ქალები მმართველ პოზიციებზე და გამოწვევებთან გამკლავება | ინტერვიუ თამარ თანდაშვილთან

თანამედროვე ეპოქა ადამიანებს ბევრი მოულოდნელი გამოწვევის წინაშე აყენებს – სწრაფი ცვალებადობა, ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების აუცილებლობა და ამ პროცესისთვის საჭირო დროის სიმცირე ჩამოყალიბდა განსხვავებული ტიპის კრიზისად, რომელსაც კლასიკური ფსიქოლოგიური კონსულტაცია ვეღარ აკმაყოფილებს.

ამგვარი კრიზისის სწრაფად დაძლევა უფრო კრიტიკულია ლიდერულ პოზიციაზე მომუშავე ქალებისთვის – რა მოლოდინები არსებობს მათ მიმართ, რომელი კულტურული ასპექტები აყალიბებენ ამ მოლოდინებს და რა გზებით შეიძლება მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვა. სწორედ ამ თემებზე ესაუბრა Forbes Woman Georgia-ს ფსიქოლოგი და ავტორი, Life Intelligence Hub-ის დამფუძნებელი თამარ თანდაშვილი.

ფოტო: Cloud Studio

რა არის Life Intelligence Hub და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

Life Intelligence Hub-ის შექმნის იდეა მოვიდა ჩემი სამსახურიდან – მრავალი მიმართულებებით  ვმუშაობდი – კლინიკური პაციენტები, ფსიქოლოგიური კონსულტაციები, უბრალოდ – ადამიანები, რომელთაც ცხოვრებისეული კრიზისი აწუხებდა ან ტრავმული მოვლენის შედეგები ტანჯავდა. მუშაობის პროცესში შევამჩნიე, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაცია, როგორც კლასიკური პროცედურა, 21-ე საუკუნის ადამიანის საჭიროებებს ვეღარ აკმაყოფილებდა. თანამედროვე ეპოქაში მოვლენები სწრაფად იცვლება და ადამიანებს მოკლე დროში ბევრი ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევის დასწავლა და  ინტეგრირება უწევთ. მათი სამყარო სწრაფად განახლებადი და ინფორმაციით გადატვირთულია. მათ კრიზისისთვის ასაკი და ტრავმა აღარ ჭირდებათ. ცხოვრების ტემპი და მოვლენებში ჩაღრმავებისთვის დროის ნაკლებობა მთელს მათ ცხოვრებას კრიზისად აქცევს. ამ მდგომარეობის პასუხი კი ქოუჩინგია. ქოუჩინგი უფრო ლიბერალური და ყოვლისმომცველია. ის ადამიანის ცოდნით გამდიდრებაზეა  ორიენტირებული.

2013 – 14 წლებს თვალს რომ გადავავლებ, აღმოვაჩენ, რომ ჩემს კლიენტებს უფრო ხშირად კონკრეტული პრობლემები აწუხებდათ. 2018 წლიდან ვითარება საგრძნობლად შეიცვალა და ადამიანებმა წუხილის ფოკუსი შეცვალეს: დამავიწყდა, როგორ ვიცხოვრო; ვეღარ ვხვდები, საით წავიდე. მათ ახლა უფრო ზოგადი კითხვები აქვთ. რა თქმა უნდა, ეგზისტენციალური კრიზისი არც ძველ დროში იყო უცხო, მაგრამ ის ეტაპურ მოვლენას წარმოადგენდა. დღეს კი ადამიანები განგრძობილ ეგზისტენციალურ კრიზისში ცხოვრობენ. ასეთი მომცველობითი მოვლენის პასუხი ლაიფ ქოუჩინგია.

Life Intelligence Hub ქოუჩინგ კომპანიაა, რომელიც ადამიანების განათლებითა და კონსულტირებით არის დაკავებული.

როგორია ლიდერი ქალი?

შესაძლოა, ეს ნათქვამი არაფემინისტურად მოგეჩვენოთ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ როდესაც ქალი კარგი ლიდერია, ის არაფრით განსხვავდება კარგი ლიდერი კაცისგან. ლიდერს, ისევე, როგორც პროფესიონალს, საქმისადმი დამოკიდებულება და ცოდნა გამოარჩევს და არა სქესი. კარგ ლიდერს, გენდერის მიუხედავად, მოსმენის უნარი, ემპათია, გააზრებული გადაწყვეტილების მიღების უნარი გააჩნია.  ასევე, კარგ ლიდერს ქმნის იმ საქმის სიყვარული, რომელსაც ემსახურება. ძალიან რთული, უფრო კი – შეუძლებელი, გაუძლო და გაუძღვე ცხოვრებას, თუკი არ გიყვარს საკუთარი პროფესია. როცა ადამიანს უყვარს თავისი საქმე, ამ სიყვარულის მუხტი ვირუსივით ვრცელდება და აღტაცებული და მოტივირებული ადამიანების კლასტერები ყალიბდება.

