NATO: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხი, საქართველოს მომავალი არჩევნები, ევროატლანტიკური მისწრაფებები და ქვეყნის გამოწვევები საერთაშორისო ასპარეზზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო ალიანსის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს და ხელს უწყობს ნატოს საერთო უსაფრთხოებას ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო მიესალმება საქართველოს პროგრესს დემოკრატიის განმტკიცების მხრივ, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.

შეხვედრის მნიშვნელოვანი განსახილველი თემა იყო ნატო-საქართველოს პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. მოკავშირეები შეთანხმდნენ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჰიბრიდული საფრთხეების მოსაგვარებლად და შავი ზღვის რეგიონში წვრთნების ჩასატარებლად.

სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ალიანსისადმი ერთგულებისათვის და განაცხადა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შეწყვეტისა და აღნიშნული რეგიონებიდან ჯარების გაყვანისკენ.