რაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა, შესაძლებელი გახდა…| სოფო აბაიაძისა და თეონა აბდუშელიშვილის წარმატების ისტორია

ინვესტორის, ბიზნესთა მფლობელების, თანამშრომლებისა თუ სხვა დაინტერესებული მხარეების ნდობის მოპოვება კომპანიის წარმატებასა და ზრდას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს. მზარდი გლობალური კონკურენციის პირობებში, ზუსტი ფინანსური მონაცემები და აუდირებული ანგარიშგება კრიტიკული მნიშვნელობის რესურსია.

საქართველოში საზოგადოებრივი დაინტერესების პირების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლებას სულ 14 ფირმა ფლობს, მათ შორისაა Moore Abc, რომელიც აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის “Moore Global Network Limited“- ის დამოუკიდებელი წევრი კომპანიაა.

თეონა აბდუშელიშვილი და სოფო აბაიაძე Moore Abc-ის მმართველი გუნდის წევრები არიან და აქტიურად მუშაობენ ფირმის სტრატეგიულ განვითარებასა და კლიენტთა კონსულტირებაზე.

თეონა ფირმის პარტნიორი და აუთსორსინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ის სერტიფიცირებული ფინანსური მენეჯერია, ფლობს  MBA-ის ხარისხს თავისუფალი უნივერსიტეტიდან. თეონას ფორმალურ განათლებას ზურგს ფინანსების სფეროში მისი პრაქტიკული ცამეტწლიანი სამუშაო გამოცდილება უმაგრებს. ამავდროულად, ის კითხულობს ლექციებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სოფო Moore Abc-ის უფროსი აუდიტის მენეჯერია და პასუხისმგებელია ფინანსური აუდიტის პორტფელის ზედამხედველობაზე. მისი 12-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის და მარწმუნებელი მომსახურებების მიმართულებით ბიზნესის სხვადასხვა სექტორში მუშაობას აერთიანებს. კავკასიის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის შემდეგ, სოფომ პარიზში წარმატებით დაასრულა „IAE Gustave Eiffel École de Management“ საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა.

ფოტო: ნათია ასანიძე / ForbesWoman Georgia

სოფომ და თეონამ თავიანთ გამოცდილებაზე Forbes Woman-თან ისაუბრეს და მკითხველს ბევრი საინტერესო რჩევაც  გაუზიარეს.

Moore Abc-მდე სავალი გზა, რა თქმა უნდა, მარტივი არ ყოფილა – ძლიერი და წარმატებული ქალების ჩამოყალიბებას უამრავი შრომა თუ ბრძოლა დასჭირდა.

თეონა საკუთარი პროფესიონალიზმის მაღალ დონეს სხვადასხვა სექტორის კომპანიებთან მუშაობის გამოცდილებას, ბიზნესის კეთების პრაქტიკასა და იმ თეორიულ განათლებას უკავშირებს, რომელიც ხანგრძლივი წლების განმავლობაში უხვად დააგროვა.

„ამ მიმართულებით  მეტად გავძლიერდი Moore-ში მუშაობის დაწყების შემდეგ –  უფრო მრავალფეროვან და სხვადასხვა სექტორის კომპანიებთან ვმუშაობთ, რაც მეტ ცოდნას და გამოცდილებას მძენს ერთიანობაში. ეს ყველაფერი სწორი და დროული რეკომენდაციების ფორმირებაში მეხმარება და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში წარმატების მისაღწევად.“ – თეონა.

სოფოს თავიდანვე მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი, კარიერა აუდიტის მიმართულებით განევითარებინა. მიზნისკენ სვლაც ადრეული წლებიდანვე სწორად დაიწყო და პირველი სამსახურიც მისთვის სასურველ სფეროში, საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში, დაიწყო. განათლების ორივე საფეხური შესაბამისი აქვს – ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი.

„ყოველთვის მივისწრაფოდი მრავალფეროვან პროფესიაში და საერთაშორისო გარემოში მუშაობისაკენ. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი პროფესიული ცხოვრება აუდიტისთვის დამეკავშირებინა და შემდგომ სწავლაც საქართველოს საზღვრებს გარეთ, საფრანგეთში გამეგრძელებინა. ამან საშუალება მომცა მიმეღო მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება და მულტიკულტურულ გარემოში გამეფართოებინა ჩემი ხედვები. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად მეხმარება ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევაში.“ -სოფო.

