ამერიკული სამედიცინო გამოცდილება – ინტერვიუ თიკო ნარსიასთან

„იატროფობია“- ასე ჰქვია შიშს, რომელიც ცუდი გამოცდილებისა და გამოუცდელი ადამიანების გამო ჩნდება. ეს ექიმების შიშია, რომლითაც არც თუ ისე ცოტა ადამიანია შეპყრობილი. თუკი მათ შიშის მიზეზს ჰკითხავთ, ყოველთვის მოგიყვებიან ამბავს, თუ როგორ ატკინა, აწვალა ან გულგრილად და უყურადღებოდ მოექცა რომელიღაც საავადმყოფოს, რომელიღაც ექიმი.

Forbes Woman-ის მკითხველთა შორის, შესაძლოა, ამ შიშით შეპყრობილი ადამიანებიც არიან. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს თიკო ნარსიასთან, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამ შიშს საერთოდ გაგიქრობთ.

თიკო, აშშ-ში, კლივლენდის კლინიკის (ოჰაიო) ექიმი-ჰოსპიტალისტია. ამ პოზიციამდე მან საკმაოდ გრძელი და რთული გზა გაიარა.

– რატომ სამედიცინო? ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო თუ ოჯახის გავლენა?

„ოჯახის გავლენა, ცხადია, იყო, რადგან ყველა ექიმია. ბავშვობაში სტომატოლოგობა მინდოდა, ბებიის გამო, თუმცა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არავინ ჩარეულა. თავისთავად მოხდა ასე და სხვა ალტერნატივა არც განმიხილავს. მჯერა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე, რადგან ზუსტად იმას ვსაქმიანობ, რაც ძალიან მიყვარს“.

– ოჯახის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეგეძლოთ ბევრად უფრო მარტივად გაგეკვლიათ გზა აქ, საქართველოში. რატომ ამერიკა?

„პირველ რიგში იმიტომ, რომ ძალიან მინდოდა აშშ-ში ცხოვრება. დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების უმეტესობა ამერიკაში სწავლასა და მუშაობაზე ოცნებობს. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი დამეხმარა ოცნება რეალობად მექცია. ამ უნივერსიტეტის საკმაოდ ბევრი კურსდამთავრებული აგრძელებდა სწავლას აშშ-ში. ოჯახის წევრებისგანაც დიდი მხარდაჭერა მქონდა. მეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად გამომეყენებინა ეს შესაძლებლობა“.
თიკომ აირჩია ექიმი-ჰოსპიტალისტის მიმართულება, რომელსაც რეზიდენტურის პროგრამის ფარგლებში აშშ-ში დაეუფლა.

„ჰოსპიტალისტის ანალოგია ქართულ მედიცინაში არ გვხვდება. უფრო სწორად თუ ვიტყვით, ამ მიმართულებას სათანადო ყურადღება არ ექცევა, – ამბობს თიკო. – ეს არის თერაპიული მიმართულება, შინაგანი სნეულების დარგი. ეს არ არის ვიწრო სპეციალობა. უფრო ზოგადია, თუმცა იქაური სისტემით წამყვან სერვისად ითვლება. სწორედ ამ მიმართულებით მინდოდა რეზიდენტურის გავლა. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მარტივი. მომიწია კიდევ ერთი გამოცდის ჩაბარება. პირველივე წელს ვერ მოვხვდი და ერთადერთი, რაც შემეძლო გამეკეთებინა იყო ლოდინი. ამ პერიოდის განმავლობაში, თეორიული მედიცინის სფეროში ვცადე ბედი: გავემგზავრე ნეშვილში (ტენესის შტატი), სადაც სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩავერთე. პარალელურად ვაგრძელებდი აპლიკაციების გაგზავნას რეზიდენტურაში. არ დაგიმალავთ, – გვეუბნება თიკო, – ეს პერიოდი, ძალიან სტრესული იყო, რადგან რაც არ უნდა დამოუკიდებელ ადამიანად ითვლებოდე, როცა ოჯახისგან შორს, უცხო გარემოში ხარ, ყველანაირი დაბრკოლება კიდევ უფრო სტრესული ხდება“.

– საინტერესოა, გქონიათ თუ არა მომენტი, როცა ამ დაბრკოლებებმა და სტრესმა იმდენად იმოქმედა თქვენზე, რომ დაბრუნებაზე დაფიქრდით?

„დიახ. ეს ხდებოდა 2 წლის განმავლობაში, თითქმის ყოველ დღე. ვრეკავდი სახლში დღეში ორჯერ და ვტიროდი, რის გამოც ახლა მრცხვენია, ასე რომ ვანერვიულებდი ოჯახის წევრებს. შემდეგ მივხვდი, რომ ეს შეგუების ურთულესი პერიოდი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გადამელახა. როგორც კი მეუბნებოდნენ, ნუ წვალობ, დაბრუნდი საქართველოშიო, მაშინვე ვთიშავდი ტელეფონს და ვაცნობიერებდი, რომ უკან ვეღარ დავიხევდი, რადგან ასე ახლოს ვიყავი მიზანთან. „გაქცევას“ აზრი არ ჰქონდა. როცა ხვდები, რომ რამდენიმე რთული ეტაპი უკან მოიტოვე, უკვე აზარტული ხდები“.

– პირველი სამსახური

„პირველი სამსახური იყო ნეშვილში, როგორც გითხარით სამეცნიერო მიმართულება. თუმცა იქ მუშაობის პროცესში ვგრძნობდი, რომ თეორიული მედიცინა არ იყო ის, რაზეც ვოცნებობდი. ერთი სული მქონდა, რეზიდენტურაში გადავსულიყავი, მაგრამ ახლა მიმაჩნია, რომ ესეც საჭირო ეტაპი იყო“.

