სალომე ქობულაშვილის შემოქმედებითი რუტინა

სალომე პროფესიით სტომატოლოგია. კლინიკას, რომელიც ორ კოლეგასთან ერთად დააარსა, რეკლამა არასდროს ჰქონია. ამბობს, რომ ამის საჭიროება არ უგრძნიათ და იმიტომ. კმაყოფილი, გახარებული პაციენტი მიდიოდა და ამბავიც მიჰქონდა. მერე სხვები მოდიოდნენ. როგორც ხდება ხოლმე.

საავტორო სკულპტურა და სამკაული მის ცხოვრებაში მოგვიანებით გაჩნდა. კითხვაზე, რა არის ეს ‒ მეორე პროფესია თუ ჰობი ‒ პასუხს დიდხანს არ ეძებს. ამბობს, რომ მეორე ცხოვრებაა.

როგორ მიაგნო, როგორ მიხვდა, რომ შეეძლო, რა დაანახა და რა შეუცვალა ხელოვნებამ, რა იყო იქამდე ‒ სალომე ქობულაშვილი ქრონოლოგიურად გვიყვება.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

სტომატოლოგია რატომ აირჩიეთ?

სამხატვრო აკადემიაში მინდოდა ჩამებარებინა, ვხატავდი. დედაჩემმა კარგი რჩევა მომცა: ქალს უნდა ჰქონდეს ისეთი პროფესია, რომელიც მას ფინანსურად დამოუკიდებელს გახდისო. ჩვენს ოჯახში საგვარეულო მალამოები მზადდებოდა, ბებია ამით იყო დაკავებული და მეც მასწავლიდა. ალბათ, 5 წლის ვიყავი, ნემსის გაკეთება რომ ვისწავლე. დედამ მითხრა, იმდენად კარგი ხელი და გემოვნება გაქვს, ყბა-სახის პლასტიკა იქნებოდა არაჩვეულებრივი შენთვისო. ასაკის მიუხედავად, დავუჯერე. ზოგადად, მიყვარს კარგი რჩევების გაზიარება. არასდროს უცბად არ ვწყვეტ მნიშვნელოვან საკითხს, ბევრი ადამიანის აზრს ვისმენ ხოლმე.

სამედიცინოზე ჩაბარება არ იყო ადვილი საქმე, მე-8 კლასიდან დაიწყო ჩემი წვალება. სტომატოლოგიურზე უნდა ჩაგებარებინა და სადღაც მე-4 კურსიდან ირჩევდი ვიწრო სპეციალიზაციას. იმ დროს გოგოები ადრე ვთხოვდებოდით. მოხდა ისე, რომ მესამე კურსზე გავთხოვდი და ჩემი გეგმები აბსოლუტურად აირია. ჩავრჩი სტომატოლოგიაში. თან 90-იანების სტომატოლოგია იყო ყველაფრის ბოლო! ამას ემატებოდა ის, რომ მაშინ არც საშუალება იყო დამხმარე გყოლოდა და მეც მიმაჩნდა, რომ შვილი დედამ უნდა გაზარდოს, ამიტომ თვითონ ვზრდიდი ორ ბიჭს. ერთადერთი იმის საშუალება მქონდა, სტომატოლოგიურ კაბინეტებში ორი-სამი საათით შემერბინა პრაქტიკისთვის. მერე ჩემმა მეგობრებმა გვერდით ეზოში სამხატვრო სახელოსნო სტომატოლოგიურად გადააკეთეს და იქ უფრო იოლად გადავდიოდი ხოლმე.

2000-იანი წლების დასაწყისში ბიძაჩემმა, საფრანგეთში დაბადებულ-გაზრდილმა ემიგრანტმა, მოსკოვში ფრანგული სტომატოლოგიური ცენტრი გახსნა და იქ წამიყვანა სამუშაოდ. ჩემი შვილები მამაჩემმა დაიტოვა, დედა უკვე გარდაცვლილი იყო. მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, სახლში გავხსენი კაბინეტი. იქამდე ბევრი სირთულე გამოვიარე, უმუშევრად მყოფი ტორტებს ვაცხობდი შეკვეთით.

ოდესმე დაგიშვიათ, რომ პროფესიაზე ხელი ჩაგექნიათ?

ყველაფერი მქონდა დაშვებული, დინებას მივყვებოდი. უბრალოდ, ადამიანმა საჭირო დროს შეიძლება საჭირო სიტყვა გითხრას და ამან შეცვალოს აბსოლუტურად ყველაფერი.

ვინ აღმოჩნდა ამ სიტყვის ავტორი?

ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი და ბავშვობის მეგობარი მარინა ბეროზაშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გერმანიაში მუშაობდა და წარმატებული ექიმი იყო. ჩამოვიდა და მითხრა, სალომე, შენი ხელებით ტორტები კი არ უნდა აცხო, საკუთარ საქმეს უნდა ემსახუროო. დაიწყე მუშაობა და ყველაფერში გვერდით დაგიდგებიო. ამ სიტყვებმა იმხელა მუხტი მომცა, რუსთაველზე ბებიას და ბაბუას ნაჩუქარი ბინა გავყიდე, ვიყიდე აპარატურა და ჩემთან სახლში გავაკეთე კაბინეტი. ხშირად ვამბობ, მათი საჩუქარი გვაჭმევს-მეთქი. რთული იყო იმის წინასწარ განჭვრეტა, გაამართლებდა თუ არა ეს წამოწყება…

სახლში სამუშაო სივრცე ნიშნავდა იმას, რომ აღარ მქონდა შაბათი, კვირა. ღამის სამ საათზე ავუყენებივარ პაციენტს, ხომ არ ვეტყოდი, არ შემიძლია-მეთქი? მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, ენთუზიასტი, ეს არაა დიდი დაბრკოლება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ეს კაბინეტი არ იყო ვალით გაკეთებული, მქონდა საშუალება, მეგობრისთვის ფული არ გამომერთმია, ვიღაცისთვის ფასდაკლება გამეკეთებინა. არ უნდა გენანებოდეს ის ენერგია, რომელიც ღმერთმა გიბოძა. მხოლოდ ამ ენერგიის გაცემის მერე გიბრუნდება უკან ბუმერანგივით კარგიც და ცუდიც. საბოლოოდ, ჩემს ცხოვრებას რომ გადავხედავ, ვხვდები, რომ ეს არის ბევრი სასწაულის ჯაჭვი. სხვანაირად დაუჯერებელი მეჩვენება, როგორ უნდა შეძლო ადამიანმა მარტო, ორი შვილით, პენსიონერი მამით, აბსოლუტურად უსახსროდ, დადგე ფეხზე.

თქვენი ეს ძალისხმევა აუცილებლობით იყო განპირობებული თუ პროფესიული თვითრეალიზაციის მოთხოვნილება გქონდათ?

თვითგადარჩენა აუცილებელი პირობა იყო. ვიცოდი, რომ ვერავინ დამეხმარებოდა. არაფრით არ შემიძლია დახმარების თხოვნა. თუ ვინმე რამეს გიკეთებს, რა თქმა უნდა, ბედნიერებაა, მაგრამ ვალდებული არავინაა. როცა გაქვს ორი ხელი და ორი ფეხი, თავად უნდა იმოქმედო. ეს იყო თვითგადარჩენის ინსტინქტი. ამისთვის მთელი ჩემი ძალისა და ცოდნის მობილიზება უნდა მომეხერხებინა. საერთოდ, როცა რაღაცას გამოსვლა უწერია, გამოდის.

როგორ მიხვედით საკუთარ კლინიკამდე?

მე და ჩემს ორ მეგობარს გერმანელი პარტნიორები დაგვიდგნენ გვერდით. 2005 წელს გავხსენით კლინიკა „ექსნერი და კომპანია“. არაერთი საინტერესო პიროვნება მოხვდა ჩვენთან. მაგალითად, ალენ დელონი, რომელსაც თბილისში ჩამოსვლისას მოულოდნელი პრობლემა შეექმნა და ჩემმა პაციენტმა და მეგობარმა, უნიჭიერესმა ეკა იოსელიანმა, რომელიც მის ჩამოსვლას კურირებდა, დამირეკა, მაგრამ არ გამაფრთხილა ვინ მოჰყავდა და ისე შემომიყვანა კაბინეტში. ეს იყო შოკი!

რამდენად რთულია თქვენი პროფესია?

უდიდესი ფიზიკური, გონებრივი და ემოციური შრომაა. ძალიან ჯანმრთელი ფსიქიკა უნდა გქონდეს. სტომატოლოგია ძალიან ინტიმური პროფესიაა. რაც შეეხება პაციენტისა და ექიმის ურთიერთობას: ჩვენ ყველას რაღაც როლი გვაქვს მორგებული, სიტუაციის მიხედვით ვიცვლებით, მაგრამ ექიმთან ვერავინ თამაშობს. ჯდები და ხარ ის, ვინც ხარ – აბსოლუტურად შიშველი და თვითმყოფადი. შენ კი, ექიმს, უნდა შეგეძლოს ყველანაირ ადამიანს მოერგო, რადგან მან პატივი დაგდო, შენ აგირჩია და შენთან მოვიდა.

ოდესმე გინანიათ პროფესიული არჩევანი ამ სირთულეების გამო?