სოფოსა და თეონას Moore Abc-ში საპასუხისმგებლო საქმეები აკისრიათ. აუდიტორული მომსახურება, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც სანდო და ზუსტ წყაროებზე დაყრდნობით საზოგადოებას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. სწორედ მათ საქმიანობაზეა დამოკიდებული, ენდობა თუ არა ინვესტორი და საფინანსო ინსტიტუცია ამა თუ იმ კომპანიას.

სოფო Moore Abc-ის გუნდის წევრია მისი დაარსების პირველივე დღიდან და, როგორც თავად ამბობს, მის პულსზე ხელი მუდმივად უჭირავს. მისი საქმიანობა გუნდის კოორდინირებას, მათ მოტივირებას,  კლიენტებისათვის დამატებითი ღირებულებების შექმნასა და მუდმივად ახალი შესაძლებლობების ძიებას მოიცავს.

„აუდიტორის პროფესია უნიკალურია და მისი როლი საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანია – ეს პროფესია მომართულია სანდოობის და საიმედოობის უზრუნველყოფაზე.“ – სოფო.

სოფო აბაიაძე | ფოტო: ნათია ასანიძე / ForbesWoman Georgia

სოფოსა და თეონას თანდაყოლილი და წლების მანძილზე გაძლიერებული მიზანდასახულობა, შედეგებზე ორიენტირებულობა და მკაფიო ხედვები განსაზღვრავს კლიენტებისათვის მომსახურების მაღალი სტანდარტის დაწესებას.

რაც შეეხება თეონას პასუხისმგებლობას, ის საბუღალტრო მომსახურების, საგადასახადო კონსულტაციების, ფინანსური რეპორტინგისა და მასთან დაკავშირებული მიმართულებების განვითარებაზე მუშაობს. მისი პასუხისმგებლობა უპირველესად აუთსორსინგის დეპარტამენტის გუნდის მართვა და იმ ხარისხის კონტროლია, რომელიც კომპანიის სერვისებს უკავშირდება. საქმის ხარისხიანად შესრულებისთვის მხოლოდ ტექნიკური პროფესიონალიზმი საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები და ზოგადი განწყობაც. ამიტომაც, თეონა მუდმივად ზრუნავს, რომ გუნდში შენარჩუნებული იყოს ის სულისკვეთება და ორგანიზაციული კულტურა, რომელიც ფირმის მიზნების მიღწევას გახდის შესაძლებელს.

„საკმაოდ შრომატევადი და სტრესულია ამ სფეროში საქმიანობა, თუმცა საქმე, რომელსაც ვემსახურები, მუდმივად დადებითი ენერგიით მავსებს და დიდი ენთუზიაზმით ვეკიდები საკუთარი მოვალეობის შესრულებას. განსაკუთრებით მსიამოვნებს, როდესაც საკუთარი გუნდის წევრების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაზე ვზრუნავ.“ – თეონა.

თეონა ყველაზე დიდ კარიერულ მიღწევად Moore-ში მუშაობასა და ფირმის პარტნიორობას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ გუნდის წევრობამ მის კარიერულ განვითარებაში და წინსვლაში გარდამტეხი როლი ითამაშა.

„ძალიან მინდა, მომავალში ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებდე. ქვეყნის კეთილდღეობისთვის და განვითარებისთვის დადებული თითოეული აგური, რომელიც საკუთარი კომპანიის და თანამშრომლების განვითარებაზე და წარმატებაზე ზრუნვით იწყება, აუცილებლად გამოიღებს თავის დადებით შედეგს.“ – თეონა.

რაც შეეხება სოფოს, მისთვის მიღწევაა Moore Abc-ის განვითარების პროცესი, რომელშიც უდიდესი ენერგია და რესურსი ჩადო, ხოლო მომავალზე ფიქრისას კი წარმატებად თავიანთი კლიენტებისა და თანამშრომლების წინსვლა და გაძლიერება ესახება.

„მიხარია, რომ პირველივე დღიდან ვიყავი ამ პროცესის მონაწილე. ამაყი ვარ იმ გუნდით, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის განვითარებისა და კომპანიის საერთო მიზნისკენ. ჩვენ ვართ ამბიციური, მიზანსწრაფული და მზარდი კომპანია, რომლის შუაგულშიც ჩვენი თანამშრომლები არიან. ძალიან ბევრი წარმატებული და პროფესიონალი მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომელი გვყავს და იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალშიც გააგრძელებენ წვლილის შეტანას ქვეყნის და ბიზნესების განვითარებაში.“ – სოფო.