ფოტო: სალომე საღარაძე

უახლესი კვლევები მიუთითებს შესაძლებლობაზე, რომ ქალი ლიდერები უფრო წარმატებულად წარმართავენ სიტუაციას კრიზისის, მათ შორის პერიოდში – როგორ შეიძლება ეს ავხსნათ?

ძალიან საინტერესოა, ეს კვლევები მეც წამიკითხავს, თუმცა აქ საკუთარ პროფესიულ გამოცდილებასა და საღ აზრსაც მოვიშველიებ: საქართველოში, და არამხოლოდ, ქალებს კრიზის მენეჯმენტის უნარის გამომუშავება ღრმა ბავშვობიდან უწევთ. არსებობს უამრავი სფერო, სადაც მათი ძალები და გონიერება დაუნდობლად გამოიცდება. როცა ქალი ჩაგვრის ობიექტია, იქნება ეს სოციალური, კულტურული თუ ინსტიტუციური ჩაგვრა, და ის ამას იაზრებს, მის ცხოვრებას სილაღე და თავისთავადობა გამოაკლდება. ქალს ბრძოლა უწევს და უცაბედი დარტყმისთვის მომზადებულია. აქედან გამომდინარე, ის რასაც კრიზის მენეჯმენტს ვუწოდებთ – კრიტიკულ სიტუაციებში რისკიანი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღების უნარი – ქალებში ადრეულ ასაკშივე იწვრთნება. ასევე აღსანიშნავია, რომ ქალს გაცილებით დიდი და ხელშესახები შედეგების დადებას სთხოვს საზოგადოება, ვიდრე – კაცს. თანაბარი საქმის შესრულებისას აღიარების ხარისხი ამ ორი სქესის შემთხვევაში უთანასწოროა. მესამე ფაქტორიც აღსანიშნავია – ქალს ოდითგანვე სთხოვენ ემოციურ ზრუნვას მეორე ადამიანზე. ამ „ვალს“ ახლობლების წინაშე  არა მხოლოდ ზრდასრულები, არამედ – ახალგაზრდა გოგონებიც იხდიან. „მოეფერე“, „მოიკითხე“, „იზრუნე“, „გაუმზადე“, ქალს ვალდებულად თვლიან, რომ სხვაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა იკისროს. ის სხვისი ცხოვრების მომწესრიგებელი.  ამიტომ, ქალს სჭირდება აზრობრივი კომპასი, რომ გზა სწორად გაიგნოს. ეს ის კულტურული ფაქტორებია, რომლებიც ქალს კარგ კრიზისმენეჯერად აყალიბებს.

არც შრომის შეფასების ორმაგი სტანდარტი მინდა, რომ გამომრჩეს. ალბათ, ყველას სმენია გამონათქვამი „სხვისი ბამბაც ჩხრიალებსო“. კაცები „ბამბა“ ყოველთვის „ჩხრიალებს“. კაცს შთაბეჭდილების მოსახდენად და ნდობის მოსაპოვებლად მცირე დანახარჯის გაღება უხდება. ის საზოგადოებისთვის თავისი გენდერის გამო უკვე მოსაწონია.  ქალებს ასეთი ფუფუნება არ გვაქვს. ქალები ორჯერ უფრო გონიერები, განათლებულები და საქმისათვის თავდადებულები უნდა იყვნენ, რომ საზოგადოების თვალში  კაცებს გაუთანაბრდნენ. მეტიც, კაცების „სიყოჩაღე“ თვალშისაცემია. მათ მცირე მცდელობაზე ტაშს უკრავენ. ქალმა კი დამატებითი ძალისხმევა უნდა დახარჯოს, რომ საკუთარი შრომის სხვისგან აღიარებას მიაღწიოს. ქალს მეტი რეკლამა და პერფორმანსი სჭირდება, რათა საკუთარი მიღწევები ხილვადი გახადოს. მახსენდება ერთი მაგალითი ქალ მოსამართლეზე. წარმოიდგინეთ, როგორ იქცევიან კაცი მოსამართლის დანახვისას სასამართლოს დარბაზში, მოსამართლეზე საპატივცემულო ფიგურა ხომ იქ არავინაა და ასეც უნდა იყოს, თუმცა იგივე არ ხდება ქალი მოსამართლის შემთხვევაში. შესაბამისად, კაცები პატივისცემას, დაფასებასა და პრივილეგიებს ლოგიკური ნაბიჯების გადადგმით იღებენ, ქალებს კი დამსახურებული პატივის მისაღებად მეტის გაღება უწევთ.

