ჩვენი ისტორიები ჩვენი იარაღია | ინტერვიუ ანანო ბაკურაძესა და ეკა ქადაგიშვილთან

ანანო: ჩვენ ყველას გვაქვს რაღაც მოსაყოლი.

ეკა: ჩვენ ვაკვირდებით და მერე ბევრს ვფიქრობთ ამაზე.

ანანო: ამბის თხრობის სურვილი ახალი სულაც არაა, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც უძველესი დროიდან მოდის და ნელ-ნელა ლიტერატურაში, თეატრში, კინოში და მუსიკაში გადაიზარდა.

ეკა: ჩვენ კი უნდა ავყვეთ დროსა და მოვლენებს, დავინახოთ, რა არის ახლა აქტუალური და საინტერესო, სად არის მომავალი.

ანანო: მომავალი ცვლილებებშია, შენი საქმით რომ რაღაცას შეცვლი და ამით ბიძგს მისცემ სხვას.

ეკა: მუდმივ ექსპერიმენტში უნდა იყო შენს თავთან ‒ ასე შეგიძლია დაამკვიდრო ის, რაც აქამდე სხვისთვის მიუღებელი იყო.

Movement ციფრული მედია პლატფორმაა, რომლის დამაარსებლები ანანო ბაკურაძე და ეკა ქადაგიშვილი არიან. კინემატოგრაფიული თხრობის სტილით, კამერის არატრადიციული მოძრაობითა და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით ისინი გვიყვებიან სოციალურკულტურულ ემოციებსა და ფიქრებზე. მთავარი ღერძი აქ გულწრფელობაა, კადრების სინამდვილე და რესპოდენტებისა და მათი ამბების მიმართ სიყვარული.

ალბათ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ის, რომ Movement-ის ვიდეო-ისტორიების ნახვის შემდეგ სურვილი გიჩნდება ბევრი იფიქრო ‒ შენთვის და ჩუმად; გახდე გულწრფელი და შეძლო აქამდე ყველასთვის მიუღებელი ფორმების გაცოცხლება. ხოლო სანამ Movement-ი თავის მაყურებლებს ამ ისტორიებს უმზადებს, Movement Production დიდი და პატარა კომპანიებისთვის მუშაობს, მათთვის ვინც კომუნიკაციის თანამედროვე გზას ‒ storytelling-ს ირჩევს.

მიუხედავად იმისა, რომ სიახლეებისა და თანამედროვეობის დადებით, საჭირო და მნიშვნელოვან არსზე მეტწილად ყველა ვთანხმდებით, და იმასაც ვაღიარებთ, რომ განვითარება ექსპერიმენტების გარეშე არ მოდის, ბიზნესისთვის მაინც რთულ და სარისკო ამოცანად რჩება ექპერიმენტებზე წასვლა, რაც ბუნებრივია, თუმცა Movement-მა შეძლო და ამ მხრივ, პირველი ნაბიჯები გადადგა ‒ კინო და ხელოვნება მსხვილ კომპანიებთან დაამეგობრა და ამით ძალიან დიდ და მასშტაბურ სოციალურ-ეკონომიკურ ძვრებში თავისი პატარა და ამოუშლელი კვალი დატოვა.

როგორ შეიკრა ეს ექსპერიმენტი?

ეკა: გვინდოდა, რომ რაღაც ახალი შეგვექმნა.

მე და ანანო რუსთავი 2-ში ვმუშაობდით, შესაბამისად, ხშირად ვფიქრობდით და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა აკლია ჩვენს დღევანდელ მედიას, ხოლო ამ მხრივ, ექსპერიმენტების ჩატარების ადგილი ტელევიზია ნამდვილად არ არის. მივედით იმ დასკვნამდე, რომ თავად უნდა გაგვეკეთებინა ციფრული პლატფორმა, სადაც მოვყვებოდით ამბებსა და ისტორიებს; დავიწყეთ მათი გადაღება განსხვავებული ვიზუალური გამოსახულებით და სწორედ ეს გახდა ჩვენი ნიშა. ანანოს თავის გადაღების ხელწერა აქვს, მე ვამონტაჟებდი და ასე შეიკრა Movement.

ანანო: თავიდანვე ძალიან ბუნებრივები და გულწრფელები ვიყავით. ამაზე დგას ყველაფერი. ჩვენებური მიდგომები გვაქვს რესპოდენტებთან, ძალიან დიდ პატივს ვცემთ იმას, რასაც ეს ადამიანები გვიზიარებენ – მათი ისტორიები რომ არ ყოფილიყო, ხომ „მუვმენთიც“ არ იქნებოდა. როცა მათთან მივდივართ, უკვე გვიყვარს ეს ადამიანები.

