ონლაინპლატფორმა LinkedIn-ი UEFA-ს 2022 წლის ევროპის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე სპონსორი გახდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისში დაგეგმილი ტურნირის სპონსორები ასევე არიან Lego Group-ი, Pandora და Starling Bank-ი, რომლებმაც სპონსორობის ხელშეკრულება სააგენტო Sportfive-ის შუამავლობით გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.
აშშ-ში დაფუძნებული კომპანია, ამ იშვიათი ნაბიჯით, რაც LinkedIn-ის მიერ სპორტის სპონსორობას გულისხმობს, საყოველთაო ყურადღებას მიმართავს ფეხბურთელი ქალებისაკენ, რომლებიც პროფესიული წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთმანეთს მხარს უჭერენ.
LinkedIn-ი სხვადასხვა აქტივობით შეეცდება აჩვენოს, თუ როგორ შეუძლია პლატფორმას და მის მომხმარებლებს მხარი დაუჭირონ ქალებს დასახული მიზნების მიღწევაში, მიუხედავად მათი პროფესიისა, ასევე ინდუსტრიისა, რომელთანაც ისინი საკუთარი საქმიანობით არიან დაკავშირებულნი.
„LinkedIn-ში ჩვენ მხარს ვუჭერთ გენდერულად თანასწორ გარემოს, რომელიც მრავალფეროვანი და ინკლუზიურია. პრივილეგიაა, ვიყოთ UEFA-ს 2022 წლის ევროპის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის სპონსორები, რომელიც აქტიურად იზიარებს ამ ღირებულებებს“,- განაცხადა LinkedIn-ის საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ბრენდის ვიცე-პრეზიდენტმა, ნაირი მოიესმა.
ტურნირს, რომელიც ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდი ქალთა სპორტული ღონისძიება იქნება, ინგლისი მიმდინარე წლის ზაფხულში, 6-დან 31 ივლისამდე უმასპინძლებს.