არა, არასდროს. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი პროფესია. თან ამ პერიოდში სტომატოლოგია ისე განვითარდა, ფაქტობრივად, მინი სკულპტურასთან მაქვს ურთიერთობა. ესაა რუტინა, რომელიც ხანდახან ისეთ დღეში მაგდებს, ლამის გავგიჟდე, მაგრამ თან ძალიან შემოქმედებითია. ამ საქმემ შემცვალა. გამხადა პედანტი, მასწავლა დროის ფასი. დილის 7 საათზე ვდგები, მენანება დრო. ზოგადად, ცხოვრება გცვლის. მას მშვიდად უნდა მიჰყვე, რადგან სამყაროს მხოლოდ არაჩვეულებრივი ჩანაფიქრი აქვს თითოეულ ჩვენგანთან დაკავშირებით. როგორც კი მოდუნდები და მაღალ ძალებს მიენდობი, მიხვდები, რომ იქ შესანიშნავი გეგმებია ჩამოწერილი, მთავარია, ჩვენ არ შევუშალოთ ხელი ამ ყველაფერს. თუ რამე გამიფუჭებია, მხოლოდ ჩემი ბრალი ყოფილა, მეტი არავისი.

რა მიგაჩნიათ წარმატების მთავარ პირობად?

შრომის და ძალისხმევის გარეშე არაფერი ხდება. ჩემი აზრით, სიზარმაცე ყველაზე დიდი ცოდვაა.

რა მოგცათ გამოცდილებამ?

მოთმინების უნარი და სიმშვიდე. ეს არის უდიდესი მონაპოვარი ამ არეულ სამყაროში. საშინლად მოუთმენელი ვიყავი და ამან ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილება მიმაღებინა. იმ წუთას რაც მინდოდა, მეგონა ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. არადა, შეიძლება მოგეცეს და მიხვდე, რომ არაფერში გჭირდებოდა. თუმცა, არ ვნანობ არცერთ წარუმატებელ ნაბიჯს ჩემს ცხოვრებაში. რაც არ გვკლავს, ნამდვილად გვაძლიერებს.

ფოტო: ზინკა ბარნოვი

როგორ გაჩნდა სკულპტურა და სამკაული თქვენს ცხოვრებაში? ხელოვნებამდე როგორ მიხვედით?

ერთ მშვენიერ დღეს რუტინისგან დაღლილი მივედი ჩემი მეგობრის, არაჩვეულებრივი მოქანდაკის, თამრიკო კვესიტაძის სახელოსნოში. გამოფენისთვის ემზადებოდა. იქვე პლასტელინი იდო, ავიღე, ხელში ვაწვალებდი. თამრიკომ მთხოვა, პატარა კაცუნა მჭირდება, იქნებ გამიკეთოო. გამოვძერწე. შეხედა და მკითხა, ხომ არ შეგიძლია საღამოობით მოხვიდე სამსახურის შემდეგო? ასე ჩავები და გადავირიე კიდეც! ასეთი ადრენალინი და შეყვარებულობის გრძნობა ცხოვრებაში არ მქონია! წარმოიდგინეთ ენერგია, რომელიც არ გაძინებს. დღეში თორმეტი პაციენტი მყავდა, მერე გავქანდებოდი თამრიკოსთან სახელოსნოში და ღამის 2 საათამდე ვეხმარებოდი. თამრიკოც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა ჩემს ცხოვრებაში. მან დამანახა ჩემი შესაძლებლობები და მომცა გამბედაობა, რაღაც მეკეთებინა. გამოფენამ დიდი წარმატებით ჩაიარა, იმის განცდა, რომ ამ სასწაულის თანამონაწილე ვიყავი, ძალიან ამაღელვებელი იყო. ეს იყო 5-6 წლის წინ. მეორე წელს თამრიკომ ბერლინის გამოფენისთვის დახმარება შემომთავაზა. წავედით ბერლინში, გამოფენამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. დასასრულს თამრიკომ თქვა, ეს გამოფენა არ იქნებოდა, თუ არა ჩემი გუნდიო და გუნდში ახალი წევრი გვყავსო. ჩემი სახელის გამოცხადებას არ ველოდი, დაბნეული და საოცრად მადლიერი ვიყავი.

დამოუკიდებლად როდის დაიწყეთ მუშაობა?

ჩვენი გერმანელი პარტნიორები ჩამოვიდნენ საქართველოში და სვანეთში წავედით. უცებ მივხვდი, რომ ეს არის კლონდაიკი. გერმანელი დანტისტებით სავსე მიკროავტობუსი გავაჩერე და შეპყრობილივით დავიწყე ქვების გროვება. რას ვუპირებდი, წარმოდგენა არ მქონდა, მაგრამ ჩამოვიტანე. მერე როგორ მოხდა, იცით? ვუყურებდი ამ ქვებს, პლასტელინს ვადებდი, მერე ვაცლიდი. წარმოიდგინეთ, ქვის ნატეხს უყურებ და ხედავ, რომ ეს არ არის უბრალოდ ქვა, ესაა რაღაც ფიგურის ნაწილი და შენ ცდილობ ის კონკრეტული დეტალით დაასრულო. ჩემთვის მოძრაობაა ყველაზე საინტერესო, სტატიკა არ მომწონს.