ეკა: სიყვარული და ხიბლი მართლაც განუმეორებელი რამეა, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან ემოციურ პროცესს ქმნის ‒ ყოველი ახალი ვიდეო ახალი აღმოჩენაა, რომელიც გვანცვიფრებს და გონებას გვირევს. თან ჟურნალისტური საქმიანობისგან განსხვავებული საქმეა ეს, აქ ყველაფერი დაუგეგმავია, არც კონკრეტული კითხვებით მიდიხარ, არც წინასწარ იცი რა გინდა, უბრალოდ ძალიან შორს ვაბიჯებთ ამ მოგზაურეობაში და ინტუიციას ვენდობით.

თქვენი სლოგანი – #movewithus-იც მაგ მოგზაურობაში გვიხმობს ხომ?

ანანო: ჩვენ ვქმნით თანამედროვე ხარისხიან კონტენტს, რომელიც უფასოა, ხოლო უფასო ციფრული არხები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშიც კი ძალიან ცოტაა. ჩვენი მიზანია, Movement-ის ვიდეობი მივიდეს რაც შეიძლება ბევრ ადამიანამდე,
და მათაც დავეხმაროთ მოძებნონ ფორმა, რომლითაც მოგვითხრობენ თავიანთ ამბებს.

თავიდან გქონდათ ერთი ძირითადი მიმართულება – Movement. ახლა სხვადასხვა მიმართულებები ჩამოაყალიბეთ. რა მიზანს ემსახურება ეს?

ანანო: ჩვენი ყველა ვიდეო ერთი ქუდის ქვეშ არის მოქცეული, მაგრამ გვინდა, რომ სხვადასხვა შესაძლებლობების შემქმნელები ვიყოთ.

აი, მაგალითად: Movement Humans ორიენტირებულია ადამიანებზე, რომლებსაც რაღაცის თქმა სურთ. გვაქვს Movement Now ‒ რომელიც ეხმაურება მიმდინარე მოვლენებს, Movement Story ‒ გვიყვება ამბებს, Movement Edu ‒ საგანამანათლებლო ფორმატით იმუშავებს; გვაქვს Movement Planet ‒ აქ გარემოს დაცვის საკითხებს ვაშუქებთ, არის ასევე Movement Festivals…

ზოგადად, ჩვენი ბიზნეს მოდელი შემდეგნაირია ვქმნით ვიდეოებს, რომლებსაც ყველა უყურებს და ამ ყველაში ერთიანდებიან ისინიც, ვინც შემდეგ ჩვენი დამკვეთები ხდებიან. Movement Production-ის ფარგლებში კი ვაკეთებთ გრაფიკულ ვიდეოებს, ისტორიებს, რეკლამასაც, იდეაში ყველაფერს, რასაც ახალი ტიპის სარეკლამო სააგენტო გააკეთებდა, სწრაფი, მოქნილი და მეტწილად ემოციური.

როგორ მოახერხეთ, რომ ბაზარზე შემოსვლის დღიდან, არც თქვენს სტილს გადაუხვიეთ და თან განსხვავებული პროდუქტის მიმართ საზოგადოებასა და ბიზნესს ნდობა და სიმპათია გაუჩინეთ?

ეკა: მგონია, რომ როცა შენს თავში დარწმუნებული ხარ და გჯერა რასაც აკეთებ, უმატებ ამას გამოცდილებას, პროფესიონალიზმსა და გულწრფელობას, მაშინ რაღაც ახალსაც ქმნი, რომელიც მოწონებას იმსახურებს. შედეგიც შესაბამისია. დიდი კომპანიები ჩვენთან ნდობაში ჩვენივე „ბექგრაუნდისა“ და ინდივიდუალიზმის გამო შემოდიან. იოლი გზა ნამდვილად არ იყო, მაგრამ ალბათ, მეტწილად იმედებიც გავუმართლეთ და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი.

ცოტა თავზეხელაღებული საქმეა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, სწორი კუთხე უნდა მოუძებნო და ისე ანახო ადამიანს ის, რისი თქმაც გინდა, თორემ ხშირად ადამიანები ხომ არ ვუსმენთ ერთმანეთს…

ასევე მგონია, რომ წინასწარ ყველაფრის დაგეგმვა არც არის საჭირო, დაუღალავი შრომით გამოისახება ის ბიზნეს მოდელი, რომელიც იდეის მაცოცხლებელი იქნება. აი, იდეა და მიზანი კი ყველაზე მთავარია, რადგან ამის გარეშე ვერც ბიზნესს გამართავ და ვერც გუნდს. ჩვენს შემთხვევაში ბიზნესი სწორედ ამ იდეის სიყვარულითა და თავდადებით დაიწყო.