რა გამოწვევების წინაშე არიან დღეს ლიდერი ქალები?

ცოტა უტრირებული ნათქვამი გამომივა, მაგრამ ქალებს, ვფიქრობ, დღესაც ისეთივე გამოწვევები აქვთ, როგორც – ანტიკურ ეპოქაში. ბავშვს, ახალგაზრდა გოგონას, ზრდასრულსა თუ ხანდაზმულ ქალს ერთი უნივერსალური გამოწვევა აერთიანებთ –  ისინი ილტვიან, რომ უპირველეს ყოვლისა,  აღქმულები იყვნენ, როგორც პიროვნება, თავიანთი ადამიანური მახასიათებლებითა და უნარ-ჩვევებით, ხოლო მათი სქესი და გენდერი კი იყოს მეორადი მნიშვნელობის გახდეს. თითქმის ყოველთვის, როდესაც ასპარეზზე ქალი პროფესიონალი გამოდის, აქცენტს მის ქალობას უსვამენ. შესაძლოა, ქალი ბრწყინვალე IT სპეციალისტი იყოს, მაგრამ მას მაინც მოიხსენიებენ, როგორც ქალ IT სპეციალისტს. ასეთი უსამართლობის საილუსტრაციოდ კარგი შედარება იქნება იმავე დამოკიდებულება კაცებზე რომ წარმოვიდგინოთ. როდის გსმენიათ, რომ ვინმეს ხაზგასმით აღენიშნოს, „მწერალი კაცი“ ან „მეცნიერი კაცი“. ეს შემთხვევითობა არ არის – საზოგადოების თვალში ცალ-ცალკე კატეგორიებად არსებობს მწერალი და მწერალი ქალი, ინჟინერი და ინჟინერი ქალი.

მინის ჭერი vs მინის კლდე: როგორ უნდა მოიქცნენ ქალები ასეთ დროს?

მაშინ, როცა ქალები მინის ჭერსა და კლდეს წააწყდებიან, უკვე ძალიან გვიანია. ამ ბარიერების პირისპირ აღმოჩენისას ბრძოლის დაწყება ქალისთვის ურთულესია, თუკი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაო არ შეასრულა. ქალის დაწინაურებისას მისი ერთ ერთი მთავარი პრობლემა არა მხოლოდ მინის ჭერი, არამედ – მისივე თვითშეფასებაა.  შესაძლოა, ქალს თავადვე ეპარებოდეს ეჭვი საკუთარ შესაძლებლობაში და არც კი გაუჩნდეს დისკრიმინაციული დამოკიდებულების წინააღმდეგ გაბრძოლების სურვილი. ასეთი ქალები პოზიციების შენარჩუნებას გადაჭარბებული კეთილგანწყობილებით ცდილობენ. ისინი მუდამ ჰარმონიულები და მეგობრულები, განსაკუთრებულად რბილი ხასიათისა ხდებიან. ამით კი დაწინაურების ნაცვლად კაცებში სკეპტიციზმს იწვევენ – კაცები ფიქრობენ, რომ ასეთი ქალები ზედმეტად დამყოლები, არასაკმარისად მამაცები და, შესაბამისად, ლიდერობისთვის შეუფერებლები არიან. სწორედ ეს არის პატრიარქული საზოგადოების ურთიერთგამომრიცხავი დაკვეთა ქალების მიმართ – თავდაპირველად პატრიარქატი ქალისგან სწორედაც რომ  „მშვიდობის მტრედობას“ ითხოვს, ქალის შესაძლო გალიდერების დროს კი ამ უკანასკნელს მშვიდობიანობასა და ჰარმონიულობას ნაკლად უთვლის.

ფოტო: Cloud Studio

რა მნიშვნელობა ენიჭება თავდაჯერებულ კომუნიკაციას ლიდერობისას?

