ქალი მწერლები ნობელის პრემიით – ნაწილი 2

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოს, ნობელის პრემია წარმოადგენს. წინა სტატიაში გამოჩნდა, რომ ნობელიანტმა  ქალმა მწერლებმა  კაცობრიობის უკეთესობისკენ შეცვლაში, მის განვითარებისა და გაკეთილშობილებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ამ სტატიაში სხვა მათ მსგავს ქალებს შეხვდებით.

Photo from the Nobel Foundation archive.

გრაცია დელადა პირველი იტალიელი ქალია, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, ხოლო ლაგერლოფის შემდგომ მეორე ქალი მსოფლიოში, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება მოახერხა ლიტერატურის დარგში. ის იტალიელი მწერალი იყო, რომლის შემოქმედებაშიც ხშირად შევხვდებით მის მშობლიურ კუნძულ სარდინიას და სარდინიელი ხალხის ყოველდღიურ ყოფაცხოვრებას. შესაძლოა სწორედ ამან განაპირობა მის მიერ 1926 წელს ნობელის პრემიის მოპოვება, რადგან მან ნობელი სწორედ ამ თემების ღრმად და გრძნობით აღწერისთვის მოიპოვა. როგორც ნობელის კომიტეტმა თქვა: „თავისი იდეალისტური წერილებისთვის, რომელიც შთაგონებულია მისი მშობლიური კუნძულის ყოფაცხოვრებითა და სიღრმითა; და სიმპათიით აღწერილი ადამიანური პრობლემებისთვის”

Photo from the Nobel Foundation archive.

სიგრიდ უნსეტი მესამე ქალია, რომელმაც ნობელის პრემიის მოპოვება მოახერხა ლიტერატურაში. ის კუნძულ ზელანდიაზე დაიბადა ნორვეგიელი არქეოლოგის ოჯახში, რომელიც ასევე წერდა. სიგრიდს ბავშვობიდანვე უყვარდა ზღაპრებისა თუ ამბების მოსმენა და ალბათ სწორედ ამან გადააწყვეტინა მწერლობაც. მას სურდა შეექმნა ისეთი ძლიერი ქალის სახე, რომელსაც უსაზღვრო სიყვარული შეეძლებოდა, მაგრამ მისი მთავარი თვისება ბრძოლისუნარიანობა უნდა ყოფილიყო, რათა წინ აღდგომოდა ჩაკირულ, დრომოჭმულ ტრადიციებს და თავისი გაეტანა. მან ნობელის პრემია 1928 წელს მოიპოვა, „მის მიერ შეტანილი წვლილისთვის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში. მისი მიზანმიმართული ბრძოლისთვის ქალებისა და ბავშვების უფლებებისათვის“.

Photo from the Nobel Foundation archive.

პერლ ბაკი პირველი ამერიკელი ქალი ნობელიანტია, რომელმაც პრემია 1938 წელს მოიპოვა. მისი შემოქმედება მოიცავს რომანებს, მემუარებსა და მოთხრობებს. თავის შემოქმედებაში ის ისეთ თემებს გამოკვეთს, როგორიცაა ქალთა უფლებები, ომი, ბირთვული იარაღი და ძალადობა. თავისი საქმიანობით ის ცდილობდა აემაღლებინა ცნობიერება და საზოგადოება სექსიზმისა და რასიზმისგან გაემიჯნა. მას ნობელი გადაეცა „მისი მდიდარი და ჭეშმარიტად ეპიკური შემოქმედებისათვის, რომელშიც იგი ჩინელი გლეხების ცხოვრებას აღწერს, ასევე ბიოგრაფიული შედევრებისთვის“.

Photo from the Nobel Foundation archive.

ნელი ზაქსი ებრაული წარმოშობის გერმანელი პოეტი და დრამატურგია, რომელიც გერმანიაში განვითარებული მოვლენების გამო 1940 წლიდან შვედეთში ცხოვრობდა. შესაძლოა სწორედ ეს გარემოებები გახდა მისი შემოქმედების ინსპირაციის წყაროც, რომელშიც იგი ებრაელთა განსაცდელსა და ტრაგიკულ ბედს აღწერს მის თანამედროვე ეპოქაში. მან ნობელის პრემია 1966 წელს შმუელ აგნონთან ერთად მიიღო,„თავისი გამორჩეულად ლირიკული და დრამატული ნაშრომებისთვის, რომელიც ისრაელის ბედისწერას განმარტავს სულისშემძვრელი სიძლიერით“.

Photo from the Nobel Foundation archive.

ნადინ გორდიმერი სამხრეთაფრიკელი მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი იყო. მისი შემოქმედება ძირითადად აპართეიდის ეპოქის მორალური და რასობრივი პრობლემების, გაუცხოებისა და სამშობლოსგან განშორების ირგვლივ ტრიალებს. გორდიმერმა ნობელის პრემია 1991 წელს მიიღო: „მან ვინც თავისი ბრწყინვალე ეპიკური მწერლობის საშუალებით ალფრედ ნობელისგან დაიმსახურა სიტყვები, ყოფილიყო კაცობრიობისთვის უდიდესი სარგებელი“.