მართალია, მარი თარპი აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოკეანოლოგად და კარტოგრაფად, თუმცა, მისი სამეცნიერო კარიერა სავსე იყო იმ ბარიერებითა და წინაღობებით, რომელთაც სქესის გამო აწყდებოდა. ოკეანოლოგიასა და მთელ სამეცნიერო სფეროში გაბატონებული პატრიარქატის გამო, მარის შეზღუდული ჰქონდა სამოღვაწეო ასპარეზი და კვლევის მასშტაბებიც. მისი (სავსებით სწორი, ურყევი არგუმენტებით გამყარებული) სამეცნიერო ჰიპოთეზა „გოგონას ლაქლაქად“ შერაცხეს და სასაცილოდ აიგდეს.
1920 წელს დაბადებული მარი მოზარდი იყო, როცა ლიტერატურის შესწავლის ინტერესი გაუჩნდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ ქალებს არ იღებდნენ იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ყველაზე მეტად სურდა სწავლა. ამიტომაც, ოჰაიოს უნივერსიტეტში ჩაბარება განიზრახა. შემდგომში, მიჩიგანის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და შეუდგა სწავლას. ამ საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, კაცების ნაკლებობის გამო (მამრობითი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობა ფრონტზე იბრძოდა), გოგონებისათვისაც დაერთოთ სწავლის ნება. კადრების სიმცირისა და კვალიფიციური მეცნიერ-მუშაკების არარსებობის გამო, ქალები საკმაოდ აქტიურად ჩაერთვნენ იმ დარგებში, რომლებიც იქამდე სრულიად მიუწვდომელი და აკრძალული იყო მათთვის.
დამწყები მეცნიერი სასწავლებლის გეოლოგიის პროგრამის მონაწილე გახდა, მაგრამ მალევე იძულებული შეიქნა, მიეტოვებინა კვლევა, რადგან ქალებს საველე სამუშაოების ჩატარებას უშლიდნენ. არ შეეგუა ამ უთანასწორო, სექსისტურ გარემოს და სხვა დაწესებულებაში გადასვლა გადაწყვიტა.
მეოცე საუკუნის ორმოციანი წლების მიწურულს იპოვა სამსახური – დასაქმდა ნიუ-იორკში მდებარე იმ ლაბორატორიაში, რომლის დირექტორიც მორის იუინგი გახლდათ. ამ უკანასკნელმა მარი თარპსა და კიდევ ერთ თანამშრომელს, ბრიუს ჰიზენს, ოკეანის ფსკერის დეტალური და ზედმიწევნით ზუსტი რუკის შედგენა სთხოვა. მეცნიერი კიდევ ერთხელ შეეჩეხა უსამართლობასა და დისკრიმინაციას – აღმოაჩინა, რომ რახან ქალი იყო, არ მისცემდნენ ლაბორატორიის კუთვნილი საექსპედიციო გემით სარგებლობის უფლებას. ეს მხოლოდ მამაკაცი თანამშრომლების პრივილეგია იყო. თარპს ნათლად განუმარტეს, რომ ვერ დააკვირდებოდა ოკეანის ფსკერს, ანუ იმას, რასაც იკვლევდა. მის ნაცვლად მისი კოლეგები იცურებდნენ ოკეანეში და უხვად მოამარაგებდნენ ბათიმეტრიული (წყლის სიღრმის გაზომვის) მეთოდის გამოყენების შედეგად მიღებული მონაცემებით. ქალს უწევდა სხვებისაგან მოპოვებული მონაცემების ანალიზი და დამუშავება, ეს კი მრავალთვიან, დაუღალავ შრომას მოითხოვდა; უხდებოდა ყოველგვარი კალკულაციის ხელით შესრულება, თითოეული გამოთვლის შედეგების ფილიგრანული სიზუსტით, აკურატულად ასახვა შესაბამის ფიზიოგრაფიკულ დიაგრამებზე (ამ დიაგრამებსაც თავად ხაზავდა). აურაცხელი ინფორმაციის, მონაცემის, ობიექტისა და ლოკაციის ვიზუალურ ჩარჩოში მოქცევა თავდაუზოგავ მუშაობასთან იყო დაკავშირებული. ეს მონაცემები იმოდენა