნიორობის გლობალურ ინიციატივას. ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ ალიანსის სტრატეგიული პროექტების ინიცირება, ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

ფოტო: ანა ბოკო / ლოკაცია: კომპლექსი „King David“

როგორ შეაფასებდით საქართველოს საინვესტიციო გარემოს?

საქართველო წლებია ლიდერობს საერთაშორისო რეიტინგებში ბიზნესის წარმოების მოქნილობით. 2020 წლის მსოფლიო ბანკის რეიტინგში, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ეს რეიტინგი არ არის საკმარისი, ვიმსჯელოთ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს შესახებ.

საერთაშორისო ინვესტიციების მოსაზიდად რეგულაციების სიმარტივის, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისა და საბანკო სექტორის განვითარების გარდა, მნიშვნელოვანია დემოგრაფიული და სოციალური მაჩვენებლებიც. სამწუხაროდ, ამ საკითხზე ნაკლებად ვსაუბრობთ ‒ ჩვენთან ფულის ჩადებამდე საერთაშორისო ინვესტორს აინტერესებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაცია, ტექნოლოგიები, ენერგომატარებლები, მიწოდების ჯაჭვის ინფრასტრუქტურა, ამ ყველაფრის ფასი და სხვა. ამ თვალსაზრისით, ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა გვაქვს ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის კუთხითაც ‒ ერთი მხრივ, ბაზარზე ბევრი ადამიანი ეძებს სამსახურს, ხოლო მეორე მხრივ, კვალიფიციური სპეციალისტის პოვნა, განსაკუთრებით ტექნიკურ სფეროებში, არის უაღრესად რთული. მოგეხსენებათ, წლებია ვმუშაობ მიწოდების ჯაჭვისა და წარმოების მართვის დარგში, შემიძლია ჩემი ემპირიული ცოდნით გამყარებული მოსაზრება გაგიზიაროთ, რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება განათლების სისტემის მოწესრიგების გარეშე მდგრადი ვერ იქნება. ეს ეხება, როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების და ზრდასრულთა უწყვეტი განათლების სფეროებს.

აქვე მინდა აღვნიშნო საერთაშორისო ინვესტიციის მიმართულებით ქვეყნის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკის მნიშვნელობა და როლი. ჩვენ, როგორც ქვეყანას, ერთიანი პოლიტიკა და ხედვა უნდა გვქონდეს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის, ამ ინვესტიციების მიზნობრიობისა და ქვეყნისათვის პოზიტიური შედეგების მოტანის თაობაზე. უნდა გვესმოდეს როგორც ქვეყანა „რას და რატომ ვაკეთებთ“ და ამისათვის „რა წინაპირობის უზრუნველყოფა ან რა ძალისხმევის გატარება გვჭირდება“. ამ თვალსაზრისით, არ შემიძლია არ ვახსენო ის სამუშაო, რომელიც გასაწევია სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებითაც. საერთაშორისო ინვესტიციების მიმართ მოსახლეობისა და სამოქალაქო დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან სოციალური განწყობები უნდა იყოს ადეკვატური, ამ მიმართულებით კი, პირადად მე, ცალსახად უკეთესს ვისურვებდი.

საერთაშორისო ვაჭრობაზეც რომ ვისაუბროთ ‒ რა ტრენდებია საქართველოში ამ მიმართულებით?

ეს საკითხი უნდა განვიხილოთ როგორც იმპორტ-ექსპორტის, ისე ტრანზიტის კუთხითაც.

საქართველო არის ხელმომწერი მხარე ისეთი მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა, როგორიცაა ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებები ღია ვაჭრობის შესახებ ისეთ მნიშვნელოვან მხარეებთან, როგორიცაა ევროკავშირი და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაცია, ჩინეთი, თურქეთი, ჰონგ-კონგი, დსთ, სუამი და სხვა. მზადების პროცესშია ასეთივე ხელშეკრულებები ახალ ბაზრებზეც. თავისი შინაარსით ასეთი ხელშეკრულებები გულისხმობს საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში საბაჟო ტარიფების მნიშვნელოვან გამონაკლისებს ან საერთოდ მათ გაუქმებას. ეს უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა იმპორტის და ექსპორტის ხელშეწყობისათვის.