Moore Abc-ის თავის სფეროში, ბუნებრივია, მრავალი კონკურენტი ჰყავს, თუმცა ხარისხი, მოქნილობა და ზრუნვა – ეს ის მთავარი ქვაკუთხედია, რომელიც კომპანიას დასამახსოვრებელსა და გამორჩეულს ხდის. გარდა ამისა, Moore Abc-ის გუნდი ფოკუსირებულია თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რისთვისაც მათ კომპანიის მმართველებისგან  უპირობო მხარდაჭერა აქვთ.

„ჩვენ იქ ვართ ყოველთვის, სადაც კომპანიებს ვჭირდებით, იქნება ეს ადგილობრივი თუ საერთაშორისო გუნდის ჩართულობით. ვფიქრობ, რომ გამოგვარჩევს მათზე ზრუნვა – რეალურ საჭიროებებზე ორიენტირებით ვეხმარებით გამოწვევების დაძლევაში და ჩვენი მხარდაჭერის როლი პანდემიამ უფრო ნათლად დაგვანახა.“ – სოფო.

დღეს კომპანიის მუშაობის სტილის შეფასებისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ კორონავირუსის პანდემიას და მასთან დაკავშირებულ ურთულეს გამოწვევებს. როგორც თეონა და სოფო აღნიშნავენ, მათთვის უპირველესად სწორედ სამუშაო გარემო შეიცვალა.

ზოგადად, აუთსორსინგული მომსახურება, ცოტათი უფრო წამოიწია დღის წესრიგში. თუკი ვიღაცებისთვის ადრე წარმოუდგენელი იყო დისტანციურად მომსახურების მიღება, პანდემიის შემდეგ დარწმუნდნენ, რომ პროფესიონალისთვის საქმის თუნდაც დისტანციურად მინდობა სრულებით შესაძლებელი და ძალიან ხელსაყრელიც კია.

„ცხადია, პანდემიას თან ახლავს მნიშვნელოვანი ნეგატიური შედეგები. კომპანიების შემოსავალი იკლებს, ეკონომიკური ზრდის ტემპი მცირდება. ეს ნეგატიური გავლენა ყველაფერზე აისახება. თუმცა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეკონომიკის გამოცოცხლება მკვეთრად გაზრდის მოთხოვნას მომსახურების ამ ტიპზე.“ – თეონა.

თეონა აბდუშელიშვილი | ფოტო: ნათია ასანიძე / ForbesWoman Georgia

„რაც აქამდე შეუძლებელი გვეგონა, შესაძლებელი გახდა – დისტანცირებას არ შეუცვლია შესრულებული სამუშაოს ხარისხი და არც შედეგზე ორიენტირებულობა შემცირებულა. ამასთან, მაქსიმალურად გავაძლიერეთ და კვლავ ვაგრძელებთ კომპანიების მხარდაჭერას.“ – სოფო.

სოფოსა და თეონას სურთ თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ ახალგაზრდების განვითარებასა და პროფესიულ ორიენტირებაში, ვისაც ჯერ კარიერული არჩევანი არ გაუკეთებია.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა აქვთ, რომელთა გათვალისწინებაც ნამდვილად ღირს.

„პირველ რიგში, ახალგაზრდებს ვურჩევთ აირჩიონ ის საქმე, რაც უყვართ. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. ამისათვის ჩვენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხშირად ვატარებთ ახალგაზრდებთან შეხვედრებს,  სადაც შესაძლებლობა მიიღონ ჩვენგან პრაქტიკული რჩევები. მათ, ვისაც აუდიტი აინტერესებს, ვეტყოდი, რომ ეს ის სფეროა, სადაც მრავალფეროვანი ცოდნის მიღების და სწრაფი კარიერული განვითარების შესაძლებლობები უსაზღვროა.“ – სოფო.

ამ სფეროში პროფესიონალიზმი დაუსრულებელ სწავლას ნიშნავს, მუდმივ განვითარებას, ხალხთან და ბიზნესებთან აქტიურ ურთიერთობასა და ცვლილებების მართვას. ეს საინტერესოსთან ერთად, საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეცაა – მცირედი შეცდომა შესაძლოა კლიენტისთვის დიდი ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

„ეს საქმიანობა განსაკუთრებით მიმზიდველი ალბათ იმ ახალგაზრდებისთვის იქნება, ვისაც სურს მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება და ვისაც გამოწვევებით სავსე გარემოში მუშაობა, პრობლემების გადაჭრა და გამოსავლების ძიება იზიდავს.“ – თეონა.

კარგი დამრიგებელი და რჩევების მიმცემი, ბუნებრივია, კარიერის დასაწყისში მათაც ჰყავდათ. თეონასათვის ასეთი ადამიანი მისი მენტორი იყო, რომელიც იმავდროულად მისთვის როლური მოდელიც გახლდათ.

„ქალბატონი იზა გელაშვილი წლებია ერთ-ერთ წამყვან აუდიტორულ კომპანიაში მუშაობს. მისი განათლება, თავდაჯერებულობა, საუბრის მანერა და ქცევა, ფაქტების ანალიზი და პროფესიონალიზმი ყოველთვის მხიბლავდა და ძალიან მინდოდა, მეც მას დავმსგავსებოდი. მადლიერი ვარ, რომ აქტიურად მაძლევდა რჩევებს, მიბიძგებდა ინდივიდუალიზმისკენ, და მომიწოდებდა ანალიტიკური აზროვნებისკენ.“ – თეონა.

დღეს თეონა თავადაც ცდილობს, ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიაროს და ყურადღებით მოისმინოს მათი შეკითხვებიც. სწორედ მენტორულმა სულისკვეთებამ გადააწყვეტინა დატვირთული სამუშაო გრაფიკის პარალელურად, სწავლებაშიც ჩართულიყო.

„ვიცი, რამდენად საჭიროა სტუდენტებს ჰქონდეთ საშუალება, გაიზიარონ სხვების პრაქტიკული გამოცდილება. დიდი იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ცვლილების და შედეგების მომტანი ვარ მათთან მუშაობისას.“ – თეონა.

სოფოს შემთხვევაში ახალგაზრდების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის ინსპირაცია მოორ გლობალის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამა გახდა, სადაც მისმა იდეებმა და წარმოთქმულმა სიტყვამ გლობალური აღმასრულებელი დირექტორის – ანტონ კოლელას ყურადღება მიიპყრო. სწორედ ის გახდა მისი როლური მოდელი.

„ეს უნიკალური პროგრამაა, სადაც მოორ გლობალის ქსელის სხვადასხვა ქვეყნიდან ფირმების მენეჯერები ვავითარებთ ჩვენს ლიდერულ უნარ-ჩვევებს. ამ პროგრამამ ჩემი მოტივაციები გაათმაგა და მომცა ინსპირაცია, ვიყო მენტორი მომავალი თაობისთვის. ვთვლი, რომ ლიდერის უპირველესი მიზანი არის დაეხმაროს გუნდის წევრებს საკუთარი თავის პოვნაში. ეს არის პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები სხვადასხვა ქვეყნებიდან მივისწრაფვით არამარტო პროფესიული განვითარებისკენ, არამედ სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით საკითხებში პოზიტიური ცვლილებებისკენ.“ – სოფო.

წარმატებულ მენეჯერებს მუდამ მზად აქვთ ახალი იდეები და მომავლის შემართება. სოფო და თეონა მომდევნო დეკადას განვითარების პერიოდად ხედავენ და სურთ გუნდში კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი მიიღონ.

,,სულ ახლახან ამირჩიეს მოორ გლობალის ახალგაზრდა ლიდერთა საერთაშორისო გუნდის წევრად, რომლის მიზანია ვუპასუხოთ კითხვას, რა დადებითი გავლენა შეგვიძლია ვიქონიოთ საზოგადოებასა და გარემოზე, რისი დატოვება შეგვიძლია მომავალი თაობებისთვის, დამატებით რა შეიძლება გავაკეთოთ საზოგადოების კეთილდღეობისათვის და როგორ დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს დღევანდელ ცვალებად სამყაროში. ღრმად მწამს, რომ ამ პოზიტიური ცვლილებების განხორციელებაში შემიძლია ჩემი წვლილის შეტანა.“ – სოფო.

ვაპირებ მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე – მინდა წარმატებული კომპანიის წარმატებულ მენეჯერად ვპოზიციონირებდე და ვიყო კარგი ლიდერი ჩემი გუნდისთვის. ვიცი, რომ ჩემს შემართებას და მზაობას ძალიან დიდი გავლენა ექნება გუნდის და კომპანიის წარმატებასა და ზრდაზე.“ – თეონა.