Forbes: 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალები

Forbes-მა 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალების ათეული გამოაქვეყნა. გამოცემის შეფასებით, მათ გასული წლის განმავლობაში ჯამურად 167 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლეს, რაც 2020 წელთან შედრებით 23%-ით მეტია. გარდა ამისა, 2021 წლის მონაცემები 16%-ით აჭარბებს 2013 წლის მაჩვენებელს, როდესაც ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალების ათეულმა საერთო ჯამში რეკორდული თანხის, 143.3 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებულ ათეულში ხუთი ჩოგბურთელი შედის. სწორედ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლები იკავებენ 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალების სიის პირველ სამ ადგილს.

  1. ნაომი ოსაკა – $57.3 მილიონი
ფოტო: WTA

ჩამონათვალს 24 წლის იაპონელი ჩოგბურთელი, ნაომი ოსაკა ლიდერობს, რომელმაც Forbes-ის გამოთვლით, გასული წლის განმავლობაში ჯამში 57.3 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა აქედან 55 მილიონი აშშ დოლარი კორტებს მიღმა საქმიანობიდან მიიღო. ცნობისთვის, ოსაკამ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ათზე მეტ ცნობილ ბრენდთან, მათ შორის Louis Vuitton-თან, Sweetgreen-თან და Tag Heuer-თან გააფორმა კონტრაქტი. გარდა ამისა, გამოუშვა NFT-კოლექცია და კანის მოვლის საშუალებების ხაზი Kinlò.  

  1. სერენა უილიამსი – $45.9 მილიონი
ფოტო: Bradley Kanaris

2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალების ათეულში მე-2 პოზიციაზეა ამერიკელი ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი. მან 2021 წელს საერთო ჯამში 45.9 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, აქედან 0.9 მილიონი აშშ დოლარი – კორტებზე, 45 მილიონი აშშ დოლარი კი მის მიღმა საქმიანობით. 40 წლის ჩოგბურთელი ისეთ ბრენდებთან და კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორიცაა Nike-ი, Gatorade-ი და DirecTV. აღსანიშნავია, რომ უილიამსი 2021 წელს გადაღებული ფილმის, „მეფე რიჩარდის“ აღმასრულებელი პროდიუსერია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელ ჩოგბურთელს საკუთარი ფირმის, Serena Ventures-ის დახმარებით 60-ზე მეტ სტარტაპში აქვს ინვესტიცია განხორციელებული.

  1. ვენუს უილიამსი – $11.3 მილიონი
ფოტო: USTA

Forbes-ის სიაში მე-3 ადგილს სჯერდება სერენას და, ვენუს უილიამსი, რომელმაც გასულ წელს მთლიანობაში 11.3 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. აქედან უდიდესი ნაწილი, 11 მილიონი აშშ დოლარი მან კორტებს გარეთ საქმიანობიდან მიიღო. ცნობისთვის, 41 წლის სპორტსმენი ტანსაცმლის ბრენდ EleVen-ს ფლობს, რომელიც ადრე K-Swiss-თან თანამშრომლობდა. ის დის მსგავსად ფილმ „მეფე რიჩარდის“ აღმასრულებელი პროდიუსერია. შეგახსენებთ, რომ დებმა ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელი ტურნირი გამოტოვეს.

  1. სიმონ ბაილსი – $10.1 მილიონი
ფოტო: Lindsey Wasson

ჩამონათვალში მე-4 პოზიციაზეა კიდევ ერთი ამერიკელი სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი, რომელმაც გასულ წელს 10.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. აქედან უშუალოდ სპორტული აქტივობიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ 0.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. 24 წლის ბაილსმა პლატფორმა Autograph-თან თანამშრომლობით 2021 წლის აგვისტოში NFT-კოლექცია გამოუშვა, ოქტომბერში კი მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე სტარტაპ Cerebral-ს შეუერთდა.

  1. გარბინიე მუგურუსა – $8.8 მილიონი
ფოტო: Ubitennis

ვენესუელური წარმოშობის ესპანელი ჩოგბურთელი, გარბინიე მუგურუსა 8.8 მილიონი აშშ დოლარით სიაში მე-5 ადგილს იკავებს. მან გასულ წელს კორტებზე 2.8 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, კორტებს მიღმა კი – 6 მილიონი აშშ დოლარი. გასული რამდენიმე სეზონის განმავლობაში 28 წლის მუგურუსას საჩოგბურთო კარიერა არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა სპორტსმენმა 2021 წელს ფორმაში ჩადგომა და სამი ტურნირის მოგება შეძლო. ცნობისთვის, ჩოგბურთელი Jaguar-თან, Nivea-სთან, Adidas-თან და Babolat-თან თანამშრომლობს.