– პირველი კლინიკა

„პირველი კლინიკა იყო ჰიურონის ჰოსპიტალი (Huron Hospital), რომელიც კლივლენდის კლინიკის ფილიალად ითვლებოდა. რეზიდენტობის პერიოდიც საკმაოდ სტრესული იყო, რადგან გარემო ძალიან უცხო იყო ჩემთვის. აღმოვჩნდი, ასე ვთქვათ წმინდად „ამერიკულ“ სიტუაციაში სადაც მრავალეროვნებიანი კოლექტივი იყო. იქ მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა“.

– რას ურჩევდით იმ გოგონებს, რომლებმაც პროფესიად ექიმობა აირჩიეს?

„ვურჩევდი, ნაკლები ინერვიულონ, თუმცა ამის კონტროლი რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. დღემდე, მნიშვნელოვანი მომენტების მოგონებისას, ფაქტებზე მეტად, ჩემი ემოციები მახსენდება, ამიტომ ყველას ვურჩევ ნაკლები ინერვიულონ და სიამოვნება მიიღონ ამ პროცესისგან“ , – ღიმილით ამბობს თიკო.

– ამართლებს მიზანი საშუალებას?

„ყოველთვის – არა, მაგრამ როცა რაღაც ძალიან გინდა, ბოლომდე უნდა გაყვე. ახლა რომ ვფიქრობ, ამ ყველაფრისთვის რომ არ მიმეღწია, ალბათ სხვა საშუალებებს არ მივმართავდი. უბრალოდ, მიზანდასახული უნდა იყო და ზუსტად იცოდე, რა არის საჭირო შენი პროფესიისთვის. ჩემი ასაკის ადამიანები ხშირად მეკითხებიან: „ღირს, რომ ახლა დავიწყო?“ მათ ვპასუხობ, რომ ჩვენს პროფესიაში, ყველაფერს აქვს თავისი დრო“.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართულია ქართული ჯანდაცვის სისტემა?

„სამწუხაროდ, სისტემა თითქმის მთლიანად მოშლილია. უკეთესობა, იმ პერიოდთან შედარებით, როცა მე აშშ-ში წავედი, რა თქმა უნდა არის, მაგრამ ძალიან ბევრი რამეა გამოსასწორებელი. თუნდაც გუნდური მუშაობის კულტურა, კომუნიკაცია პაციენტებთან და სხვა. გუნდურ მუშაობაში ვგულისხმობ, სწორი კომუნიკაციის უნარს. ამერიკაში ექთნებსა და ექიმებს შორის არსებობს კიდევ ერთი პოზიცია, რომელსაც ე.წ. Mid level providers უწოდებენ. ისინი მხოლოდ დამხმარეები არ არიან და ხშირად, საკმაოდ რთული პროცესების მართვა უწევთ. ვერანაირად მათ როლს ვერ დააკნინებ ან იტყვი, რომ სხვა პოზიციაზე მყოფი მედპერსონალი მათზე მნიშვნელოვანია. იგივეს ვიტყოდი ექთნებზეც. თითოეული გუნდის წევრი ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანია. სამედიცინო სფერო არ არის ის სფერო, სადაც შეგიძლია თქვა, რომ მარტო ხარ და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად, თავად იღებ“.

– რას შეცვლიდით საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში?

„მენეჯმენტის გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად მიმაჩნია ის, რომ არ არიან აკადემიურად მომზადებული ექიმები, არ არსებობს ისეთი საუნივერსიტეტო სივრცე, სადაც სტუდენტებს ექნებათ შეხება პაციენტებთან, ისწავლიან მათთან და მათი ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას. შეიძლება ნაკლები ცოდნა გქონდეს, მაგრამ პაციენტთან კარგი ურთიერთობით და მისი გულშემატკივრების მიმართ დამოკიდებულებით, დაიმსახურო კეთილგანწყობა. აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ეს ყველაფერი, პირველ სამ კურსზე თეორიულად, ხოლო დამამთავრებელ კურსებზე შეუძლიათ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოიყენება“.

– იქნებ რეზიდენტებსა და ექიმებს შორის ურთიერთობის შესახებ მოგვიყვეთ. ხშირად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ექიმი რეზიდენტს კონკურენტად აღიქვამს.

„აშშ-ის კლინიკებში რეზიდენტი ერთ-ერთი მთავარი რგოლია და წარმოუდგენელია ექიმი უპატივცემულოდ მოექცეს. ამის მიზეზი ის არის, რომ რეზიდენტი ზედამხედველი ექიმის მთავარი დამხმარეა. მე, საქართველოში, რეზიდენტურის კურსი არ გამივლია, ამიტომ ვერაფერს გეტყვით როგორი ურთიერთობა აქვთ ქართველ ექიმებს დამხმარე პერსონალთან. თუმცა მიმაჩნია, რეზიდენტთან დამოკიდებულება ექიმის ინტელექტზე მეტყველებს. ცხადია, თუ გაქვს ცოდნა გინდა, რომ ახალ თაობას გაუზიარო. ამიტომ სისტემა, რომელშიც სტუდენტები იზრდებიან ვფიქრობ, დახვეწას საჭიროებს. უფრო მეტად უნდა მიექცეს ყურადღება მათ აკადემიურ მომზადებას“.

– როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

„სულ მინდა უკან, საქართველოში დაბრუნება, რა თქმა უნდა საქმიანად. ამის მცდელობები უკვე მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, საკმაოდ რთული იქნება. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი, როგორც კლინიკური ისე აკადემიური მიმართულებით. ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ის არის, რომ მეტი დრო გავატარო საქართველოში“.

 

ავტორი: ნინი ჯალაბაძე

ფოტო: ია ლოდია