თავდაჯერებული კომუნიკაცია ცოდნისა და უნარების კომპონენტია, რომელსაც ადამიანებს მათსავე ქეისებზე დაყრდნობით ვასწავლი. თუმცა ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პერფორმანსი, მას დიდი თეორიული მომზადებაც სჭირდება. ქალს შეიძლება რამდენჯერმე გამოუვიდეს თავდაჯერებული კომუნიკაციის გათამაშება, რადგან ეს ქცევა სადღაც უკვე უნახავს. თუმცა მტკიცე რწმენისა და გააზრებული დამოკიდებულების გარეშე ამ ქცევას აზრიანი გამეორება არ უწერია. ამისათვის საჭიროა სპეციფიკური ცოდნა, რომელიც ქცევის საყრდენს წარმოადგენს.

რა კომპეტენციები მოიაზრება ამ კონცეპტის ქვეშ?

პირველ რიგში – ემოციური ინტელექტის ისეთი ნაწილები, როგორიცაა საკუთარი თავისა და მასში მიმდინარე პროცესების აღქმა, შემდეგ კი სხვაში ემოციის, განწყობის ამოცნობა, მათი ღირებულებებისა და ზრახვების ამოცნობა – ადამიანებზე დაკვირვება.

მეორე არის ე.წ. conversational intelligence ანუ საუბრის ინტელექტი, როდესაც შენ საუბრის ჟანრებს გამოყოფ და შეგიძლია, ეს ჟანრები ერთმანეთისგან განასხვავო. უნარი, ისე შეხვიდე საუბარში, რომ შენი სვლები სტრატეგიულად მომგებიანი იყოს, სწორად შეაფასო კონტექსტი და წარმართო დიალოგი.

მესამე – ასერტიული ქცევა, ანუ რასაც დამაჯერებლობას ვუწოდებთ. ადამიანს დამაჯერებლობას შეიძლება აძლევდეს სხეულის ენა და თავისი სხეულით პოზიცირება. ადამიანს დამაჯერებლობას შეიძლება აძლევდეს ხმა, ის სიჩქარე, რომლითაც ის მეტყველებს. მნიშვნელობა აქვს წინადადების წყობასაც – როგორ საუბრობს პიროვნება, აქვს გაწელილი და დამღლელი ფრაზები, თუ სათქმელის მკაფიოდ და მოკლედ ჩამოყალიბებაც შეუძლია. ყურადღება ექცევა აქცენტების სწორად დასმასაც – ეს ქალებს ხშირად ეშლებათ – მიუხედავად იმისა, თუკი საკითხში ექსპერტული ცოდნა აქვთ, დამაჯერებლობას ვერ ინარჩუნებენ და დასამოწმებლად მტკიცებითი წინადადების ნაცვლად სათქმელს კითხვითი ფორმით ასრულებენ. მაგალითად – „ხომ ასეა?“, „ხომ სწორად მახსოვს?“ კაცებს ეს არ სჩვევიათ, არა დამაჯერებელი ქცევა დასწავლილია და მას ჩვენს კულტურაში ქალებს მიზანმიმართულად ასწავლიან.

ხშირად, სწორედ კულტურული ასპექტები განსაზღვრავს ლიდერის პიროვნებას – ამ შემთხვევაში, როგორია ქართული რეალობა – რა მოლოდინები არსებობს ლიდერის მიმართ?