ზოგადად, ცნობილია, რომ საქართველოში იმპორტ-ექსპორტის ბალანსი არის მკვეთრად ნეგატიური — იმპორტი მკვეთრად სჭარბობს ექსპორტს. უმეტეს შემთხვევებში, როდესაც საქართველოდან პროდუქციის ექსპორტზე ვმსჯელობთ, აქცენტი კეთდება სოფლის მეურნეობისა და საკვებ პროდუქტებზე. სტატისტიკასაც თუ შევხედავთ, საზღვრებს გარეთ გადის უმეტესად მინერალური წყალი, ლიმონათი, ღვინო და ა.შ. ასევე საგულისხმოა, რომ ეს პროდუქტები არა სრულად, მაგრამ უმეტესად გადის დსთ-ს ქვეყნებში და ნაკლებად ევროპაში. ობიექტურ მიზეზთა გამო, ჩვენთვის გაცილებით საინტერესო და სტაბილურია დასავლეთის ბაზრები, სადაც გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაც. ამავდროულად, გვაქვს პროდუქციის ხარისხის და წარმოების მოცულობის სტაბილურობის სერიოზული პრობლემა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებთან. ვფიქრობ, აუცილებელია, ქართულმა ბიზნესმა ისწავლოს თანამშრომლობა და გუნდურად განვითარება, მათ შორის კლასტერებისა და ასოციაციების დახმარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ერთეულმა კომპანიებმა გვაჩვენონ წარმატების შესანიშნავი მაგალითები, მაგრამ ეს არ გააჯანსაღებს ინდუსტრიას ან, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკას.

სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო პოტენციალზე საკუთარ მოსაზრებას შეუნიღბავად მოგახსენებთ: ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ვერ იქნება დასავლეთის ან სხვა ძვირი ბაზრებისთვის საინტერესო და კონკურენტუნარიანი. ავიღოთ თუნდაც, ქვევრის ღვინის მაგალითი, რაც ნამდვილად უდიდესი მონაპოვარია ქვეყნისათვის ‒ წარმოებული ქვევრის ღვინის მოცულობა და მასზე არსებული ჯამური მოთხოვნა ვერ გახდება ქვეყნის ეკონომიკის რეალური ბუსტერი. ჩემი აზრით, გაცილებით საინტერესო საექსპორტო პოტენციალი აქვს ქართული მომსახურების პროდუქტებს, მაგალითად ტექნოლოგიურ, კრეატიულ, სახელოვნებო, საკონსულტაციო და საბანკო სერვისებს. ალბათ, დროა, დავიწყოთ ფიქრი ჩარჩოებს მიღმა. ზოგადად, საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, რომელიც არ არის მდიდარი დიდი ოდენობით ბუნებრივი რესურსებით, უნდა გააკეთოს აქცენტი პროდუქტის ე.წ. დამატებითი ღირებულების შექმნასა და ასეთი პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანაზე. ჩემი აზრით, გამოსავალი სწორედ ამაშია.

რაც შეეხება ტრანზიტს და მის პოტენციალს: მოგეხსენებათ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და მისი საერთაშორისო ვაჭრობის ერთ-ერთ მოთამაშედ ჩამოყალიბებისთვის. აქ ორი ძირითადი ფაქტორი გვაქვს: პირველი, საბაჟო რეგულაციები და სისტემები, ხოლო მეორე- ფიზიკური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ჩვენ მომსწრენი ვართ ქვეყნის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალების მშენებლობისა და რეაბილიტაციის, რაც დანამდვილებით პოზიტიური ეფექტის მომტანი იქნება ქვეყნის ტრანზიტული მოძრაობისათვის, თუმცა, გვაქვს რკინიგზა, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა და მისი რეაბილიტაციის გარეშეც მნიშვნელოვანი ტვირთგამტარობის უზრუნველყოფა და ამით საპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის არსებული ან სამომავლო პორტების მომგებიანად ამუშავება, შეუძლებელი იქნება.

ფოტო: ანა ბოკო / ლოკაცია: კომპლექსი „King David“

ICC საქართველოში რამდენიმე ასეულ ბიზნესსა და ათეულობით ასოციაციას აერთიანებს. თქვენ ლოკალური ორგანიზაციის საბჭოს წევრიც ხართ. როგორ შეაფასებდით საერთაშორისო სავაჭრო პალატის მუშაობას საქართველოში?