ამასობაში საქმეში ჩაერთო ჩემი მეგობარი, სამხატვრო აკადემიაში კურატორი, ნოვატორი, იდეებით სავსე ადამიანი ნინო გუჯაბიძე. მან მირჩია, გამეკეთებინა სკულპტურა საიუველირო ნაკეთობაში. ანუ იქაც დინამიკა. ვცადე და რომ გამოვიდა, ამის მერე დაიწყო და დაიწყო.

იმ პერიოდშივე ჩემს კაბინეტში მოხვდა არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი ზინკა ბარნოვა. მან ნახა ჩემი ნამუშევრები და სურვილი გამოთქვა ფოტოები გადაეღო მათთვის. ფოტოები გამოვიდა უზადო.

ნამუშევრების გარკვეული რაოდენობა რომ დაგროვდა, ჩემმა მეგობარმა, არაჩვეულებრივმა მხატვარმა ნატა ბუაჩიძემ მირჩია, ვებ-გვერდი გამეკეთებინა. გამაცნო თავისი მენეჯერი თამუნა ხელაშვილი, ჩემსავით შეპყრობილი ადამიანი, რომელმაც ვებ-გვერდი გამიკეთა. მხოლოდ ამას არ დასჯერდა – ზინკას გადაღებული ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა გალერეასა და გამოცემას გაუგზავნა, რომლებიც პანდემიის პერიოდში აქტიურად ითხოვდნენ ნამუშევრებს ონლაინ. ლონდონის, მილანის, ტოკიოს ჟურნალები, ონლაინ გამოფენები დაინტერესდნენ ჩემი ნამუშევრებით. მონაწილეობა მივიღეთ რომის სამკაულების კვირეულშიც, სადაც ერთი ნამუშევარი გავაგზავნეთ – ბეჭედი, სახელად „მთვარით ორსული“. გამოფენაზე რომში ჩავედით. დაგვაჯილდოვეს. ხელში კატალოგი მეჭირა, რომელშიც სხვა დიდი არტისტების ნამუშევრების გვერდით ჩემი ბეჭედი ბრჭყვიალებდა.

ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ელოდით, რომ მოკლე დროში ამხელა ყურადღებას მიიქცევდა თქვენი ნამუშევრები?

არა, ვერც კი წარმოვიდგენდი. ამიტომ ვამბობ, რომ რაც მოსახდენია, ხდება. მე ვაკეთებდი, მაგრამ მეორედ მოსვლამდე ვიჯდებოდი ბუხართან, რომ არა ეს ადამიანები.

რა მასალით მუშაობთ?

ძირითადად, ვერცხლისა და სხვადასხვა ქვის კომბინაციაა.

ნამუშევრებს იოლად ელევით?

კი, ძალიან. რომ გავაკეთებ, რაღაც პერიოდის მერე საოცრად გულგრილი და სკეპტიკურიც კი ვხდები დასრულებული ნამუშევრის მიმართ.

რა გრძნობა მოიტანა ამ საქმემ?

მე ვარ შეყვარებული. ასეთი სისავსის გრძნობა არასდროს მქონია.

კლინიკის პარალელურად, როდის გრჩებათ დრო სამკაულზე ან სკულპტურაზე მუშაობისთვის?

მაშინ, როცა ვისვენებ, ანუ სამსახურისგან თავისუფალ დროს. ამის კეთება საუკეთესო დასვენებაა ჩემთვის. ეს არის გვიან საღამოს ან ადრე დილით. უბრალოდ, იმდენ გამოფენაზე მონაწილეობის შესაძლებლობა გაჩნდა, მოვლენების ასე სწრაფ განვითარებას არ ველოდი და ამას არც ჩემი მუშაობის ტემპი შეეფერება. ჯერ ერთი, კლინიკაში ძალიან დაკავებული ვარ. თან არ მინდა ეს საქმე გახდეს შემოსავლის ძირითადი წყარო. არ მიყვარს, როცა ფინანსები ერევა შემოქმედებასა და ემოციებში.

ნამუშევარზე დიდხანს მუშაობთ?

დიდხანს დევს ხოლმე. შეიძლება ვუყურო, ვუყურო და ხელი არ მოვკიდო. ძალიან რთულია იპოვო ბოლო წერილი. ეს არის აბსოლუტურად ინტუიციური გადაწყვეტილება. უნდა იდოს და თუ დიდხანს ყურების მერე ნამუშევარი აღარ გაღიზიანებს და აღარაფერს გთხოვს, შეგიძლია დასრულებულად მიიჩნიო.