„მთავარი არხის“ ანგარიშებს ინკასო დაადეს

„მთავარი არხის“ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო დაადო. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ავრცელებს.

„მაშინ როდესაც ბიზნესი კრიზისშია, შესაბამისად ვერც ტელევიზიებს ურიცხავს სარეკლამო მომსახურების თანხას, ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მედიის მუშაობა არაა საჭირო და ინკასო დაადო ორ ტელევიზიას, მთავარ არხს და ტვ პირველს“ – წერს მელაძე საკუთარ Facebook გვერდზე.

არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ასეთი მდგომარეობისას არხისთვის ინკასოს დადება მოულოდნელი იყო:

„ამ ვითარებაში იმის შეზღუდვა, რაც გეხმარება დაძლიო ეს მძიმე ვითარება, ნამდვილად სიურპრიზია, ვგულისხმობ, მედიას. ინკასო რომ დროზე ვერ გადავიხადეთ ჩვენი ბრალი არ არის. შემოსავლებმა იკლო იმის გამო, რომ ეკონომიკური მდგომარება უკვე უმძიმესია. ხვალ-ზეგ ეს ხალხი [ხელისუფლება] აპირებს, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და მაშინ მედიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება. ასეთ ვითარებაში კი ხდება ეს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?- იმის, რომ გამოირთოს კრიტიკული მედიები: მთავარი არხი და TV პირველი.“

შეგახსენებთ, დღეს ფინანსთა სამინისტრომ ინკასო TV პირველის ანგარიშებსაც დაადო.