საერთაშორისო სავაჭრო პალატა უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 45.5 მილიონ წევრ ორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. გლობალურად, ICC მონაწილეობს პოლიტიკის შემუშავებასა და საერთაშორისო ბიზნესის გამარტივების პროცესში და ხელს უწყობს იმპორტსა და ექსპორტს მთელ მსოფლიოში.

ადგილობრივად, ICC საქართველო ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 250-ზე მეტ წევრს, მათ შორის კორპორაციებს, ასოციაციებსა და ახალგაზრდულ წევრებს. ICC საქართველოს მიზანია დაეხმაროს მის წევრ ორგანიზაციებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობაში, იმუშაოს მათი ინტერესების ადვოკატირებაზე სხვადასხვა სამთავრობო და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებთან, გაუწიოს მათ საკონსულტაციო და ექსპერტული დახმარება, ორგანიზაციის სერვისების გამოყენებითა და სპეციალისტების ჩართულობით.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ICC საქართველო აქტიურად მუშაობს რეგიონული ექსპანსიის მიმართულებით. უკვე გაიხსნა და მუშაობის აქტიურ ფაზაში შედის წარმომადგენლობა უზბეკეთში, გეგმაშია ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში დამატებითი წარმომადგენლობები (ყაზახეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი). შესაბამისად, ქართული ბიზნეს ოპერატორებისთვის, რომლებიც ამ მიმართულებით მომავალში საერთაშორისო თანამშრომლობას გეგმავენ ICC საქართველო რიგ საინტერესო ინიციატივებსა და პროექტებს შესთავაზებს.

ირინა, თქვენ წლების განმავლობაში ასევე წარმოადგენდით ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბიზნესს, IDS ბორჯომს. როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, რა ძირითად გამოწვევებს ხედავთ?

აიდიეს ბორჯომი, მოგეხსენებათ, მინერალური წყლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც ამ მასშტაბის კომპანიაზეა საუბარი, ბუნებრივია, სხვა ტიპის გამოწვევებს ვხვდებით, ვიდრე ისეთი კომპანიების შემთხვევაში, რომლებიც ჯერ მხოლოდ საქართველოს ბაზარზე არიან წარმოდგენილი და ახლა ცდილობენ პროდუქციის ექსპორტზე გატანას.

ჩემი აზრით, ბორჯომის, ისევე როგორც ქართული მინერალური წყლის მსხვილი მწარმოებლების, უმთავრესი გამოწვევა ექსპორტის სტიმულირებისათვის, უფრო მეტად პროდუქტის თანამედროვეობის შენარჩუნება და საერთაშორისო მომხმარებლის ამით დაინტერესებაა, ვიდრე უბრალოდ ტრადიციული პროდუქტის სასარგებლო თვისებების წინა პლანზე წამოწევა და ამ მიმართულებით პოზიციონირება ტრადიციულ ბაზრებზე. ინოვაციური პროდუქტების შემუშავებისა და ახალ ბაზრებზე მათი შემოტანის დროულობა, ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევაა ჩვენი მინერალური წყლების საერთაშორისო მოთამაშეებად ჩამოყალიბების გზაზე. ხოლო, რაც შეეხება ექსპორტის რეგულატორულ ბარიერებსა და პროცედურებს, დიდი კომპანიები ამას მეტ-ნაკლებად ადვილად უმკლავდებიან, ამიტომ ამას დიდ გამოწვევას ვერ დავარქმევდი.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

აიდიეს ბორჯომი საქართველოსთან ვთანამშრომლობ 2013 წლიდან. ეს ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი ეტაპია. მიმდინარე წლის ივლისში დავტოვე ბორჯომის საოპერაციო დირექტორის პოზიცია — გადავწყვიტე, დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება და პროფესიული ინტერესები ახალი მიმართულებით გამოვცადო. უახლოეს მომავალში მსურს დავასრულო სადოქტორო ნაშრომი, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ექსპორტის პოტენციალის ზრდას ეხება, მცირე და საშუალო მეწარმეების კლასტერების განვითარების გზით. ბუნებრივია, აქტიურად ვრჩები წარმოებისა და ვაჭრობის ოპერაციების მართვაში, დანარჩენ დეტალებს კი უახლოეს პერიოდში გავუზიარებ პროფესიულ აუდიტორიას.