„ნადირობა“ სამედიცინო აღჭურვილობაზე

Photo by Anna Shvets

გერმანიის მთავრობა აშშ-ს ოფიციალური ბერლინის მიერ შეძენილი დამცავი ნიღბების კონფისკაციაში ადანაშაულებს. განცხადება 3 აპრილს, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანდრეას გეიზელმა გააკეთა, რომელშიც აშშ-ს ქმედებებს აუცილებელი სამედიცინო რესურსებისთვის „თანამედროვე მეკობრეობა“ უწოდა და გერმანიის ფედერალურ მთავრობას ამერიკისთვის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის გამო შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისაკენ მოუწოდა.

„მიუხედავად გლობალური კრიზისისა, „ველური დასავლეთის“ წესებით არ უნდა ვმოქმედებდეთ“ – ნათქვამია გეიზელის განცხადებაში.

გერმანიამ  FFP2 კლასის დამცავი 200,000 ცალი სახის ნიღაბი ტაილანდში შეუკვეთა. ნიღბები ბერლინში მომუშავე პოლიციელებისათვის იყო განკუთვნილი. როგორც გერმანიის მთავრობა იუწყება, ნიღბების პარტია დისტრიბუტორებს ამერიკის ოფიციალურმა პირებმა ბანკოკში ჩამოართვეს.

„დამცავი ნიღბების მისაღებად არალეგალური მეთოდების გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. განსაკუთრებით პარტნიორებს შორის… მაშინაც კი, როცა ნიღბების მიწოდებაში დეფიციტია.“ – ამბობს გერმანელი პარლამენტარი როლფ მუცენიხი DW-სთან საუბარში.

გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვებთან დაკავშირებით ამერიკას პრეტენზიებს უყენებს. ფრანგი პოლიტიკოსები შტატების მიერ საფრანგეთისთვის განკუთვნილი დამცავი სამედიცინო პაკეტების პარტიის შესყიდვაში ადანაშაულებენ. ილ-დე-ფრანსის რეგიონის მმართველმა ვალერი პეკრესმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჩინეთთან სამედიცინო აღჭურვილობის დიდი პარტიის შესყიდვაზე მოლაპარაკებები ბოლო წუთს ჩაიშალა, რადგან ამერიკელებმა ჩინეთს უფრო მაღალი ფასი შესთავაზეს.

ამერიკის ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა კანადის პრემიერმინისტრმა ჯანსტინ ტრუდომაც. მისი თქმით, კანადაში სამედიცინო ნიღბების იმაზე მცირე პარტია ჩამოვიდა, ვიდრე ქვეყანა ელოდებოდა, რადგან პარტიის ნაწილი უფრო „მაღალი ფასის გადამხდელმა“ შეიძინა.

„ჩვენთვის გასაგებია, რომ ამერიკის საჭიროებები ძალიან დიდია, მაგრამ იგივე ხდება კანადაშიც, ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ვიმუშაოთ.“ – ამბობს ტრუდო 2 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში.

გერმანიის ბრალდებებს გამოეხმაურა სამედიცინო აღჭურვილობაზე მომუშავე ამერიკული კონგლომერატი 3M. როგორც 3M-მა 4 აპრილს გერმანულ მედიასაშუალებებს უთხრა, ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ამერიკის ოფიციალური პირების მიერ გერმანიის შეკვეთის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, კომპანიას არც ბერლინისთვის განკუთვნილი შეკვეთის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

კორონავირუსის მაშტაბურ გავრცელებას ბევრი სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა. კრიზისში მყოფი ქვეყნების უმეტესობა თუნდაც პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსებისათვის საჭირო დამცავი საშუალებების წარმოებასაც კი ვერ ახერხებს. ამიტომ მათ სათანადო აღჭურვილობის, მათ შორის სახის ნიღბების, შესყიდვა ჩინეთიდან და სხვა აზიური მწარმოებლებისაგან უწევთ.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.