Brexit ნეგატიურ გავლენას იქონიებს ბრიტანეთის კულტურულ ინდუსტრიაზე

მანჩესტერის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბრექსიტი ბრიტანეთის ხელოვნების განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. „შემოქმედებითი პაუზა“, რომელსაც კვლევა წინასწარმეტყველებს, მომდევნო ორი წლის განმავლობაშია მოსალოდნელი. ამ გაფრთხილების საფუძველი კი ინტერნაციონალური კავშირების შესუსტებაა, რასაც გლობალურ პანდემიასთან ერთად, ბრექსიტიც უწყობს ხელს.

Art Council England-ის 2018 წლის მონაცემებით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებდა, სახელმწიფო 40 მლნ. ფუნტ სტერლინგს იზარალებდა კულტურის სფეროში. ამავე კვლევის თანახმად, 2007-2016 წლებში, ევროკავშირმა ბრიტანეთისთვის დაახლოებით 345 მლნ ფუნტი სტერლინგი გამოყო შემოქმედებითი პროექტების განსახორციელებლად.

კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელის, შარლოტა ფოუშერის თქმით, ამ ვითარებით განსაკუთრებით ბრიტანეთის რეგიონები დაზარალდებიან. კულტურის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ლიდერები იძულებულნი იქნებიან დაფინანსებისთვის ადგილობრივ საკონსულოებს მიმართონ. თუმცა, ადგილობრივი მმართველი ორგანოებისთვის კულტურის განვითარება ამ ეტაპზე არ არის პრიორიტეტული. მაშინ, როდესაც კულტურის სფეროს მხარდასაჭერად შექმნილი ევროკომისიის პროგრამის, Creative Europe-ის სამიზნეს სწორედ რეგიონი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ თებერვალში ბრიტანეთმა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ფოუშერმა ინფორმაცია მოიძია შემოქმედებით სფეროში მომუშავე ორგანიზაციების იმ ხელმძღვანელებზე, რომლებიც ევროპულ დაწესებულებებთან თანამშრომლობის დამყარების სხვა გზებს ეძებენ. დაფინანსების მოპოვების ამ მეთოდის გარდა, საზღვარგარეთ შვილობილი კომპანიების გახსნა და მუნიციპალურ დონეზე ქალაქთა თანამეგობრობა ეფექტური გზაა ზარალის შესამცირებლად.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად 31 იანვარს დატოვა. ამჟამად, სახელმწიფო 11-თვიან გარდამავალ პერიოდში იმყოფება და განაგრძობს ევროკავშირის წესების დაცვას. 2021 წლის პირველი იანვრიდან კი, დიდი ბრიტანეთი ევროპის კავშირს საბოლოოდ გამოეთიშება.

No Comments Yet

Comments are closed