ბევრნაირი, თუმცა აქცენტს რამდენიმეზე შევაჩერებდი. პირველ რიგში – ქალისა და კაცის ლიდერობის შეფასებისთვის განსხვავებული სტანდარტები. მაგალითისთვის განვიხილოთ სიმკაცრე. ის ზღვარი, რომლის იქითაც თავდაჯერებულობა და მომთხოვნელობა სიმკაცრეში გადადის, კაცისთვის გაცილებით უფრო გაწელილი და შორია, ვიდრე – ქალისთვის. საკმარისია, ქალი დამაჯერებლად მოიქცეს, მაგალითად, მოითხოვოს პასუხი თავის დავალებაზე ან საყვედურის ტონით სამართლიანი უკმაყოფილება გამოხატოს, რომ მას ეს ქცევა სიუხეშესა და ქედმაღლობაში ჩაეთვლება. ამავე დროს, კაცს აშკარა ბრაზი და აგრესიული ქცევაც კი, შესაძლოა, საქმის ერთგულებასა და პრინციპულობაში ჩაუთვალონ. ამის მიზეზი კი გაბატონებული მცდარი აზრია, რომ ბრაზი მასკულინური თვისებაა და ის მხოლოდ კაცს ამშვენებს. შესაბამისად, როცა კაცი ბრაზს გამოხატავს, ეს ჩვეულებრივი, ადეკვატური მოვლენაა, ხოლო თუკი ქალი ბრაზდება, ეს უარყოფითად აღიქმება. არადა ბრაზის გამოხატვა ნებისმიერი პიროვნებისთვის საჭირო და სასარგებლოა. ბრაზით ჩვენ ვაძლევთ სიგნალს სხვასაც და საკუთარ თავსაც, როცა ჩვენთვის არასასურველი და არახელსაყრელი მოვლენა ხდება. ქალში ბრაზის გამოხატვის დასათრგუნად მრავალი ფრაზა მოგვეპოვება: „რა ბაზრის ქალივით, ლაპარაკობ“, „ავი ხარ“, „შენ ასე ვერ გათხოვდები“, „ისტერიჩკა“ და ა.შ.

მსგავს დამოკიდებულებას აწყდებიან ქალები თავდაჯერებულობის შემთხვევაშიც. თავდაჯერებულ ქალებს უწოდებენ ცივს, კარიერისტს, ანგარებიანსა და ქედმაღალს. კაცის შემთხვევაში კი თავდაჯერებულობა წმინდად ლიდერული თვისებაა.

რომელი კულტურული კომპონენტები ართულებს ქალი ლიდერის ჩამოყალიბებას?

ქალებს ხშირად ასწავლიან დათმობას იქ, სადაც წესით არ უნდა დათმონ. ხომ გსმენიათ ქალის დარცხვენა იმის გამო, რომ მან კარიერა შექმნა და ამით ოჯახი „დააზიანა“. ლიდერი ქალების ცხოვრებაში მოიძებნება მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელიც მათ ცუდ დედას დაუძახებს. ეს ადამიანი შეიძლება იყოს მეუღლე, ბავშვის ბებია, საკუთარი დედმამიშვილი, მეგობარი ან თუნდაც შორეული ნაცნობი. მუშაობის გამო, მათ ნიშნის მოგებით უცხადებენ, რომ შვილები „მიგდებული“ ჰყავთ. ეს, რასაკვირველია, დედისთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია.

რა მოლოდინი არსებობს ქალი ლიდერების მიმართ და როგორ უნდა მართონ ეს მოლოდინები მათ?

საჭიროა, ქალებმა მოვლენებს სახელი დაარქვან. ზოგიერთი ქალი ზუსტად ახერხებს პრობლემის იდენტიფიცირებას. ხვდება, რა არის კულტურული ნიშნით ჩაგვრა, ინსტიტუციური ჩაგვრა და დისკრიმინაცია. მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს სახელები ნაცნობი არ არის და ამიტომაც ჩაგვრის ამოცნობა და მასთან ბრძოლა რთულდება. ქალი, რომელიც უსამართლობის მსხვერპლია და ამის სახელდებას ვერ ახერხებს, მაინც გრძნობს დისკომფორტსა და წუხილს.  ასევე, არსებობენ ქალები, რომლებიც გულწრფელად ფიქრობენ, რომ ისინი არასდროს იჩაგრებიან. ისინი ვერ ახდენენ ჩაგვრის ფორმების იდენტიფიცირებას და, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ ჩაგვრა სქესისა და გენდერის ნიშნით საერთოდ არ ხდება.

ფოტო: სალომე საღარაძე

როგორ აღიქმება ქალი ლიდერის შეცდომები – როგორ უნდა მართონ მათ ასეთი სიტუაციები და რა როლი აქვს შეცდომების სწორად შეფასებას მათ წარმატებაში

