მალალა იუსაფზაიმ ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა

22 წლის პაკისტანელმა აქტივისტმა, მალალა იუსაფზაიმ, ოქსფორდის უნივერსიტეტი დაამთავრა. ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატმა (მშვიდობის დარგში) ბაკალავრის ხარისხი ფილოსოფიაში, პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიიღო.

მალალამ ოქსფორდის ლედი მარგარეტის კოლეჯში სწავლა 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 1970-იან წლებში ზუსტად იმავე ფაკულტეტზე პაკისტანის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი, ბენაზირ ბჰუტო, სწავლობდა.

„რთულია სიხარულისა და მადლირების გამოხატვა“, – დაწერა Twitter-ზე და პოსტთან ერთად უნივერსიტეტის დამთვრების ცერემონიიდან ფოტოები გამოაქვეყნა. მან ჯერ კიდევ არ იცის, როგორია მისი სამომავლო გეგმები, თუმცა ძილი, წიგნები და Netflix აუცილებლად იქნება სიაში.

Photo via Twitter

როგორც იცით, მალალა იუსაფზაი 15 წლის ასაკში ტერორისტული მოძრაობის, „თალიბანის“, წევრებმა სკოლიდან დაბრუნების დროს თავში მძიმედ დაჭრეს. მიზეზი კი ის იყო, რომ BBC-ზე დაწერილ ბლოგში ღიად გამოხატავდა პროტესტს დაჯგუფების მიერ გოგონებისთვის სკოლაში სიარულის აკრძალვაზე.

ადამიანთა და, უფრო მეტად, გოგონების უფლებათა დასაცავად ის მომხდარის შემდეგაც აქტიურად იბრძვის. 2013 წელს დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით „მე ვარ მალალა“, სადაც მოგვითხრობს ერთი უბრალო მოქალაქის თვალით დანახულ ცხოვრებაზე პაკისტანში „თალიბანის“ მმართველობის დროს. წიგნი ნათარგმნია 40 ენაზე, მათ შორის, ქართულად.

მოგვიანებით მან მამასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია, „მალალას ფონდი“, დააარსა, რომლის მიზანია გოგონებისთვის სწავლის ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ UNICEF-ის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით 132 მილიონზე მეტი გოგონა არ დადის სკოლაში და მათი ნახევარი კონფლიქტური ზონებიდანაა.

მალალა სოციალურ ქსელ Instagram-ზე წერს, რომ ამჟამად დაუსაქმებელია. როგორც ჩანს, მისი ერთ-ერთი მომდევნო გეგმა სწორედ სამსახურის დაწყებაა და, სავარაუდოა, რომ მისი საქმიანობის ძირითადი მოტივი მუდამ ქალთა უფლებების დაცვა იქნება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.