გამოდიოდა, გრაგნილი მთელ გემს ფარავდა და ხშირად, რამდენიმე ათას ფუტზეც კი იყო გადაჭიმული. ამასთანავე, თავიდანვე გამოიჩინა უაღრესად რაციონალური მიდგომა – გაიაზრა, რომ თუკი წყალქვეშა მიწისძვრების სტატისტიკას მოიპოვებდა, დიდად გაუადვილდებოდა ოკეანის ფსკერის სრული სურათის ნათელყოფა და ზუსტი რუკის შედგენა. მისი ღრმა რწმენით, წყალქვეშ მომხდარი მიწისძვრები გაჰფანტავდა იმ ბურუსს, რომლითაც მოცული იყო ოკეანის სამყარო, განსაკუთრებით კი, ოკეანის ფსკერი. იმხანად, მეცნიერებს ეგონათ, ოკეანის ფსკერი არაფრით გამოირჩეოდა და ქვიშით დაფარული, ბნელი უსასრულობა იყო. ამ ახალგაზრდა მეცნიერმა ქალმა დაამტკიცა, რომ საფუძველშივე არასწორი იყო მათი ეს იდეა. თარპმა დაამსხვრია მითები, დაანგრია მცდარი წარმოდგენები და გააცამტვერა მათი ჰიპოთეზები. გააცნობიერა ის, რასაც ვერ მიხვდნენ მისი თანამშრომელი მამაკაცები, რომელთაც სჯეროდათ, რომ ქალს არ შესწევდა დიდ სამეცნიერო აღმოჩენამდე მისვლის ძალა და უნარი; რომ მხოლოდ თავად ფლობდნენ ჭეშმარიტების გასაღებს, ქალს კი ჭკუა არ უჭრიდა და ამიტომაც, უენო ქვეშევრდომის, ერთგული ასისტენტის როლს უნდა დასჯერებოდა და მონდომებით დაემუშავებინა მათგან მიღებული მონაცემები.
მარი დარწმუნდა, რომ ოკეანის ფსკერი ძალზე რთული, არაერთგვაროვანი „მორფოლოგიით“ გამორჩეული საკვლევი ობიექტი იყო. აღმოაჩინა კანიონების, ხეობებისა და ქედების მთელი წყება. გაიაზრა, რომ ყოველივე ზემოჩამოთვლილი იყო არა იზოლირებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და მიმოფანტული ნაწილები, არამედ ურღვევი, მკვიდრად შეკრული, ერთიანი და მტკიცე სისტემა. აღმოაჩინა, რომ საყოველთაოდ ცნობილ შუაატლანტიკურ ქედს ორად ჰყოფდა უზარმაზარი ნაპრალოვანი (რიფტული) ხეობა. როგორც უკვე ითქვა, მონაცემების გაშიფრვისას წყალქვეშა მიწისძვრების ეპიცენტრებსა და სეისმური მოვლენების ამსახველ სტატისტიკასაც აკვირდებოდა. კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ თითოეული ეპიცენტრი ემთხვეოდა ნაპრალოვანი (რიფტული) ხეობის ადგილმდებარეობას. დარწმუნდა, რომ სწორედ ეს იყო ფილების ტექტონიკისა და კონტინენტების დრეიფის, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მობილიზმის (იმხანად ერთხმად უარყოფილი და უკუგდებული სამეცნიერო თეორიების) უტყუარი მტკიცებულება. ამ თეორიის თანახმად, გვიანდელ პალეოზურ ხანაში, ანუ მეზოზური ხანის დადგომამდე, უკლებლივ ყველა კონტინენტი წარმოადგენდა ერთ განუყოფელ, უკიდეგანო ზეკონტინენტს, რომელსაც პანგეას ეძახდნენ. ეს პანგეა, ანუ განუყოფელი კონტინენტი, მძლავრი ცენტრიდანული ძალების ზემოქმედების შედეგად დაიშალა და მრავალ არათანაბარ ნაწილად დაიყო. კონტინენტების ამ მოძრაობას უწოდებდნენ მობილიზმს. მართალია, მარი თარპი ერთხელაც კი არ ასულა ლაბორატორიის გემზე და საკუთარი თვალით არ უნახავს ის კონკრეტული ადგილი, თუმცაღა, ფუნდამენტურად სწორი და რევოლუციური დასკვნა გამოიტანა. ისე გავიდა მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთელი 18 წელი, ერთხელაც კი არ მიუციათ ხომალდზე ფეხის დადგმის უფლება.