შეცდომისადმი მიმტევებლობა, ისევე როგორც ბევრი სხვა ეთიკური სტანდარტი, კაცისა და ქალის მიმართ განსხვავებულია. თუკი ქალი უშვებს შეცდომას – ჩვენ მიდრეკილები ვართ, რომ ეს დავაბრალოთ მის განათლებას, მის უუნარობასა და იმ თვისებებს, რომლებიც ე.წ მყარი თვისებებია ანუ რომელთა ჩამოყალიბებასაც ხანგრძლივი დრო სჭირდება. გამოდის, რომ ჩვენ ქალის პიროვნულ შრეებს ვეხებით; „ხომ ვიცოდი, რომ ვერ გაამართლებდა“. კაცის შემთხვევაში ვითარება განსხვავებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ გაცილებით უფრო მწვავე შეცდომები მოსდით. კაცის დაშვებულ შეცდომებზე საზოგადოების მხრიდან პირველი რეაქცია მათი გამართლების მცდელობაა: „ეტყობა, ვერ არის ხასიათზე“ , „ძალიან ცუდი მეგობარი ჰყავს და მისი გავლენის ქვეშაა“, „ამ ბოლო დროს რაღაც პრობლემები აქვს“, „ეგეც ხო ადამიანია, ასე მკაცრადაც ნუ განვსჯით“ – ეს ფრაზები მაშინაც კი აქტუალურია, თუკი საქმე, მაგალითად, კომპანიის ქონების გაფლანგვას, გემბლინგსა და ოჯახში ძალადობას ეხება. ნებისმიერ შემთხვევაში, კაცის გამამართლებელი მიზეზები ყოველთვის მოიძებნება.

არის კიდევ ერთი უაღრესად უსამართლო და სამწუხარო რეალობა – თუკი კაცი წარმატებას ვერ აღწევს, ეს მის ცხოვრებაში არსებულ ქალს ბრალდება – „ქალმა აურია გზაკვალი“, „ის ქალი რომ არ შეხვედროდა“, „მაგას სხვანაირი ცოლი რომ ჰყოლოდა“ და ა.შ.

ზემოთ ჩამოთვლილ დამოკიდებულებებს და განსაკუთრებით კი მათ გაშინაგნებას, უსამართლო შედეგები მოჰყვება ხოლმე. ერთ ერთი ასეთი თვალსაჩინო შედეგი არის ინიციატივის გამოჩენა ქალისა და კაცის მხრიდან. როცა შენ მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ ტოლერანტობა მაღალია, შენ უფრო თამამი და თავდაჯერებული ხდები და ინიციატივით მარტივად გამოდიხარ. შენი ინიციატივაც, შესაძლოა, კრახით დასრულდეს, თუმცა ამისათვის პასუხის მკაცრად გება არ მოგიწევს და ამიტომ მარცხის აღარც გეშინია. ქალის შემთხვევაში ვითარება სხვაგვარია. მისმა პირველივე ინიციატივამ ისე თუ არ გაიბრწყინა, როგორც დანარჩენები ელოდნენ, ქალს უდიდესი ემოციური საზღაურის გაღება უწევს და მის მიმართ სამომავლო ნდობაც კოლოსალურად მცირდება. ასეთ ქალს, დიდი ალბათობით, თვითშეფასებაც უსუსტდება და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ინიციატივის გამოჩენა სხვა დროსაც მოინდომოს. წარმოიდგინეთ, როგორი მარტივია, დაგებადოს იდეა, როცა იცი, რომ ამ იდეის ხორცშეუსხმელობით შენს პიროვნებას ჩრდილი არ მიადგება. შესაბამისად, ეს გზაც კაცისთვის მარტივი გასავლელია, ქალისთვის კი ხშირად – შეუძლებელი.

წარმატება და კრახი – შეიძლება თუ არა, ეს ორი უკიდურესობა აღვიქვათ, როგორც გამოწვევა ლიდერი ქალებისთვის?

გააჩნია, კრახს რას დავარქმევთ. იმის მიუხედავად, იქნება ეს ადამიანური თუ კარიერული კრახი, ორივეს – ქალის და კაცის შემთხვევაშიც, წარმატება მხოლოდ მრავალი კრახის შემდეგ მოდის. კრახი მომენტალურად გარდაიქმნება დადებით მოვლენად, თუკი მას კრახის ნაცვლად გამოცდილებას დავარქმევთ. კრახი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც დანაკარგი, რაღაც ტიპის შეფერხება და არა – აბსოლუტური მარცხი. ამის გააზრების შემდეგ კი ამ დანაკარგის საფუძველზე ახლის შემეცნება და გაძლიერებაა შესაძლებელი. წარმატებულობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო განათლება სწორედ წარუმატებლობათა სერიებია. მართალია, ასეთი გზით განათლება ემოციურად ძვირადღირებული გამოცდილებაა, მაგრამ შედეგებიდან გამომდინარე – დასაფასებელიც.