ბრიტანულ სახელოვნებო კონკურსში ელენე ჩხეტიანმა გაიმარჯვა

გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების მიერ ორგანიზებულ ხელოვნების კონკურსში 10 წლის ელენე ჩხეტიანმა გაიმარჯვა. ელენეს ნამუშევარი ცნობილი მწერლებისა და სცენარისტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ მისი ასაკობრივი კატეგორიის ათასობით ნამუშევრიდან გამოარჩია.

კონკურსში მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის მასშტაბით სამხედრო მოსამსახურეების 10-19 წლის შვილებს შეეძლოთ. ნამუშევარი (მოთხრობა, ლექსი, ნახატი) ბავშვების მიერ 2020 წლის პანდემიისა და „ლოქდაუნის“ შედეგად მიღებული გამოცდილების შესახებ უნდა ყოფილიყო შექმნილი. ელენეს ნახატი წლის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს აერთიანებდა, როგორებიცაა პანდემია, მოძრაობა Black Lives Matter, სატელევიზიო გადაცემების გავლენა მაყურებლის ფსიქოლოგიაზე და სხვა.

ელენეს გამარჯვება გაშუქდა ბრიტანეთის რადიოში BFBS UK. პროექტის შესახებ ასევე ისაუბრეს BBC Radio-სა და სხვადასხვა გამოცემებში, როგორებიცაა Army&You, Inside Time და The Bookseller. 2021 წელს ელენეს ნამუშევარი Paperchains-ის კრებულში დაიბეჭდება და ჰეის ლიტერატურისა და ხელოვნების ფესტივალზე იქნება წარდგენილი.

კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა BFBS UK-სთვის მიცემულ რადიო ინტერვიუში ელენეს ნამუშევარზე დეტალურად ისაუბრა: „ელენეს ნამუშევარმა დიდი შთაბედჭილება მოახდინა ჟიურის წევრებზე. მასში ასახული იყო პანდემიის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი: რატომ უნდა ვატაროთ პირბადეები, რა გავლენას ახდენს პანდემიის მედიაგაშუქება ჩვენს განწყობაზე და ა.შ. ნამდვილად შთამბეჭდავი ნამუშევარი იყო.“

10 წლის ელენე ლონდონის წმინდა აგათას სახელობის დაწყებითი სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა.

 

No Comments Yet

Comments are closed