როცა მეცნიერმა ამ გამაოგნებელი აღმოჩენის შესახებ უამბო ჰიზენსა და სხვა კოლეგებს, დასცინეს და „გოგონას ლაქლაქი“ უწოდეს მის მართებულ და გარდამტეხ ჰიპოთეზას, რომელსაც მთელი აზროვნების პარადიგმის შეცვლა შეეძლო. ბრიუსმა დაჟინებით მოსთხოვა, ხელმეორედ გადაემოწმებინა კალკულაციების შედეგები, კვლავ დაეხაზა ფიზიოგრაფიკული დიაგრამები, მეათასედ შეედგინა რუკები, ისევ მიჰბრუნებოდა შესრულებულ სამუშაოს, თავიდან დაეწყო გამოთვლა და დაუსრულებლად დაეზუსტებინა ყოველი დასკვნა. მარიმ შეასრულა დავალება და სრულიად იდენტური შედეგები მიიღო. ხელახლა ჩატარებულმა კვლევამ და ბგერითი ზონდირების რეზულტატის გადამოწმებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მისი იდეების სისწორე. მეცნიერმა კვლავ წარუდგინა თავისი დასკვნები თანამშრომლებს. კვლავ დასცინეს და „ლაქლაქა გოგონა“ უწოდეს. ერთ დღეს, ბრიუსმა საშლელი აიღო და წაუშალა ის ნამუშევარი, რომლის დასრულებასაც მრავალი კვირა შეალია მარიმ. ფრანგი საზღვაო ოფიცერი, ოკეანის მკვლევარი, მეცნიერი, რეჟისორი, გამომგონებელი, კონსერვაციონისტი (სახეობათა დამცველი) და ფოტოგრაფი, ჟაკ-ივ კუსტო, არ უჯერებდა თარპს და მოითხოვდა, მთელ სამეცნიერო გუნდს ენახა შუაატლანტიკური ქედი, რომელსაც, მარის მტკიცებით, მთელ სიგრძეზე სერავდა უზარმაზარი ნაპრალოვანი (რიფტული) ხეობა. ეს კაცი, რომელსაც ხუმრობით ხომალდის კაპიტანსაც კი ეძახდნენ, ამბობდა, რომ ყველანი წავიდოდნენ, თან წაიღებდნენ წყალქვეშა კამერას, ჩაუშვებდნენ წყალში და ფირზე აღბეჭდავდნენ მთელ შუაატლანტიკურ ქედს, რათა გადაემოწმებინათ, არსებობდა ის ხეობა, თუ არა. სურდა, ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ქალმა შეცდომა დაუშვა და მისი აღმოჩენა საფუძველშივე მცდარი იყო. როცა ექსპედიციის წევრებმა წყლის სიღრმიდან ამოიღეს კამერები, ეკრანზე გამოისახა თვალუწვდენელი ხეობა, რომელიც ზუსტად იმ ადგილას მდებარეობდა, მარი თარპმა რომ ფანქრით მოხაზა რუკაზე. ამ ფასდაუდებელმა ფირებმა, ბოლოს და ბოლოს, დაადასტურა მისი რევოლუციური იდეა, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ოკეანოლოგიის ისტორია.
კუსტომ, ჰიზენმა და სხვებმა აღიარეს მარის გამარჯვება. ბრიუსი, როგორც იქნა, მიხვდა, რომ უნდა ერწმუნა თანამშრომლისა. ალბათ, სწორედ ესაა ყველაზე დიდი ირონია: როცა გაიაზრეს, რომ ცდებოდნენ, მაშინვე მიითვისეს თარპის აღმოჩენა. ჰიზენმა მარის სახელის უხსენებლად, მისი წვლილისა და დამსახურების აღნიშვნის გარეშე დაბეჭდა ეს რევოლუციური კვლევა და განაცხადა, რომ თავად იყო ერთადერთი ავტორი. ერთმა სახელგანთქმულმა მეცნიერმა ისიც კი უთხრა, რომ გეოლოგიის საფუძვლები შეაზანზარა. სინამდვილეში, ბრიუსმა კი არა, მარიმ შეაზანზარა საფუძვლები. სიცილიც კი დააყარეს, როცა უდიდესი მიგნება გაანდო თავის კოლეგებს. ცხადია, მარი აღაშფოთა ამ პლაგიატმა, მაგრამ ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია. ხმა არ გაუღია, ისე გააგრძელა მუშაობა. მეტიც: უარი არ თქვა ბრიუსთან თანამშრომლობაზე. ამ კაცმა თავისი ნაცნობისათვის მიწერილ წერილში აღიარა, რომ სწორედ მარი იყო იმ აღმოჩენის ავტორი, უდიდესი სამეცნიერო რევოლუციისა და მთელი აზროვნების სისტემის, დამკვიდრებული პარადიგმის შეცვლის წინაპირობა რომ გახდა. თარპმა და ჰიზენმა ორმოცდაათიანი წლების დამლევს დაბეჭდეს ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის ფიზიოგრაფიკული რუკა, სამოცდაათიანი წლების მიწურულს კი დედამიწის ყველა ოკეანის ფსკერის დეტალური რუკა გამოაქვეყნეს. ამ რევოლუციურ პუბლიკაციებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს იყო გასაოცარი მიღწევა და გარღვევა ოკეანოლოგიის დარგში. ალბათ, კიდევ უფრო ნათელი გახდება მარის დამსახურება, წვლილი, მეცნიერული გონის ძალა და წვდომის საოცარი უნარი, თუკი გავიხსენებთ, რომ ეს რუკები საექსპედიციო ხომალდზე აუსვლელად შეადგინა. რაკი ქალად დაიბადა, არ დართეს იმის დაკვირვების ნება, რისი შესწავლაც დაავალეს. მიუხედავად ამისა, ჩასწვდა მთავარ საიდუმლოს. სწორედ ის დგას საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენის უკან. „მხოლოდ ერთი დასკვნა უნდა გამომეტანა მონაცემთა ანალიზის შედეგად: მთაგრეხილი და ნაპრალოვანი ხეობა ოკეანის რელიეფის თითქმის უწყვეტი ნაწილი იყო… აღმოვაჩინე, რომ შუაოკეანური ქედი 40,000 მილზე გადაჭიმულიყო და მთელ სიგრძეზე სერავდა გლობუსს… მაშინ ისეთი ვითარება იყო, თუკი კონტინენტების დრეიფის თეორიას დაუჭერდით მხარს, შეიძლებოდა, ლაბორატორიიდანაც კი გაეგდეთ… მე ნებას ვრთავდი სხვებს, გაუთავებლად ეკამათათ. ბოლომდე მჯეროდა ამ ჰიპოთეზისა, რადგან ხილვა რწმენის ტოლფასია!“ – იხსენებს ოდესღაც უარყოფილი მეცნიერი ქალი.
გამოხდა ხანი და მრავალი ჯილდო მიანიჭეს, რადგან უთუოდ დააკლდა საკადრისი აღიარება და ჯეროვანი დაფასება. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტოგრაფის წოდება უბოძეს და ოთხი საუკეთესო ოკეანოლოგის ნუსხაშიც შეიტანეს მისი სახელი და გვარი. მისი ერთ-ერთი კოლეგა აღნიშნავს: „ის რომ არ ყოფილიყო, ფიზიოგრაფიკული რუკები არ გვექნებოდა და ჰიზენის რეპუტაცია შეილახებოდა“.
მარი თარპმა ყველას დაუმტკიცა, რომ ქალს შეეძლო ბრწყინვალე წარმატების მიღწევა მეცნიერებაში, დიდ აღმოჩენამდე მისვლა, დამკვიდრებული, საყოველთაოდ მიღებული თეორიების დანგრევა, ფესვგადგმული ჰიპოთეზების დამსხვრევა, ქალთმოძულე მამაკაცების წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი სახელის დატოვება მეცნიერების ისტორიაში. მართალია, გოგონას ლაქლაქი უწოდეს მის ახსნა-განმარტებას, თუმცა, დაამტკიცა, რომ კვლევის პირველივე დღიდან სიმართლეს ამბობდა. მთელი 18 წლის განმავლობაში არ უშვებდნენ საექსპედიციო ხომალდზე, მაგრამ მისმა იდეებმა გაუძლო დროის გამოცდას. დღეს არსებობს მარი თარპის სახელობის სტიპენდია, რომლითაც ოკეანოლოგ ქალებს ეხმარებიან კვლევა-ძიების დასრულებაში. ხშირად აღნიშნავენ, რომ მან დედამიწის ხერხემალი აღმოაჩინა. ამ ქალმა გზა გაიკაფა იმ სამყაროში, სადაც მამაკაცებს ეპყრათ მართვის სადავენი; დასძლია გენდერული ბარიერები და წინააღმდეგობანი; ისეთი რამ აღმოაჩინა, სამეცნიერო რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი და მისაბაძი გახდა სხვა მეცნიერთათვის.