გაერთიანებული სამეფო სამხედრო დაფინანსების მკვეთრ ზრდას გეგმავს

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, გაერთიანებული სამეფო ცივი ომის შემდგომ ყველაზე დიდ სამხედრო ინვესტირებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, გაზრდილი დაფინანსება სამხედრო შესაძლებლობების გაუმჯობესებას მოხმარდება. მას სურს, რომ პოსტ-ბრექსიტულ ეპოქაში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდოს და გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ძალა.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა ოთხი წლის განმავლობაში დამატებით 16.5 მილიარდ ფუნტს (22 მილიარდი აშშ დოლარი) მიიღებს. ამჟამად გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ბიუჯეტი ყოველწლიურად  42 მილიარდ ფუნტს (55.5 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს. ბორის ჯონსონის განცხადებით, აღნიშნული დამატებითი თანხები კოსმოსური შტაბისა და ხელოვნური ინტელექტის სააგენტოს განვითარებას მოხმარდება.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ჩინეთის მზარდმა განვითარებამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკამ და გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება ევროკავშირის დატოვების შესახებ მისი როლი გლობალურ პოლიტიკაში ეჭვის ქვეშ დააყენა. თავდაცვის მდივნის, ბენ უოლასის, განცხადებით, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის პარალელურად, გაერთიანებული სამეფო შეინარჩუნებს საერთაშორისო დახმარების ერთ-ერთ წამყვან პოზიციასაც.

No Comments Yet

Comments are closed