გერმანული კლინიკა აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი, სავარაუდოდ, მოწამლეს

გერმანული კლინიკა Charite ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით თითქმის დარწმუნებულია, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლეს. რუსი ოპოზიციონერი მკურნალობას ბერლინში, სწორედ აღნიშნულ კლინიკაში განაგრძობს. ექიმების თქმით, ნავალნის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა სიცოცხლისთვის სახიფათო. ამ დროისათვის დეტალები ჯერ კიდევ არაა ცნობილი ოპოზიციონერის ორგანიზმში მოხვედრილი ინტოქსიკაციის გამომწვევი ნივთიერების შესახებ.

AP Photo/Pavel Golovkin

ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე ნავალნი ბერლინში სამკურნალოდ შაბათს გადაიყვანეს. მანამდე ის ციმბირის ქალაქ ომსკში მკურნალობდა, თუმცა, მოწამვლასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო ნავალნის რუსეთში მკურნალობა სახიფათოდ მიიჩნიეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ დიდია მოწამვლის ალბათობა, პაციენტის დაცვა აუცილებელია“ – განაცხადა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, წარმომადგენელმა. სწორედ ამიტომ ოპოზიციონერის ბერლინში გადაყვანა თავად გერმანიამ უზრუნველყო.

როგორც კლინიკიდან იუწყებიან, ნავალნი ამჟამად კვლავ კომაში იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ უცნობია, თუ რა ეფექტი ექნება მოწამვლას 44 წლის ოპოზიციონერის ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, მის ნერვულ სისტემაზე. ერთადერთი, რისთვისაც ახლა ექიმები იბრძვიან, ნავალნის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანაა.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი 20 აგვისტოს ფრენისას შეუძლოდ გახდა და ოჯახმა მაშინვე ივარაუდა, რომ ის, დიდი ალბათობით, მოწამლეს.