მასპინძელი | ელენე მაჭავარიანი

„სადაც ჩემს ქვეყანას დავჭირდები იქ ვიქნები, ყველაფერს გავაკეთებ მისი მომავლისა და განვითარებისთვის“, – ეს ელენე მაჭავარიანმა ინტერვიუს ბოლო ნაწილში გვითხრა. პირველივე მისალმებიდან კი ხვდები, რომ მასავით ენერგიულს, საქმიანს და ადამიანებზე შეყვარებულს ბევრს არ იცნობ, სულ ბოლო კი მის საქმეში უმთავრესია, ელენე ხომ საქართველოში ერთ-ერთი მთავარი მასპინძელია!

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

ელენე მაჭავარიანი 2021 წლის იანვრიდან Silk Road Group-ის Silk Hospitality-ს საოპერაციო დირექტორია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ბრენდის ოთხივე სასტუმროს, რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების, საოპერაციო მიმართულება სრულად მისი პასუხისმგებლობაა; საუბარია 2000-ზე მეტი თანამშრომლის მართვაზე. ყველა ობიექტის უმაღლესი ხარისხით ოპერირება – ამ სტანდარტს ელენე საკუთარ თავს და გუნდს თანაბრად უწესებს, ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა სტუმარ-მასპინძლობისა და გასართობი ბიზნესის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებით წამყვანი კომპანია ხარ.

Silk Hospitality-ში ელენე „აჭარა ჯგუფიდან“ მიდის, სადაც 10 წელი გაატარა. პირველ ნაბიჯებს ჰოსპითალითი მიმართულებაში 2011 წელს დგამს. 6 წელი „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ასისტენტი იყო, ეს კი ყველა პროცესში სრულ ინტეგრაციას ნიშნავდა. დღეს ამბობს, რომ მაშინ ბევრი შესაძლებლობა მიეცა პროცესების მართვა პრაქტიკაში ესწავლა. როცა 2016 წელი დადგა, ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ ელენე მზად იყო გენერალურ მენეჯერად წასულიყო, არც მეტი არც ნაკლები ყაზბეგში, სასტუმრო „რუმსში“.

„ვთვლი, რომ ქალი მენეჯერად მთიან რეგიონში კომპანიის მმართველისთვის იმ პერიოდში საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება იყო. თუმცა, ნდობის გამოცხადებისთანავე გადავწყვიტე, რომ სტერეოტიპები უნდა დამემსხვრია, მიუხედავად იმისა, რომ პირველ წუთებში ეს სიგიჟეს უდრიდა. ამ გადაწყვეტილებით მე მიწევდა ახალ რეალობასთან ადაპტირება, მაგრამ ვიცოდი რომ ეს ცვლილებები საჭირო იყო ისეთი ყაზბეგისთვის, როგორსაც ჩვენ ამ რეგიონში ვხედავდით“.

ასე დაიწყო ელენეს 4 წლიანი რეალური ცხოვრება ყაზბეგში, ფაქტობრივად ყაზბეგში გაიზარდა მისი შვილი – კატო. ელენე გვეუბნება, რომ ეს იყო აღმოჩენების და სფეროს უფრო მეტად შეყვარების წლები. რეგიონმა საშუალება მისცა ერთ საქმეზე კონცენტრირებულიყო, მიზანი მამოძრავებელ ძალად ექცია. ამ პერიოდში არ უცხოვრია არსად სასტუმროს ნომრის გარდა, თითოეულ სტუმარს ისე მასპინძლობდა, როგორც ამას საკუთარ სახლში იზამდა.

„მთაში ქალის პატივისცემა მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი, თუ გადაწყდა რომ ქალი ლიდერია, იციან რომ მას პატივი უნდა სცენ. მეც არასოდეს მიკონტაქტია ადგილობრივებთან სასტუმროს დირექტორის პოზიციიდან, მე მათგან არაფრით განვსხვავდებოდი, უშუალობამ კარგი ურთიერთობები მოიტანა. საბოლოოდ ასეთმა კომუნიკაციამ ადგილობრივების გუნდში აყვანა გაამარტივა, შედეგად სასტუმროში უფრო მეტი ადგილობრივი კადრი გვყავდა, ვიდრე დედაქალაქიდან ჩასული“.