ანანო: ცოტა ფსიქოლოგებიც ვართ. განსაკუთრებული ხერხებია საჭირო იმისთვის, რომ რესპოდენტები გენდონ და თავიანთი ამბები გადმოგაბარონ. საბოლოო ჯამში, It’s a new way of communication ‒ მარკეტინგის კინოს, რეკლამისა და მედიის ერთობლიობა.

რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ, რომ კომპანიებმა რეკლამის ტრადიციული ფორმები გულწრფელი ხედვებით შეცვალონ და სწორედ ასე წარმოაჩინონ თავი მომხმარებლის წინაშე?

ეკა: მნიშვნელოვანია, თუმცა დღესდღეობით ეგ სტადია ჯერ მაინც არ დგას. მწვავე თემებზე საუბარში ხშირად არ გვყვებიან ხოლმე დიდი კომპანიები, მაგრამ როდესაც სოციალური ცვლილებებისთვის იღწვი და ცდილობ ამაში ჩართო მოქალაქეები, მერე უკვე შესაძლებელია კონკრეტულ ძვრებზე საუბარიც.

ანანო: ორი წლის წინ უფრო არასახარბიელო სიტუაცია იყო ამ მხრივ, ახლა შედარებით ლაღია ხედვა, რაც თავისთავად ძალიან კარგია. აი, მაგალითად, ამჟამად, ჩვენს Movement Planet-ს ჰყავს სპონსორი, რომელიც საერთოდ არ ერევა კონტენტის შექმნის პროცესში, მაგრამ ერთგვარი პრესტიჟისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი გახდა ხარისხიანი პროდუქციის სპონსორობა, რომელსაც ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს.

საზოგადოებაზე მედიის გავლენა და შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება. თქვენი აზრით, რა არის ის ხერხები, რითაც მედია მასშტაბური სოციალური ცვლილებების მოხდენას შეძლებს?

ეკა: მაგ შემთხვაში მედიაც უნდა აზროვნებდეს უფრო მასშტაბურად, ფაქტებს და მოვლენებს უფრო სიღრმისეულად უყურებდეს და არა ადგილობრივად, კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც, სამწუხაროდ, დღეს ხშირად ხდება ჩვენს მედია სივრცეში.

რამდენიმე თვის წინ ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ ერთ საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩომ გამოაცხადა. ეს იყო University of Southern California, School of Cinematic Art-სა და American Film Showcase-ის ერთობლივი პროექტი, სადაც მსოფლიოს ექვს Storytelling პლატფორმას შორის გამარჯვებულთა სიაში მოვხვდით. ლოს-ანჯელესში დავესწარით ტრენინგებს სახელწოდებით ‒ Storytelling For Social Impact ‒ ანუ, როგორ მოვახდინოთ რეალური ცვლილები ჩვენი საქმით. ძალიან შეცვალა ამ ტრენინგმა ჩვენი ხედვებიც და თავად ჩვენც.

ვფიქრობ, რომ აუცილებელია ის თემა, რაზეც მუშაობ გაშალო ტრანსმედიულად, ჩართო მიზნობრივი სეგმენტი და ასევე, სამოქალაქო სექტორი. ამის გარეშე მასშტაბურ ცვლილებებზე ფიქრს აზრი არ აქვს.

გქონიათ საქმეში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები? როგორია ამასთან თქვენეული ბრძოლის ხერხები?

ანანო: სამწუხაროდ, კი. ჩემი აზრით, ძალიან არასწორი და არათანაბარი გარემოა ამ მხრივ. ყოფილა ისეთი შემთხვევები საქმიან შეხვედრებზე, კაცები რომ ვყოფილიყავით, რომ ვერ გაგვიბედავდნენ. ბრძოლის ხერხი კი ამასთან არშეგუებაა.

როგორ უნდა გავაძლიეროთ ქალებმა ერთმანეთი?

ანანო: ჩვენი იარაღი ჩვენი ისტორიებია. ჩვენ სულ ვამბობთ იმას, რაც არ მოგვწონს ამ ქვეყანაში.

ეკა: ვიყოთ ინსპირაცია და შთაგონება სხვა ქალებისთვის. ეს ქვეყანა ქალებმა გადაარჩინეს. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ქალები ძალიან ძლიერები ვართ. და მე ამ ძალას სულ ვხედავ ჩვენში.

ამის უნდა გვჯეროდეს.

 

ფოტო: ანა ბოკო