  1. კო ჯინ-იუნგი – $7.5 მილიონი
ფოტო: RASD Qatar

ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალების ათეულში მე-6 ადგილზე 26 წლის გოლფის მოთამაშე კო ჯინ-იუნგია. სამხრეთკორეელმა გასული წლის განმავლობაში 7.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის 3.5 მილიონი აშშ დოლარი – გოლფის მოედანზე, 4 მილიონი აშშ დოლარი კი მის მიღმა საქმიანობით. აღსანიშნავია, რომ ქალთა გოლფის რეიტინგში ჯინ-იუნგი თითქმის ორი წელი ლიდერის სტატუსს ინარჩუნებდა, თუმცა 2021 წელს მან მოწინავე პოზიცია ამერიკელ ნელი კორდას დაუთმო. სამხრეთკორეელი სპორტსმენი ნოემბერში CME Group Tour Championship-ის გამარჯვებული გახდა და შედეგად, 1.5 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ის ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორიცაა LG Electronics-ი, Korean Air-ი, Jeju SamDaSoo და Rejuran-ი.

  1. პუსარლა ვენკატა სინდჰუ – $7.2 მილიონი
ფოტო: Times of India

ჩამონათვალში მე-7 პოზიციაზე ბადმინტონის მოთამაშე პუსარლა ვენკატა სინდჰუა. ინდოელმა სპორტსმენმა 2021 წლის განმავლობაში ჯამში 7.2 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რომლის უდიდესი ნაწილიც, 7 მილიონი აშშ დოლარი სათამაშო მოედნის გარეთ საქმიანობას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ის Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენი ქალების ათეულში 2018 წელსაც მოხვდა. მან 2016 წელს ბრაზილიაში გამართულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე კი ბრინჯაოს დასჯერდა. პუსარლა ვენკატა სინდჰუს პარტნიორები არიან კომპანიები – Byju, Spinny, Li-Ning-ი, ასევე ბანკი Bank of Baroda.

  1. ეშლი ბარტი – $6.9 მილიონი
ფოტო: WTA

სიაში მე-8 ადგილს იკავებს ავსტრალიელი ჩოგბურთელი, ეშლი ბარტი, რომელმაც გასულ წელს 6.9 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, მათ შორის 3.9 მილიონი აშშ დოლარი – კორტებზე, 3 მილიონი აშშ დოლარი კი კორტებს მიღმა საქმიანობით. 25 წლის სპორტსმენმა ახლახან გააფორმა ხელშეკრულება კომპანია Marriott Bonvoy-სთან. მან ცინცინატის მასტერსზე გამარჯვების შემდეგ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამხელა სხვაობაა სპორტსმენი ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის. აღსანიშნავია, რომ ტურნირზე გამარჯვების შედეგად ბარტმა 255,220 აშშ დოლარი მიიღო, როცა ამავე შეჯიბრებაში კაცთა შორის საუკეთესო ალექსანდრ ზვერევს ბევრად მეტი, 654,815 აშშ დოლარი გადაეცა.

  1. ნელი კორდა – $5.9 მილიონი
ფოტო: Murad Sezer

23 წლის ამერიკელი გოლფის მოთამაშე, ნელი კორდა, რომელიც სპორტის აღნიშნული სახეობის ქალთა რეიტინგში მოცემული დროისთვის პირველ ადგილს იკავებს, Forbes-ის სიაში მე-9 პოზიციას სჯერდება. გამოცემის ინფორმაციით, გასულ წელს მან ჯამში 5.9 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, აქედან 2.4 მილიონი აშშ დოლარი – მოედანზე, 3.5 მილიონი აშშ დოლარი კი მოედანს გარეთ საქმიანობის შედეგად. შეგახსენებთ, რომ კორდა Forbes-მა „30 Under 30“-ის 2022 წლის სიაში, სპორტის კატეგორიაშიც შეიყვანა. ამერიკელს ათზე მეტი სპონსორი ჰყავს, მათ შორის ტექნოლოგიური კომპანიები: Hanwha Q Cells-ი და UKG.

  1. კანდას პარკერი – $5.7 მილიონი
ფოტო: AP News

ათეულში ბოლო ადგილზეა ამერიკელი კალათბურთელი, კანდას პარკერი. როგორც ცნობილია, 35 წლის სპორტსმენმა გასული წლის განმავლობაში 5.7 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, აქედან უმეტესი ნაწილი, 5.5 მილიონი აშშ დოლარი მოედანს გარეთ საქმიანობით. Chicago Sky-ის მოთამაშე გუნდთან ერთად ახლახან გადავიდა WNBA-ს ჩემპიონატში, თუმცა უნდა ითქვას, რომ ლიგაზე ხელფასები საშუალოდ დაახლოებით 200,000 აშშ დოლარს შეადგენს. პარკერი შემოსავლის დიდ ნაწილს ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით იღებს, როგორიცაა Adidas-ი, Band-Aid-ი, Capital One-ი და CarMax-ი. ის გასულ წელს ვიდეოთამაშის, NBA 2K-ს გარეკანზე გამოჩნდა. კალათბურთელს ასევე მოგებიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული Turner Sports-სთან, როგორც NBA-ს ანალიტიკოსს.