ყაზბეგში ცხოვრებიდან ოთხი წლისა და „აჭარა ჯგუფში“ შესრულებული 10 წლის შემდეგ ელენეს ცხოვრებაში ახალი საინტერესო გზა იწყება. დღესაც ამბობს, რომ გადაწყვეტილება მარტივი მისაღები არ იყო, თუმცა Silk Hospitality-ს მასშტაბები და შესაძლებლობები მომხიბლავი გამოდგა, თანაც როცა ხედავ, რომ შენი სჯერათ, პასუხისმგებლობისთვისაც მზად ხარ. დედაქალაქში არც შეთავაზებაზე დათანხმების შემდეგ დაბრუნებულა, ელენეს წინ ჯადოსნური წინანდლის მამული ელოდა, ასე ეძახის თავად – ჯადოსნური წინანდალი!

„როცა პირველად წინანდალში სტუმრის სტატუსით ჩავედი, მივხვდი, რომ ჩვენ სადღაც აუცილებლად გადავიკვეთებოდით, წინანდალი ერთი ნახვით შემიყვარდა“.

სირთულეები უყვარს, უფრო ზუსტად გამოწვევების გარეშე ყველაფერი მარტივად მოსაბეზრებელიაო გვეუბნება, ამ დროს ენთუზიაზმიც მეტი აქვს და საქმის კეთების სურვილიც. ახალი გუნდი გამოწვევა იყო მისთვისაც და გუნდისთვისაც, მაგრამ ამბობს, რომ გაუმართლა, ამჯერადაც.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

Silk Hospitality-ს შემადგენლობაში მხოლოდ წინანდალი არ შედის, კომპანიის საოპერაციო დირექტორი ფიზიკურად ახლა უკვე თბილისშია, ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ცხოვრებაში ე.წ. Work Life Balance ირღვევა, მერე რა, რომ დროის დიდი ნაწილი საქმეზე მოდის? ეს ხომ ის საქმეა, რომლის კეთებაც სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთან პირველივე შეხების შემდეგ გადაწყვიტა.

„ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება ხალხის სიამოვნებას. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, აქედან მიღებული შედეგი კი ყველაფერს უდრის. სიმდიდრეა, როცა ხედავ, რომ შევძელით და ადამიანები არიან ბედნიერები, კარგად ისვენებენ, გემრიელად იკვებებიან, ჩვენი სერვისით კმაყოფილები არიან, თუმცა რამდენადაც მნიშვნელოვანია სტუმარი, იმდენად მნიშვნელოვანია გუნდი; მათი მოტივაცია მენეჯმენტისთვის ცალკე პასუხისმგებლობის საგანია“.

დასამალი არ არის, რომ ჰოსპითალითის სფეროში კადრების პრობლემა მწვავედ დგას, თუმცა ელენე გვეუბნება, რომ დამსაქმებლებმა ყველა აუცილებელი ნაბიჯი უნდა გადადგან და ეს არ არის მხოლოდ ანაზღაურება, რომელიც თავის მხრივ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. Silk Hospitality-ს საოპერაციო დირექტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომელი ყოველთვის სათანადოდ იყოს დაფასებული, ეს მისთვის კომპანიის წარმატების პირდაპირპროპორციულია.

„მიხარია, რომ ვმუშაობ კომპანიაში, სადაც თანამშრომლებთან დაკავშირებით აქვთ კონკრეტული ხედვა. ჩვენ ადამიანების კომპანია ვართ, ის თანამშრომლები, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ, საუკეთესო პირობებში უნდა იყვნენ. აუცილებელია, ყველა დამსაქმებელს ესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ის თითოეული ადამიანი, რომელიც არის შენი ბრენდ ამბასადორი თითოეულ სტუმართან. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი კმაყოფილებით უნდა გამოვიწვიოთ სტუმრების კმაყოფილება და ერთი მეორეს ხარჯზე არასოდეს არ უნდა მოხდეს“.

ელენე ამბობს, რომ სტუმარ-მასპინძლობის სფეროში წარმატება მხოლოდ გუნდურობით მიიღწევა. ამიტომაც, როგორც მმართველი მიიჩნევს, აუცილებელია წარმატებაც და პასუხისმგებლობაც გუნდზე თანაბრად ნაწილდებოდეს.

მისთვის კომპანიაში ყველა რგოლის თანამშრომელი მნიშვნელოვანია, რადგან ამ საქმეს ჯაჭვის პრინციპი აქვს, მმართველს კი უნდა, რომ ეს ჯაჭვი ანუ ფუნდამენტი, რომელზეც ბიზნესი დგას, მყარი ჰქონდეს. ამისთვის უწევს ზოგჯერ იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. იცის, რომ უნდა უსმინოს სხვებს და თუ ფიქრობს, რომ სადღაც პრობლემაა, მაშინ როგორც ლიდერი საკუთარი პასუხისმგებლობიდან იწყებს.

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman

კრიტიკის მოსმენის უნარი ელენესთვის წარმატების მიღწევასთან ასოცირდება, თუმცა წარმატების მისეულ ფორმულაში საქმის სიყვარულს მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია და მისთვის მთავარია ღირებულებები, რა გზაზეც არ უნდა იდგეთ.

„გუნდი უნდა გრძნობდეს, რომ წარმატებასაც და პასუხისმგებლობასაც მასთან ერთად იზიარებ. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა იმ ადგილის და იდეის, სადაც მუშაობენ. ლიდერს კი კრიტიკის მოსმენა უნდა აინტერესებდეს და ზრუნავდეს მუდმივ განვითარებაზე“.

სხვადასხვა კარიერულმა ეტაპმა აჩვენა, რომ ასაკს და სქესს მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, გენდერი მოტივაციად აქცია – დაამტკიცოს, რომ ქალებს საქმის საუკეთესოდ კეთება შეგვიძლია.

ზემოთ ვწერდი, რომ სირთულეები უყვარს. ამბობს, რომ სწორედ აქ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა გუნდს და დამფუძნებლებს.

„როცა Silk Hospitality-ში მოვედი პანდემია იყო, მაგრამ არც ერთხელ წინანდლის ფესტივალი არ გაუქმებულა, ჩვენ ამის გაკეთება სწორედ განსაკუთრებული შემართების წყალობით შევძელით, ყველა ნაბიჯი გადავდგით მიზნისკენ, ვადაპტირდით და მიზანი რეალობად ვაქციეთ“.

პანდემიის პირობებში წინანდლის ფესტივალის წარმატებით ჩატარება ერთია და მეორეა – ერთდროულად 10 000 ადამიანს უმასპინძლო. ეს Silk Hospitality-ს უახლოესი ისტორიის ნაწილია, ანუ TBC-ის 30 წლის იუბილე, ელენეს ხელმძღვანელობით, როგორც თავად ეძახის ჯადოსნურ წინანდალში. კომპანიამ შეძლო და ღონისძიება უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ამისთვის Hospitality-ს 200-ზე მეტმა თანამშრომელმა იზრუნა, შედეგად ეს დღე კომპანიის ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღად მოინიშნა.

„მას შემდეგ, რაც კოვიდს გავუძელით, მიმაჩნია, რომ ყველა სხვა გამოწვევასაც მოვერევით. პანდემია სილქ როუდმა ძალიან ღირსეულად გაიარა, კომპანიამ იფიქრა ყველა თანამშრომელზე, დამფუძნებლებმა შეძლეს და პირადი ხარჯებით შეინარჩუნეს ფაქტობრივად ყველა თანამშრომელი, ეს მაშინ, როცა არცერთი ჩვენი სასტუმრო არ ოპერირებდა. ვთვლი, რომ ეს ადამიანების უდიდესი დაფასებაა“.

ელენე მაჭავარიანის უახლოესი პროფესიული გეგმები ახლა მხოლოდ Silk Hospitality-სთან არის დაკავშირებული, სჯერა ამ კომპანიის პოტენციალის და იმისაც, რომ დიდი წარმატებები ჯერ კიდევ წინ არის.

„წინ ძალიან საინტერესო პროექტია, სრული დატვირთვით ვმუშაობთ, რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებაში. ამ ინდუსტრიას საქართველოს ეკონომიკაში უკვე უჭირავს მნიშვნელოვანი წილი და წინ კიდევ დიდი პოტენციალია. მიმაჩნია, რომ თითოეული ქართველის ვალია და პირველ რიგში, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების, რომ ეს პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ. მჯერა, რომ საქართველოს აქვს ყველანარი რესურსი გაბრწყინდეს თავისი უნიკალური რეგიონებით, მიმართულებებით და საოცარი ხალხით“.